№41 მაცდური
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-40(1031)
იხ. „თბილისელები“ #36-40(1031)
გვანცას გაუკვირდა.
– თანაც არაერთი? – განაგრძო შეკითხვების დასმა მაკამ.
– რა-ა?! – ყურებს არ დაუჯერა გვანცამ, – საიდან მოიტანე?
– ჩემთვის ძალიან ნაცნობი გამომეტყველება გაფენია სახეზე.
– მაინც როგორი? – უცებ გაღიზიანდა გვანცა, რადგან დედამ კიდეც ამოიცნო მისი საიდუმლო და კიდეც დაასწრო სათქმელი.
– აი, ისეთი, ნაჩუმათევი სექსით გამძღარ, უწესო ქალებს რომ აქვთ ხოლმე. ასეთი გაძღომა კი ერთი კაცით შეუძლებელია, მით უფრო, რომ ძალიან კარგად გიცნობ: თუკი ერთხელ აიშვებ, აღარასოდეს გაჩერდები. თუმცა იმასაც გეტყვი, რომ, შენი ცხოვრების წესის მიუხედავად, სექსზე ასეთი გაგიჟებული არასდროს ყოფილხარ.
– მაშინ ქალწული ვიყავი, დედიკო და თავს ვუფრთხილდებოდი, ახლა კი რატომ უნდა შევიკავო თავი. რა, მრიცხველი დამიწერს?
– ქმარი არ გყოფნის?
– არა. ის სულ სადღაც არის წასული. თანაც მომწყინდა.
– არ გეშინია?
– რისი?
– რომ ლაშა გაიგებს; რომ ოჯახი დაგენგრევა; რომ, შეიძლება, იმ ორმაც ერთდროულად მიგატოვოს?
– მოსახდენი მაინც მოხდება.
– ჩემთან რატომ მოგინდა ამ თემაზე ლაპარაკი, გეგონა, შეგაქებდი?
– არ ვიცი, დედა, ყველაფერი ამერ-დამერია და წარმოდგენა აღარ მაქვს, როგორ მოვიქცე. მეგონა, შენთან დავიტრაბახებდი და ამით... – გვანცა გაჩუმდა.
– რა ამით? შურით გულს გამიხეთქავდი? მთლად ასეთი დაცემული და წყალწაღებული გგონივარ? მაგით, შეიძლება, იმ შენს დაქალს გაუხეთქო გული, რომელსაც კაცი უნდა, ვერ უპოვია და თან შენი ოჯახური ბედნიერება ყელში ძვლად ეჩხირება.
– რომელი ოჯახური ბედნიერება, დედა? – ამოიოხრა გვანცამ, – სადღა მაქვს ოჯახი?
– რა, გაგეყარა ლაშა?
– ჯერ არა, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ ჩამოსულა, ანუ ჯერ არაფერი იცის.
– მერე, გეყოფა, გაჩერდი! შეწყვიტე ეს თავაშვებულობა და ყველაფერი ისევ ნელ-ნელა ჩადგება კალაპოტში. ჩემსავით უგუნური ნუ იქნები, თორემ მერე იდაყვებს დაიჭამ.
– უკვე გვიანაა, დედა, ვეღარ ვჩერდები!
– ვინ არის ის ორი „ბედნიერი“? – მაკა არც კი ცდილა, გესლი და ირონია დაეფარა.
გვანცა ჯერ დაფიქრდა, ვთქვა თუ არაო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, არაფერი აღარ დაემალა:
– ერთი გიორგია, ბავშვების ნათლია. მეორე კი პატარა ბიჭია, შენ არ იცნობ. მეც შემთხვევით გავიცანი. 17 წლისაა.
– სულ გაგიჟდი? შვილებს რაღა პასუხს აძლევ? ღმერთის არ გეშინია?
– შენ რა პასუხი მოგვეცი? – გესლი გამოერია ხმაში გვანცას, – შენ არ შეგეშინდა ღმერთის?
– ყოველ შემთხვევაში, მე ნათელ-მირონისთვის ლაფი არ გადამისხამს და საბავშვო ბაღებში არ მიძებნია კუროები.
– ჰო, მე შენზე უფრო უზნეო გამოვდექი.
– რატომ არ შეგიძლია თავის დანებება?
– ორივე შემიყვარდა.
