№42 ვინ იყო ხლათის დედოფალი, როდესაც ჯალალედინი მიადგა ხლათს ასაღებად
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ჯალალედინი ძალიან ცბიერი და ვერაგი ადამიანი გახლდათ. კარგად ჰქონდა დაზვერვის სისტემა გამართული. შეიტყო ქართველებისა და ჩვენი მეზობელი მაჰმადიანების მზადების შესახებ, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთად შებრძოლებოდნენ ხვარაზმელს. დაასწრო კოალიციის მსურველებს და შემოუტია ჩვენს წინაპრებს. ქართველები მარტო შეებრძოლნენ ჯალალედინის ჯარს, რომელშიც სპარსეთის, ხორეზმის, ადარბადაგანისა და სხვა რეგიონებიდან მოგროვებული, დაქირავებული და რბევის მოყვარული უამრავი მებრძოლი იყო თავმოყრილი.
ჯალალედინი სერიოზული დიპლომატი არ იყო, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი გახლდათ, რომელიც სამელნეებს ურტყამდა თავში საკუთარ ვეზირებს, არ ინდობდა დაპყრობილი ქალაქების მცხოვრებლებს, მათ შორის, მაჰმადიანებს. პირობას აძლევდა მაჰმადიანთა სასულიერო პირებს და ატყუებდა, ტეხდა სულთნურ სიტყვას. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც იყო, რომ ჯალელედინი ძალიან გახლდათ დამოკიდებული ჯარზე, რომელთა დიდი ნაწილი, არა სამშობლოს ინტერესების გამო, არამედ მხოლოდ რბევისა და ძარცვის სურვილით იყო გაერთიანებული მის ლაშქარში. ვინაიდან ჯალალედინი თავისი სახელმწიფოდან დევნილი გახლდათ, ამ ჯარის შენახვას მხოლოდ ქალაქებისა და დაბების ძარცვის შედეგად მოპოვებული ნადავლით ახერხებდა. ჯალალედინის მიერ დევნილობაში შექმნილი „სახელმწიფო“ არ იყო ორიენტირებული სოფლის მეურნეობაზე, წარმოებაზე, ვაჭრობაზე, ეროვნებაზე, კულტურაზე, სახელმწიფოებრიობაზე, არამედ პარაზიტული გაერთიანება გახლდათ, მძარცველთა „სახელმწიფო“. ამგვარად, მაჰმადიანი მოსახლეობაც, მაჰმადიანური სახელმწიფოებიც იჩაგრებოდა ჯალალედინის ჯარის მიერ.
ბოლნისის ბრძოლის წინ ჯალალედინმა გააცურა ქართველთა ჯარის სარდლები, დრო გაიყვანა. ფარულად მოლაპარაკება გამართა ჩვენი სამეფო კარის მიერ დაქირავებულ ყივჩაღებთან, გადაიბირა ისინი და მიატოვებინა ბრძოლის ველი (შეიძლება, თავის ჯარშიც გადაიყვანა) და ამ მეთოდებით დაამარცხა ჩვენი წინაპრები.
შემდეგ გამოემართა ტფილისისკენ, რათა ხელმეორედ აეღო ჩვენი დედაქალაქი, რომელიც ცოტა ხნით ადრე ჩვენმა წინაპრებმა დაიბრუნეს.
ჩვენმა წინაპრებმა გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, რათა ჯალალედინსა და მის ჯარს გასამაგრებლად და ხანგრძლივი ფლობისათვის არ გამოდგომოდა ტფილისი. რამდენიმე თვის მერე, რუმისა და ეგვიპტის სულთნების გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ჯალელედინი, მაგრამ, ამ ბრძოლას გადამწყვეტი შედეგი არ მოჰყოლია.
1230 წელს ჯალალედინი გაემართა ქალაქ ხლათისაკენ, რომელიც ადრე ვერ აიღო.
სპარსელი ჯუვეინი, ჯალალედინის მაქებარი ისტორიკოსი გვამცნობს:
„როდესაც სულთანი პირველად გამობრუნდა ხლათიდან, რათა ერაყს წასულიყო, ხლათის გამგებლებმა იქაური ციხე აღადგინეს და გალავანი გაამაგრეს. ამჯერად, როცა სულთანი იქაურობას მიუახლოვდა, შიკრიკები გაგზავნა, თავისი მისვლის ამბავი აცნობა და მისასვლელად მოუწოდა.
ქალაქში მყოფმა უცხოელებმა, მათი გამგებლები რომ იყვნენ, უარი თქვეს ამ წინადადების მიღებაზე და წინააღმდეგობის კარს დაუწყეს კაკუნი. მათ ჩაკეტეს ქალაქის კარნი და არ უწყოდნენ, რომ წიხლს კრავდნენ საკუთარ ბედს და ქეჩის საწოლს იმზადებდნენ ნარცეცხლას ეკლებისაგან“.
