კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ აგორდა ხელოვნურად აჟიოტაჟი, რომ საქართველოში გოგონებს დედის მუცელშივე ხოცავენ სქესის გამო და როგორ შეცდნენ უცხოელი ექსპერტები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

2019 წელს მსოფლიოში 58.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 10 მილიონი – შიმშილით (2019 წლის 30 დეკემბერს ერთ დღეს შიმშილისგან 28 ათას 700 ადამიანი დაიღუპა). მსოფლიოში მოკვდაობის 10 უმთავრესი მიზეზია: გულის იშემიური დაავადება და ინსულტი (ბოლო 15 წელია, ეს დაავადებები იწირავს ადამიანთა ყველაზე მეტ სიცოცხლეს დედამიწაზე), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები,  ქვედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებები, ალცჰეიმერი და ჭკუასუსტობასთან დაკავშირებული სხვა დაავადებები, სასუნთქი გზების სიმსივნეები, დიაბეტი, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიღებული ტრავმები, დიარეა, ტუბერკულოზი.
  როგორც აღმოჩნდა, მოკვდაობის მიზეზების განსხვავებული სტატისტიკაა ქვეყნებს შორის, გამომდინარე მათი ეკონომიკის მდგომარეობიდან. მაგალითად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის 10 ძირითადი მიზეზი ასეთი თანმიმდევრობისაა: ქვედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებები, დიარეა, გულის იშემიური დაავადება, შიდსი, ინსულტი, მალარია, ტუბერკულოზი, მშობიარობის შემდგომი გართულებები, სამშობიარო ასფიქსია და სამშობიარო ტრავმები, ავტოსაგზაო შემთხვევები.
  2019 წლის ინფორმაცია გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც, რის მიხედვითაც, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზია სატრანსპორტო უბედური შემთხვევები (17.8 პროცენტი). 2019 წელს 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილთა რაოდენობაა 1 282. ასაკობრივი ჯგუფების დეტალური ანალიზით კი, 2019 წელს 15 წლამდე ასაკის 541 ბავშვი გარდაიცვალა და ძირითადი მიზეზია პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი რესპირაციული და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (31.1 პროცენტი), სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (9.2 პროცენტი) და პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექციები (8.3 პროცენტი), გრიპი და პნევმონია (3.5 პროცენტი). 40-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს გულის იშემიური ავადმყოფობა (12 პროცენტი), 60 და უფროსი ასაკის ჯგუფში – თავის ტვინის სისხლძარღვებისა და მისი მფარავი გარსების დაავადება (21.5 პროცენტი). საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოში 46 659 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის 24 019 მამაკაცი და 22 640 ქალი.
  დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან ერთად ვიმსჯელებთ, რა ინფორმაციას გვაწვდის პრევენციისთვის და ანალიზისთვის ზემომოტანილი ინფორმაცია.
ავთანდილ სულაბერიძე: მოკვდაობის მიზეზების ცხრილის მიხედვით, საქართველოში მოკვდაობის მაჩვენებლები გაზრდილია. პირველ ადგილზეა, ტრადიციულად, სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებები – 21 500 ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით 2019 წელს და ეს მაჩვენებელი გაზრდილია; შემდეგ მოდის სიმსივნეები –  7 900 შემთხვევაა და ეს მონაცემიც გაზრდილია; ამის შემდეგაა სასუნთქი ორგანოების დაავადებები – 3 300 და ესეც გაზრდილია; ტრავმებითა და მოწამვლით გარდაცვლილთა რაოდენობაა 2 300; ენდორკინული სისტემების დაავადებებით, ანუ კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო – 1 000-მდე. საერთო ჯამში, თუ გადავხედავთ ამ მონაცემებს, 2015 წლიდან მოკვდაობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.
– რით ხსნით მოკვდაობის გაზრდას 2015 წლიდან 2019 წლამდე?
– სტატისტიკაც აჩვენებს, რომ გაზრდილია დაბერებული მოსახლეობის ოდენობა. სხვათა შორის, ინფექციური დაავადებებით გარდაცვლილთა მაჩვენებელი არ არის მაღალი, თუმცა კოვიდის შესახებ ცალკე სტატისტიკა იქნება 2020 წელს, მაგრამ, თუ ინფექციური დაავადებებით გარდაცვლილებს დავუმატებთ 51 ადამიანს, რომლებიც 2020 წელს დაიღუპნენ კოვიდით, მოკვდაობის საერთო მაჩვენებელში ეს ამინდს ვერ შექმნის.
– მაგრამ ძალიან დიდი მგონია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა მაჩვენებელი – 2010 წელს 15-დან 39 წლამდე ასაკში გარდაცვლილთა თითქმის მეხუთედი გარდაცვლილია ავტოავარიებით.