– ქმარი?
– ქმარიც მიყვარს... თავისებურად.
– შენ, შვილო, ფსიქიატრთან მყავხარ წასაყვანი. პირდაპირ გეტყვი და, შენისთანა დედასთან ბავშვების გაჩერება საშიშია, დანაშაულია.
– ვითომ რატომ?
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვინმესგან რამე აიკიდო და შვილებს გადასდო, ქმარზე აღარაფერს ვამბობ. მეორეც, როდემდე დაუმალავ, წამოიზრდებიან თუ არა, ყველაფერს მიხვდებიან, შეგიძულებენ და მერე, შეიძლება, თვითონ უარესი გააკეთონ. შენთან შენი შვილები დაიღუპებიან!
– ისევე, როგორც მე და გოგიტა, არა? საკუთარი გამოცდილებიდან მეუბნები ასეთ საშინელებას?
– ჰო. ოღონდ, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ მე პარალელურ რეჟიმში ორი და სამი კაცი არასდროს მყოლია, მით უმეტეს, შვილების ნათლია და ძუძუმწოვარა ლაწირაკი! რას აპირებ?
– არ ვიცი. რაც მიწერია, ის მოხდება. შენთან, ჩემი ჭკუით, სატრაბახოდ მოვედი, მაგრამ განადგურებული მივდივარ. ახლა მივხვდი, რომ ექვს ადამიანს დავუნგრიე ცხოვრება, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი.
– ვინ ექვსს, კიდევ გყავს ვინმე? – გადაირია მაკა.
– არა, დედა, მეტი ვიღა უნდა მყავდეს! ის ექვსნი კი ჩვენ ვართ: მე, ლაშა, ბავშვები, გიორგი და ის პატარა ბიჭი, – გვანცა წამოდგა და კარისკენ გაემართა.
– შეჩერდი, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება! – სავარძლიდან დაადევნა მაკამ გაფრთხილება. ისეთი განადგურებული იყო გაგონილით, ვერც კი მიაცილა შვილი კარამდე. იმ წუთებში ცხოვრებაში პირველად იგრძნო დედის გულისტკივილი, დედის შიში შვილის გამო.
– მაინც რა გულუბრყვილო დარჩი, დედა. შეიძლება, ბოლო მომენტში სწორედ ამან გადაგარჩინა საბოლოოდ დაცემას. აბა, კარგად! – და გვანცა ისე გავიდა სახლიდან, დედისკენ აღარ გაუხედავს – არ უნდოდა, მაკას მისი ცრემლიანი თვალები და ტკივილისგან დაღმეჭილი სახე დაენახა.
შვილის გასვლისთანავე მაკამ ცხოვრებაში მეორედ იტირა ასე ხმამაღლა და ასე გულწრფელად. ოღონდ, თუ პირველი მოთქმა-გოდება საკუთარი თავის სიბრალულმა და შვილის მიერ მიყენებულმა წყენამ და ტკივილმა გამოიწვია, ახლა დედა ტიროდა, ელდადაცემული დედა, რომელსაც შვილი უკვდება და შველა არ შეუძლია.
***
„შენ მართალი იყავი, დედა, როცა მითხარი, ჩემი გენები დაგღუპავსო. არც იმაში შემცდარხარ, როცა თქვი, მუხლებზე დამხობილი მოხოხდები ჩემთანო. მუხლებზე დამხობილი არ მოვსულვარ, მაგრამ ხოხვით ნამდვილად მივდივარ შენგან. მიკვირს, შენი წინასწარმეტყველების ნიჭით არ დამეტრაბახე, ეტყობა, მართლა შეგეცოდე. ვიცი, რომ ზნედაცემული ადამიანი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს შენი ბრალია, მთლიანად შენი. ალბათ, დაუნდობელიც ვარ შენ მიმართ, მაგრამ 26 წლის ასაკში რომ დამიწყე მორალის წაკითხვა, სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს. ხომ ხედავ, რაც დათესე, ის მოიმკე. ყველა მეცოდება, ვინც ჩემ გამო დაიტანჯება, მაგრამ მე ვარ ის, ვინც ვარ და რაც ვარ. ამიტომ აზრი აღარ აქვს ფუჭ გეგმებს, ფიცს, პირობის დადებას და პატიების თხოვნას. ვიცი, რომ მაინც იმის კეთებას გავაგრძელებ, რასაც ახლა ვაკეთებ. ამიტომ ყველას ჩაო-ბამბინო! არავინ მედარდებით შვილების გარდა, მაგრამ ვერც მათ გამო შევიცვლები – არ შემიძლია...“ – ფიქრობდა დედის სახლიდან გამოსული გვანცა. მერე მობილური აიღო, გიორგის დაურეკა და ერთ საათში ვაზისუბანში, ნაქირავებ ბინაში დაიბარა. მეორე საღამოს კი თავის „მალალეტკას“ შეხვდა, ამჟამად ერთი უსახური ჰოსტელის პაწაწინა ოთახში.
