№41 გულო გარმელია: ჩემი ფოტო რომ ამიტვირთავს, უთქვამთ: როგორ გიყვარს მაკა, მის ფოტოს რომ დებო
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
პროფესიით ჟურნალისტი და რადიო „მაესტროს“, სამედიცინო გადაცემის „მაესტროს ანატომიის“ წამყვანი, 27 წლის გულო გარმელია, წარმოშობით აფხაზეთიდანაა, კონკრეტულად კი – გალიდან. ერთი თვის იყო, როცა მშობლიური სახლიდან წამოიყვანეს. თბილისში გაიზრდა, თუმცა ის სიყვარული და წარმოდგენა, არასოდეს დაუკარგავს, რაც აფხაზეთთან აკავშირებს.
გულო გარმელია: 1993 წელს დავიბადე და რადგან აფხაზეთში არეულობა იყო, დედა ქუთაისში გადმოიყვანეს და იქ მოუწია საკეისრო კვეთით ჩემი გაჩენა. რამდენიმე დღეში აფხაზეთში ჩამიყვანეს. არ ფიქრობდნენ ჩემი მშობლები და ვერც ვერავინ წამოიდგენდა, რომ ზუსტად ერთ თვეში მოგვიწევდა გალიდან წამოსვლა და ჩვენი სახლის საბოლოოდ დატოვება. მერე მამას უნდოდა გალში სახლის დაბრუნება, თანხაც გადაიხადა, თავიდან იყიდა, თუმცა, ის სახლი წართმეულია და იქ დღესაც აფხაზები ცხოვრობენ. რთული დღეები გამოიარა ჩემმა ოჯახმა, თუმცა გაგვიმართლა და თბილისში ბინა ვიყიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ჩვენი სახლი გვქონდა, მშობლები სულ დაბრუნებაზე ფიქრობდნენ. თუმცა, დღეს დავბრუნდებით, ხვალ დავბრუნდებით ფიქრში, 27 წელი გავიდა. მამა ამბობს, წლების განმავლობაში ვერ ვაცნობიერებდი, რომ აფხაზეთი ოკუპირებული იყო და დავკარგეთ. წლების მერე, თქვენ რომ სკოლაში შეხვედით, მაშინ გავაანალიზე, რომ წაგვართვესო. მე და ჩემს დას მშობლები ყოველდღე გვიყვებოდნენ აფხაზეთზე, გულისტკივილით იხსენებდნენ იმ კუთხეს, სადაც ჩვენი ფესვებია. ამიტომ, არასოდეს დამიკარგავს აფხაზეთზე ოცნება და წარმოდგენები, რაც მათგან მქონდა. ეს წარმოდგენა და განცდები, რასაც ჩემი მშობლები მიყვებოდნენ და ფოტოებზე ვნახე, უფრო მეტად გამძაფრდა, როცა ათი წლის წინ, აფხაზეთში პირველად ჩავედი. ჩემი თვალით ნანახი რეალობა, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა – ულამაზესი მხარეა, სხვანაირი ენერგეტიკითა და სურნელებით. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, ის კუთხე საიდანაც ვარ. ომის შემდგომ ბევრი რამ განადგურებულია, თუმცა, არ მაქვს უფლება და არც არასოდეს დავკარგავ იმედს, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ჩვენც დავბრუნდებით და ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება. დღევანდელი ჩემი საცხოვრებლიდან ჩემი ოცნების ადგილამდე ზუსტად 360 კილომეტრია და მჯერა, მას აუცილებლად დავიბრუნებთ.
– ათი წლის წინ როგორ მოახერხე აფხაზეთში ჩასვლა?
