№41 მოახლე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
– ნახვამდის, დიანა. ხვალ დილით გელოდებით, – უთხრა ოცდახუთიოდე წლის გოგონას ქალმა, რომელსაც ასაკი არ ეტყობოდა. თანაც, თინეიჯერივით იყო გამოწყობილი და „შმოტკები“ მის ორმოც წელს ათს მაინც აკლებდა.
– ხვალამდე, ქალბატონო ეთო. ნახვამდის! – დიანამ ქალს გაუღიმა, შემდეგ კარგად მოვლილ, ძველ „ჯიპში“ ჩაჯდა და ვაკის ელიტურ, კერძო დასახლებისკენ წავიდა.
დიანამ ორი ეშმაკური მანევრი გააკეთა, შემდეგ მანქანა საბურთალოზე, ერთ-ერთ ახლადაშენებულ კორპუსთან გააჩერა და მეხუთე სართულზე ავიდა. ბინაში მას ორმოცდახუთიოდე წლის კაცი დახვდა. მიესალმა და სავარძელში მოკალათდა.
– აბა, დიკო, მომახსენე ყველაფერი, – უთხრა მამაკაცმა ახალმოსულს.
– ხვალ დილიდან უნდა შევუდგე მუშაობას. კვირაში ხუთი დღე მათთან უნდა ვიყო და მხოლოდ შაბათ-კვირას ვარ თავისუფალი. ყოველ სამუშაო დღეში ას ლარს გადამიხდიან. ხოლო თუ უქმეებზე მომიწია იქ ყოფნა, მაშინ ტარიფი სამმაგდება. თავად ვახო ლაბაძე სახლში არ იყო, მისი ცოლი, ეთო კი, ეტყობა, კარგი ადამიანია. თოთხმეტი თვის ტყუპები ძალიან ლამაზი ბიჭები არიან. მათ ოთახში უნდა დავიძინო და პედიატრის მიერ დანიშნული განრიგი წამობრივად შევასრულო. ჩემ გარდა, მათ ერთი ახალგაზრდა, იტალიელი მზარეული ჰყავთ – ჩიჩო, რომელიც მათთან ცხოვრობს და ქართულად კარგად ლაპარაკობს. ასევე, დაცვის სამი თანამშრომელი – კობა, კაკო და გიზო. მთელი სახლი, ეზო და გარე პერიმეტრი მაღალი ხარისხის ვიდეოკამერებითაა აღჭურვილი. აი, სულ ესაა, ბატონო რეზო, – თქვა დიანამ და იქვე დაამატა, – ჰო, კიდევ, იმ სახლში ცხოვრობს ვახო ლაბაძის ვაჟი, კოტე ლაბაძე და მისი ცოლი მარიკა.
– გასაგებია. ვახოს მიუდგომელ ციხესიმაგრედ გადაუქცევია თავისი სახლი და იქ შეუმჩნევლად ზედმეტ მოძრაობასაც ვერ გააკეთებ. მას იქ „ჟუკების“ სისტემაც ექნება დამონტაჟებული და ლაპარაკიც საშიშია. ამიტომ, რომ არ გავიშიფროთ, ექსტრემალური კავშირი გვექნება მიმოწერის საშუალებით. ხოლო პირადი შეხვედრები და ჩემთვის ანგარიშის ჩაბარება ყოველ შაბათს ან კვირას მოგიწევს აქ, – თქვა რეზომ და გააბოლა. შემდგომ ჩაფიქრდა და დააყოლა, – დიკო, იცოდე, ძალიან „ტონკად“ უნდა იმუშავო, რომ არ „დაიწვა“. მოსასმენი მოწყობილობა და „ნაუშნიკები“ საიმედოდ შენიღბე.
– დიახ. ყველაფერი საიმედოდ მაქვს შენიღბული, – მიუგო დიანამ რეზოს.
– შეეცადე, დიკო, ძალიან შეეცადე. ხომ იცი, რომ შენი ლაშიკოს ბედი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და „იაღლიში“ არ მოგივიდეს, – უთხრა რეზომ გოგონას.
დიანას ლაშიკოს ხსენებაზე სისხლი აუვარდა თავში, მაგრამ თავი მოთოკა და მიუგო:
– დიახ. ვიცი, ბატონო რეზო. ყველაფერს კარგად შევასრულებ. ახლა კი წავედი. ნახვამდის!
დიანა ბინიდან გავიდა და კიბეებზე დაეშვა.
