კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ უნდა იგლოვოს ქრისტიანმა გარდაცვლილი ადამიანი და რატომ ნიშნავს გადამეტებული გლოვა სულის გაკერპებას

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ჩვენი სარწმუნოება გადამეტებულ გლოვას არ მიიჩნევს მართებულად და, როგორც განმარტავენ, ზედმეტი ტირილი და წუხილი სულის გაკერპების ელფერს იძენს. როგორ უნდა გააკონტროლოს ადამიანმა საკუთარი გრძნობები და რა დაეხმარება ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების დაძლევაში? – ამ საკითხზე ვისაუბრებთ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან, მამა გურამთან (ოთხოზორია).
– რატომ არ უნდა იგლოვოს ადამიანმა, თუ ეგლოვება?
– ეკლესია, ქრისტიანობა და კონკრეტულად ქრისტე არაფერს კრძალავს. ქრისტიანობა არ არის მოძღვრება, რომელიც გარედან აძლევს ადამიანს მოქმედების მზა რეცეპტებს. თითოეული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია ადამიანის აღქმასა და მისი რწმენის დონეზე. ამდენად, ვერ განვსაზღვრავთ, რამდენ ხანს უნდა იგლოვის ან არ იგლოვოს ადამიანმა. ეს ძალიან პირადულია და ადამიანის რწმენაზეა დამოკიდებული. მეორე მხრივ – გააჩნია ქრისტიანს. საქართველო მეტად უცნაური ქვეყანაა: ერთი მხრივ, მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ უმეტესი ქართველისთვის მართლმადიდებლობა განხილულია ტრადიციულ, კულტურულ მემკვიდრეობად. ქართველი ერთხელ, ბავშვობაში მოინათლა და ტრადიციით, თავს მიაკუთვნებს მართლმადიდებლურ კულტურას, თუმცა, ცხოვრების წესით, არსობრივად არ მიეკუთვნება ქრისტეს ცოცხალ ეკლესიას. ქართველთა უმრავლესობა ტრადიციის ძალითაა ქრისტიანი და ამიტომაა ეკლესიური, ოღონდ ისიც საკითხავია, თუ როგორ გვესმის ეკლესიურობა. ვისაც ქრისტეს ნამდვილი რწმენა აქვს, მისთვის ეს საკითხი გარკვეულია: მან იცის, რომ ზედმეტი გლოვა არ შეიძლება, რადგან, თუ აღდგომის რწმენა გვაქვს და გვჯერა, რომ ქრისტე მართლაც აღდგა, მაშინ მკვდარნიც აღდგებიან, ანუ გვწამს, რომ ჩვენი ღმერთი ცოცხლების ღმერთია! შესაბამისად, თუ მე ვარ ქრისტიანი, მწამს აღდგომა და რწმენას მხოლოდ ინერციით არ მივყვები, მაშინ ჩემი გლოვა სხვანაირია და ის არ უკავშირდება სასოწარკვეთილებას. ეკლესია გლოვის ფორმად აწესებს 40 დღეს, რადგან ჯვარცმის შემდეგ ქრისტე აქ, მიწაზე, 40 დღის განმავლობაში იყო, რადგან სული უცებ ვერ თავისუფლდება სხეულისგან. სული და სხეული განუყრელად არიან და, როდესაც სხეული მოშორდება სულს, ანუ გვამი მიწას მიეცემა, სული მაინც აქ ტრიალებს. მეორმოცე დღეს კი, საბოლოოდ, გადაინაცვლებს მატერიალური სფეროდან სულიერში. ამის ნიშნად ვგლოვობთ გარდაცვლილს 40 დღეს, მაგრამ იმასაც გააჩნია, რას ვგულისხმობთ გლოვაში და, უპირველესად, არ უნდა ვიგულისხმოთ სასოწარკვეთილება! არის რელიგიები, რომლის მიმდევრებიც იმავე დღეს ასაფლავებენ მიცვალებულს, ზოგან – წვავენ, ზოგან – მდინარეს ატანენ, ზოგან გვამს ძვლებიანად კეპავენ, რომ ორბებს დაუყარონ და სიკვდილი არ მიიჩნევა ტრაგედიად. პირიქით – არის კულტურები, რომლებშიც ადამიანის გარდაცვალებას, თუ სიხარულით არ ეგებებიან, ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ. განსხვავებით ამათგან, ქრისტიანები, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს აღდგომა გვწამს, ადამიანის გარდაცვალებას ზარ-ზეიმით არ ვხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ჭეშმარიტი ღმერთი, ვინც იმავდროულად არის ჭეშმარიტი კაცი. შესაბამისად, არ ვურევთ ერთმანეთში და გარდაცვალებას განვიცდით კაცობრივად, ადამიანურად. ვგლოვობთ, ვწუხვართ, მაგრამ სულიერად, ღვთაებრივად, აღდგომის რწმენიდან გამომდინარე, ვმაღლდებით ამაზე და ვსასოებთ. აი, ამით ვაწონასწორებთ გლოვას. თუ ადამიანი ეკლესიურია, უფრო მეტად მშვიდია. თუ მისი რწმენა ნაკლებია, დღესაც უამრავი ფორმით გამოიხატება გლოვა. თუკი ქრისტიანებს გვაქვს აღდგომის რწმენა, მაშინ ადამიანის გარდაცვალებას უნდა შევხვდეთ სიმშვიდითა და სასოებოთ, მაგრამ ამავე დროს ადამიანურად გვტკივა და ეს კარგიცაა. ერთ ბრძენ კაცს საყვარელი მოსწავლე გარდაეცვალა და გაუთავებლად ტიროდა. მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს, მოძღვარო, გვასწავლი, რომ სიკვდილი არაფერია და ამ დროს შენ თავად გაუთავებლად დასტირი გარდაცვლილს, ამით ხალხი დაბრკოლდებაო. ბრძენმა უპასუხა: მე არ ვტირი, ჩემი თვალები ტირიან, ჩემს თვალებს ის უყვარდა და ამიტომ იტირონო.
