№41 რატომ დაამთხვია ბაქომ სამხედრო მოქმედებების განახლება „კავკაზ 2020-ის“ საზეიმო დახურვის ცერემონიალს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
რუსეთში სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2020“ 27 სექტემბერს დასრულდა და იმავე დღეს განახლდა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მადლობა ღმერთს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამჯერად რუსეთში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვისაუბრებთ, რადგან ეს წვრთნები ყველა სხვა წინასგან გამორჩეული იყო – მასში მონაწილეობას იღებდნენ ჩინელი და პაკისტანელი სამხედრობიც, სხვა ჩვეულ მონაწილეებთან ერთად.
– „კავკაზ 2020“ გამორჩეულად ჩატარდა და, მეორე მხრივ, თითქოს, უხმაუროდ, თუ არ ჩავთვლით 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების დაწყებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. დაწვრილებით არსად ეწერა, რომელი ქვეყნები იყვნენ დამკვირვებლებად და რომლები – მონაწილეებად? რა სცენარით ჩაატარეს წვრთნები და, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა „კავკაზ 2020-ის“ განსხვავებულად ჩატარება?
– მინდა, გითხრათ, რომ „კავკაზ 2020“, რომელიც დაიწყო 21 სექტემბერს და დასრულდა 27 სექტემბერს, მართლაც, ფუნდამენტურად განსხვავდებოდა იმ წვრთნებისგან, რომელთა ჩატარება რუსეთმა რეგულარულად დაიწყო 2007 წლიდან. გავახსენებ ჩვენს მკითხველს პრეისტორიას, რამაც ჩაუყარა საფუძველი ამ სამხედრო წვრთნებს. 2007 წელს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოდიოდა პარიზის ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებიდან...
– დარჩა მსოფლიოში რამე ხელშეკრულება, რომელიც ეხება შეიარაღებას და მოქმედებს?
– როგორ არა, რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება ძალაშია, უბრალოდ, წარმოიშვა პრობლემები, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ჩინეთის ფაქტორიც იყოს გათვალისწინებული, ხოლო რუსეთი კი მოითხოვს, რომ ევროპიდან გაიტანონ ამერიკული ბირთვული ქობინები და დამრტყმელი შეიარაღება. ორივე მხარე დღეს სტრატეგიული შეიარაღების ერთგვარ რბოლას ახორციელებს და ეს ცალკე საუბრის თემაა. დავუბრუნდეთ პარიზის ხელშეკრულებას. ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით განისაზღვრა სამხრეთისა და ჩრდილოეთის საფლანგო რაიონები. სამხრეთ საფლანგო ზონაში მყოფი ქვეყნებისთვის – კავკასია, ბალკანეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა, შეიზღუდა დამრტყმელი შეიარაღების სახეობების რაოდენობა და თითოეულ ქვეყანას განესაზღვრა მათი რაოდენობა ტერიტორიის მოცულობისა და მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. მაგალითად, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ არ ექნებოდა დამრტყმელი ავიაციის 100-ზე მეტი ერთეული.
– 240 ტანკი, თუ სწორად მახსოვს, 50 ვერტმფრენი. თავის დროზე ბევრი მასალა დავწერე ამ თემაზე, ჩვენ კვოტას ვერასდროს ვავსებდით, განსხვავებით, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან.
– დიახ, შეიარაღების თითოეული ტიპისთვის დაწესდა კვოტები. სხვათა შორის, რუსეთს ჰქონდა სერიოზული შეზღუდვები სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას. სამხრეთ კავკასიაში მას განესაზღვრა იმ შეიარაღების ჭერი, რაც შეეძლო განეთავსებინა სომხეთსა და საქართველოში არსებულ თავის სამხედრო ბაზებზე. თუმცა, იმავე სტამბოლის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილებით, რუსეთს დაევალა თავისი ყველა სამხედრო ბაზის დახურვა საქართველოში. 2005 წლამდე რუსეთმა ეს, ფაქტობრივად, შეასრულა.
– გუდაუთის სამხედრო ბაზა დაიტოვა და ეშერის ლაბორატორია, რომელიც არც კი იყო ნახსენები 1999 წლის სამიტის იმ ხელშეკრულებაში.