***
ბინა, სადაც დიანა მამაკაცს შეხვდა, უშიშროებას ეკუთვნოდა და კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყო განკუთვნილი. მამაკაცი უშიშროების პოლკოვნიკი რეზო ხვიჩია იყო. ის სპეცოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 25 წლის დიანა მესხი ხვიჩიას ხელქვეითი იყო და ჩანერგვის სამსახურში სულ რაღაც ოთხი თვის წინ დაიწყო მუშაობა. ხვიჩიასვე ხელქვეითი იყო დიანას ტყუპისცალი ძმა ლაშა მესხი. ლაშა უკვე სამი წელი მუშაობდა უშიშროებაში და არაერთ ოპერაციაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. თუმცა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ლაშა მესხი ძიებაში იმყოფებოდა და უშიშროების ციხეში იჯდა. მაგრამ ამ ფაქტს უწყება, რატომღაც, არ ახმაურებდა და ვერც ჟურნალისტებმა „იყნოსეს“ რაიმე. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს ლაშა მესხმა და მისმა მეწყვილემ, გურამ ლოლაძემ მსხვილი ნარკომოვაჭრისგან ათი კილოგრამი სუფთა, მაღალი ხარისხის ჰეროინი ამოიღეს, „ბარიგა“ გაკოჭეს და უშიშროებაში მიჰყავდათ. მაგრამ ლაშასა და გურამს თავს დაესხნენ, „ბარიგა“ მოკლეს. გურამი კი მძიმედ დაიჭრა და კომაში იმყოფებოდა. დაიჭრა ლაშაც, თუმცა ძალიან მსუბუქად. ათი კილოგრამი სუფთა ჰეროინი კი უკვალოდ გაქრა. ეს თავდასხმა ღამით განხორციელდა. ლაშა მანქანიდან გადახტა და უცნობ თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა. საბოლოო ჯამში, ლაშას არ დაუჯერეს, რომ ის ამ საქმეში არ იყო გარეული და ჰეროინის გადამალვასა და „ბარიგის“, როგორც მოწმის, ლიკვიდაციას აბრალებდნენ. კომაში მყოფ გურამ ლოლაძეზე კი ეუბნებოდნენ, რომ ლაშას თავისი მეწყვილის ლიკვიდაციაც უნდოდა, მაგრამ მხოლოდ მძიმედ დაჭრა და ვერ მოკლა. ლაშა ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ გურამი დაადასტურებდა მის უდანაშაულობას. ამიტომ, ყველა გურამ ლოლაძის კომიდან გამოსვლას ელოდა, ლაშა კი – ციხეში იყო გამომწყვდეული და ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდა...
ლაშა და დიანა მესხები ადრე დაობლდნენ და მათ ბებია ზრდიდა. ტყუპებმა რომ სკოლა დაამთავრეს, ბებია მაშინ გარდაეცვალათ და სრულიად მარტონი დარჩნენ. თუმცა, ორივემ უმაღლესში ჩააბარა. და-ძმა იურიდიულზე მოეწყო. ლაშამ უშიშროებაში დაიწყო მუშაობა. ის ჯერ სტაჟიორად მიიღეს, შემდეგ კი შტატიან თანამშრომლად. დიანამ არ იცოდა, კონკრეტულად რას საქმიანობდა მისი ტყუპისცალი. გოგონას ეგონა, რომ ლაშა მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა და „ქაღალდებთან“ ჰქონდა საქმე. ბიჭი კი ურთულეს სპეცდავალებებს ასრულებდა და უფროსებსა და კოლეგებში პატივისცემით სარგებლობდა. თავად დიანა უმაღლესის დამთავრების შემდეგ იურისტ-კონსულტანტად მსახურობდა ერთ-ერთ კერძო ფირმაში და კარგი ჯამაგირი ჰქონდა. ლაშა რომ დააპატიმრეს, დიანას რეზო ხვიჩია ესტუმრა სახლში. თავი იურიდიული განყოფილების თანამშრომლად გააცნო და უთხრა:
– ძალიან სერიოზული საქმე გამოჩნდა და თქვენი ლაშიკო ისე მოულოდნელად გავგზავნეთ მივლინებაში საზღვარგარეთ, რომ მან ვერც კი დაგირეკათ და მე ამიტომ გეახელითო.
