კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ მოიპოვა თამარ მეფემ დიდი გავლენა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

თამარ მეფის სახელს უამრავი ლეგენდა უკავშირდება. იყო თუ არა ის ამორძალი და ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი გავლენის მქონე, ამაზე მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე გვესაუბრება.
ბექა ჭიჭინაძე: ლეგენდების უძველესი ციკლი, მებრძოლი ქალების – ამორძალების შესახებ, კავკასიას უკავშირდება. მათი ხსოვნა შუა საუკუნეებშიც იყო შემონახული, ამიტომაც თამარის მეფობამ საქართველოში ამ ლეგენდის სხვადასხვა ვარიანტების რეანიმირებას შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ, წმიდა მიწის პილიგრიმები საქართველოს, სხვათა შორის, „დედაკაცთა მიწასაც“ ეძახდნენ. მეცამეტე საუკუნის ათიან წლებში ეპისკოპოსი იაკობ ვიტრელი საგანგებოდ აღნიშნავდა ქართველ ქალთა და ამორძალთა მსგავსებას, ხოლო კარდინალი ოლივერ პადერბონელი წერს, რომ კეთილშობილი ქართველი ქალები ბრძოლებისთვის იწვრთნებოდნენ, რაც პირდაპირ იმეორებს ცნობილ ლეგენდას ამორძალებზე, რომლებიც აგრეთვე, ინტენსიურ საბრძოლო წვრთნებს იღებდნენ. დომინიკანელი ბერი თომას კანტიმპრელი კი მეცამეტე საუკუნეში ამტკიცებდა, რომ ამორძალები ქრისტიანები იყვნენ და საქრისტიანოს სარკინოზებისგან იცავდნენ. ზოგიერთისათვის ისიც იყო ცნობილი, რომ ამორძალთა სახელმწიფო ჩვეულებრივი ქვეყანა იყო, უბრალოდ, ქალებს აქ განსაკუთრებული პოლიტიკური უფლებები ჰქონდათ, მაგალითად, იოანე ჰესეს „ინტერარიუსის“ თანახმად, ქრისტიანი ამორძალები ჩვეულებრივ იწერდნენ ჯვარს მამაკაცებზე და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვებს. და ბოლოს, ყველა ამ წანამძღვრის შემდეგ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის წყაროები გვაწვდიან პირდაპირ ცნობასაც, სადაც ქართველთა ქვეყანა პირდაპირაა გამოცხადებული ამორძალთა მიწად, ეს შესანიშნავი ცნობა წმიდა გრიგოლ ფერაძეს აქვს გამოქვეყნებული.
  ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებშიც საქართველოს მეფის უმთავრეს მისიად დარიალის კარიბჭის დარაჯობა იყო მიჩნეული, რაც კარგად აისახა ანსელმის ეპისტოლეში, აგრეთვე, ლეგენდაში დარიალის კარიბჭის მცველ პრესვიტერ იოანეს შესახებ. მანდევილის თანახმად, გოგისა და მაგოგის ჩამკეტ კარიბჭეს, ანუ დარიალს, რომელსაც პრესვიტერ იოანეს ლეგენდის მიხედვით პრესვიტერი ყარაულობდა, იცავს ამორძალთა დედოფალი, რომელიც ამ მთასთან ცხოვრობს და რომელსაც ეს ტომები ხარკს უხდიან. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ამორძალთა ქვეყნად ამ ხანებში საქართველო მიიჩნეოდა, შესაბამისად, ეს დედოფალი სხვა არავინ უნდა იყოს, თუ არა თამარი, შესაძლოა, რუსუდანიც, მით უმეტეს, რომ მანდევილი მის ფუნქციად სწორედ საქართველოს მეფეთა ისტორიულ მისიას – დარიალის კარიბჭესთან მაგოგის დარაჯობას წარმოგვიდგენს. ამდენად, როგორც ანსელმის ეპისტოლესა და ლეგენდებში პრესვიტერ იოანეს შესახებ იქნა ასახული ქართველთა მეფეების ისტორიული მისია დარიალის დარაჯობისა, ასე ხდება მანდევილთან დაცულ ლეგენდაშიც, თუ ანსელმი ამ კარიბჭის მცველებად დემეტრეს, იქამდე