№41 საკვები – ხასიათის განმსაზღვრელი
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
თუ გინდათ, გაიგოთ თქვენი ხასიათის თავისებურებები, მაშინ დაფიქრდით და გულახდილად უპასუხეთ შეკითხვას, რომელი საკვები გირჩევნიათ:
ბროკოლი თუ პომიდორი?
ატამი თუ ბანანი?
მოდი, განვიხილოთ რამდენიმე კომბინაცია:
ბროკოლი და პომიდორი
თუ ქალბატონი უპირატესობას ბროკოლსა და პომიდორს ანიჭებს, გაწონასწორებული, ტაქტიანი, მშვიდი და მიზანდასახული ადამიანია. გამოირჩევა კარგი გემოვნებით და უყვარს თანამედროვედ, მოდურად ჩაცმა. ზოგჯერ ამპარტავნებაც წასძლევს, ხოლმე. ბროკოლისა და პომიდვრის მოყვარული ქალები ერთგული, მოსიყვარულე და კარგი ცოლები არიან.
რაც შეეხება ამ პროდუქტების მოყვარულ მამაკაცებს, ისინი როგორც წესი, თბილები და ალერსიანები არიან. თუმცა, ბევრი მათ უნებისყოფოებად მიიჩნევს. მაგრამ ამ ტიპის მამაკაცები ნამდვილად შემოქმედებითი ნატურები არიან და ხშირად ეგოცენტრულობითაც გამოირჩევიან.
ატამი და ბანანი
ეს ყველაზე შემოქმედებითი ადამიანის ტიპის არჩევანია. მამაკაცებზე, რომლებიც ატამსა და ბანანს ანიჭებენ უპირატესობას, ამბობენ, რომ მხოლოდ გარეგნულად არიან მშვიდები და მათ ფეთქებად ხასიათს ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობთ.
სამაგიეროდ, ამ ტიპის ქალები საყვარელი მამაკაცის გამო ბევრ მნიშვნელოვან დათმობაზეც მიდიან. თუმცა ხშირად ემოციებს ვერ აკონტროლებენ. გაცხარებულ გულზე, შესაძლოა, მთელი ჭურჭელიც დალეწონ. წყენას დიდხანს ინახავენ გულში, ერთ დღეს კი აუცილებლად ამოანთხევენ ხოლმე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად იმათზე, ვინც გვერდით ჰყავთ.
ატამი და პომიდორი
ამ კომბინაციის მოყვარული ადამიანები კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. მათზე ხშირად ამბობენ, რომ კარგად იციან ცხოვრების ფასი. გამორჩეულად აქტიურები და მხიარულები არიან. მამაკაცები, რომლებიც ატამს და პომიდორს ანიჭებენ უპირატესობას, ზარმაცები არიან და უყვართ გემრიელად ჭამა, ავტომობილები და ჭკვიანი ქალები.
ატამი-პომიდვრის მოყვარულ ქალებს უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და დიასახლისობა. გულწრფელები არიან, ვერ იტანენ ტყუილსა და ღალატს. ინტრიგების ხლართვა ხომ მათგან ძალიან შორსაა.
ბროკოლი და ბანანი
ამ პროდუქტებს უპირატესობას უფრო მამაკაცები ანიჭებენ და ისინი განსაკუთრებული სერიოზულობითა და მამაკაცურობით გამოირჩევიან. მარტივად აღწევენ მიზნებს, საიმედონი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეულები არიან.
ბროკოლისა და ბანანის მოყვარულ ქალებს არ უყვართ რეცხვა, საჭმლის კეთება და სახლის ლაგება. სამაგიეროდ, ერთგული მეგობრები და კარგი მრჩეველები არიან.