დიანა ამ სიტყვებმა დააეჭვა, მაგრამ ხვიჩიას თავი მოაჩვენა, რომ ყველაფერი დაიჯერა და არაფერი უკითხავს. მეორე დღეს ხვიჩია და უშიშროების ოთხი თანამშრომელი ისევ ესტუმრნენ დიანას და პოლკოვნიკმა გოგონას უთხრა, რომ ლაშა დაპატიმრებული იყო და ძიებაში იმყოფებოდა. უშიშროების თანამშრომლებმა მესხების ბინა გაჩხრიკეს. ლაშას ნოუთბუქი წაიღეს და წავიდნენ. ლაშას დაპატიმრებიდან ერთი კვირის თავზე კი ხვიჩია კვლავ ესტუმრა დიანას და უთხრა:
– თქვენს ძმას ძალიან მძიმე დანაშაული უმტკიცდება და მას ასპროცენტიანი უვადო პატიმრობა ემუქრება. როგორც კი გურამ ლოლაძე გამოვა კომიდან და მას დავკითხავთ, ის სიმართლეს იტყვის და ლაშა განწირულია. თუმცა, არსებობს შედარებით იოლი გამოსავალი და თუკი ჩვენთან თანამშრომლობაზე დათანხმდებით, ისე მოვაწყობთ, რომ ლაშას მხოლოდ 20 წელი მისცენ. შემდგომ კი ამნისტია შეეხება, პატიმრობას შეუმცირებენ და გარწმუნებთ, სულ რაღაც ხუთ წელიწადში დაბრუნდება. შეიძლება, უფრო მალეც კი.
– რას მოითხოვთ ჩემგან. რა უნდა გავაკეთო? – იკითხა დიანამ.
– თქვენი ძმის ადგილი უნდა დაიკავოთ განყოფილებაში. ლაშა ჩანერგვის სამსახურში მუშაობდა და არა ერთი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. აი, ბოლოს კი, როგორც ჩანს, ცდუნებამ სძლია, – მიუგო ხვიჩიამ.
– ჰო, მაგრამ მე ამ საქმის რომ არაფერი გამეგება? – მხრები აიჩეჩა დიანამ.
– ეგ არაფერია. სპეციალურად მოგამზადებთ, – გაუღიმა პოლკოვნიკმა გოგონას.
– თანახმა ვარ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ლაშიკოსთან შემახვედრებთ, – მტკიცედ თქვა დიანამ.
– შეგახვედრებთ. მაგრამ მხოლოდ ათი წუთით. თანაც, იმ პირობით, რომ მას ჩვენს პირობაზე არაფერს აუწყებთ და, საერთოდ, ზედმეტს არაფერს ეტყვით, – თქვა ხვიჩიამ.
– მასე იყოს. თანახმა ვარ, – თქვა დიანამ.
ხვიჩიამ დიანა თან წაიყვანა და უშიშროების იზოლატორში ძმას შეახვედრა. ლაშამ დას უთხრა, რომ უდანაშაულო იყო და იმედი ჰქონდა, სულ მალე გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან.
– არ ინერვიულო, დაიკო. ყველაფერი კარგად იქნება და მალე დაგიბრუნდები, – უთხრა ლაშამ დიანას გამომშვიდობებისას. დიანამ კი მიუგო:
– თავს გაუფრთხილდი, ლაშიკო. ჩემზე არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნებაო.
უკვე შემდგომი დღიდან დაიწყეს დიანა მესხის სპეცმომზადება უშიშროების ერთ-ერთ დახურულ ბაზაზე. გოგონას კონსპირაციისა და საიდუმლო კავშირის ხერხები შეასწავლეს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენება. ცივი იარაღის ხმარება და ხელჩართული ბრძოლაც. დიანა ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა და ყველაფერს სანიმუშოდ ითვისებდა. ექვსი თვის შემდეგ კი ინსტრუქტორებმა რეზო ხვიჩიას აგენტის მზადყოფნა უპატაკეს და პოლკოვნიკმა გოგონა კაბინეტში იხმო და უთხრა:
– როგორც მაცნობეს, უკვე მზად ხარ და აქ იმიტომ მოგიწვიე, რომ ოპერაციის შესახებ გიამბო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღო. აბა, როგორ განწყობაზე ხარ, დიკო, მზად ხარ საქმისთვის?
– დიახ. მზად ვარ, ბატონო რეზო, – მიუგო დიანამ.
– ხომ იცი, რომ ლაშიკოს ბედი შენზეა დამოკიდებული, – თქვა ხვიჩიამ.