კი დავითს ასახელებს, მანდევილთან მათ ადგილას თამარი და რუსუდანი უნდა ვიგულისხმოთ, რომლის მოხარკენიც, მანდევილის ლეგენდის თანახმად, გოგისა და მაგოგის ჩრდილო კავკასიელი ტომები არიან. შეიძლება, ვთქვათ, რომ ევროპელებს ლეგენდები არა მხოლოდ დავით აღმაშენებელზე, არამედ თამარზეც შეუთხზავთ, რომელიც მათი წარმოდგენით, კავკასიის კარიბჭის მცველი იყო, ლეგენდარულ და მხატვრულ აღქმაში თამარის უპირველესი ატრიბუტი მართლაც საყოველთაოდ განთქმული კავკასიის კარიბჭე შეიძლება ყოფილიყო. ზემოხსენებული დომინიკანელის, ფრა თომასის შრომაში, Liber de Natura, რომელიც 1237 წლის მახლობელ ხანებში დაიწერა, ვკითხულობთ: „აღდგა ყველაზე მამაცი მოდგმა ქალებისა (რომელთაც უხმობენ ქრისტიანეთა სახელით), სარკინოზთა წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლებით, და ნამდვილად არ იყო ეს დიდი ხნის წინ, როცა დედოფალი ამორძალებისა აღმოსავლეთის რეგიონიდან მოდიოდა მსახურებისათვის (იერუსალიმში – ბექა ჭიჭინაძე), გამოაცხადა საკუთარი თავი ტამპლიერად და უფლის საფლაველად“. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გრიგოლ ფერაძის მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რომ 1187 წლისათვის იერუსალიმში ჩასული ქართველი პილიგრიმები მიიჩნეოდნენ ამორძალთა ქვეყნიდან მოსულებად – საქართველო ამორძალთა მიწასთანაა გაიგივებული: მანდევილი კი ამორძალთა დედოფლის, ანუ რეალურად ქართველთა მეფის მისიად დარიალის დარაჯობას წარმოგვიდგენს, რაც მართლაც საქართველოს მეფის ისტორიულ მისიას წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენ წინაშეა სხვადასხვა წარმოშობის წყაროების თანხვედრა მასზედ, რომ ამორძალთა დედოფალი სწორედ ქართველთა დედოფალია, ამიტომაც სრული უფლება გვაქვს, დავასკვნათ, რომ თომას კანტიმპრესის ქრისტიანი ამორძალთა დედოფალიც, რომელსაც იერუსალემში ჩასვლა სურდა და რომელიც სარკინოზების წინააღმდეგ ამხედრდა, სწორედ ქართველთა, ესე იგი აფხაზთა დედოფალი, ანუ თამარია. ფრანგი რაინდის – დე ბუას ფართოდ ცნობილი წერილი გვაწვდის დამატებით მტკიცებულებებს აღნიშნული იგივეობის სასარგებლოდ, აქ თამარზე ნათქვამია, რომ უძლიერესმა თამარმა მის სიცოცხლეში „აღთქმა დადო იერუსალიმში წასვლისა, შვილს სთხოვა, თუ გარდაიცვლებოდა, მისი ნეშტი უფლის საფლავთან წაესვენებინა. ცხადია, რომ ფრა თომასის ეს ქრისტიანი ამორძალი დედოფალი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იერუსალიმში მოდიოდა და რომელიც მანდევილის ლეგენდის თანახმად, დარიალის
კარიბჭეს იცავს, დე ბუას „უძლიერესი დედოფალი თამარია“, რომელიც აგრეთვე, იერუსალიმს წასვლის აღთქმას დებს. ყურადღებამისაქცევია ფრა თომასის განაცხადი, რომ ამორძალები, იგივე აფხაზთა სამეფო (საქართველო) და მაშასადამე, მათი ქრისტიანი დედოფალი, დაუპირისპირდა სარკინოზებს, ვფიქრობ, ეს ცნობა პირდაპირ ეხმიანება ქართულ ისტორიოგრაფიაში, აგრეთვე, უცნობ ალბერიკის ერთ ცნობას აღმოსავლური მოხსენების შესახებ (მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის), რომელიც კამპანიის კურიაში იქნა წაკითხული: „აფხაზთა დედოფლის ომის შესახებ თურქების (სარკინოზების – ბექა ჭიჭინაძე) წინააღმდეგ“.
  გამორჩეულად ყურადსაღები ფრა თომასის ცნობაში ისაა, რომ თამარმა თავი „ტამპლიერად და უფლის საფლაველად გამოაცხადა“, ტამპლიერთა უპირველესი მოვალეობა წმიდა მიწის მომლოცველთა უსაფრთხოების დაცვა იყო. თამარის ისტორიკოსი განსაცვიფრებელ ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა თავგადადებით ზრუნავდა თამარი ზოგადად იერუსალიმელი ქრისტიანებისთვის და არა მხოლოდ იქ არსებული ქართული სამონასტრო კოლონიებისთვის. თამარი თავგამოდებული მოსარჩლე იყო იერუსალიმელი ქრისტიანებისთვის, ამიტომაც კარგად გასაგებია, რომ ეს იდუმალი დედოფალი ჯვაროსნულ წრეებში ტამპლიერად და უფლის საფლაველად იქნა აღქმული, რომელიც იერუსალიმელ ქრისტიანთა მფარველობის აზრით, მართლაც, უპირველესი ტამპლიერი იყო. რაც შეეხება მის „უფლის საფლაველობას“, მასთან დაკავშირებით უნდა ვითვალისწინებდეთ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის შესანიშნავ ცნობას: „ივერიის ყველაზე ღვთისმოსავი მეფეები იყვნენ მფარველნი და ქტიტორნი სიცოცხლის მომნიჭებელი საფლავისა (ქრისტეს საფლავისა) და სხვა თაყვანსაცემი ადგილებისა… რადგან ბერძნებისა და ფრანკების არაბებთან და ეგვიპტის სულთანთან ბრძოლის დროს მონასტრები გაპარტახდა და მიუახლოვდა აღსასრულს. ივერიის მეფეები კი მხარში ამოუდგნენ მათ. მართლაც, 1192 წელს თამარმა მოახერხა ქართველი ბერების ქრისტეს საფლავის ტაძარში დამკვიდრება, ამასთანავე მოიპოვა უფლება დაზიანებული ტაძრების აღდგენისა,  მაგრამ ამ მოვლენებს უფრო ღრმა საფუძვლები ჰქონდა. საქმე ისაა, რომ თამარს სურდა „გამოეყენებინა ჯვაროსანთა დაცემა და ბიზანტიის იმპერიის დაუძლურება, რათა საქართველო წმიდა მიწის ახალ ძლევამოსილ მცველად ექცია, ამიტომ, სირიული და სომხური წყაროებისაგან განსხვავებით, ქართულ ქრონიკებში არ მოიძებნება ჩივილი იერუსალიმის ლათინური სამეფოს დაცემასა და წმიდა ქალაქის დაკარგვასთან დაკავშირებით“. ფრა თომასის ცნობა ამ სინამდვილეს ზედმიწევნით ასახავს, როდესაც ის საუბრობს თამარის მისწრაფების შესახებ ტამპლიერობისა და ქრისტეს საფლავის მცველობისაკენ.