– ამის მიზეზია ის, რომ ძალიან ბევრი გამოუცდელი ახალგაზრდა ზის საჭესთან და ქმნიან საავარიო მდგომარეობას. ალბათ, მართვის მოწმობის გაცემის ასაკიც უნდა გაიზარდოს და გართულდეს კიდეც გამოცდები. ასევე, შეიცვალა მძღოლთა გენდერული ბალანსიც. ამას გარდა, თავისი წვლილი შეაქვს გაუმართავ ავტომანქანებსაც. ევროპიდან და ამერიკიდან ძალიან ბევრი მეორადი მანქანა შემოდის, ძველიც და გაუმართავიც. ამდენად, ტექდათვალიერება ძალიან კარგია, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევები მაინც არ შემცირებულა. აგრეთვე, აუცილებელია, საპატრულო კამერების გამართული მუშაობა, რომ სიჩქარის გადაჭარბების ყველა შემთხვევა აღირიცხოს. ერთი სიტყვით, უნდა ამოიკრიფოს ცალკეული შემთხვევები, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ზუსტი მიზეზები დადგინდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ავარიებით დაღუპულთა რაოდენობა დიდია. ისიც არ ვიცით ზუსტად, ნასვამი რამდენი ჯდება საჭესთან. იმის თქმა მინდა, რომ მიზეზები ტრადიციულია: სიჩქარის გადაჭარბება, მანქანის გაუმართაობა და სიმთვრალე.
– ისევ მოკვდაობის საერთო მაჩვენებელს დავუბრუნდეთ: მხოლოდ მოსახლეობის დაბერებაა ამ მაჩვენებლის გაზრდის მიზეზი?
– ჩვენთან მოსახლეობის 15 პროცენტი 65 წელსაა გადაცილებული. ეს თავისთავად მოქმედებს მოკვდაობის რიცხვზე. გარდაცვალების ძირითადი ასაკია 60-65 წელს ზემოთ. სჭარბობენ ქალები, იმიტომ რომ თვითონ სტრუქტურაა ისეთი, რომ 65 წელს გადაცილებულთა ასაკობრივ ჯგუფში ქალები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები, ძირითადად, შრომისუნარიან ასაკში იღუპებიან, ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების მოკვდაობა 2.5-3-ჯერ აღემატება ქალების მოკვდაობას. კარგია ის, რომ ძალიან შემცირდა ჩვილთა მოკვდაობა, თითქმის ევროპის დონეს მივუახლოვდით, 7-8 ახალშობილი იღუპება ყოველ 100 დაბადებულზე. ამან გაზარდა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა. დღეს საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობაა 74 წელი, როდესაც აქამდე გვქონდა 72 წელი. მაგრამ აქ საგანგაშო ისაა, რომ მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლიობა 69-70 წელია, ხოლო ქალების – 78 წელი. სქესთა შორის 8-9-წლიანი სხვაობა თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ აღინიშნება და მიანიშნებს იმაზე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ მამაკაცებს.
– ეს იმას მიანიშნებს, რომ მამაკაცებმა ცოტა გული და სხეული გაიმაგრონ და მიხედონ თავს. მეტი როგორ მოუარონ ქალებმა, ოჯახებსაც ისინი არჩენენ. მეტი რა მამაკაცური საქმე შევითავსოთ?
– 65 წლის ზემოთ ქალები უფრო მეტნი არიან და ამიტომ მათი მოკვდაობა აჭარბებს მამაკაცების მოკვდაობას, მაგრამ 65 წლამდე პირიქითაა, უფრო მეტი მამაკაცი იღუპება. რაც შეეხება მიზეზებს: სიმსივნეებით უფრო მეტი მამაკაცი იღუპება, სისხლის მიმოქცევის დაავადებებით კი – უფრო მეტი ქალი. მაგალითად, იაპონიაში 84 წელია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა, ასევე, ევროპაშიც მაღალია ეს მაჩვენებელი და ჩვენ ჯერჯერობით, ჩვენი 74 წლით ვერ ვეწევით მათ. მით უმეტეს, რომ დიდი განსვლაა სქესთა შორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობაში. წესით, უნდა იყოს 3-4 წელი.
– ახალდაბადებულებში ისევ ვაჟები სჭარბობენ?