დიანამ თავი დაუქნია პოლკოვნიკს და უთხრა:
– დიახ. ვიცი, გისმენთ, ბატონო რეზო. ბრძანეთ.
– კეთილი და პატიოსანი, – გაიღიმა პოლკოვნიკმა და დაამატა, – ვახო ლაბაძე ვინაა, ალბათ, იცი, ხომ?
– ფინანსთა მინისტრის მოადგილეზე მეკითხებით? – კითხვა შეუბრუნა დიანამ.
– სწორედ, მასზე, ჩემო გოგონა, – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – მოკლედ, ეგ ვახო ლაბაძე ძალიან დიდ ფულს შოულობს არალეგალურად, უკანონოდ, მაგრამ ისე სუფთად მუშაობს, რომ ვერანაირად ვერ ჩავავლეთ. ამიტომ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც მის მოხელთებაში დაგვეხმარება და მთავარი როლი შენ გეკისრება. შენ, ჩემო დიკო, მის სახლში მოგაწყობთ ან ძიძად, ან მოსამსახურედ და უნდა გაარკვიო, რა მაქინაციების მეშვეობით შოულობს ის ფულს. შენ გექნება სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა და ამაში ის დაგეხმარება. გამორიცხულია, რომ შინაურებთან მაინც არ წამოსცდეს ამის შესახებ. ჩვენთვის კი მთავარია, რომ ჩასავლები გვქონდეს და შემდეგ უკვე ჩვენ ვიცით. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო რეზო, მაგრამ დავუშვათ და ვახო ლაბაძემ არც პარტნიორები მიიღო სახლში და არც ახლობლებთან წამოსცდა რაიმე. მაშინ? – იკითხა დიანამ.
– ამ გეგმას მეორე ვარიანტიც აქვს. უფრო სწორად კი, პარალელურად, ამ ხაზითაც უნდა იმუშავო, – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – ვახო ლაბაძე მაგარი მექალთანეა. შენნაირ გოგონას ხელიდან არ გაუშვებს. შენ თავი უნდა მოაწონო და ლოგინში ჩაუწვე. ხოლო თუ ინფორმაციას ამ შემთხვევაშიც ვერ გავიგებთ, მაშინ პატარა სკანდალს მოუწყობ, მას გაუპატიურებაში დაადანაშაულებ და ჩავავლებთ. ხოლო ჩვენთან რომ იქნება, იქ უკვე სხვა ინფორმაციებსაც დაფქვავს.
ამ სიტყვების გაგონებაზე დიანას საშინლად მოუნდა, რომ პოლკოვნიკს ყელში სწვდომოდა და მისთვის ხორხი გამოებდღვნა. თუმცა, თავი შეიკავა და ირონიით უთხრა:
– რომ არ მოვეწონო ბატონ ფინანსთა მინისტრს?
– მოეწონები, ჩემო დიკო, აუცილებლად მოეწონები. განა შეიძლება, რომ შენისთანა გოგონა ვინმეს არ მოეწონოს? თანაც, მთავარი ისაა, რომ შენი ტყუპისცალის ბედი შენზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ლაშიკოს ამ პატარა მსხვერპლს არ დაამადლი. თუმცა, შეიძლება, სულაც არ დაგჭირდეს ამის გაკეთება. ინფორმაცია მოსმენით მოვიპოვოთ და ყველაფერი ამ პატარა მსხვერპლის გარეშეც დასრულდეს, – თქვა ხვიჩიამ.
გოგონამ ბრაზი დაიოკა. პოლკოვნიკს გაუღიმა და უთხრა:
– იმედია, რომ ასეთი მსხვერპლის გაღება არ დამჭირდება, მაგრამ მზად ვარ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ასეც ვიცოდი, რომ ძმას განსაცდელში არ მიატოვებდი. ახლა თავისუფალი ხარ. ამ დღეებში შეგეხმიანები და გეტყვი, თუ როგორ იმოქმედო, – უთხრა ხვიჩიამ დიანას და გოგონა წავიდა.
ეს იყო რეზო ხვიჩიასა და დიანა მესხის პირველი შეხვედრა კონსპირაციულ ბინაში. იქიდან წამოსული გოგონა უკიდურესად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. თვალებიდან ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები და ბოღმა ახრჩობდა. გოგონას მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ ყოველივე ამას ლაშიკოსთვის იტანდა, დიანას ხომ ამქვეყნად ტყუპისცალი ძმის გარდა სხვა არავინ გააჩნდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში