№41 უნაბის საოცარი თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
უნაბი საქართველოში გავრცელებულ ხეხილოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ეს საუკეთესო ხილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ფილტვების დაავადებების, ტუბერკულოზის, ასთმის, კატარული ხველისა და ჰიპერტონიის დროსაც.
ნედლი ნაყოფი შეიცავს 20-25 პროცენტამდე შაქარს, C ვიტამინსა და სასარგებლო მჟავებს, ხოლო ხმელ ნაყოფში შაქრის შემცველობა 65 პროცენტამდე ადის. უნაბის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.
ამ მცენარის სამშობლო ჩინეთია და მას ბევრგან ჩინურ ფინიკსაც უწოდებენ. თუმცა უნაბი ფართოდ არის გავრცელებული ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, ხმელთაშუა ზღვის აუზში, შუა აზიასა და ამერიკის კონტინენტზე.
სასარგებლო თვისებები: უნაბის თესლს – კურკას აქვს სედატიური მოქმედება, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. 100 გრამ კურკას ასხამენ ნახევარ ლიტრ წყალს, ადუღებენ 10 წუთს, უმატებენ 100 გრამ სპირტს და აჩერებენ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ წურავენ და სვამენ 3-ჯერ დღეში 1 სადილის კოვზით ნევრასთენიის, უძილობისა და ტაქიკარდიის დროს.
ქერქს, ზოგადად, ორგანიზმის მოსაძლიერებელი თვისება აქვს და შემკვრელიცაა. 10 გრამ ქერქს აქუცმაცებენ, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, კიდევ 10 წუთს ადუღებენ, წურავენ და იღებენ 2 სადილის კოვზს ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ფოთოლს ჰიპოტენზიური და ხველის საწინააღმდეგო უნარი აქვს, არეგულირებს გულის რითმს. მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ მდუღარეს, აყენებენ 1 საათის განმავლობაში, იღებენ 2 სადილის კოვზს 3-ჯერ დღეში.
ნაყოფი შველის ქრონიკულ შეკრულობას, ჰიპერტონიას. 20 გამომშრალ ან ცოცხალ ნაყოფს ჭამენ 3-ჯერ დღეში 3 თვის განმავლობაში. მისი ნახარში კი უხდება ანემიას, მშრალ ხველას, ფაღარათს, თავბრუს. 10 გამომშრალ ნაყოფს ასხამენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და 20 წუთის ხარშვის შემდეგ აცივებენ 1 საათის განმავლობაში, წურავენ და სვამენ 100 მილილიტრს 3-ჯერ დღეში.
ის აახალგაზრდავებს უჯრედებს და ასუფთავებს ორგანიზმს ქოლესტერინისგან, ტოქსინებისა და შლაკებისგან, გამოაქვს მძიმე ლითონები და ზედმეტი წყალი, არეგულირებს ნაღვლის დენას, აძლიერებს ღვიძლის მუშაობას, მეძუძურ დედებში ზრდის რძის ოდენობას და ხარისხს.
უნაბის ნაყოფს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მის ფოთოლს კი – მცირე ანესთეზიის უნარიც. მას ღეჭავენ კბილის ტკივილის დროს, იყენებენ სტომატიტის დროსაც. ფოთლის დაღეჭვის მერე, გარკვეული დროით იკარგება ტკბილისა და მწარის შეგრძნების უნარი, მარილიანისა და მჟავის კი რჩება.
უნაბს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისების გამო იყენებენ შარდსასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ.
სასარგებლოა ნაყოფი და მისი ნახარში ბრონქიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის და ყივანახველის დროს.
ყურადღება: ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უნაბის მიღება არ არის სასურველი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა, რომლებსაც დაბალი არტერიული წნევა აქვთ – უნაბი ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო დაბლა სწევს.