– დიახ, გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხი დარჩა ღიად და, ფაქტია, რუსეთს აღიზიანებდა, რომ მოუწია თავისი ბაზების გატანა საქართველოდან, მას დარჩა ორი სამხედრო ბაზა სამხრეთ კავკასიაში – გუდაუთასა და გიუმრიში (სომხეთი), ასევე, მცირე შეიარაღება ერევნის აეროდრომზე. სხვა დამრტყმელი შეიარაღება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ჰქონდა შეზღუდული, ისევე, როგორც ჩრდილო კავკასიაში.
– აქ გავახსენოთ მკითხველს ისიც, რომ, პარიზის ხელშეკრულებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწესდა ეს სამხედრო კვოტები შეიარაღებაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის.
– დიახ. ყველაზე პრობლემური იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, აქ, ფაქტობრივად, ერთი მილიონი სამედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, განთავსებული იყო 2 000-ზე მეტი საბრძოლო ტანკი, ერთი საარმიო კორპუსი და საკმაო შეიარაღება. ერთ კვადრატულ მეტრზე მოდიოდა 5 ჯარისკაცი და თანმდევი კომპონენტები. ყველაზე მილიტარიზებული რეგიონი იყო როგორც სამხრეთი, ისე ჩრდილოეთ კავკასია. ამიტომაც შეიქმნა სამხრეთ ფლანგის განსაკუთრებული ზონა და რუსეთს, როგორც თავად თვლიდა, პარიზის ხელშეკრულებით, შეეკვეცა ფრთები. განსაკუთრებით, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მას მოუწია დიდი ძალისხმევა, რომ დაემარცხებინა ჩეჩენი ამბოხებულები და ეს საკმაოდ დიდი ისტორიაა. მაგრამ 2007 წელს პუტინმა მიუნჰენის კონფერენციაზე გააკეთა თავისი ცნობილი განცხადება, როდესაც გააკრიტიკა ამერიკა და ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი და თქვა, რომ რუსეთი გამოდიოდა ამ ხელშეკრულებიდან და შედეგად, მან აღადგინა თავისი ის სამხედრო უპირატესობა, რაც შეზღუდული ჰქონდა კავკასიაში. ამის შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში დაიწყო შეიარაღების რბოლა. 2008 წელს მან რეგიონში შემოიყვანა სარკინიგზო ჯარები, რომლებმაც დაიწყეს კომუნიკაციების მშენებლობა, მიიყვანეს ლიანდაგები ოჩამჩირის პორტამდე. ამას დაემატა დამატებითი შეიარაღების შემოტანა აფხაზეთში, ასევე, ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ადამიანებისა და „სამშვიდობოების“ ეგიდით შეიარაღების შეტანა, ჩრდილოეთ კავკასიაშიც გაზარდა თავისი სამხედრო ძალა. შექმნა 58-ე არმია და, ბოლოს, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი გარდაქმნა ოპერატიულ-სტრატეგიულ შენაერთად – სამხრეთის სარდლობად. დღეს ამ სარდლობაში შედის სამი სრულფასოვანი არმია, ეს არის სამი ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია, 58-ე, 59-ე და მერვე გვარდიული არმია. შესაბამისად, დღეს აქ უკვე თავმოყრილია 300 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე დამრტყმელი შეიარაღება, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ამის შემდეგ, რათა ეჩვენებინა თავისი ბრძოლისუნარიანობა, 2007 წლიდან დაიწყო „კავკასიის“ წვრთნების ჩატარება. საინტერესოა, რომ 2008 წლის წვრთნები დაიწყო გაცილებით ადრე.
– დიახ, მახსოვს, ივლისში.