– სოფელ ჩხორთოლში მამის სოფლის ძირი სახლი, სადაც ბებია-ბაბუა და მამიდა ცხოვრობდნენ, ომის დროს არ დატოვეს, არ წამოვიდნენ, ბოლომდე დარჩნენ და შეინარჩუნეს. ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ. იქ მამას უფროსი და ცხოვრობს. მამა ომის შემდეგ არ ყოფილა აფხაზეთში და ათი წლის წინ, გამზრდელი მამიდა რომ გარდაეცვალა, მამას აფხაზი ნათესავების დახმარებით პირველად ჩავედით. ენგურის ხიდზე რომ გადავდიოდით, მამამ მითხრა, ქართულად არ დაილაპარაკო, პრობლემა შეიქმნებაო, გამიკვირდა, ვერ გავიაზრე, რატომ. არადა, მე და ჩემი და, სიხარულით მივდიოდით და ტანკები და სამხედროები რომ დაგვხვდნენ, ჩანთები გამოგვართვეს და გაჩხრიკეს, მართლა ვერ ამოვიღეთ ხმა. მამა ისეთი გაოგნებული იყო ემოციებით, ხმას მართლა ვერ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ დანგრეული შენობები გვხვდებოდა, აფხაზური და რუსული ენა მესმოდა, მსგავსი სილამაზე არსად მინახავს. ბებიამ არ იცოდა, რომ ჩავიდოდით და კარი რომ შევაღეთ, ისე ინერვიულა, ადგილზე გაშეშდა. ფაქტია, რაც ვნახე, მივხვდი, რომ ამ ომით, არავის არაფერი მოუგია.
– ახლა რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი, თუ დაბრუნდები?
– გამიჭირდებოდა. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის ფოტოები, რაც მე მაქვს, ომამდეა გადაღებული, ახლა სულ სხვა აფხაზეთია. კიდევ ვამბობ, იქ ომის მერე არაფერი განვითარებულა. თუ დავიბრუნეთ და ისევ იმ აფხაზეთად ვაქციეთ, როგორიც ფოტოებზე არის, მაშინ მე კი არა, ბევრი წავა. ახლა
ფიზიკურად ვერ წავალ, ვინ მიმიშვებს.
ფიზიკურად ვერ წავალ, ვინ მიმიშვებს.
– პროფესიით ჟურნალისტი ხარ და საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანი. ალბათ, ამას ბევრი შენი რესპონდენტი აღნიშნავს და არა მარტო. რა როლი ითამაშა შენმა გარეგნობამ, შენს წარმატებულ კარიერაზე?
– აქტიური ბავშვი ვიყავი და ჩემი სურვილი იყო, ჟურნალისტი ვყოფილიყავი. ეს ოცნება ავიხდინე. სხვათა შორის, მამას უნდოდა, იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ ჯიბრში ჩავუდექი და არ დავუჯერე (იცინის). ბევრი ვიმოგზაურე ტელევიზიიდან პრესაში, კერძო კომპანიებში და დღეს რადიო „მაესტროში“ ვარ გადაცემის წამყვანი. რაც შეეხება გარეგნობას, ვერ ვიტყვი, ჩემს კარიერაზე გარკვეული როლი არ ითამაშა-მეთქი. ზოგადად, გარეგნობა გეხმარება, დადებით განწყობას გრძნობ, თითქოს პატივისცემის მომენტიც უჩნდებათ. ჩემი აზრით, გარეგნობასთან ერთად, სხვა ხიბლიც საჭიროა. მეგობრები მეუბნებიან: ლამაზზე უფრო მეტად, სხვა ეშხი და ენერგეტიკა გაქვსო. ეს უფრო დიდი კომპლიმენტია, ვიდრე, რა ლამაზი ხარო. ულამაზეს ქალთა სიაში არ ვთვლი თავს, თუმცა დადებითი ენერგეტიკა ნამდვილად მაქვს. როცა მეუბენებიან: რა ლამაზი ხარო, უხერხულობისგან ვიბოჭები (იცინის).
– ალბათ, ბევრს უთქვამს, რომ საოცრად ჰგავხარ დიზაინერ მაკა ასათიანს. შენ თუ ფიქრობ ასე?