  მართლაც, ბიზანტია საგრძნობლად დასუსტებული იყო. ეგეც რომ არა, მისმა ხარბმა იმპერატორმა თამარისაგან უხვად დასაჩუქრებული ქრისტიანი ხუცესები გაძარცვა, რამაც კარგად აჩვენა, რომ ის საქრისტიანოს მფარველად ვერასგზით ვერ ჩაითვლებოდა, სამაგიეროდ, თამარმა სასტიკად დასაჯა იმპერატორი, ბიზანტიის იმპერიას ჩამოაჭრა უზარმაზარი მიწები და ტრაპიზონის იმპერია დააფუძნა, მნიშვნელოვანია, რომ ტრაპიზონის იმპერიის შექმნისას მისი ლაშქარი კონსტანტინეპოლს ბევრით არ ყოფილა დაცილებული. გაძარცვულ ხუცესებს კი მან ხელახლა კიდევ უფრო მეტი შეწირულობა გაუგზავნა, რაც საერთაშორისო მასშტაბით ახდენდა იმის მძლავრ დემონსტრაციას, რომ საქრისტიანოს უზენაესი მფარველი მხოლოდ საქართველოს მეფეა, რომლის წარმატებებიც არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ მთელი საქრისტიანოს გამარჯვებაა, როგორც სომეხი ისტორიკოსი ვარდანი გადმოგვცემს: „თამარის მეფობის ჟამს ქრისტიანები გაძლიერდნენ“. მაგრამ თამარის მეფობისას ქრისტიანები არათუ გაძლიერდნენ, არამედ დაემხნენ – წმიდა მიწის ჯვაროსნული გაერთიანებები არსებობას წყვეტენ, ამ ცნობაში, ცხადია, ლაპარაკია ქრისტიანთა გაძლიერების შესახებ ახალი ძალის – საქართველოს გარშემო, რადგანაც „უმთავრესად, სწორედ, ქართველები იყვნენ მხარდამჭერები ადგილობრივი, მელქიტი ქრისტიანებისა მანუელ კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ... საქართველომ დაიჭირა ბიზანტიის ადგილი ქალკედონიტი ქრისტიანების მფარველობაში თამარის მეფობიდან მონღოლთა შემოსევამდე და ოქროს ხანის აღსასრულამდე“. ყველაფერ ამის მერე კარგად გასაგები ხდება თამარის ტიტული – „ყოველთა ქრისტიანეთა მპყრობელი“, ანუ სრულიად საქრისტიანოს მფლობელი, ამის ფონზე გასაგები ხდება ლათინი ავტორების ის ცნობაც, რომ სასტიკად აღშფოთებული ქართველები ემუქრებოდნენ ორადინუსს, რომელმაც იერუსალიმის კედელი მათ უკითხავად მოარღვია. მაგრამ ასეთი განწყობები საქართველოში უწანამძღვროდ არ გაჩენილა, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში აღმავალ ქართულ სახელმწიფოებში უკვე ჩნდება იერუსალიმთან, მაშასადამე, საქრისტიანოს მედროშეობასთან დაკავშირებული პრეტენზიები. ჯუანშერის ნახევრად ლეგენდარულ თხზულებაში, რომელიც კარგად გადმოგვცემს აღნიშნული ხანის განწყობებს, კათალიკოსი პეტრე აცხადებს, რომ ქართველთა მეფის მსხვერპლზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ქართლი, არამედ იერუსალიმიც.
  რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული ლეგენდა საქართველოს დედოფალ დინარაზე\თამარზე, რომელიც სასტიკად ამარცხებდა ქრისტიანთა მტრებს,  ლეგენდები თამარის შესახებ დიდ იდეოლოგიურ როლს ასრულებდა რუსული სამყაროს ფორმირებაში. მე-15-16 საუკუნეებში თამარი ძლევამოსილი ქრისტიანი თვითმპყრობელი იყო განსახილველი ხანის რუსეთის პოლიტიკური იდეალი, იწერებოდა მისი ხატები, მისი ცხოვრების ამსახველი ფრესკებით იმკობოდა დარბაზები, გულგატეხილ რუს მხედრებსაც კი ივანე მრისხანე სწორედ ქართველთა დედოფლის მაგალითით აგულიანებდა.
 გადმოცემები თამარის შესახებ გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე და ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქრისტიანულ სამყაროში. ერთი მხრივ, ამორძალთა დედოფლის, მეორე მხრივ კი, დინარ დედოფლის შესახებ არსებული გადმოცემები, გვახსენებს „ქართლის ცხოვრების“, ერთი შეხედვით, გაზვიადებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც თამარის დიდება მთელ მსოფლიომდე აღწევდა. მაგრამ არ შეიძლება, ქალი ქრისტიანი ხელმწიფის ეს გაუგონარი ძლევამოსილება ყველგან ერთნაირად აღქმულიყო, თამართან განცდილი სასტიკი დამარცხებები, უამისოდაც ქალის მმართველობა მუსლიმებისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო.

скачать dle 11.3