№41 დაიცავს თუ არა ლარის კურსს ხტუნვისგან ვალუტის კურსის დადგენის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი წესი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
როგორც ეროვნული ბანკიდან გვაცნობეს, პირველი ოქტომბრიდან ლარის კურსი ახალი პრინციპით დადგინდება და ამ პროცესში კერძო ბანკების გარდა, სხვა მსხვილ კომპანიებსაც ექნებათ მონაწილეობის უფლება. კერძოდ, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით დადგინდება. Bmatch პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში უკვე ვაჭრობს 15 ბანკი, 5 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდი. ეროვნული ბანკი კი ელის, რომ სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. ამ ცვლილების მიზეზი ისაა, რომ აქამდე მხოლოდ კერძო ბანკები ერთმანეთთან ვაჭრობის შედეგად აწესებდნენ ლარის კურსს (მართალია, მათი კლიენტი ორგანიზაციების განაცხადების მიხედვით), რაც მათ ლარის კურსის ხელოვნურ განსაზღვრაშიც ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, ეროვნულ ბანკს უნდა ეკონტროლებინა ეს პროცესი, რაკი ლარი ხშირად და გაუგებარ-დაუსაბუთებლად ხტუნაობს, ეჭვია, რომ შესაძლოა, ბანკები (ეროვნულის თამადობით) მთლად კეთილსინდისიერადაც ვერ იქცეოდნენ. წაადგება თუ არა სიახლე ლარის სტაბილურობას? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ.
– რა პრობლემებს ქმნიდა ლარის კურსის დადგენაში მხოლოდ კომერციული ბანკების მონაწილეობა და შეამცირებს თუ არა სიახლე ერთი ან რამდენიმე მსხვილი ჯგუფის მიერ ლარზე ხელოვნური ზემოქმედების საშუალებას?
– იცით, რომ რამდენიმე თვის წინათ „ბლუმბერგმა“ საქართველოსა და იამაიკის (რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი სავალუტო ბირჟა) ცენტრალურ ბანკებს შეუქმნა, ეგრეთ წოდებული, „ბინეჯის“ პლატფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, არის „ბლუმბერგის“ ტერმინალი, ოღონდ შემოფარგლულია მხოლოდ ლარითა და დოლარით სავაჭროდ. ეროვნული ბანკის გათვლით, ეს ისეთი პლატფორმაა, რომელშიც ივაჭრებენ არა მხოლოდ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არამედ სხვა ტიპის არასაბანკო სტრუქტურებიც და კურსის დათვლა იქნება უფრო მომგებიანი, რადგან იქნებოდა ნაკლებ მერყევი. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის ლარის შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსი შეეთავაზებინა. ეს სისტემა ჯერჯერობით ბოლომდე არ ამუშავებულა, თუმცა კომერციული ბანკები უკვე ვაჭრობენ ამ სისტემაში, მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია სრულფასოვნად არ ამოქმედებულა. ადრე ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ვაჭრობის შედეგად ითვლიდა ლარის კურსს და ეს ვაჭრობა კომერციულ ბანკებს შორის ეროვნული ბანკისთვის გადაშლილ წიგნს ჰგავდა. ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგად იცოდა, ვინ ვაჭრობს, როგორ ვაჭრობს, როდის წარმოიქმნება დოლარის დეფიციტი და როდისაა საჭირო სავალუტო ინტერვენციის განხორციელება ან პირიქით.
– მკითხველმა კარგად რომ გაიგოს: ყოველდღიურად ბანკები წარადგენენ განაცხადს, რამდენი ფული, ლარი თუ უცხოური ვალუტა სჭირდებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების საფუძველზე და ამის მიხედვით დგინდება ვალუტების ფასი.
– დიახ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დავუშვათ, შპს „ყურშას“ გახსნილი აქვს ანგარიში „ა“ ბანკში და სჭირდება თანხის გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში საზღვარგარეთ. თუ აქვს ანგარიშზე უცხოური ვალუტა, ამ თანხას კომერციული ბანკი პირდაპირ რიცხავს საზღვარგარეთ, მაგრამ, თუ ამ შპს „ყურშას“ არ გააჩნია საკმარისი ოდენობით უცხოური ვალუტა, მაშინ კომერციული ბანკი იწყებს თანხის კონვერტირებას უცხოურ ვალუტაში. ანუ თვითონ კომერციულ ბანკს თავად უნდა ჰქონდეს საკმარისი ოდენობის უცხოური ვალუტა, რომ შპს „ყურშას“ ლარი გადაახურდაოს უცხოურ ვალუტაში და ისე გადარიცხოს უცხოეთში. თუ ბანკს აქვს საკმარისი უცხოური ვალუტა და თავად მოახდენს ლარის კონვერტაციას, ასეთი გადარიცხვა არ იწვევს ლარის კურსის რყევას, მაგრამ, თუ შპს „ყურშას“ უნდა, რომ უცხოეთში გადარიცხოს იმ ოდენობის უცხოური ვალუტა, რომელიც არ აქვს იმ მომენტში კომერციულ ბანკს, ბანკი „ბლუმბერგის“ ტერმინალის მეშვეობით მიმართავს სხვა კომერციულ ბანკებს შეთავაზებით, რომ სჭირდება ამდენი და ამდენი უცხოური ვალუტა და ეკითხება ფასს, ანუ, ფაქტობრივად, ვაჭრობის პროცესი იწყება კომერციულ ბანკებს შორის და იმ შემთხვევაში, თუ „ა“ ბანკს სჭირდება ძალიან ბევრი უცხოური ვალუტა, მას რამდენიმე ბანკთან უწევს გარიგების დადება და როდესაც სხვა ბანკები ხედავენ, რომ „ა“ ბანკს სჭირდება უცხოური ვალუტა და ამით ის იღებს შემოსავალს, საკომისიოს სახით, თანდათანობით უწევენ ფასს დოლარს.