... და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა. გვანცას ცხოვრებაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პატარა ფლეიბოიც კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით და არც შიში აწუხებდა და არც სინდისის ქენჯნა, რადგან გვანცა მართლა უყვარდა. შეიცვალა მხოლოდ გიორგის ცხოვრება და თავად გიორგი, რომელსაც ვერავინ ვეღარ ცნობდა. აქამდე მშვიდი, გაწონასწორებული, ყველას გვერდში მდგომი და სამსახურში წარმატებული კაცი, იქცა უხეშ, გაღიზიანებულ, ყველასა და ყველაფრის ფეხებზე დამკიდებელ, აგრესიულ ადამიანად, რის გამოც მეგობრებიც შემოეცალნენ და სამსახურიდანაც გამოუშვეს. მაგრამ ესეც ფეხებზე ეკიდა. მისთვის მთავარი იყო, გვანცას არ მიეტოვებინა. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა, ლაშა და დანარჩენი მეგობრები უკვე ისედაც დაკარგული მყავს. ვეტყვი გვანცას, ქმარს გაეყაროს და მე გამომყვეს ცოლადო, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მისი ოჯახი ასეთ ქალს და, მით უმეტეს, ლაშას ცოლს, არ მიიღებდა, ის კი არა, მისი შერთვის შემთხვევაში, მამამისი მემკვიდრეობის გარეშე, უფრო მეტიც, ლუკმაპურისა და ჯიბის ფულის გარეშე დატოვებდა, ეს კი გიორგის არ აწყობდა, რადგან ახლა სამსახურიც აღარ ჰქონდა, გვანცას ხუშტურების შესრულება კი იაფი ნამდვილად არ უჯდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა რადიკალური ქმედებებისგან, დინებას მიჰყოლოდა და ბედისწერას მინდობოდა.
ბედისწერამაც დიდხანს აღარ ალოდინა.
ერთ დღეს გვანცას მეგი შეხვდა ქუჩაში. აუზთან ჩხუბის შემდეგ ერთმანეთს აღარ დაჰკონტაქტებიან და მისი დანახვა დიდად არ გახარებია. იფიქრა, თვალს ავარიდებო, მაგრამ მეგიმ თვითონ დაუძახა. გვანცა იძულებული გახდა, გაჩერებულიყო და თავაზიანადაც გაეღიმა. ეგონა, მეგი წივილ-კივილს აუტეხდა, მაგრამ ამის ნაცვლად, თბილად მოიკითხა გვანცა, მისი ქმარ-შვილიც და ლალიც კი, ბოლოს, ვითომ სხვათა შორის, ერთი შეხედვით უმტკივნეულო და უბოროტო კითხვა დაუსვა:
– შენ, რა, ვაზისუბანში ბინა იყიდე?
გვანცა ისე არ ელოდა ასეთ შეკითხვას, რომ შეხტა და ჯერ მიტკალივით გაფითრდა, შემდეგ კი ჭარხალივით გაუწითლდა სახე და ყელ-კისერი.
– ა...ა...რა... საიდან მოიტანე? – ძლივს ამოღერღა სამი სიტყვა.
– იქ ჩემი და ცხოვრობს. გახსოვს, ჩემი უფროსი და, მანჩო? ჰოდა, ვაზისუბნელია მისი ქმარი და ზუსტად იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც შენ დადიხარ ხოლმე, – ეშმაკურად ჩაუპაჭუნა თვალი ყოფილმა დაქალმა, – აბა, თვალებში შემომხედე, რამეს ხომ არ ეშმაკობ, ჰა?
