№42 როგორ გვათავისუფლებს ჯვარი ჩვენი მტრისგან – ჩვენივე სხეულისგან
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
რატომ გადის გზა სასუფევლისკენ ჯვარცმაზე, რის მაგალითი მოგვცა იესომ და როგორ უნდა მოუკვდე წუთისოფელს, რომ ცხონდე? – ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან, მამა გურამთან (ოთხოზორია).
– როგორ გავმიჯნო ჩემი ეგო და ჩემი შინაგანი სამყარო, როგორ უნდა მოვუკვდე ამ წუთისოფელს – მთლიანად დავკარგო ჩემი გრძნობები, წარმოდგენები ან, თუ ამას დავკარგავ, მაშინ მე ვინ ვრჩები? ანუ როგორ მოვუკვდე ამ წუთისოფელს ისე, რომ მარადიულად ცოცხალი დავრჩე?
– ძველ აღთქმაში ებრაელების წინადაცვეთის რიტუალი იყო ნიშანი იმისა, რომ ის ღმერთის ერია, ანუ მასთან აქვს პირდაპირი კავშირი. ღმერთისგან ჩვენ გადაგვფარა ცოდვამ და, შესაბამისად, თუ წინადაუცვეთელი ხარ, ესე იგი, შენ ღმერთს მოსწყდი, ანუ არ ხარ ღმერთის ერი, რადგან შენთვის დაფარულია ღმერთი. წინადაცვეთა ნიშნავს იმ საბურველის მოშორებას, რაც გიფარავს ღმერთს. რა არის ჩუჩა? წუთისოფელი, ჩემი ტვინი, აზროვნება, შიშით, ცოდვით დაცემის შემდეგ შექმნილი. ადამს შიშისა და სირცხვილის გრძნობა გაუჩნდა მაშინ, როდესაც ასცდა ღმერთს და აი, ამ აცდენისგან ვიღებთ აცდენილ ურთიერთობებს: შევქმენით ჩვენი სამყარო – შფოთის ქვეყანა, რომელშიც სიბნელეა და ამ სიბნელეში ხელის ცეცებით დავდივართ. ვქმნით ურთიერთობათა ბადეს, რაც დგას შიშზე და არ აქვს საყრდენი. ანუ დაიკარგა სიმშვიდე, უშფოთველობა და დაიწყო უნდობლობა, რაც საფუძვლად უდევს ადამიანთა თუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს. ამ შიშის ეშინია ადამიანს, იმიტომ რომ არ აქვს საყრდენი და ამიტომ მუდმივად შფოთავს, მუდმივად ელის, რომ ვიღაც ან რაღაც ავნებს. ადამიანი დევნილია სიკვდილმისჯილივით და დაუსრულებლად გაურბის მდევარს. სიკვდილის შიში აქვს და სულ თავს იცავს. აგრესიაც შიშისგანაა. რატომაა ადამიანი აგრესიული? იმიტომ, რომ ეშინია! რატომ იბრძვის? იმიტომ, რომ ეშინია! ლაო ძის აქვს კარგად ნათქვამი: ორ შემართულ მახვილს შორის იმარჯვებს ის, ვისი მახვილიც დაშვებულია. პარადოქსია, მაგრამ, რომ გააანალიზებ, ასეა. ის მეორე მახვილი შემართულია, რადგან ეშინია, არ დაასწრო. ხოლო, თუ დაინახავს, რომ შენ არ გეშინია და ხელი დაუშვი, ისიც გათავისუფლდება შიშისგან. აგრესია არაბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ მეორის უნდობლობა აიძულებს ადამიანს, იყოს არაბუნებრივ მდგომარეობაში. ერთადერთი, რაც კაცთა მოდგმას იმ დღეში გვყრის, რაც დღეს ხდება, აი, ეს უნდობლობა და დაუცველობაა. ეს შობს აგრესიასა და შიშს, თორემ რა არ გვყოფნის, რას ვერ ვიყოფთ?! მით უმეტეს, რომ ინტეგრაციისა და ტექნიკური პროგრესის გამო საზღვარი აღარც არსებობს და გაუცხოება მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ ის შიში იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქვეცნობიერში, რომ გვმართავს და ვერ ვთავისუფლდებით.
– და როგორ უნდა ვეცვა ჯვარს ამ წუთისოფელში, რომ ეს შიში დავძლიო?