– და აგვისტოში მას მოჰყვა სამხედრო აგრესია ჩვენ წინააღმდეგ, რაც ბუნებრივი იყო, ამ წვრთნებიდან გამომდინარე. მას შემდეგ ყოველ წელს ტარდებოდა მეტ-ნაკლები ინტენსივობით და 2020 წლის წვრთნები მართლაც განსხვავებული იყო. ამ წვრთნების მასშტაბები აღემატებოდა ყველა წინა, მათ შორის, 2008 წლის ივლისის სამხედრო წვრთნებსაც კი. მასში მონაწილეობა მიიღო 80 000-მა სამხედრო მოსამსახურემ, 500-ზე მეტმა საბრძოლო ტანკმა, ავიაციის ყველა სახეობამ. რუსეთმა პირველად გამოიყენა „ტორნადოს“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელსაც 30 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, გაანადგუროს სამხედრო დაჯგუფებები. ეს არის მესამე პლუს თაობის შეიარაღება. მას გააჩნია ზეზუსტი დამიზნების ელემენტები. წვრთნების სცენარით – ამ შეიარაღებით დემონსტრაციულად გაანადგურა ორი სამხედრო კოლონა, რაც ძალიან მაგონებს საქართველო-რუსეთის ომის სცენარს. მეორე მხრივ – რუსეთმა გამოიყენა დესანტირების ახალი მეთოდები, ციმბირიდან დივიზიის ბრიგადა გადმოსხა სრული ეკიპირებით ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე. იმავდროულად, სომხეთში ჩატარდა რუსეთ-სომხეთის წვრთნები, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ჩატარდა სერიოზული წვრთნები, ვითომ იგერიებდნენ საზღვაო დესანტს. გარდა ამისა, ჩატარდა კონტრშეტევის რამდენიმე სერია და, რაც მთავარია, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე წვრთნებში მონაწილეობა მიიღო ინტერნაციონალურმა კონტინგენტმა. კერძოდ, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „ოდეკაბეს“ წევრმა სახელმწიფოებმა. მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. სხვათა შორის, მონაწილეობა უნდა მიეღოთ ინდოეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო წარმომადგენლებსაც, მაგრამ მათ ბოლო წუთს უარი თქვეს. თავი მოიკატუნეს, პანდემიააო, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ინდოეთმა უარი თქვა, რადგან ჩინეთი იღებდა მონაწილეობას, ხოლო აზერბაიჯანმა...
– 27 სექტემბერს გამთენიისას ომი დაიწყო სამხრეთ კავკასიაში.
– დიახ, უკვე გასაგები გახდა, რატომ განაცხადა უარი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის სამხედრო სარდლობამ კარგად შეარჩია დრო სტრატეგიული შეტევის განხორციელებისთვის. სომხეთის თავდაცვის მინისტრი 27 სექტემბერს „კავკაზ 2020-ის“ დახურვას ესწრებოდა, იქიდან კი გაფრინდა ბულგარეთში. როგორც ვხვდები, სომხეთის გენშტაბის მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად. და, როდესაც სომხეთის შეიარაღებული ძალები მართვის გარეშე იყო დარჩენილი, მაშინ განახორციელა შეტევა: მთავარი შეტევა მიიტანა საკუთრივ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უშუალოდ მთიან ყარაბაღზე დარტყმა იყო მეორეხარისხოვანი, უბრალოდ ყურადღების გადასატანად და მოწინააღმდეგის დეზორიენტაციისთვის.
– ჩინელებისა და პაკისტანელების მონაწილეობით რა აჩვენა რუსეთმა?
– რუსეთმა ამით აჩვენა, რომ სულ მალე შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია გადაკეთდება ისეთივე სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად, როგორიცაა „ნატო“.
– იმ ფაქტით, რომ აზერბაიჯანმა არ მიიღო მონაწილეობა წვრთნებში და 27-ში ჩაერთო ომში, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ მან დაიწყო, მაგრამ აშკარად მომზადებული იყო, რა უთხრა ამით მოსკოვს ბაქომ?
– მათ სწორად შეარჩიეს დრო ოპერატიული შეტევისთვის, ბევრი სომეხი კოლეგა ამბობს, რომ სომხეთი უკეთ მომზადებულია, მე პირიქით, მგონია, ადრე სომხები უფრო უკეთ იყვნენ მომზადებულები, ვოდრე ახლა. სომხეთისთვის მოულოდნელი იყო ეს სამხედრო კამპანია.