კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

სარქის საგე-ოღლი – ოსმალეთის ქვეშევრდომი, ოღრაში, ვინც 1908 წელს დაკავებული იყო ტფილისის სადგურზე, მესამე კლასის მოსაცდელ დარბაზში, თეოდორა მელიშკოსთან ერთად, ვინც იალტაში თამბაქოს პლანტაციებზე გაიცნო, მასთან ერთად ოსმალეთში გამგზავრება შესთავაზა და ცოლად მოყვანას დაჰპირდა. ხოლო იმისათვის, რომ მშობლებისა და პოლიციის დევნისაგან თავი აეცილებიათ, მისთვის პასპორტი გააკეთა ანასტასია პერევერზევას სახელზე. სარქის საგე-ოღლი ამ საქმეს დიდი ხნის განმავლობაში მისდევდა, სისტემატურად ჩამოდიოდა ტფილისში და ახლოში მყოფ სხვა ქალაქებშიც დაძრწოდა. მსხვერპლს დაქორწინებას ჰპირდებოდა და ოსმალეთში გაჰყავდა. საროსკიპოები ტფილისშიც იყო, არაერთი, ბლომად, უმეტესი ნაწილი განლაგებული იყო აბანოებთან. მაია აზიზოვას საროსკიპო, დარია ოზერნოვას, ბაჟაშვილის, ებრაელი მოვშოვიჩის – მე-9 ნაწილში, არუთინოვის საროსკიპო – ელიაროვის ქუჩაზე. ელიაროვის ქუჩაზე ბევრი სხვაც იყო და გუბერნატორის განკარგულებაც არსებობს, რომლის თანახმად საროსკიპოების დახურვა, მეძავებს კი ქალაქიდან გასახლება მართებდათ. ასევე ლუდხანები იყო მიჩნეული გარყვნილების ადგილებად, ორთაჭალის ბაღები და ზოგადად, ბაღების მეპატრონეებიც ხშირ შემთხვევაში, მისდევდნენ ამ საქმეს, დავუშვათ, გორგიჯანოვი, ბაღ „სტრელნას“ მესაკუთრე.
აბრამ სალიაშვილი და მისი ორი დამქაში, პავლე ხიზანიშვილი და პროკოფი თევზაძე – 1905 წლის არეულობების შემდეგ დაიჭირეს ვაფარი მილოვისათვის 50 ათასის გამოძალვის მუქარის გამო. სალიაშვილი კონდუქტორ ილარიონ მგალობლიშვილის მიერ იქნა დაკავებული, ვისაც შემდეგ ბანდის დანარჩენი წევრები აფეთქებას უპირებდნენ. ერთი მათი დამქაში, ნიკიფორე დოლიძე, შემდეგ „ალი-ბალთას“ და „შაბოს“ ბანდას მიეკედლა და მათთან ერთად გააგრძელა გამოძალვები. მილოვი კი მსხვილი ვაჭარი იყო. შემდეგ სოლოლაკში პალადის ყაიდაზე აგებული მდიდრული რენესანსული სახლის პატრონი. სოლოლაკში ვაჭრები ერთი მეორეს ეჯიბრებოდნენ იერიანი სახლების აშენებაში. არქიტექტორებიც ტფილისს არ აკლდა და იყო სხვადასხვა მხარისა და რჯულის ადამიანი. ამათში გამორჩეული იყვნენ ტფილისელი გერმანელი ზალცმანი, თუნდაც გოლოვინსკზე სამხედრო-ისტორიული მუზეუმი რომ ააგო, ცისფრად გაღებილი და რომაული საგამოფენო სასახლის ყაიდაზე აშენებული; მავრიტანული ოპერის ამგები შრიოტერი; ბილფელდი, მიხეილის პროსპექტის უამრავი სახლისა და იქვე გერმანული კირხესი და გოლოვისნკზე ქაშვეთის ამშენებელი; შიმკევიჩი, საარტისტო დიდი სახლის ამგები გოლოვინსკზე; ოტო სიმონსონი, მთავარმართებლის სასახლისა და ალექსანდრეს ბაღის იერზე მომყვანი; ტატიშჩევი, ოზეროვი, ოჰანჯანოვი, ტერ-მიქელოვი და სიმონ კლდიაშვილი, ვერის კიდეზე, ვარაზის ხევთან გიმნაზიის დიდი შენობა ვინც ააგო. სალიაშვილი და მისი დამქაშები კი გუბერნიულ ციხეში გადაყვანისას გაიქცნენ, საზამთროს მეიდანთან ბადრაგს დაუსხლტნენ და ხიდის ქვეშ გამავალ მილში შეძვრომას სცდილობდნენ, თუმცა ბადრაგმა სროლა ატეხა და ხიზანიშვილი და თევზაძე ადგილზე მოკლეს, სალიაშვილი კი სასიკვდილოდ დაიჭრა და მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გიორგი საყვარელიძე – 40-იანი წლების ქურდი, თავიდან წყალი დაჰქონდა. თულუხჩები ტფილისში რამდენიმე იერისა