– გაგიჟდი, გოგო? – გვანცა ისე დაიბნა, თვითონაც გაუკვირდა. აღარ იცოდა, რა ტყუილი მოეფიქრებინა. მეგი მიუხვდა და ვითომ ხუმრობით გააფრთხილა:
– ახლა არ დამიწყო ალია-ბალია და ტყუილების მიდებ-მოდება. ჩემი და თორმეტი წელია, იმ კორპუსში ცხოვრობს და აბსოლუტურად ყველა მეზობელს იცნობს. ისიც კი იცის, რომელი ბინაა გაქირავებული, რამდენად და ვინ იქირავა. ასე რომ, უნდა გამოტყდე, სხვა გზა არ დაგრჩენია, ადრე ხომ ყველა საიდუმლოს მე მიმხელდი და არა სხვას!
– რა გინდა? – უცებ შეტევაზე გადავიდა გვანცა, – მე გეკითხები, როგორ ცხოვრობ, სად დადიხარ და რას აკეთებ? დამანებე, რა, თავი! რაში გაინტერესებს, რატომ ვიყავი იქ რამდენჯერმე, მერე კუდები რომ გამოაბა და მთელ დედამიწაზე ჭორები დამიყარო?!
– რამდენჯერმე კი არა, კვირაში ორ-სამჯერ. თუმცა, მართლა რაში მაინტერესებს, ჩემი ყოფილი დაქალი ვისთან ჰღალატობს ქმარს? კარგი, წავედი. ბოდიში, რომ შეგაყოვნე. წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში! პაკა!
გვანცას ხასიათი მოეშხამა. ზუსტად იცოდა, რომ ამ შეხვედრას კარგი გაგრძელება არ ექნებოდა და არც შემცდარა.
გიორგის კონსპირაციამ, ერთ-ერთ ყველაზე შორ გარეუბანში და ყველაზე უსახურ კორპუსში ექირავა ბინა, არ გაამართლა. თბილისი მართლაც პატარა ქალაქი აღმოჩნდა, ანუ, ნაცნობი, მით უფრო, არასასურველი, ყველაზე შორ და მოულოდნელ ადგილას მოგახტება.
***
მოახლოვდა მივლინებიდან ლაშას დაბრუნების დრო. ცოლს ხუთი დღით ადრე დაურეკა და უთხრა, კვირას, საღამოს რეისით ჩამოვდივარ. დახვედრა არ მინდა, მანქანა აეროპორტში მყავს და თვითონ მოვალო.
გვანცა აწრიალდა. რეალობამ კარზე მიუკაკუნა. არ იცოდა, როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება და არც ის იცოდა, როგორ უნდოდა, რომ გაგრძელებულიყო. ქმართან ლაპარაკი დაასრულა თუ არა, მაშინვე გიორგის დაურეკა და მეორე საღამოსთვის ისევ იმ ბინაში დაიბარა.
– შეიძლება, ეს ჩვენი გამოსათხოვარი პაემანი იყოს. გვიან, 10 საათზე მოდი, რომ დაღამდება, მერე და, ეცადე, ისე შეხვიდე ბინაში, ვერავინ დაგინახოს.
– რა ხდება? – გაუკვირდა კაცს.
– იმ კორპუსში თურმე ჩემი ყოფილი დაქალის და ცხოვრობს და იმას მოუკრავს ჩემთვის თვალი რამდენჯერმე.
– არის ჩაშვების მკადრებელი?
– თანაც როგორ.
– ხომ არ გადავდოთ შეხვედრა ან სადმე სხვაგან ხომ არ წავიდეთ? – სიფრთხილე გამოიჩინა გიორგიმ.
– არა. აზრი არ აქვს, იქ ვინმე უარესი გამოჩნდება. ადრე თუ გვიან, მოსახდენი მაინც მოხდება. უბრალოდ, კონსპირაცია გავაძლიეროთ.
– კარგი, – მაშინვე დაეთანხმა გიორგი. მართალია, გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ისე დაიღალა ამ კუკუდამალობანას თამაშით, რაღაც საშინელების მოლოდინით, რომ ერჩივნა კიდეც, ბოლოს და ბოლოს, ავად ან კარგად, დასრულებულიყო მისი ტანჯვა.
დასასრული შემდეგ ნომერში