კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რა ვითარებაში უწევდა ჟურნალისტ ეკა ჩხეიძეს პირდაპირ ეთერში მუშაობა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  ტელედიქტორისა და „მოამბის“ წამყვანის, პირველი „მის თბილისის“,  ეკა ჩხეიძის მიერ პირდაპირ ეთერში წარმოთქმულმა სიტყვებმა შეძრა სრულიად საქართველო. 1991 წელი იყო.  „მოამბის“ წამყვანი, ოპოზიციის პარლამენტის შენობაზე  სამხედრო შტურმის დაწყების შესახებ იუწყებოდა. ქალბატონი ეკა ის დიქტორი გახლავთ, რომელიც  თბილისის ომის იმ ტრაგიკულ დღეებში, ბუნკერიდანაც გადმოსცემდა ინფორმაციებს. მას შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, თუმცა ქალბატონი ეკა დღესაც საოცარი ემოციით იხსენებს ამბებს ყველაზე ტრაგიკული უახლესი ისტორიიდან.
– ქალბატონო ეკა, ლეგენდარული წამყვანი და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ისტორიული ტელედიქტორი ხართ. ტელევიზიაში როგორ მოხვდით?
– თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და იქიდან გამიშვეს ჯერ მარჯანიშვილის თეატრში და შემდეგ ტელევიზიაში. 1989 წლიდან „პირველ არხზე“ ვიყავი.
– თქვენ ის ტელეწამყვანი ხართ, ვინც 1991 წლის 22 დეკემბერს  გამოაცხადა რომ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ შტურმით დაიკავა ტელევიზია – გახსოვსთ ეს ემოცია?
– ამ ემოციის დავიწყება შეუძლებელია. ეს იყო წარმოუდგენელი წუთები, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. პატარა ბავშვი მყავდა და თავისუფლად შემეძლო, იმ დროს სამსახურში არ მივსულიყავი და ამის გამო ვერავინ მისაყვედურებდა, მაგრამ იქ ვიყავი და ბოლო წუთამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მახსოვს, მაშინ ,პარლამენტის მეოთხე სართულზე  განათავსეს სატელევიზიო სტუდია  და ვიდრე ანძა არ გათიშეს, იქამდე ეთერში ვიყავი.
– გაიხსენეთ, რა პირობებში გიწევდათ მუშაობა?
– საშინელ პირობებში ვმუშაობდით, ტყვიების ზუზუნში.  პირდაპირ ეთერში შემოაცურებდნენ ფურცლებს და ვკითხულობდით, ტექსტის დამუშავებისა და რედაქტირების  არანაირი საშუალება არ იყო.  დღე და ღამე პირდაპირ ეთერში ვიყავი.  როდესაც  ჩვენ – მე, დავით სოკოლოვი, ნანა კვირკველია, თამარ გელაშვილი, ქეთი ნიჟარაძე და კიდევ რამდენიმე დიქტორი წამოვედით, „მოამბის“ წამყვანების გარკვეული ნაწილი მაშინდელ „პირველ არხზე“ დარჩა.
– იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიასთან თუ გქონიათ შეხება?
– დიახ და მასზე კარგის მეტს ვერაფერს გავიხსენებ, ჩემთვის ის იყო პატრიოტი ადამიანი. მახსოვს, ძალიან ღელავდა იმ დღეებში, მაგრამ პანიკა არ გამოუწვევია და არ დავუთრგუნივართ. სულ სხვანაირი კაცი იყო, მახსოვს, ძალიან თბილად მესაუბრებოდა, გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო...
– ბუნკერშიც იყავით, გაიხსენეთ რა ხდებოდა იქ?
– როცა უზენაეს საბჭოში ბომბი ჩამოაგდეს, მაშინ კანტუზია მივიღე და ჩამიყვანეს ბუნკერში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს. ახლა ეს სათქმელად ადვილია. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტი ხარ და შენივე ქვეყანაში სრულიად დაუცველი. მახსოვს,  რამდენიმე საათი ვიყავი იქ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადამიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში. რამდენიმე დღე  გამაჩერეს და მერე კონსპირაციულად წავედი იქიდან, სახლშიც ვერ მივედი, შვილი გადამალული მყავდა. იყო მუქარის ზარები, გადაბირების მცდელობები და ასე შემდეგ. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში. თითქმის არავის, ქართველი ჟურნალისტებიდან, მსგავსი არ გადაუტანია, ეს არის მუშაობა სამოქალაქო ომის პერიოდში, პირდაპირ ბუნკერიდან, ტერორისა და მუქარების ფონზე.
– ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბუნკერში მყოფი ადამიანები ერთობოდნენ, რეალურად რა ხდებოდა იქ?
– მე იქ დიდი დრო არ გამიტარებია, მით უფრო, ტელესტუდია სულ სხვა სართულზე იყო განთავსებული, მაგრამ ვნახე მაგიდები, სადაც ათავსებდნენ დაჭრილებს დახმარების აღმოსაჩენად. სისხლის გუბეები იდგა, ვის ეცალა ღრეობისთვის, საშინელი ქაოსი, გაურკვევლობა და ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ვერსაიდან ვერაფერს ვიგებდით, ვიცოდით, რომ გარეთ საშინელება ხდებოდა.
– ზვიად გამსახურდიას წასვლის შემდეგ „პირველ არხზე“ დაბრუნება აღარ შემოუთავაზებიათ?
– არაერთი შემოთავაზება მქონდა, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი და სამუშაოდ იქ აღარ დავბრუნდი. მე ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას და არა სამხედრო გადატრიალების გზით მოსულებს. კარიერისტი არასოდეს ვყოფილვარ. მეტიც, ჩემი ამ დღეების გადაწყვეტილების გამო საოცრად  დავიჩაგრე მეც და ჩემი ოჯახიც. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რას ნიშნავდა.
– მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ მოვლენას აცხადებდით, რა შეგრძნება გქონდათ და ფიქრობდით, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა?
– ვფიქრობდი, რომ კარგი აღარაფერი ხდებოდა არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის.
– გროზნოშიც იყავით. იქ შეხვდით ზვიად გამსახურდიას?
– დიახ. საქართველოში ინფორმაციული ვაკუუმი იყო და ჩემს შვილთან ერთად გროზნოში ჩავედი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიპკორპუსის წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჟურნალისტი, ვაძლევდი ინტერვიუებს, ვუცვლიდი ინფორმაციებს. შევხვდი ბატონ ზვიადს, დიდხანს ვისაუბრეთ. საოცარი ადამიანი იყო, დეტალურად გამიმხილა გეგმა, როგორ უნდა დაბრუნებულიყო, ვინ უღალატა და ვისი ნდობა არ შეიძლებოდა.  ვაპირებდით, რომ მისი ჩამოსვლის შესახებ „პირველი არხის“ პირდაპირი ეთერიდან მე უნდა მემცნო სრულიად საქართველოსთვის. საოცრად პატრიოტული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული, მახსოვს, გამიმხილა: თუ სათავეში კანონიერი ხელისუფლება არ დაბრუნდება, საქართველოს ბედი ცუდად წავაო. მის გარეშე საქართველოს შემდეგი 30 წელიწადი ზუსტად იწინასწარმეტყველა, ზუსტად ამიწერა. სანამ ცოცხალი ვარ, ეს საუბარი არასოდეს დამავიწყდება. როცა გროზნოში ჩავედი, თბილისში ჭორები დამიყარეს, რომ მომკლეს. ზვიადთან სხვა თემაზეც ვისაუბრე, აქ ლაპარაკი არ მინდა.
– ძალიან რთული წლები გამოიარეთ, თქვენთვის, როგორც რეპრესირებული ჟურნალისტისთვის, არც ერთი მთავრობის მხრიდან არ ყოფილა  რაიმე ფორმით დახმარების მცდელობა?
–  შევარდნაძის დროს მამაჩემი გაათავისუფლეს სამსახურიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემი იყო. მამა არაერთი ორდენის მფლობელი იყო, შრომის გმირობაზე წარდგენილი და ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარა, იმიტომ რომ ის იყო  ჟურნალისტ ეკა ჩხეიძის მამა. ჩემი ძმა 1993 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დღესაც არ ვიცი, რა მოხდა და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. 1991 წელს დამეღუპა მეუღლე და ძალიან მძიმე წლები გამოვიარე ჩემს პატარა შვილთან ერთად.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ მოიქცეოდით იმ დროში რომ დაგაბრუნათ?
– არც დავფიქრდებოდი, ზუსტად ისევე. ზვიად გამსახურდია პატრიოტი კაცი იყო, სამხედრო გადატრიალების მხარეს, როგორც ჟურნალისტი, ვერასდროს
დავდგებოდი!
  ქალბატონი ეკა იუბილარია! დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ მას დაბადების დღეს. ჩვენს მილოცვას უერთდებიან კომპანიები: “ლუტეცია ჯგუფი”, კომპანია “კარფური”, საკონდიტრო “მადარტი”, “ნატახტრის ველი”. მადლობა მათ იმ სიურპრიზებისთვის რამაც ეკას დღეობა დაუვიწყარი გახადა.


скачать dle 11.3