№42 რა უნდა გააკეთოს ქალმა, თუ მეგობარი საყვარელ მამაკაცს ართმევს
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ადამიანის შეცნობა ძალიან ძნელია. ხშირად საკუთარ თავსაც კი ვერ ენდობი, რადგან არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. შესაბამისად ვერასდროს იტყვი, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი, ვინ არ გიღალატებს და არ გაგიმეტებს ტკივილისთვის, იმედგაცრუებისთვის. შეიძლება, სწორედ, შენი მეგობარი გექცეს მტრად და განხეთქილების ვაშლად. როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი ქმარს ართმევს.
ქეთა (35 წლის): მთელი ჩემი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. წინასწარ ვერაფერი გავთვალე და გავითვალისწინე. მაგრამ ვერაფერს დავაბრალებ საკუთარ თავს. იმასაც ვერ ვიტყი, რომ სულელი აღმოვჩნდი. ასე ნამდვილად არ არის. ბუნებრივი იყო, რომ ქმარსაც ვენდობოდი და ჩემს უახლოეს მეგობარსაც. სხვათა შორის, როცა ეს ამბავი მოხდა, გამახსენდა – სახლში სულ იმას მეჩხუბებოდნენ, არ იცი მეგობრის არჩევაო. მეგონა, როგორი გულითაც მე ვიყავი, ზუსტად იმ გულით მეგობრობდნენ ჩემთანაც. პირველი მწარე გაკვეთილი სტუდენტობისას მივიღე და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. მესამე კურსზე ჯგუფში ახალი სტუდენტი შემოგვემატა. ერთი შეხედვით, კარგი გოგო ჩანდა. თავიდანვე ცდილობდა, ჩემთან კარგად ყოფილიყო და დავახლოვდით კიდეც. სულ ერთად ვიყავით, ხან ჩემთან ავდიოდით სახლში, ხან – მასთან. რას წარმოვიდგენდი, თუ ასე საშინლად მოიქცეოდა და ცხოვრებას დამინგრევდა. როცა ჩემი შეყვარებული გავაცანი, მითხრა, რა კარგი ბიჭია, ხელიდან არ გაუშვა და ყველაფერი გააკეთე, რომ მისი ცოლი გახდეო. მეგონა, ალალად მეუბნებოდა ამ სიტყვებს. თურმე, სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. რამდენჯერმე ისე მოხდა, მანქანით გაუარა ჩემმა შეყვარებულმა და ერთად მომაკითხეს სახლში. არც კი დამიშვია, რომ ჩემი დაქალი ამას იკადრებდა და ჩემს შეყვარებულს გაეპრანჭებოდა. ერთ დღეს კი საშინელი სიურპრიზი მომიწყვეს და ბათუმში გაიპარნენ ერთად. ეს ამბავი რომ მითხრეს, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. თავიდან არ მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი.
– თქვენს შეყვარებულზე არ ბრაზობდით? მარტო დაქალი იყო დამნაშავე?
– სხვათა შორის, შეყვარებულზე იმდენად არ ვბრაზობდი, როგორც დაქალზე. ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვიყავით. ჩემზე ყველაფერი იცოდა და როგორ გააკეთა ასეთი რამ, არ ვიცი. მოკლედ, ძლივს მოვედი გონზე, წლებიც გავიდა და სხვა კაცს გავყევი ცოლად.
– ანუ, გადახარშეთ ეს ამბავი და ისევ შეძელით სიყვარული. ისევ ენდეთ მამაკაცს?
– დიახ. ჩვეულებრივად განვაგრძე ცხოვრება. არ მივვარდნივარ და არ მითრევია თმით. თუმცა ღირსი იყო. შევეცადე, საერთოდ დამევიწყებინა. გამიმართლა და არაჩვეულებრივი ქმარი მყავს, მოსიყვარულე, მზრუნველი. ცდილობს, გამანებივროს და ყველა ის ცუდი მომენტი დამავიწყოს, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.
– იცის, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში მანამდე?
– დიახ. მე მოვუყევი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ოთხი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა ჩემი ძვირფასი, უნამუსო დაქალი. დამირეკა და ტირილით მითხრა, ქმარს დავშორდი, ეს ვინ ყოფილა, მე უნდა მიმადლოდე, ასეთ არაკაცს რომ აგარიდეო.
– მოუსმინეთ და მშვიდად შეხვდით ამ ამბავს?
– თავიდან ძალიან გავბრაზდი. ვუკივლე, როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას-მეთქი, მაგრამ მერე ტირილი და ბოდიშების მოხდა რომ დაიწყო, დამაინტერესა, რა მოხდა მათ შორის და გამოვკითხე. მოკლედ, უღალატია. საშინლად მექცეოდა და გამწარებული ვყავდიო. მერე მთხოვა: ძალიან მინდა, მაპატიო. დავაშავე და ახლა მივხვდი, მე ეს შენი ცოდვით დამემართა. ახლა ხომ ხარ ბედნიერი. მომეცი უფლება, მოვიდე, პირადად აგიხსნა სიტუაცია, არც კი იცი, რა მოხდა და მოგიყვებიო. ინტერესის ცდუნებას ვერ ვძლიე. დავთანხმდი. მოვიდა, გაიცნო ჩემი ქმარიც.
– ძალიან დაუფიქრებლად მოქცეულხართ.
– დიახ. ვიცი უკვე. იმ საღამოს მომიყვა თავისი ამბები. სხვათა შორის, ჩემმა ქმარმა რომ გაიგო, ეს ის გოგო იყო, ვინც შეყვარებული წამართვა, გამიბრაზდა. მითხრა, ასეთი საზიზღრობა გაგიკეთა და სახლში როგორ შემოუშვიო. ცოდოა. უკვე მიიღო ამის სამაგიერო-მეთქი. ამის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ ორივე ვცდილობდით, წარსულზე საუბრისთვის თავი აგვერიდებინა.
– ანუ, ისევ დამეგობრდით?
– ვერ ვიტყვი, რომ დავდაქალდით. მოდიოდა და სახლიდან ხომ არ გავაგდებდი. ერთ დღესაც, ჩემმა ქმარმა ტელეფონში მესიჯი მანახა, – ის უსირცხვილო სთხოვდა, შემხვდი. მინდა, შენს ცოლზე დაგელაპარაკო და რაღაცები მოგიყვეო. კინაღამ გადავირიე. არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემი ქმრის ნომერი. დავრწმუნდი, რომ იდიოტივით მოვიქეცი. ჯერ შეყვარებული წამართვა და ახლა ქმრის წართმევაც უნდოდა. ახლა უკვე ვეღარ შევიკავე თავი. დავურეკე და მაგრად გავლანძღე, ყველაფერი პირში მივახალე. ისეთი უსირცხვილოა, უარყო, რას ბოდავ, გეშლებაო. მაგრამ როგორღა დავუჯერებდი, ჩემი თვალით ვნახე და წავიკითხე. ახლა ვხვდები, არავის არ უნდა ენდო, თუნდაც ის უახლოესი დაქალი იყოს. საკუთარ ბედნიერებაში არავინ ჩაახედო. მადლობა ჩემს ქმარსაც, რომ თვალები ამიხილა.