– მაგ თემაზე აჟიოტაჟი არაფრისგან ააგორეს. მე და გია წულაძემ ეს ვიცოდით თავიდანვე, მაშინვე, როდესაც ფრანგი ექსპერტი ჩამოიყვანეს და დაათვლევინეს, თითქოს საქართველოში 118 ვაჟი იბადებოდა 100 გოგონაზე. მაშინ, როდესაც ნორმაა 106-107 ვაჟი 100 გოგონაზე. გამოკვლევა ჩაატარეს ისე, რომ ჩვენთან, დემოგრაფებთან არც მოსულან. როდესაც კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინეს, ჩვენც ვესწრებოდით და ვუთხარით, რომ ის იყო სტატისტიკური დარღვევა. ანუ არ აღირიცხებოდა გარდაცვლილ ჩვილებში გოგონები. მაგალითად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გარდაცვლილს იმავე დღეს ასაფლავებენ და არც ატარებენ გარდაცვლილს რეგისტრაციაში. ახლა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა ვითარება, მაგრამ დარღვევები მაინც არის. საბოლოოდ, ასეთი მონაცემი დადგა: ყოველ 100 გოგონაზე იბადებოდა 108 ვაჟი. არადა უცხოელების გამოკვლევამ აჩვენა 118 ვაჟი, რაც არასწორი მონაცემი იყო. მაშინვე ვუთხარი, რომ მეთოდოლოგიური შეცდომები ჰქონდათ დაშვებული, რის გამოც არაერთი ადამიანი გამინაწყენდა. მათ ეს კვლევა ჩაატარეს 4.5 მილიონ ადამიანზე გათვლით, ხოლო მე და გია წულაძე ვატარებდით კვლევას 3.7 მილიონ ადამიანზე, იმიტომ რომ აღწერამდე, შეფასებითი მაჩვენებლით, ამდენი გამოდიოდა საქართველოს ფაქტობრივი მოსახლეობა. სხვათა შორის, ეს ჩვენი შეფასებითი მონაცემი, რომ საქართველოს მოსახლეობა არის 4.7 მილიონი, დაემთხვა აღწერის მონაცემს.
– მახსოვს, თქვენ აღწერამდე ასახელებდით მოსახლეობის ამ რაოდენობას.
– მათ რომ 4.5 მილიონიდან იანგარიშეს მონაცემები, განაწილება დაირღვა და მიიღეს არასწორი შედეგი. შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო და ჩვენ არ დაგვიჯერეს, გაეროს ექპერტები კი შეცდნენ და მცდარად დაასკვნეს, რომ საქართველოში მასობრივად წყვეტენ ორსულობას, თუ გაიგებენ, რომ გოგონაა. ეს იყო სტატისტიკური აღრევა, იმიტომ რომ არ ასახავდა რეალურ სურათს. ეს ტენდენცია მოდის ჩინეთიდან, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკად გამოცხადაა: ერთი ოჯახი, ერთი შვილი, ამიტომ წინასწარ იგებდნენ ბავშვის სქესს. ანალოგიური გადმოიტანეს საქართველოზეც. არადა, რეალობა სხვანაირია ჩვენთან. იმ პერიოდში, იმას გარდა, რომ ჩვილთა გარდაცვალების აღრიცხვა მოუწესრიგებელი იყო აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში, აზერბაიჯანელები მშობიარობისას გადადიოდნენ აზერბაიჯანში, შესაბამისად, იქ აღირიცხებოდნენ ახალდაბადებული ბავშვები. ამდენდ, რაკი საქართველოში არ იბადებოდნენ, ჩვენი სტატისტიკაც არ აღრიცხავდა. ამასთან, აზერბაიჯანელებს შორის დღესაც ხშირია ოჯახში მშობიარობის ფაქტები. ესეც ამახინჯებს სტატისტიკას, რადგან ბავშვის დაბადებას ოჯახი ოფიციალურად აფორმებს მაშინ, როდესაც ცნობა დასჭირდებათ. აი, ასეთი მიზეზების გამო არასწორი სტატისტიკა იყო, დღეს ეს გამოსწორდა და დავუახლოვდით ნორმალურ მაჩვენებელს დაბადებული გოგონებისა და ვაჟების რაოდენობით.
– მეც ძალიან გულზე მომხვდა თავის დროზე ეს ინფორმაცია, შევძრწუნდი, თუ ჩვენთან მართლაც ხოცავდნენ გოგონებს სქესის გამო.
– დიახ, კამპანია აგორდა, რომ ქალებს ხოცავდნენ. არადა ჩვენთან არ არის ეს განწყობა, რომ გოგონები არ უნდათ შვილებად.
– როგორც მსოფლიოს ონლაინ სტატისტიკურ გვერდზე ვხედავ, 2020 წელსაც კოვიდპანდემიის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა. რით ხსნით ამას?
– დიახ, არ გაზრდილა. კოვიდით გარდაცვალებულებს შორის უმეტესობას სხვა დაავადებები ჰქონდა. მაგალითად, ადამიანს აქვს სიმსივნე და შეეყარა კოვიდი. მაგრამ მისი ძირითადი დაავადება მაინც სიმსივნეა და ის ნებისმიერი ინფექციის შეყრის შემთხვევაში დაიღუპებოდა. ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნას ვერ გავაკეთებთ, სანამ წელი არ დასრულდება და შემდეგ ზუსტ მონაცემებს შევადარებთ წინა წლების მაჩვენებლებს.

скачать dle 11.3