კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 მაცდური

ნინო კანდელაკი ნაია თაბაგარი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-41(1032)

მაგრამ ბედისწერამ ისე ინება, რომ ლაშამ, რომელიც კვირას უნდა ჩამოსულიყო, ცოლისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა და ხუთშაბათს საღამოს ჩამოვიდა თბილისში, აეროპორტში კი, ისევ და ისევ ბედისწერის წყალობით, მეგი შეხვდა. ლაშამ ვერ იცნო ცოლის მეგობარი, რადგან სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, სამაგიეროდ, მეგიმ იცნო შორიდანვე და მისკენ გაიქცა.
– მე მეგი ვარ, გვანცას მეგობარი. მიცანით? – გამოეცნაურა მაშინვე.
– აა... დიახ. გამარჯობა, როგორ ხართ?
– გმადლობთ, კარგად. გვანცა არ დაგხვდათ?
– არა, კვირას მელოდება და სიურპრიზი მოვუწყვე, ხუთშაბათს ჩამოვედი. გადაირევა, რომ დამინახავს.
– კი, ნამდვილად გადაირევა, – თქვა მეგიმ, გულში კი გაიფიქრა: „დღეს ხუთშაბათია, გვანცას პაემნის დღე. ჰოდა, ძალიანაც კარგი!“, ხმამაღლა კი უთხრა: – სიურპრიზს კი გვანცაც გიმზადებთ, ოღონდ, არ გამცეთ, მე რომ გითხარით.
– მართლა? საინტერესოა! – გაუხარდა ლაშას.
– ვერ ვითმენ, რომ არ გითხრათ. აი, ახლა ფურცელზე მისამართს დაგიწერთ და პირდაპირ იქ მიდით. ხომ მანქანით ხართ?
ლაშამ თავი დაუქნია.
– ჰოდა, პრობლემა არ გექნებათ, მიდით და ისეთი სიურპრიზი დაგხვდებათ, ჭკუიდან გადახვალთ, თან, იქ რომ მიხვალთ, მისთვის უფრო დიდი სიურპრიზი იქნება.
ლაშამ ფურცელი გამოართვა და დახედა.
– ვაზისუბანი? ვაზისუბანში რა უნდა?
– მეტს ვერაფერს გეტყვით, თორემ, გამებუტება თქვენი ცოლი. აბა, კარგად! იცოდეთ, არ გამთქვათ, –  მეგიმ ღიმილით დაუქნია ხელი გაოცებულ ლაშას და ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა.
სახტად დარჩენილმა ლაშამ ისევ დახედა ფურცელს და მხრები აიჩეჩა. მერე მისამართი ჯიბეში ჩაიდო, თავისი ჩემოდნები აიღო და მანქანისკენ გაემართა.
ათიოდე წუთის შემდეგ ვაზისუბნისკენ მიაქროლებდა მანქანას. თან აინტერესებდა, ნეტავი გვანცამ ამ სიშორეზე რა სიურპრიზი მომიმზადაო, თან რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება არ ასვენებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მივიდა აღნიშნულ მისამართზე, რომელიც ერთი პატარა, უმსგავსო კორპუსი აღმოჩნდა. ფურცელზე მითითებული ბინა პირველ სართულზე იყო: საღებავგადაცლილი კარი, მონჯღრეული სახელური, სულელური წარწერებით აჭრელებული კედლები... არც ფეხის საწმენდი ტილო, არც ნათურა სადარბაზოში, არც „თვალი“ ჭუჭყიან კარზე... გადაირია, უფრო სწორად, შეეშინდა, ოღონდ, არ იცოდა, რისი. გულმა ცუდი უგრძნო. რატომღაც გაიფიქრა, რომ იქ ვინმეს გვამი დახვდებოდა და უცებ თავი უნიჭო დეტექტიური სერიალის პერსონაჟად წარმოიდგინა. მერე ძალა მოიკრიბა და კარს ყური მიადო. ძალიან ბუნდოვნად მოესმა ჩურჩულის ხმა. აკანკალებული ხელით დააკაკუნა, რადგან კართან ზარი ვერ იპოვა. კარს მიღმა ჩურჩული შეწყდა. კიდევ უფრო მაგრად დააკაკუნა. მერე გაიგონა, რომ ვიღაც ჩუმად, ალბათ, ფეხშიშველი მიუახლოვდა კარს და ფრთხილად იკითხა:
– ვინ არის?
