№42 როგორ გააფართოებინა ქართულისა და საქართველოს ისტორიის სწავლების კურსები ბერიამ სკოლებში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მისმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, ვინმე ლევან სახოკიამ, „ეშმაკის ფეხი“ უწოდა და ბერიამ სრულად გაამართლა ეს „წოდება“... ისტორიის დოქტორი ვსევოლოდ კოტოვი წერს: „ლევან სახოკია სოხუმის სასწავლებლის სასწავლო ნაწილი იყო, სადაც ბერია ფრიადებზე სწავლობდა. ამავე სასწავლებელში მუშაობდა ვინმე გენრიხ გუტმანი. ეს 30 წლის კაცი, ეგრეთ წოდებული, „რეჟიმის კურატორი“ იყო და მოსწავლეების დისციპლინას ადევნებდა თვალ-ყურს. გუტმანი პოლიციასა და „ოხრანკაზე“ მუშაობდა და ყველას სძულდა. იცოდნენ, რომ დამსმენი იყო და ვერც მასწავლებლები იტანდნენ მას, მოსწავლეები, ხომ, მის დანახვაზე კანკალებდნენ. მხოლოდ არა პატარა ლავრენტი. ბერიამ გუტმანის მოშორება გადაწყვიტა და ეს ასეთი კომბინაციით მოახერხა: სკოლაში ქუთაისიდან ინსპექტორი იყო ჩამოსული, ვინმე სტეპან ელისეევი. მას გარდერობში ჩამოკიდებული პალტოდან „პაველ ბურეს“ ფირმის ოქროს საათი ამოაცალეს. ხოლო, როდესაც ეს გამჟღავნდა, პოლიცია. გამოიძახეს. მათ კი ყველა და ყველაფერი გაჩხრიკეს და მოპარული საათი გენრიხ გუტმანის პალტოს საიდუმლო ჯიბეში იპოვეს. ის დააჯარიმეს და სასწავლებლიდან გააგდეს. აი, სწორედ, ამიტომ უწოდა სახოკიამ ბერიას „ეშმაკის ფეხი“ და ეს ფრაზა მას მეგრულ ენაზე უთხრა. მოგვიანებით, როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი იყო, ბერიამ თავისი მასწავლებელი დააფასა და თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად დანიშნა (სახოკია 1940 წელს გარდაიცვალა).
სხვათა შორის, ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. კონკრეტულად კი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, საქართველოს ისტორიის სწავლების კურსის სრულყოფაში. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი თავის ახლობლებს ასეთ ისტორიას უყვებოდა: „1934 წელს მოულოდნელად ლავრენტი ბერიასთან გამომიძახეს. ღამის 10 საათი სრულდებოდა და ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვახშმობის თავიც არ მქონდა და უნდა დამეძინა. უცებ კარზე დააკაკუნეს. ბინაში მარტო ვიყავი და მე გავაღე. ზღურბლზე გენერალი სერგო გოგლიძე იდგა. ის იმ პერიოდში ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და ბერიას უახლოესი ადამიანი იყო. მას მე სახეზე ვიცნობდი და ცოტა არ იყოს, შემეშინდა. მით უმეტეს, რომ მითხრა, ლავრენტი ბერია გიბარებთო. თუმცა, რომ დავფიქრდი, დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რომ ბერია ჩემს დასაპატიმრებლად ამხელა თანამდებობის კაცს არ გამოგზავნიდა...“
იმ საღამოს ბერიამ ბერძენიშვილს საკმაოდ კონფიდენციალურად დაავალა საქართველოს ისტორიის ფართო სასწავლო კურსის შედგენა, რაც მან და სხვა ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, დიდი წარმატებით შეასრულეს...
ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო ბერია იხსენებდა: „მახსოვს, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, 1 სექტემბერი იყო და სახლში წიგნებით დავბრუნდი, რომლებიც სკოლაში უფასოდ დაგვირიგეს (სხვათა შორის, მხოლოდ საქართველოში არიგებდნენ სასწავლო წიგნებს უფასოდ 30-იან წლებში. ეს ბერიას დამსახურება იყო და ამის მერე გავრცელდა ეს წესი მთელ საბჭოეთში). მამა სახლში იმყოფებოდა და დაწვრილებით გამომკითხა სკოლის ამბები. ბოლოს ახალი წიგნები დაათვალიერა და ისტორიისა და ქართულის პროგრამით დიდად უკმაყოფილო დარჩა. იმავე წელს ცნობილმა ქართულმა მეცნიერ-ფილოლოგებმა, ლიტერატორებმა და ისტორიკოსებმა ახალი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან დაინერგა. მათში ძალიან ფართოდ იყო მოცემული საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა...“
სასწავლო პროგრამის შეცვლა საბჭოთა კავშირში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური მთავრობის პრეროგატივა იყო. უკიდურეს შემთხვევაში, კონკრეტული სფეროს უმაღლესი საკავშირო ხელმძღვანელის. ამ შემთხვევაში – განათლების სახალხო საკავშირო კომისრისა. ამ პოსტზე კი იმ პერიოდში ანდრეი ბუბნოვი მუშაობდა. ბერია რის ბერია, რის ეშმაკის ფეხი იქნებოდა, რომ ფანდი არ ეხმარა. ბერიამ მოსკოვში, თათბირზე ყოფნისას სპეციალურად მოინახულა (ვითომ შემთხვევით) ბუბნოვი. გამოელაპარაკა მას და სხვათა შორის უთხრა, რომ სკოლებში საკავშირო მასშტაბით ისტორიის სასწავლო პროგრამა მოშვებული იყო. გადასინჯვას საჭიროებდა და რაც მთავარია, საინიციატივო ჯგუფი (ბერიას არ დაუსახელებია ეს ჯგუფი და არც შეშინებულ ბუბნოვს უკითხავს) სტალინთან აპირებდნენ შუამდგომლობით შესვლას, რომ ისტორიისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამა გაეფართოებინათ. ბუბნოვმა „საინიციატივო ჯგუფს“ „დაასწრო“ და იმავე ღამეს გამოსცა შესაბამისი დადგენილება, ისტორიისა და ლიტერატურის სასწავლო კურსების გაფართოების შესახებ. ბერიამ, სწორედ, ეს დადგენილება დაუდო საფუძვლად თავის ნამდვილ მიზანს და წარმატებითაც განახორციელა ის. ასეთი საქციელი ბერიას მხრიდან, ეშმაკობის „უმაღლესი პილოტაჟი“ იყო, ძალიან წარმატებული სვლა და ამით ლევრენტი პავლივიჩმა მიაღწია იმას, რომ ოფიციალურად მოქმედების შემთხვევაში შესაძლოა, თავიც კი დაეკარგა. ნიშანდობლივია, რომ ბერიას სასწავლო გეგმით საქართველოს ისტორიას თითქმის 40 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ საქართველოს სკოლებში და მხოლოდ 70-იან წლებში შეწყვიტეს ეს კურსი მიხეილ სუსლოვის ბრძანებით.
ასეა თუ ისე, ლავრენტი ბერია ასი თავით ჯობდა თავის პოლიტბიუროელ კოლეგებს და მის ეშმაკობას ზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ეშმაკობას ხრუშჩოვის გუნდის კოლექტიურმა ვერაგობამ აჯობა“.