№41 შეყვარებულებმა ისე მიმატოვეს, მიზეზიც არ მითხრეს
ზოგადად, მიჭირს ადამიანების ნდობა, თუმცა, თუ ვენდე, ვცდილობ, არ დავკარგო, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ბოლომდე მის გვერდით ვიყო. სიყვარულში საკმაოდ ცუდი გამოცდილება მქონდა და იმდენად ვიყავი დამფრთხალი და შეშინებული, ვცდილობდი, გულთან ახლოს არავინ მომეშვა. სამი შეყვარებული ისე წავიდა ჩემგან, მიზეზიც კი არ ვიცი. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჩემშია პრობლემა-მეთქი, მაგრამ არ მგონია. უბრალოდ, ალბათ, ცუდ არჩევანს ვაკეთებდი და ვცდებოდი. მოკლედ, პირველად რომ შემიყვარდა, მეგონა, მის იქით სამყარო აღარ იყო. ვგეგმავდი მომავალს, ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება მის გვერდით და ერთ დღესაც გამომიცხადა: ისეთი კარგი გოგო ხარ, მგონი, ზედმეტი ვარ შენთვისო. ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. თუმცა, მივხვდი, იქ დასრულდა ჩვენი ექვსთვიანი ურთიერთობა. განვიცადე, ვიტირე, ვიდარდე, მაგრამ ვერ მივხვდი იმ სიტყვების აზრს, რაც იგულისხმა. თუ მისთვის ზედმეტი ვიყავი, საერთოდ რატომ იყო ჩემს გვერდით? მოკლედ, გამოვიგლოვე ჩემი პირველი სიყვარული და ზუსტად ერთ წელში, შევხვდი ბიჭს, რომელსაც მეგონა, მართლა ვუყვარდი. ისევ დავიწყე ფიქრებში მომავლის აწყობა, დავგეგმე ყველა ნაბიჯი, სითბოსა და სიყვარულს არ ვაკლებდი და ისე წავიდა ჩემგან სამ თვეში, არც კი უთქვამს მიზეზი. უბრალოდ, ტელეფონში მომწერა უცნაური შეტყობინება: „ძალიან კარგი გოგო ხარ, ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე, ლამაზი და მიმზიდველი, მაგრამ ვხვდები, მომავალს ერთად ვერ ავაწყობთ. ამას პირისპირ ვერ გეტყოდი და მაპატიე, უნდა დავშორდეთ“. ეს რომ წავიკითხე, არც კი მინდა იმის გახსენება, რაც ვიგრძენი და დამემართა. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რის გამო მტოვებდნენ ასე გაუგებრობაში. ისიც ვიფიქრე: იქნებ, მათთან უფრო სხვანაირი უნდა ვყოფილიყავი, არ შევხვედროდი ხშირად, არც საჩუქრებით გამენებივრებინა... ან, იქნებ, სხვა ნახეს და ჩემზე იმიტომ თქვეს უარი. არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები. ან, ხომ უნდა ვიცოდე მიზეზი, რატომ დაინგრა ჩემი ოცნებები? ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისევ შევხვდი ბიჭს, რომელსაც ადრეც ვიცნობდი, დაქალის ქმრის ძმაკაცია. ერთ დღესაც, როცა მეგობრები შევიკრიბეთ და ისიც მოვიდა, სხვა თვალით შევხედე, მისგანაც ვიგრძენი უცნაური გამოხედვა. იმ დღიდან, მთელი ორი წელი, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით, სამსახურის მერე გამომოვლიდა მანქანით და ხან სად ვიყავით და ხან სად. ოჯახებმაც იცოდნენ ჩვენი სასიყვარულო ამბები. ყველა ელოდებოდა, როდის გადავდგამდით ნაბიჯს წინ და გამოვაცხადებდით, რომ დავოჯახდით, მაგრამ ერთი კვირის წინ მომაკითხა და მანქანაში რომ ჩავჯექი, სევდიანად მითხრა: აღარ მინდა დავმალო, ისე ვეღარ ვარ შენთან, როგორც ადრე ვიყავი, მინდა, ცოტა ხანი დავშორდეთ, აღარ ვნახოთ ერთმანეთი. მინდა, ჩემს გრძნობებში გავერკვეო. მეგონა, სიზმარში ვიყავი. იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ეს სიტყვები, გავხევდი. ისე გადმოვედი მანქანიდან და მივუხურე კარი, არც არაფერი მიპასუხია. რას ნიშნავს გრძნობებში გარკვევა? რას ნიშნავს დრო მომეცი? რას ნიშნავს ისე ვეღარ ვარ, როგორც ადრე? ეს ადამიანი ხვალაც რომ დაბრუნდეს, როგორ ვენდო, რომ იგივეს არ მეტყვის. მოკლედ, მესამედ მეტკინა გული და ყველა ბიჭისადმი ნდობა დავკარგე. მართლა ვერ ვხვდები, სად ვუშვებ შეცდომას. იქნებ, ზედმეტად გახსნილი, გულღია, მოსიყვარულე რომ ვარ და არ მიყვარს გრძნობებზე თამაში ამიტომ ვერ მიღებენ? იქნებ, ბედისწერაა და სიყვარულში უიღბლო ვარ... მართლა არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს. არც დაკარგული დრო მენანება და არც ის საჩუქრები, რის გამოც ვალებიც კი ამიღია. უბრალოდ, მწყინს და გული მტკივა, რომ ბიჭებს შეუძლიათ, ერთი ხელის მოსმით დაუნგრიონ გოგოს ცხოვრება, დააკარგვინონ იმედი, გაუჩინონ უნდობლობა ისე, რომ უკან არც კი მოიხედონ.
ნინი, 27 წლის.