– კი, მეუბნებიან, მაკა ასათიანს ჰგავხარო. ასეთ ლამაზ ქალთან მსგავსება უდიდესი კომპლიმენტია ჩემთვის. მაკა ძალიან ლამაზია და მას რომ გადარებენ, ეს მართლა ძალიან სასიამოვნოა. მე იმ დროიდან, მომწონდა მაკა, სანამ „გოგოშკობას“ დავიწყებდი. არანორმალურად მოწმონდა და სადაც მის ფოტოს ვნახავდი, შევციცინებდი (იცინის). მოვიტყუები, რომ ვთქვა, არ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი-მეთქი. თუმცა, „ჩოლკა“ იმიტომ არ შემიჭრია, არც შავად შემიღებია თმა და ლაინერის წასმა არ დამიწყია იმის გამო, რომ მაკას დავმსგავსებოდი. „ჩოლკას“ იმიტომ ვატარებ, რომ დიდი შუბლი მაქვს, თორემ მისმა მოვლამ მომკლა (იცინის). მოკლედ, არ მიხდება „უჩოლკობა“. შავი ლაინერის წასმა კი სკოლის მერე დავიწყე და ცისფერ თვალზე მოვიხდინე. სხვადასხვა ფერის წასმა ვცადე, მაგრამ არ მაქვს ნაზი ნაკვთები და არ მომიხდა. თმა მოწითალოდ მქონდა შეღებილი. მომწყინდა, იმიჯის შეცვლა მომინდა და სტილისტმა მითხრა: სხვა ფერს ვერ „დავაჯენ“, შავი მოგიხდება და მენდეო. ტუჩზე წითელი კონტური კი მალამაზებს, მომწონს და სადმე რომ მივდივარ, ვისვამ. მართლა თავისთავად დავემსგავსე მაკას, მისნაირი მაკიაჟი და სტილი მოვიხდინე. გააზრებულად არ მიცდია, რომ მისნაირი ვყოფილიყავი. ალბათ, მართლაა ჩემსა და მაკას შორის გარეგნული მსგავსება, თორემ რაც უნდა მაკიაჟი გავიკეთო, მონიკა ბელუჩს ხომ ვერ დავემსგავსები? (იცინის) სამწუხაროდ, მაკას პირადად არ ვიცნობ. ხშირად მიგრძნია დაჟინებული მზერა, როცა მაკა ვგონივარ, თუმცა, იმის გარჩევა, რომ მაკა არ ვარ, არ არის რთული. მე და ჩემი და ძალიან ვგავართ ერთმანეთს, თუმცა არ ვართ ისეთი იდენტურები, ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩიონ და მაკასა და ჩემი გარჩევა უფრო მარტივია. თუმცა, ბევრჯერ, ჩემი ფოტო რომ დამიდია სოციალურ ქსელში, მაკა ჰგონიათ და უთქვმთ: როგორ გიყვარს მაკა, მის ფოტოს რომ დებო. და, მაკას ფოტო რომ დავდე, ბევრს მე ვეგონე (იცინის). ჩემი აზრით, უფრო თვალებით ვგავართ და ორივეს შავი თმა და „ჩოლკა“ გვაქვს. თუმცა, რომ მამსგავსებენ, მიხარია.
– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ადრე იყო მნიშვნელოვანი მოწონება, მაგრამ ამ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა და დამთავრდა. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. თაყვანისმცემლებიც არიან, მათგან მოწონება და გაცნობის სურვილიც მიგრძნია, თუმცა, შეყვარებული არ ვარ. ყველაზე მეტად გულწრფელობასა და უშუალობას ვაფასებ. არ მიყვარს „მოთამაშე“ მამაკაცები. აფხაზური გვარი კი მაქვს, მაგრამ გენეტიკაში მეგრელიც მირევია და ამიტომაც, ვარ ქარიზმატული, ძალიან ემოციური, ფეთქებადი და იმავდორულად, თვითკრიტიკული. თან, ზოდიაქოთი „ლომი“ ვარ და რომ გითხრათ, მინდა, კუთხეში ვიჯდე და შეუმჩნეველი ვიყო-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, არც ზედმეტი ყურადღება მიყვარს, მაღიზიანებს, მძაბავს და ვკომპლექსდები. მაგრამ, მინდა თუ არა, თავისთავად ვექცევი ყურადღების ცენტრში და აღარ მიწევს იმაზე დარდი და ფიქრი, რატომ არ მაქცევენ ყურადღებას-მეთქი (იცინის).