№41 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

ილია ბალარჯიშვილი – ჯიბის ქურდი, ყავარჯნებითა და შეხვეული ფეხით კონკაში დადიოდა. ის დაეხეტებოდა 1897 წლის 5 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე, თავადაზნაურობის თეატრის წინ, სადაც დიდი თავშეყრა იყო, რაკი ტფილისში პირველად ლუმიერის სინემატოგრაფის სეანსი გაიმართა და აჩვენეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ფელიქს ფორი, ცარსკოე სელოში რუსულ დელეგაციას როგორ ხვდებოდა. ბალარჯიშვილი სინემატოგრაფიდან გამომავალ ხალხს ეჯახებოდა და ოქროს საათსა და მისთანებს აცლიდა. ის შემდეგ ნიკოლოზის ხიდზე დაიჭირეს ნინა ბასოვასთვის 18 მანეთის მოპარვისთვის. სინემატოგრაფი და პროჟექტორი კი მერე და მერე სულ უფრო მეტი ჩნდება ტფილისში: მერსიეს სინემატოგრაფი, მატიეს აპარატი „კრუჟოკში“, მუშტაიდის ბაღში – „ლესნოი დომიკი“, ქართველი თავადაზნაურობის სახლში – ისააკ მირზა ავაქოვის პროჟექტორი, ივანიცკაიას სინემატოგრაფი – „რუსულ კლუბში“, მერე კი „აპოლო“ და „მულენ ელექტრიკიც“ გაიხსნა.
არჩილა ბარათაშვილი – იმერელი. ტფილისში მოეწყო 80-იან წლებში ლაქიად მიხაილ ბაბანოსოვის სახლში. დიდხანს იქ არ გაჩერებულა, მალევე მოჰპარა მას ათი ათასის ოქროული და ბრილიანტები და მიიმალა. თავშესაფარი მან თავის ნაცნობ მაქსიმე კვანტრიშვილთან მონახა, ასევე, ლაქიად რომ იდგა საბოტანიკო ბაღში, თუმცა იმან მალევე უთანხმოების გამო რევოლვერით დაჭრა ბუფეტის პატრონი დოლმაზოვი და იქაურობას გაეცალნენ. ბარათაშვილმა ამის შემდეგ მძარცველების ბრბო შეკრა, უმეტესად იმერლებისა და ნაქურდი მატარებლით იმერეთში გაჰქონდათ ყველაფერი, რაც ფასეული მოხვდებოდაა – ავეჯი, ჭურჭელი, ქანდაკებები, ვენერები. ამათი დამქაში კონდუქტორები მალავდნენ ამას ვაგონის სამალავებში და ასე მიჰქონდათ ლიხს იქით. ძირითადად, იცლებოდა ქუთაისში და იქიდან ნაწილდებოდა ქუთაისელი ებრაელების მიერ. ბარათაშვილმა სცადა, ისე დაეყენებია საქმე, რომ ტფილისში ჩამოსულ იმერლებს მის ბრბოში ამოეყოთ თავი. შემდეგ მას, როგორც მზარეულს ან ლაქიას, ასე აგზავნიდნენ სახლებში და ყალბი სარეკომენდაციო წერილებიც იწერებოდა. ისინი იქ კარებისა და განჯინების გასაღებებს არჩევდნენ, საკეტებს არგებდნენ, რაიმე მიზეზით თავს აგდებიებდნენ და შემდეგ იქაურობა იძარცვებოდა. 1887 წელს ბარათაშვილი შვიდ სხვა ყაჩაღთან ერთად მიხეილის ქუჩაზე საათის მაღაზიის პატრონ კარლ ჰაინეს სათავსოს გასაძარცვად ჩასაფრდა, ოღონდ პრუსიის ქვეშევრდომმა გაიგონა ღამის ხმები და რევოლვერიც გაისროლა. ტყვია ბარათაშვილს მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. სროლაზე მძარცველებს პოლიციელები გამოედევნენ, ამათ კი აიტაცეს დაჭრილი, მალაკნების სლაბოდისაკენ გაიქცნენ და პოლიციას არც სროლაში ჩამორჩნენ. სლაბოკაში რომ შეიმალნენ, ბარათაშვილი უკვე მკვდარი იყო. მას უპირებდნენ იმერეთში გაგზავნას, რომელიმე მოპარულ სკივრში ჩადებულსა და ვაგონის სამალავში მოთავსებულს. თუმცა, რაკი სიცხე იყო, მკვდრის აყროლებისა შეეშინდათ და ამ საქმეზე ხელი აიღეს.