– ანუ ხელოვნურად აძვირებენ დოლარს.
– დიახ, აძვირებენ და ამ პროცესში, როდესაც გარიგება იდება, უფასურდება ლარი და მყარდება დოლარი და ამ ყველა პროცედურას ეროვნული ბანკი ხედავს.
– და რის გაკეთება შეუძლია? ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოსახლეობის მოლოდინების გამო უფასურდება ლარი, რადგან მოსახლეობა მასობრივად იწყებს დოლარის შესყიდვასო. რას ყიდულობს ჯიხურებში ამდენს საქართველოს არც თუ მდიდარი მოსახლეობა? ნუთუ ჩვენი მოლოდინები უფრო ძლიერია, ვიდრე ბანკების ვალუტის სარფიანად გაყიდვის სურვილი?
– სამწუხაროდ, მოლოდინები ნამდვილად არ აუფასურებს ლარს. როგორც ავხსენი, ლარი უფასურდება კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. ფაქტობრივად, ეს არის უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან, რაც არყევს ლარის გაცვლით კურსს. ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ერევა ამ პროცესში და გარდა კომერციული ბანკებისა, თვითონაც სთავაზობს უცხოურ ვალუტას კომერციულ ბანკებს სწორედ იმისთვის, რომ არ გაძვირდეს უცხოური ვალუტა, ანუ არ წავიდეს სპეკულაციური პროცესები. დღეს, როდესაც დაწყებულია ქვეყნიდან კაპიტალ;ის სერიოზული გადინება, ეროვნული ბანკის ინტერვენციები, ფაქტობრივად, ავსებს უცხოური ვალუტის დეფიციტს კომერციულ ბანკებში და შედარებით სტაბილურ დონეზე ინარჩუნებს ლარის კურსს. ჩვენი მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, გავიმეორებ, როდესაც ირყევა ლარის კურსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გადის უცხოური ვალუტა და ამ გადინებული უცხოური ვალუტის ოდენობა შეგვიძლია, განვსაზღვროთ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მოცულობით. მინდა, გითხრათ, რომ ქვეყნიდან ვალუტის გადინების დათვლა შესაძლებელია საგადასახდელო ბალანსის მეშვეობით, მაგრამ ეროვნული ბანკი არა თუ არ ითვლის ამას, მას დათვლის მეთოდოლოგიაც კი არ აქვს შემუშავებული. ანუ არ იცის, როგორ გადის და გარბის კაპიტალი ქვეყნიდან. ეს პრობლემა დამახასიათებელია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის.
– რატომ არ იცის ეს ეროვნულმა ბანკმა, იმიტომ რომ ბანკებს ბევრი ფულის შოვნის საშუალება მისცეს, კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, თუ რა ინტერესი აქვს?
– ეროვნული ბანკი კანონითაა ვალდებული, გაატაროს ფულად-საკრედიტო, ანუ მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა. თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მეტ-ნაკლებად ატარებს, სავალუტო პოლიტიკა, სამწუხაროდ, არ გააჩნია, არადა სავალუტო პოლიტიკაა ის მექანიზმი, რომელიც ლარს მისცემს სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნების საშუალებას. როგორი შეიძლება, იყოს ეს სავალუტო პოლიტიკა, რომ ლარი ნაკლებად მერყეობდეს? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია სავალუტო კონტროლი, რასაც ეროვნული ბანკი უარყოფს და არც აპირებს მის შემოღებას. რას მოგვცემდა ეს სავალუტო კონტროლი? რომ საქართველო არ გადაიქცეს, თუ უკვე არ გადაიქცა, ფულის სამრეცხაოდ, ნებისმიერი გასული კაპიტალი უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ის კანონიერია. ეს ხდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. ყველა ქვეყანა მოითხოვს კაპიტალის წარმოშობის დასაბუთებას, ანუ მის კანონიერებას; მეორე – ასეთ სიტუაციაში სხვა ქვეყნები, ჩვეულებრივ, აწესებენ კაპიტალის გასვლის სქემას, ანუ არავინ მოგცემთ საშუალებას, რომ უცებ გაიტანოთ 20-30 მილიონი რომელიმე ქვეყნიდან. აუცილებლად გინაწევრებენ თანხას თვით ბანკები, რადგან ამის ვალდებულება აქვთ თავიანთი ცენტრალური ბანკიდან. მაგალითად, პირველ დღეს მილიონის გატანის უფლებას მოგცემენ, სამი დღის შემდეგ – 2 მილიონის და ასე შემდეგ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივი ვალუტის კურსი ძლიერად არ რეაგირებდეს კაპიტალის გასვლაზე და მკვეთრად არ უფასურდებოდეს.