– ესეცაა პრობლემა. სული უკვდავია, მაგრამ ადამიანს ხომ მთლიანობაში აღიქვამ? მის ქცევას უყურებ, მისი ხმა გესმის, სურნელს გრძნობ, შეხებით ცნობ კანის ფაქტურას და ეს სხეული, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, კვდება. აღარ არის.
– ესაა, სწორედ, ადამიანად ყოფნის მთელი ტრაგიზმი, სევდა თუ სიკეთე ან ორივე ერთად. ცალკე ხორცი და ცალკე სული არ არსებობს და ასე ცალ-ცალკე არც უნდა განვიხილოთ. ვერც ცალკე სული ხარობს და ვერც ცალკე – ხორცი. ის, ხომ ერთი მთლიანია?! ქრისტემ გარედან კი არ მოიცვა ხორცი, სხეული, არამედ გახდა კაცი – და ესაა საიდუმლო. ქრისტიანიც ასე უყურებს სამყაროს – ამიტომაა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი არც ცხოვრებას მოიძულებს, მას უყვარს სიცოცხლე და არც ზედმეტად ითქვიფება მხოლოდ ამ წუთისოფელში, ანუ უარს არ ამბობს სულიერზე. არაფერი არ უნდა უარვყოთ: პირიქით – შუაში დგომა უნდა ვისწავლოთ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვართ, ადამიანის სიკვდილსაც განვიცდით, რადგან ადამიანი სხეულიცაა. ამიტომაცაა, ქრისტიანობაში არ არის ლაპარაკი მხოლოდ სულის უკვდავებაზე. ეს ბერძნული გავლენაა, რაც პლატონიზმიდან მოდის, რის თანახმადაც, სული მაინც უკვდავია და ადამიანი იმით ინუგეშებს თავს, რომ სადღაც სული მაინც დარჩება. თითქოს სული თავისთავადაა უკვდავი. თუ სული თავისთავადაა უკვდავი, მაშინ რა აზრი აქვს სხეულებრივად აღდგომას?! მაშინ რა საჭირო იყო იმ სულის ამ სხეულში შემოსვლა, თუ ისევ თავის თავს დაუბრუნდებოდა?! ამდენად, ასე მარტივად არაა საქმე. ამიტომაც ამბობს ქრისტე: ეს სხეული აღდგებაო და როდესაც მოციქულებს ეჩვენება, ეუბნება: ეს სხეული ვარ მე, სული არ ვარო. ამიტომ ვცემთ ქრისტიანობაში პატივს სხეულს. ამიტომაც არ ვუგდებთ მდინარეს, არ ჩამოვკიდებთ  ხეზე, ცეცხლში არ ვწვავთ... პატივს მივაგებთ იმ სხეულს, რომელშიც ადამიანის სული ცხოვრობდა, რადგან ესეც ადამიანის ნაწილია. სწორედ ამიტომ პატივს მივაგებთ სასაფლაოს, ვუვლით, მივდივართ, სანთელს ვანთებთ, ყვავილები მიგვაქვს. ვიცით, რომ ადამიანი იქ არ ცხოვრობს, მაგრამ მისი რაღაც ნაწილი ხომ იქ ცხოვრობს?! მოველი აღდგომასა მკვდრეთით და მოვა ჟამი და ყოველნი მიწაში მყოფნი აღდგებიან, გაიგონებენ ჩემს ხმას, – ამბობს ქრისტე.  ლაპარაკია სწორედ იმ სხეულზე, რომელშიც ვცხოვრობდით, რომელშიც ჩვენი სული სახლობდა და რომელსაც შევეზარდეთ. უბრალოდ, ერთი განსხვავება იქნება: ეს სხეული აღდგება არა ხრწნადი, ბიოქიმიური, არამედ ისეთი, როგორიც ქრისტეს ჰქონდა აღდგომის შემდეგ, ანუ განახლებული, რაზეც შესაძლოა, მომავალში ვისაუბროთ. რაც მთავარია: სხეული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სული, იმიტომ რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენ, სწორედ, ჩვენს სხეულებში აღვდგებით.



скачать dle 11.3