კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რასთან შეგუება უჭირს ანკა ვასაძის მეუღლეს და რა არის მისთვის ნამდვილი წამება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„რუსთავი 2-ზე“ ახალი გადაცემა „დიდი ამბავი“ იწყება და მისი წამყვანები ნიკა ლომიძე და ანკა ვასაძე იქნებიან.
ანკა ვასაძე: მაისის ბოლოს ვიყავი ქასთინგზე, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთხელ დამიბარეს. ზღვაზე მივდიოდი და ვიკითხე, ღირდა თუ არა. ისე გამოვიდა, რომ ზღვაზე ჩავედი, ორ დღეში ისევ თბილისში ჩამოვედი, საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ და ისევ დასასვენებლად დავბრუნდი. ძალიან ვნერვიულობდი – ერთია, როცა როლს ასრულებ, მეორეა, როცა რესპონდენტის ამპლუაში კონკრეტულ თემაზე საუბრობ და გადაცემის წამყვანის ამპლუა სრულიად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც აქამდე გამიკეთებია. ძალიან მომეწონა, ახალი გამოწვევაა და თან, საინტერესო. მიხარია, ენთუზიაზმით ვარ სავსე. ძალიან გვინდა, კარგი გადაცემები გამოგვივიდეს, საინტერესო,  მრავალფეროვანი და სახალისო. ყოველდღიურ რუტინულ პრობლემებს რომ მოგვწყვეტს. ეკრანზე საკუთარი თავის ყურება და ლაპარაკის მოსმენა ძალიან არ მიყვარს, მაღიზიანებს ჩემი თავი, მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით ჩემთვის ნამდვილი წამებაა. ამიტომ, პირველ გადაცემას მარტომ ვუყურე და მეორისთვის რაღაცები გამოვასწორე. თუ გამოცდილება არ გაქვს, ბევრ რამეს თეორიულად ვერ გათვლი, ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. ყველაზე კარგი ისაა, რომ არ მიწევს თამაში, ვიქნები ის, ვინც რეალურად ვარ და აუცილებლად ბევრს ვიშრომებ კარგი შედეგის მისაღებად.
– აქამდე ნიკა ლომიძესთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
– არა, ქასთინგზე გავიცანი. მეც ადვილად ვამყარებ ადამიანებთან კომუნიკაციას, მაგრამ ნიკა კიდევ ცალკე ფენომენია, რომელსაც შეუძლია, ორ წამში ისე დაგელაპარაკოს, როგორც დიდი ხნის ნაცნობს. გულწრფელი და უშუალოა. ამ პროფესიაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მის გვერდით იმედიანად ვარ. მეც ერთი სული მაქვს, ვინმეს რჩევა დავტყუო ჩემთვის აქამდე უცნობ საქმესთან დაკავშირებით, ვცდილობ, ყველაფერი შევისრუტო.
– თეატრიდან გამომდინარე და წინა პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“, შემდეგ, ალბათ, განსაკუთრებულ სითბოს გრძნობ.
– თეატრი მსახიობის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მან ყველაზე მეტი მომცა ცხოვრებაში. მაგრამ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შრომა მეტად დაფასდა. საერთოდ, ტელევიზიას მოაქვს ცნობადობა, ადამიანების სიყვარული და არ შეიძლება, ეს არ დააფასო. მსახიობები ხშირად ტელევიზიაში გამოჩენას ერიდებიან და მეც მათ შორის ვიყავი, უფრო მეტად სერიალების კუთხით ვიკავებდი თავს. მაგრამ დრო გადის, ტელევიზიაც იხვეწება და ვფიქრობ, რომ დღეს ამ კუთხით აქტიურობა მსახიობს ხელს აღარ უშლის. ადამიანები მიეჩვივნენ ერთი და იმავე ადამიანის სხვადასხვა ამპლუაში ხილვას და აუცილებელი აღარაა, მხოლოდ წამყვანი ან მხოლოდ მსახიობი იყო, უფრო – პირიქით. არასდროს შევუწუხებივარ იმ ფაქტს, რომ ქუჩაში მცნობენ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცუდად გამოვიყურები და დიდად არ მინდა, იმ მომენტში ფოტოს გადაღება (იცინის), მაგრამ როდესაც ადამიანი შენთან მოდის, სიმპათიას გამოხატავს და ფოტოს გადაღებას გთხოვს, არც კი ვიცი, უარი როგორ უნდა ვუთხრა. ამგვარ სითბოს რომ ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. საბოლოოდ ხომ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ხალხს მოეწონოს და მადლიერი ვარ ამ დამოკიდებულების გამო.
– ოჯახური ტრადიცია გააგრძელეთ. ახლა უკვე თქვენი ადგილი გაქვთ, მაგრამ პირველ პერიოდში, სანამ ანკა ვასაძე საკუთარ სათქმელს იტყოდა, რთული პასუხისმგებლობა არ იყო წინაპრების ჩრდილქვეშ ყოფნის მომენტი?
– მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ჩრდილქვეშ ყოფნას რაც შეეხება, გააჩნია ამ ამბავს როგორ შეხედავ. არიან ადამიანები, რომლებიც სულაც არ მიჰყვებიან წინაპრების გზას, მაგრამ მაინც ძალიან აღიზიანებთ, ცნობილი ადამიანების შთამომავლები რომ არიან და ცდილობენ, ამას გაექცნენ. მე არასდროს მქონია ეს მომენტი. დედა და მამა თუა ცნობილი, ალბათ, უფრო რთულია, დიდ ბებიას და ბაბუას როცა ეხება საქმე, შედარებით ადვილია (იცინის). „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“, თეატრშიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსი უკვე გადალახული მქონდა. ერთი-ორმა რეჟისორმა მითხრა, რატომ უსმენ მას, ვინც ამბობს, რომ რადგან ვასაძე ხარ, ამიტომ ხდება შენს თავს რაღაც, ამით ჩვენ გვაყენებ შეურაცხყოფას, ვინც არჩევანს შენზე ვაკეთებთო. მართლა სასაცილო იქნება, ჩემი დიდი ბაბუისა და ბებიის გამო, როლი მივიღო. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის გამო კეთილგანწყობას ნამდვილად ვიღებ, რაც ადამიანს ბევრ რამეში გეხმარება. მაგრამ კეთილგანწყობასთან ერთად არის დამკვირვებლური მზერაც: აბა, როგორია მათი შვილიშვილი? აბა, როგორ მოიქცევა – ეს უფრო რთულია. თითქოს უფრო მეტს გთხოვენ. მათი შვილიშვილობა ყოველთვის მეამაყებოდა, მაგრამ ეს ჩემს პიროვნებას არაფრით არ ამაღლებს და მე ეს კარგად ვიცი. ძალიან ბევრმა, ვინც იცოდა, რომ მსახიობი ვარ და ამ პროექტის გამარჯვებული, არ იცოდა, რომ აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის შვილიშვილი ვარ. სასიამოვნო იყო, რომ მეუბნებოდნენ, ანკა ვასაძე ხარ და არა მათი შვილიშვილიო, თუმცა არც ისაა პრობლემა, შვილიშვილად დავრჩე. რეალურად ასეა და ამაში საწყენი არაფერია.
– ანკას სახელს ბოლოს სულ გამარჯვებები უკავშირდება: თეატრში წარმატებები, ცეკვებში გამარჯვება, შემდეგ კიდევ რამდენიმე გადაცემაში...
– ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვებისთვის მებრძოლი ადამიანი ვარ. თამაში დიდად არ მხიბლავს, კარტის თამაშიც არ ვიცი და არც მაინტერესებს, მოვიგებ თუ წავაგებ. აზარტული არ ვარ, მაგრამ პროფესიულ ამბავს რომ ეხება საქმე და მოტივაცია მაქვს, ძალიან ვცდილობ. ალბათ, პერიოდიც კარგი დაემთხვა და დიდი შრომისმოყვარეობაც გამოვიჩინე.
– ვინც „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაგიცნოთ, ბევრისთვის, ალბათ, სიურპრიზი იყო, რომ არც თუ ისე პატარა შვილი გყავთ.
– უმაკიაჟოდ როცა ვარ, მაშინ ძალიან უკვირთ, ათი წლის შვილი რომ მყავს. საკმაოდ ადრე გავხდი დედა. 18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი და უკვე 19 წლისას მყავდა შვილი. ეს ყველაზე რთული პროფესიაა. დედობა და საერთოდ, ცხოვრება ჩემს შვილთან და ქმართან ერთად ვისწავლე. მარტოები ვცხოვრობდით, ასეა დღემდე და ეს კიდევ სხვა სიყვარულია, რასაც ვერაფერი შეცვლის.
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
– 11 წლიდან ვიცნობდი და მომწონდა, მაგრამ მაშინ ის დიდი იყო – უკვე 16-ის და ამიტომ არ მოვწონდი (იცინის). 17 წლის ვიყავი, როცა კიდევ შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. მგონია, რაც დრო გადის, უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთს და უკეთაც ვუგებთ. როგორც ყველა წყვილი, ჩვენც ვკამათობთ, მაგრამ სხვა ეტაპზე გადავედით. ცოტა გავიზარდეთ, ურთიერთობები უკეთ ვისწავლეთ. არ ვეთანხმები აზრს, რომ სიყვარული თავიდან არის მჩქეფარე და მერე ნელდება. ჩვენი ურთიერთობა დღეს უფრო ძლიერი და მყარია, ვიდრე ადრე.
– მისი საქმიანობა ბიზნესს უკავშირდება. კარგია თუ რთული, სხვა სფეროში რომ საქმიანობს?
– თავიდან რთულია, როცა არ ესმის, რა შრომის ფასად გიწევს ეს ყველაფერი, რადგან არ არის ამ საქმეში ჩახედული. მაგრამ დრო რომ გადის, უკეთ იცნობთ ერთმანეთს, ერთმანეთის საქმესაც მეტ პატივს სცემთ და ეს ძალიან ეხმარება ურთიერთობას. თუმცა, ადამიანებს გააჩნია, ბევრისთვის ისიც რთულია, ორივე რომ ერთ პროფესიაშია. თუმცა, მიხარია, რომ ჩემი მეუღლე უკვე კარგად ერკვევა ჩემს პროფესიაში, გასტროლზეც ხშირად მოდის ჩემთან ერთად და ძალიან მეგობრობს ჩემს თეატრის მეგობრებთან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეხმარება და მსიამოვნებს.
– არ ეჭვიანობს?
– მსახიობების ქმრებს კი არა, მსახიობების მსახიობ ქმრებსაც უჭირთ რაღაცებთან შეგუება და ვხვდები, რომ ეს აზიატებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ჩემს მეუღლესაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა, კითხვები აქვს და ეს ძალიან ნორმალურია, მეც მაქვს კითხვები მის საქმეებთან დაკავშირებით და ერთმანეთის საქმის კურსში ჩაყენება ჩვეულებრივი რუტინის ნაწილი მგონია. ქასთინგზე წასვლის წინ მეუღლეს რომ ვუთხრა, რა ტიპის გადაღებაა, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და არ ვიტყვი, რატომ უნდა ავუხსნა ეს ვინმეს-მეთქი. შეიძლება, რაღაც არ ესიამოვნა, ეს მომენტიც ყოფილა, მაგრამ ყველაფერს ვაბალანსებთ.

P.S. გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის ფოტოები.
скачать dle 11.3