№41 „სთქვა უგნურმა გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი“
ურწმუნოება ჭკუის განლაღებაა, წესიერების დარღვევაა, აღვირ-აშობილი უზნეო მეფობაა, სულიერი განათლების დამხობაა; მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკენ მიიზიდვიან და თავს იკლავენ. და ესრეთ წარიწყმენდნენ სულსა თვისსა, აუბედურებენ მშობელთა და სამშობლოსაც ეკარგებიან. ღვთის მყოფობის ცნება ბუნებით თანშობილია ადამიანში, ხოლო ურწმუნოება არა ბუნებური თვისებაა, არამედ ზედშემოსრული წინააღმდეგობაა მიუწვდომოლობის ძალით უძლურების გამო გონების დასაკმაყოფილებლად ბნელ აზროვნებით მომდოვრებული.
ურწმუნოების შესაძენად ღვაწლი და შრომა ვის რად სჭირია. არამედ ერთი ოდენ სიტყვაა საჭირო, ესე იგი, „არყოფა“. ამის შემდეგ უსწავლელი და ნასწავლი ერთ სახელწოდებით იდიდებიან. ესე იგი, „განათლებულია“. „ვაი მათდა, რომელნი გადააქცევენ ნათელსა ბნელად და ბნელსა ნათლად“.
ურწმუნოება გონების სიძაბუნეა, სულიერ სიმდიდრის დათრგუნვაა, სათნოების სიღატაკეა, ზნეობრივ ბრძოლის წინაშე სილაჩრეა, კეთილისა და ბოროტის უმნიშვნელოდ გათანასწორებაა, რასაც მხოლოდ შემთხვევის დაგვარად ხმარობენ.
ურწმუნოება ახალს ვერაფერს შესძენს და ვერც აღუდგინებს კაცობრიობას, ხოლო დასაბამიდგან სოფლისა, რაც კაცობრიობის სიბრძნეს აღუშენებია, იმასაც დაარღვევს.
მთელი ცა და ქვეყნის არსება ღვთის მყოფობის აღმსარებელია. რამდენიც უნდა გვერდი აუხვიო ღვთის მყოფობის აზრს, მაინც ვერ განერები მის უფსკრულ სიბრძნის ძიების უწდომლობით პირდასაყოფ მიზეზს, მით რომ, რადგან ძიება დაუსრულებელია. უეჭველად მეცნიერებას წინა უძევს საფიქრებელი, რომ არის კიდევ უმაღლესი ძალა, რაც მას ჯერ ვერ შეუგნია და ეს გულისხმაგვიყოფს, რომ რაც არ ვიცით, იმის უარყოფა და მტკიცება სისულელეა.
ნამდვილი ბრძენი კაცი არასოდეს იკადრებს იმის თქმას, რომ ღმერთი არ არის. მისთვის, რომ რაც სინამდვილით არ იცის, იმის დაჩემება დიდ უგუნურებად მიაჩნია და ყოველ შემთხვევაში, რაც გინდ ურწმუნო იყოს, მაინც საშვალ გზას აირჩევს და უღმრთოების დამტკიცებას არასოდეს დაიჩემებს.
უღმრთოების მქადაგებელო! რას აშენებ საზოგადო საბედნიერო ერთობაში და რით ეწევი გაჭირვებულ ადამიანობას? არაფერს. თვინიერ იმისა, რომ უბედურების უფსკრულში ყრი ადამიანობას. ქადაგები მას, რაც არ იცი და ამტკიცებ იმას, რის დამტკიცება შეუძლებელია.
უღმრთოების ქადაგება მეცნიერება როდია, არამედ მეტიჩრობით ამაყობაა და გადაჭარბებულ სიბრძნის დაჩემებით ცარიელი სიტყვების რახარუხია.
სისულელეა იმის იმედი, რომ ღვთისმეტყველება როდისმე სამუდამოდ მოისპოს. თუნდა რაც საღვთისმეტყველო წიგნები ერთბაშად დასწვან და ღვთისმეტყველი პირებიც სრულიად ამოწყვიტონ. სული ადამიანის არსებობისა და მეცნიერების მიზეზს განახლებული შეგნებით კვალად ძლიერად აღიარებს და ღვთისმეტყველებისა მდინარენი სდიოდნენ თვით მის ნიჭი-მანათებელი და მეცნიერების მომნიჭებელი საღმრთო ბუნებისაგან.
„წმიდა ალექსი ბერის
მოძღვრებანი“