– ნელ-ნელა გატანა გავლენას ვერ მოახდენს კურსის სტაბილურობაზე.
– რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანხის გადარიცხვა კომერციულ ბანკებს უქმნის საშუალებას, მოემზადონ ამ პროცესებისთვის და არ იქნება მტკივნეული. მაგალითად, კომერციული ბანკები ემსახურებიან იმპორტიორებს და მათ იციან, რომელ იმპორტიორს რა თანხა სჭირდება რა პერიოდში და მზად არიან, მოემსახურონ. შესაბამისად, როდესაც იმპორტის მიზნით გადის ქვეყნიდან კაპიტალი, ეს არ ახდენს გავლენას ლარის კურსზე, მაგრამ აი, ასეთი უეცარი გადინებები, რასაც ახლა ვაკვირდებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში – ეს არის წინასაარჩევნოდ კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან – იწვევს ლარის გაუფასურებას. და ასეთ პროცესს ვაკვირდებით საკმაოდ ხშირად.
– რატომ მირბის წინასაარჩევნოდ კაპიტალი ქვეყნიდან?
– ბიზნესს ყოველთვის სჭირდება სტაბილური როგორც ბიზნეს, ისე პოლიტიკური გარემო. ვინაიდან არ არის ცნობილი, როგორი იქნება ნოემბერში პარლამენტი, მთავრობა, იქნება თუ არა ქმედუნარიანი, სიფრთხილეს კი თავი არ სტკივა – ეს არის ბიზნესის პრინციპი, ცდილობენ, გადამალონ კაპიტალი. ხაზი მინდა, გავუსვა, ეს ფული მეტწილად არის სპეკულაციური და არა – მწარმოებლური.
– ამის კითხვა მინდოდა სწორედ: თუ კაპიტალი დაბანდებული აქვთ, როგორ გააქვთ? ესე იგი, უდევთ ფული?
– დაბანდებულ ფულს სწრაფად ვერ ამოიღებ, ეს არის ფული, რომელიც უცებ ტრიალდება ქვეყანაში, მოიგებს დიდ თანხას და შემდეგ გადის. მაგალითად, კომერციული ბანკების მიერ ნასესხები უცხოური ვალუტა უცხოეთიდან, რომელიც აქ ჩაიდება, 2-3 თვეში დატრიალდება, მოიგდებს ძალიან მსუყე მოგებას და შემდეგ გაედინება. ამას არა მხოლოდ არასაფინანსო სექტორის ბიზნესმენები აკეთებენ, არამედ საფინანსო სექტორისაც. გარდა ამისა, ვალუტა აქვთ ექსპორტიორებსაც, რომლებიც, ასევე, ცდილობენ, შეინახონ უცხოური ვალუტა არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. არსებობს ბინძური ფულიც, არაკანონიერი გზით მიღებული... ამის გამოძიება, უპირველესად, ეროვნულ ბანკს ევალება და მისი წარდგინებით, შემდეგ სამართალდამცველ ორგანოებს. ანუ ეს საკითხიც არ არის გამოაშკარავებული. ფაქტი ერთია, ქვეყნიდან გარბის კაპიტალი. ეროვნული ბანკი იშვიათად იმიტომ ახორციელებს ინტერვენციებს, რომ, მათი აზრით, გაქცეული კაპიტალის დაფინანსება მათი საქმე არ არის. ისინი თვლიან, რომ ლარის კურსის მერყეობა მათი პრობლემა არ არის. არადა, ეროვნული ბანკი კანონით ვალდებულია, დაიცვას ფასების სტაბილურობა. ხოლო ვინაიდან ფასები და სავალუტო კურსი საქართველოში ერთმანეთსაა გადაჯაჭვული, ამიტომაცაა, რომ ეროვნული ბანკი ვერასდროს იცავს ინფლაციის თავის მიერვე დასახულ მიზნობრივ მაჩვენებელს. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ეროვნული ბანკი არის საქართველოს ეკონომიკის პატარა, ჩასაფრებული მტერი, რომელიც მუშაობს მხოლოდ თავის თავსა და საბანკო სექტორზე და ეკონომიკის სხვა სექტორები მას საერთოდ არ აინტერესებს.