– ლაშამ იცნო გიორგის ხმა და კინაღამ თვალთ დაუბნელდა. მაშინვე ყველაფერს მიხვდა. შეკითხვას არ უპასუხა, აღარც დაუკაკუნებია. წიხლის უძლიერესი დარტყმით შეანგრია მოყანყალებული კარი, რომელიც პირდაპირ თავში მოხვდა მის უკან მდგარ გიორგის და ძირს დასცა. უცებ ოთახიდან შიშველ ტანზე ხალათმოსხმული ქალი გამოვარდა. მერე ლაშას აღარ ახსოვდა, რა მოხდა. ესმოდა მხოლოდ ქალის სასოწარკვეთილი კივილი. ძირს გართხმული, გასისხლიანებული მასის კვნესა და ხალხის აღშფოთებული შეძახილები. მერე პატრულიც მოვიდა და სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ვერავინ მოახერხა გამხეცებული ადამიანისთვის ხელიდან გამოეგლიჯა მომაკვდავი, დასიებული და დასისხლიანებული მამაკაცი. ბოლოს ლაშა დაიღალა, ხელები მოუდუნდა და გაითიშა. ამით ისარგებლა პატრულმა, გონწასულ დამნაშავეს ხელბორკილები დაადო და რამდენიმე კაცმა ერთად ძლივს მოახერხა მისი გაყვანა პატრულის მანქანაში. საშინლად ნაცემი გიორგი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს და მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენის იმედი თითქმის აღარ არსებობდა. საავადმყოფოში წაიყვანა პატრულმა ლაშაც, რადგან მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა – ინფარქტისა და უძლიერესი ნერვული შოკის გამო ვერ მოხერხდა მისი გონზე მოყვანა.
აკივლებული გვანცა არავის შესცოდებია, მაგრამ ერთმა მეზობელმა მაინც უპატრონა: თავისთან გაიყვანა, დამამშვიდებელი დაალევინა და, მისივე თხოვნით, დედამისს დაურეკა, რომელმაც მაშინვე მიაკითხა და თავის სახლში წაიყვანა.
ექიმებმა მართლაც რომ ივაჟკაცეს: გიორგიც გადაარჩინეს და ლაშაც, თუმცა ორივეს მკურნალობას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა.
მიუხედავად გიორგის ცემის მიზეზისა, მისმა მშობლებმა საჩივარი შეიტანეს ლაშაზე. გონზე მოსვლისთანავე ლაშამ აღიარა დანაშაული, ოღონდ, მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ეს მიზეზი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. ლაშამ პროცესზე ისიც თქვა, რომ არ ნანობდა თავის საქციელს, ნანობდა მხოლოდ იმას, რომ გიორგი არ მოკლა. მას 10 წელი მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ეს 10 წელი ლაშამ ბოლო დღემდე მოიხადა.
გიორგი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ხეიბარი დარჩა. ექიმებმა მოზაიკასავით ააწყვეს მისი დაფხვნილი ძვლები და დაწყვეტილი სისხლძარღვები, მაგრამ ბოლოს მაინც ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული აღმოჩნდა. თუმცა, ამ მდგომარეობამდე მისაყვანად მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. გიორგი მარტო დარჩა, მშობლების ამარა. მასთან სანახავადაც კი არ მისულა არცერთი მეგობარი, ძმაც კი არ ჩამოვიდა გერმანიიდან, მხოლოდ ერთხელ ჰკითხა დედას სკაიპით, გადარჩა თუ არაო და, როცა გაიგო, რომ გადარჩა, თავისთვის ჩაილაპარაკა, ნეტავი როგორ უნდა იცხოვროსო.
ლაშამ ძლივს გადაიტანა ცოლისა და მეგობრის ღალატი. მთელ ქუჩაზე ისეთი ჭორები გავრცელდა, რომ მისმა ოჯახმა ბინა გაყიდა და სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად. წყნეთის სახლი კი ქობულეთში გადაცვალეს კერძო სახლზე, ასე რომ, ბავშვები მოაშორეს ცნობისმოყვარე და ენაგრძელ სამეზობლოს.