იყვნენ. იმერლები, როგორც წესი, კოკით ეზიდებოდნენ, ურუმიელ აისორებს კი ზურგზე თულუხი მოეგდოთ. წყლის ჯოხიც ჰქონდათ, რაზეც დაუსვამდნენ დანას, რომ ატანილი წყლის რაოდენობა ათამდე აეყვანათ, ოცამდე და ფულს ამის მერე ართმევდნენ. რაც უფრო კენწეროსკენ იყო ბინა, კლდის უბნის თავზე იყო, ანაც და დავითის მთის ზედა ქუჩებზე, წყლის ფასი ორმაგდებოდა, სამმაგდებოდა. პეშვი სამ პეშვად დაითვლებოდა. ჰყავდათ ცხენიც, იმის აქეთ-იქით დაკიდებული საპალნეებით. მერე გაჩნდა კასრიც, რომელსაც ურიკაზე დებდნენ და ცხენს გამოაბამდნენ. მაგრამ ეს უფრო მას მერე იყო, რაც 90-იან წლებში თულუხი აკრძალეს. მანამდე კი იყო კოკა და თულუხი. საყვარელიძეც წყალს კოკით ეზიდებოდა, მაგრამ ერთ დღეს მიაფშვნია ძველ გალავანს, ქურდობა დაიწყო და მოხვდა სეხნია იაკობაშვილის ბანდაში. 1859 წელს მან დახოცა თავისი დამქაშები და სმიტენის სახლიდან მოპარული საფირონი სათავისოდ დაიტოვა. ის შემდეგ ამ ქვის გამო ალი-ომარ-კულა ოღლის ბანდაში რომ იყო და მერე თავიც მოეჭრა მისთვის. მან საფირონი მუშტეიდის ქვრივ სადათ ხანუმს მიაბარა შესანახად, მალე კი თვითონაც მოკლეს.
ნიკო სახლთხუციშვილი – ხელის დამცლელი, იდგა პეტრე პავლეს სასაფლაოსთან, ჰქონდა ბინა და სამალავი. ძალიან დიდხანს მისდევდა ამ საქმეს და ახერხებდა, რომ არ დაეჭირა პოლიციას და არ მოეკლათ ავაზაკებს. ორი სალოკი თითი კი წაეღოთ იმათ სამახსოვროდ, თუმცა ცოცხალი გადარჩენილიყო. 1892 წელს დაიჭირეს.
ივან სუსეცკი – თაღლითი, ქურდი, 1900-იანი წლების დასაწყისში შედიოდა ბანკებში და ფულის მთვლელ ხალხს ყურადღებას უფანტავდა, ამით სარგებლობდა და ფულს ჰპარავდა. მისი ფანდი იყო იმის მინიშნება, რომ მსხვერპლს იატაკზე მარკები დაეყარა და როდესაც ის იკუზებოდა, შემოდებულ პორტმანედან ფულს იღებდა და ქრებოდა. პორტმანე თან არ მიჰქონდა. ყურადღებას არ იქცევდა. ვიდრე მსხვერპლი ქურდობას აღმოაჩენდა, ის უკვე შორს იყო. ბანკის ქურდებს სხვა ფანდებიც ჰქონდათ. დავუშვათ, პორტფელის შეცვლა, როცა მსხვერპლს ფულიან ჩანთას მსგავსი საკვოიაჟით შეუცვლიდნენ და გაქრებოდნენ, ან ბანკშივე ჩანთას სამართებლით უჭრიდნენ. სუსეცკი ჩავარდა ტფილისის სავაჭრო ბანკში ვაჭარ ბაგიროვისთვის პორტმანედან ამოცლილი ფულის გამო.
გეურქ სუკიასოვი – ქურდი, კინტო. გაექურდა ქურქჩიანცი რიყეზე და სპილენძის ჭურჭელი მოეპარა, აზატ აზატოვს ველიამინოვზე პალტო მოჰპარა და მიჰყიდა ხელის დამცლელ სერგო მირზოევს ავლაბარში, დავით კუპრონიშვილს კი – შარვალი, ჟილეტი, საათი და ხალიჩა მოპარა გრაფის ქუჩაზე, რომელიც ებრაელ მედუქნე ისხაკ ბატონიშვილს მიეყიდა მეხუთე განყოფილებაში. გრაფის ქუჩაზევე მან ტიგრან ეიპატიანცს მოჰპარა ქურქი. დაიჭირეს 1905 წელს.
ასლანბეკ სეჩოევი – ინგუში მძარცველების ექვსკაციანი ბანდის თავი. მას გარდა შიგ შედიოდნენ მუსტაფა ტორნიევი, საადუნა მურტუზოვი, მუსა გაიდუკიევი, ინდერბი ბეტმიშევი და ელმურზა მენიევი. ისინი დაიჭირეს 1890 წელს ახალი ყორღანოვის ქუჩაზე, ნაუმ მეჟებოვსკის სახლზე თავდასხმის შემდეგ. მძარცველებში მეჟებოვსკიმ მუსტაფა ტორნიევი ამოიცნო, ვინც მანამდე მასთან მსახურობდა, და შემდეგ ბანდის ყველა წევრი დაიჭირეს. ასლანბეკ სეჩოევი დილიჟანსის კანტორაში დააკავეს, როცა ვლადიკავკაზამდე ბილეთის აღებას აპირებდა

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3