იმ დროს ხლათის მმართველის, მელიქის მეუღლე იყო თამთა მხარგრძელი. დაახლოებით 20 წლით ადრე ამ ამბამდე, თამარის მეფობის დროს, ქართველებმა გადაწყვიტეს სომხეთის იმ ნაწილების შემოერთება, რომლებიც ჯერ კიდევ არ შემოდიოდა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ჩვენმა წინაპრებმა აიღეს ქალაქი არჭეში, მრავალი ციხესიმაგრე და მიადგნენ ქალაქ ხლათს, ვანის ტბის სანაპიროზე, რომელიც იმ დროს აიუბიდების უზარმაზარი იმპერიის მფლობელობაში იყო და სულთნის ერთ-ერთი ვაჟი, მალიქი აუჰადი მართავდა. ხლათის დაპყრობამდე ცოტაღა რჩებოდა. აიუბიანებმა ვერ გაბედეს მასშტაბური ომი საქართველოსთან. მაგრამ, ქართველთა სარდალმა, მსახურთუხუცესმა ივანე მხარგრძელმა შეცდომა დაუშვა, არ გამოიჩინა სიფრთხილე, ოციოდე მხედრის თანხლებით მიუახლოვდა ხლათის ჭიშკარს ძალიან ახლოს, სადაც ხლათელებს წინასწარ ხაფანგი ჰქონიათ მოწყობილი, ხიდზე ფიცრები ჰქონიათ აყრილი და თივა გადაფარებული. ივანე ჩავარდა ხიდზე მოწყობილ მახეში. გამოცვივდნენ ხლათელი მეომრები და ივანე და მისი მხლებელი ოცი ქართველი დაატყვევეს.
თამარ მეფემ არ გარისკა ივანეს სიცოცხლით და არ შეუტიეს ჩვენმა წინაპრებმა ხლათს. გაიმართა მოლაპარაკება. ჩვენებსა და აიუბიდებს შორის შეთანხმებით, საქართველოს უნდა დაებრუნებინა აიუბიდებისათვის აღებული 27 ციხე და ქალაქი, უნდა გაეთავისუფლებინათ 5 000 ტყვე, ივანეს უნდა გადაეხადა 100 000 დინარი და ხლათის მელიქ აუჰადისათვის მიეთხოვებინა თავისი ასული თამთა.
ასეც მოხდა. ეგვიპტე-დამასკო-იერუსალიმის მბრძანებელ აიუბიდთა და საქართველოს სამეფოს შორის მშვიდობა დამყარდა, სამხრეთ სომხეთი გაიყო და ოცდაათწლიანი ზავი დაიდო.
ასე გახდა იერუსალიმის ქრისტიანებისთვის წამრთმევის, ეგვიპტის სულთან სალადინის ძმის, ეგვიპტის იმდროინდელი სულთნის – ალ-ადილის მეოთხე ვაჟი, მელიქ ალ-აუჰად ნეჯმ ად დინ აიუბი მხარგრძელების სიძე. იმ დროს თამთა, ალბათ, 14-15 წლის იქნებოდა.
სამწუხაროდ, მთელი სომხეთი საქართველომ ვერ შემოიერთა, ივანეს ტყვედ ჩავარდნის გამო. თუმცა, ქრისტიანების მდგომარეობა შემსუბუქდა ხლათში და ეგვიპტის სასულთნოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სირიასა და იერუსალიმში. მონასტრებს გადასახადები გაუნახევრეს. ქართველები თავისუფლად მოილოცავდნენ იერუსალიმსა და სხვა წმიდა ადგილებს.
მალე მელიქ აუჰადი გარდაიცვალა და ხლათის მელიქი გახდა მისი მომდევნო ძმა, ალ აშრაფ მუსა აიუბიდი. მაჰმადიანური წესების მიხედვით, მან ცოლად მოიყვანა ძმის ქვრივი, თამთა მხარგრძელი. ეს პოლიტიკური მიზნებითაც იყო განპირობებული, რათა საქართველოსთან ხელშეკრულება გაგრძლებულიყო. ალბათ, თამთა ლამაზი ქალიც იყო. მაჰმადიანები მას ქართველ ქალბატონს უწოდებდნენ.
გავიდა წლები. ვითარება შეცვლილიყო. ოდესღაც მძლავრი ქართული სახელმწიფო რუსუდანის დროს დაკნინდა, დაეცა და ჯალალედინი აოხრებდა მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეებს.
ხლათიც ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. ჯალალედინს მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა. მაგრამ, ხლათელებმა გადაწყვიტეს, არ დანებებოდნენ მტარვალ სულთანს.
ჯუვეინი განაგრძობს: „რაკი სულთანმა იმედი დაკარგა, რომ მიიღებდნენ მის რჩევას, ლაშქარს უბრძანა, ალყა შემოერტყათ ქალაქისათვის, კოშკები აეგოთ, გაემართათ ლოდსატყორცნები და სხვა იარაღი – ისრებისა და ცეცხლის სატყორცნი ჩარხები. ქალაქის შიგნითაც გაემზადნენ საომრად. ორივე მხრიდან ამოქმედდა ლოდსატყორცნები, სეტყვასავით წამოვიდა ისრები და ბოძალნი. ომის ცეცხლის დამნთები მეომრები დღისით და ღამით ესხმოდნენ თავს ქალაქის კარებს. ქალაქელებიც იგერიებდნენ მათ და უძალიანდებოდნენ“.
დაიწყო ხლათის ხანგრძლივი ალყა.