კალენიკე ბაღათური და სიმონ მათიაშვილი – იპარავდნენ ნივთებს ავეჯის საწყობიდან მადათოვის კუნძულზე. სანაპიროს ქუჩაზე მათ გერშ რახმანის თამბაქოს მაღაზიიდან 150 მანეთის თამბაქო მოიპარეს, შიგ დარაბის შემტვრევით შეაღწიეს, როგორც აჩვენა ნოქარმა პეისახ ხესენმა. ისინი იყვნენ პავლე ჟორჟიას რესტორანში, სალდათის ბაზარზე, როცა 1905 წლის 22 დეკემბერს იქიდან ტერორისტებმა ბომბი ისროლეს და გამოჩენილ ჯარისკაცებს სროლა აუტეხეს. სროლაში მეორე მხარეც აჰყვა და ამას შუა ორი ზარბაზანიც მოაგორეს იარმუკაში და ზალპი მისცეს შენობას, რომელიც ნერსესოვის სემინარიას ეკუთვნოდა და ქვედა სართულები ტანისამოსის დუქნებს, სამიკიტნოებს, ღვინის სარდაფებსა და მისთანებს ეკავათ. ვეებერთელა შენობა იყო, ოთხ ქუჩაზე გადიოდა, ზედა სართულზე იყო მებილირებული ოთახები „ქუთაისი“ და ხელაძის ტიპოგრაფიაც. ზარბაზნის სროლამ გააჩინა ხანძარი, შენობა მთლიანად დაიწყვა. ამ სროლაში მოკლეს კალენიკე ბაღათურიც.
მიხაილ ბეგიჯანოვი – ამბობენ, რომ ქურდობა და ძარცვა სიყვარულის გამო დაიწყო. ქალი ყვარებოდა და მისთვის ნაირგვარობებს ყიდულობდა. საჩუქრებს უგზავნიდა, კალათით – ყვავილებს. ევროპული ტანსაცმლის მაღაზია 60-იანი წლების ტფილისში ცოტა არ იყო ფაროს, რუსელის, დეზილმის, გერვიეს და თუნდაც ქალბატონი ტოლეს ფრანგული მაღაზია შიგ ნაირგვარი ჩალის ქუდებითა და აბრეშუმით, სუნამოებით, პომადებითა და ჩულქებით. ჰერმან ჰანზენის, მორიცის გერმანული და იოჰან ცახერლეს და კრისტიან რეინის ევროპული მაღაზიებიც იყო, შიგ ქოლგებით, ქალთა ხელთათმანებითა და ნაირგვარობებით, პრუსიელი რეკაჩის შუშის მარგალიტებისა და მაქმანების მაღაზია, კოვარის მაღაზია, ჰოლანდიური და უნგრული ნივთებით. ამას გარდა მკერავები კრუბელბერგი და იულია პოლიაკოვა, და ზედ კიდევ პარიკმახერ-კუაფერები პიერი და ემილ პერონი სამოციან წელს მოსავდნენ, ალამაზებდნენ და იერს აძლევდნენ და იქ ყველგან ჰქონდა ბეგიჯანოვს ანგარიში გახსნილი, იქიდან წამოღებულ კაბასა და შლიაპას არაერთს დაითვლიდა. ამ ფუფუნებაში დანაშაულით იხდიდა და სახლებში შევარდნასა და ავაზაკობაში არაერთხელ გაერია. 1873 წელს დაიჭირეს, დანაშაულიც დაუთვალეს, ცოტა არ გამოდიოდა. როცა ბადრაგს ის ციხეში გადაჰყავდა, ამ დროს გზად მას მისი დამქაშები დაესხნენ, მისი გამოხსნა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)