– ჯვარცმა ნიშნავს ამ შიშით შექმნილისგან მოშორებას. მიუხედავად იმისა, რომ გონებით, შინაგანად ვხედავ, რაა პრობლემა, მხოლოდ დანახვა არაა საკმარისი, შიშს უკვე დიდი ძალა აქვს და მიმონებს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: უბადრუკი კაცი ვარ, მომაშორეთ სიკვდილის ამ სხეულსო. ეგო ჩვენს ლამის მეორე ბუნებადაა ქცეული. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? წინადაცვეთით! ძველი აღთქმის წინაცვეთა მიანიშნებდა, რომ მომავალში მესიაში წინადავიცვითებოდით. თუმცა ძველ აღთქმაშივე ეწერა, რომ ეს ფიზიური წინადაცვეთა სულიერი წინადაცვეთის სიმბოლოა და იერემია წინასწარმეტყველი პირდაპირ წერს: გულის ჩუჩა დაიცვითეთო. რადგან გულია ადამიანის არსი, რომელიც გადაფარულია ეგოთი, ძველი კაცით. და აი, ეს ძველი კაცია მოსაშორებელი, ჩვენი შექმნილი, შიშზე აგებული, რომელიც გარედან მოგვეკრო და ვერ ვთავისუფლებით მისგან. პავლე მოციქული ამბობს: ქრისტეა ჩემი წინადაცვეთაო და სწორედ ამიტომაა ჯვარი ძლევის იარაღი. ჯვრით ვთავისუფლდებით ჩვენი მტრისგან – სიკვდილის სხეულისგან. რას ნიშნავს აღდგომა? რომ ვუბრუნდებით იმავე თავისუფალ მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით, ანუ გადავდივართ სამოთხეში. სახარებაში ყველაფერი წარსულ დროშია აღწერილი, ანუ რაც ქრისტეში მოხდა, უკვე მომხდარია. ბოროტის ძალაუფლებისგან გვიხსნა ქრისტემ და თავის სასუფეველში გადაგვიყვანა, რაც რწმენით უკვე სინამდვილედ იქცევა. ამიტომაა დამოკიდებული ყველაფერი ჩვენს რწმენაზე. ჯვარი ძლევის იარაღია, ოღონდ ის კი არ იგულისხმება, რომ ის ვინმეს თავში უნდა ჩავარტყათ, არამედ აი, ამ ჯვარზე უნდა გავაკრათ ჩვენი ძველი კაცი. რით სძლია ქრისტემ ძველი კაცი?! ჯვარცმით! – ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხა! მრისხანებას მრისხანებით არ უპასუხა! თუმცა, როგორც ადამიანს, ამის საფუძველი ჰქონდა: უსამართლოდ გააკრეს ჯვარს, აგინებენ, აფურთხებენ; ჩვენც გვითქვამს ხშირად: რა დავუშავე, კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და გამარჯობაც კი არ მითხრა?! აი, ამაზე მაღლდება ქრისტე, არ მიაგებს არავის სამაგიეროს, პირიქით, ამბობს: მამაო, აპატიე, არ იციან, რას სჩადიანო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები ქრისტეს?! იმან, რომ ის თავის თავში, სხეულის მიღმა ცხოვრობდა თავდაპირველი არსით, სხეულამდე არსებული „მე ვარ არსით“, რომელიც ახლა ამ სხეულში ცხოვრობს. ქრისტემ იცოდა, რომ ადამიანიც ღვთის ხატია და სცოდავს არა ღვთის ხატი, არამედ იმ ადამიანის წინადაუცვეთლობა – ძველი კაცი. იმ ადამიანმა ეს არ იცის, მაგრამ იცის ქრისტემ და ამიტომ მის უგუნურებას უგუნურებით არ პასუხობს. ავიღოთ ორი მეგობარი, ერთს ცუდი სიმთვრალე აქვს, მაგრამ მას ხომ მეორე არასდროს მიატოვებს, რაც უნდა ეჩხუბოს მთვრალი?! პირიქით, მოუვლის, სახლში მიიყვანს, რადგან იმ მთვრალის მიღმა თავისი მეგობარი ეგულება, საყვარელი, მშვიდი, წყნარი... დაახლოებით, ასეთი „სიმთვრალეა“ ის ცოდვა, რომლის მიღმაც ქრისტე ხედავდა იმ თავდაპირველი არსის მშვენიერებას, ამიტომაც არ მიუგო ცოდვაზე ცოდვით. აი, ეს არის ის, რაც ბოროტებას მოსპობს, რაც მტერსაც კი ძმად გადააქცევს, იმიტომ რომ მტერი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ის შენთან დამოკიდებულებაშია მტერი: ყველაფერი, რაც გვახვევია, როგორც ადამიანსა თუ სახელმწიფოს, მოდის ჩვენი ეგოდან, ძველი კაციდან, შიშისგან, რომელსაც ელანდება, რომ ყველა მისი მტერია. არადა, არათუ ერთმანეთთან, სხვა რელიგიების წინაშეც ჯვრით იგებ, იმიტომ რომ მათშიც ღვთის ხატს ხედავ. და სწორედ ამ დანახვით, ჯვარცმული სიყვარულის ჩვენებით განაიარაღებ. ქრისტემ ამით გაიმარჯვა და ამიტომაა, რომ იმპერატორები, რომის არისტოკრატია, ხედავდნენ რა, რომ პირველ ქრისტიანებს თავიანთი თავი ჯვარცმული ჰქონდათ და მხოლოდ სიყვარულს ანახვებდნენ, აი, ამ სიყვარულს ვერ უძლებდნენ. ტოვებდნენ თავიანთ რეგალიებს და ხდებოდნენ ქრიატიანები არსობრივად. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დღეს ქრისტიანობა დარჩა ტრადიციად: ისტორიაში მომხდარი ქრისტეს აღდგომის მომხრეები ვართ. ესაა შეცდომა, რადგან ქრისტიანობა არის ჯვარცმული ცხოვრება, საკუთარი ეგოს უარყოფა და ჯვარზე გაკვრა, მხოლოდ მაშინ შეუძლია მას მტრების ძლევა.