№42 სხვისი ომი – ღობეს ჩხირი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ სიცოცხლის ფასი
ორი კვირა გავიდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან, თუმცა მხარეებს მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, იმას გარდა, რომ უამრავი შეიარაღება განადგურდა და დაიხარჯა (არადა უფრო სასიკეთო საქმეს შეიძლება, მოხმარებოდა, რაც მათ შესაძენად ფული დაიხარჯა), რაც მთავარია – დაიღუპნენ და იღუპებიან ადამიანები. ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სომხეთი მარტოა აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემის წინაშე, ანუ მისი მოკავშირეები, რუსეთის თამადობით, არათუ დუმილის უფლებას იყენებენ, ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ სამხედრო ძალით სომხეთის მხარეს დადგომას არ აპირებენ.
შესაძლოა, ამიტომაც სომხეთის პრეზიდენტი (ფაშინიანი) აცხადებს, რომ ერევანი წავა დათმობებზე, თუ დათმობს ბაქოც; ოღონდ არ აკონკრეტებს, რის დათმობას აპირებს ერევანი და არც იმას, რის დათმობას მოელიან ბაქოსგან. იქვე თავსაც იმხნევებს, რომ რუსეთი აუცილებლად დაეხმარება მათ, ისე, როგორც მათ შორის არსებული ხელშეკრულება მოითხოვს ამას. რაც საეჭვოა, რადგან, თუ აზერბაიჯანი არ გასცდება ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიას, რუსეთს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება, დაეხმაროს სომხეთს სამხედრო ძალით.
ჩემი ვარაუდით, რუსეთი იცდის, რომ, ჯერ ერთი, უფრო გატეხოს ფაშინიანი, მეორე მხრივ კი, რაკი მისთვის სულერთია, რამდენს ჩამოაფცქვნის ყარაბაღიდან აზერბაიჯანი ან ჩამოაფცქვნის თუ არა, ამ პასიურობით თურქეთთან პოლიტიკური ვაჭრობისა და ბაქოს მოსამადლიერებლად ახალი მოედანი ეხსნება. ანუ იმასაც მოვესწარით, როდესაც რუსეთი სომხეთის ხარჯზე ვაჭრობს, რაც მაიმედებს, რომ ეს ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფო ასეთივე წარმატებით ივაჭრებს ჩვენი სეპარატისტებითაც.