მაკამ გვანცას ცნობილი ფსიქიატრი მიუყვანა, რომელიც სახლში მკურნალობდა მას თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გვანცას თავისმა პატარა ფლეიბოიმ მიაკითხა და თავისთან წაიყვანა. მაგრამ ბიჭის მშობლებმა არ მიიღეს ასაკით უფროსი, შვილებიანი და საეჭვო რეპუტაციის მქონე რძალი და პატარა ბოიფრენდი იძულებული გახდა, ცალკე ექირავებინა ბინა. ქმართან გაყრის შემდეგ კი მან გვანცასთან ხელი მოაწერა და ორი შვილი გაუჩნდათ.
მკურნალობა ლაშასაც დასჭირდა. როდესაც მძაფრი ნევროზისგან მეტ-ნაკლებად განიკურნა, დედის ძალდატანებით, გადაწყვიტა, გვანცასთვის სასამართლოს ძალით ჩამოერთმია დედობის უფლება, რომ ორივე შვილი თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ ყოფილმა ცოლმა ოფიციალურად თქვა შვილების წაყვანაზე (და არა დედობაზე) უარი იმ პირობით, თუ მას თვეში ორჯერ, თითო დღით მაინც მისცემდნენ მათი ნახვის უფლებას. ყველაფრის მიუხედავად, ლაშას მაინც შეეცოდა გვანცა და ამ პირობაზე დათანხმდა.
გავიდა რამდენიმე წელი. ხალხი დაიღალა ჭორაობით და, ბოლოს და ბოლოს, ლაშასა და გვანცას სიყვარულის კრახიანი დასასრული თითქმის ყველამ დაივიწყა, თავად მათი და მათი ოჯახების გარდა.
ბავშვები გაიზარდნენ და ახლა თვითონ დადიოდნენ დედასთან, როცა მოესურვებოდათ – ლაშა ხელს არ უშლიდა მათ ურთიერთობას, ზედმეტ სულიერ ტკივილს აღარ აყენებდა შვილებს.
გიორგის მოვლა ძალიან გაუჭირდათ მშობლებს. ამიტომ, ნათესავების რჩევით, მას სოფლიდან ჩამოუყვანეს ერთი ჯანმრთელი, სასიამოვნო გარეგნობის ობოლი გოგო. გიორგისთვის სულერთი იყო და დათანხმდა მის ცოლად შერთვაზე. ამ არჩევანმა გაამართლა – სოფოს შეუყვარდა ხეიბარი ქმარი და ერთგულად უვლიდა. ორიოდე წლის შემდეგ კი შვილიც შეეძინათ, რამაც გიორგის არსებობას აზრი შესძინა.
ლაშას დაოჯახებაზე აღარ უფიქრია და ამას ორი ძალიან სერიოზული მიზეზი ჰქონდა: პირველი ის იყო, რომ არცერთ ქალს აღარ ენდობოდა; მეორე მიზეზი კი არავინ იცოდა, თუმცა ერთხელ, სიმთვრალეში, თვითონ წამოსცდა თავის დეიდაშვილთან: ყველაფრის მიუხედავად, გვანცა ისევ მიყვარს და, ქმარს თუ გასცილდება, ყველაფერს ვაპატიებ და შევურიგდებიო.
გვანცამ ეს არ იცის, თორემ, შეიძლება, გაეყაროს მეორე ქმარს და ლაშას მუხლებზე დამხობილმა სთხოვოს პატიება, რადგან ძალიან გვიან მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ისევ თავისი პირველი ქმარი უყვარს და ენატრება მასთან ერთად გატარებული დღეები. ეს ყველაფერი გვანცამ მაკას გაანდო და სთხოვა, არავისთვის გაემხილა.
მაკა უსრულებს შვილს თხოვნას. მან გადაწყვიტა, არავის პირად ცხოვრებაში აღარ ჩაერიოს და უფლის ნებას დაელოდოს, რადგან მხოლოდ უფალმა იცის, ვის მიეტევება და ვის – არა.
დასასრული

скачать dle 11.3