№41 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ხშირად მიწევს ლაშქრობებზე სიარული და ნაცნობმა მშრალი შამპუნის სპრეი მაჩუქა. მომერიდა, მისი ხმარების წესი მეკითხა და იქნებ თქვენ მასწავლოთ?
პასუხი: თუ ლაშქრობებზე გიწევთ სიარული, მშრალი შამპუნი, უდავოდ, კარგი საჩუქარია. ის, წამებში აცოცხლებს თმას, ანიჭებს მას მოცულობას და ზოგავს დროს. საშუალებას გაძლევთ, წყალთან კონტაქტის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში, „დაიბანოთ” თავი. შეანჯღიეთ ბოთლი და შამპუნის სპრეი შეისხურეთ თმის ძირებში. პროდუქტი თმიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ. ეს მანძილი შამპუნს საშუალებას მისცემს, თანაბრად გადანაწილდეს თმაში. შესხურებიდან რამდენიმე წამში, თითის ბალიშებით ნაზად გადაინაწილეთ შამპუნი მთელ თმაზე. დაელოდეთ შამპუნის შეშრობას და მხოლოდ ამის შემდეგ, დაივარცხნეთ თმა. არ მიისხუროთ სპრეი ზედმეტად ახლო მანძილიდან – ეს ხელს შეუშლის პროდუქტის ეფექტურობას და ამასთანავე თმაში თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზიც გახდება. დაიტანეთ თმაზე შამპუნი ნორმალური რაოდენობით. მშრალი შამპუნი, მხოლოდ და მხოლოდ მშრალ თმაზე უნდა დაიტანოთ. სპრეის შესხურებიდან უმალვე ნუ გადახვალთ დამასაჟების პროცესზე, ამ შემთხვევაშიც მიეცით შამპუნს რამდენიმე წამი შესაშრობად.
კითხვა: სუნამოები სააბაზანო ოთხში, თაროზე მიწყვია. სადღაც ამოვიკითხე, რომ აბაზანაში მათი დატოვება არ შეიძლება. რატომ?
პასუხი: დიახ, მართალია. სუნამო სააბაზანო ოთახში არ უნდა შეინახოთ, რადგან ნესტიანი გარემო, არომატს სწრაფად გააფუჭებს. პარფიუმერია გრილ და მშრალ ადგილას უნდა იდოს.