№41 რას გეგმავს რუსთავის მაჟორიტარობის შემთხვევაში ალექსანდრე კობაიძე და რატომ არის მეუღლე მისი ყველაზე კარგი თანამებრძოლი
ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი
დაიბადა და გაიზარდა რუსთავში, სულით ხორცამდე რუსთაველია და მის ყოველ კუთხე-კუნჭულს ზედმიწევნით იცნობს. რუსთავის პრობლემებიც კარგად იცის და მისი სამომავლო პოტენციალის კონკრეტული გეგმაც აქვს.
ალექსანდრე კობაიძე – „წლის პერსონის“ ტიტულის მფლობელი, წარმატებული ადვოკატი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს გახმაურებული საქმეებიდან, ამჯერად ბედს პოლიტიკას უკავშირებს. ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატია პარტია „პროგრესული საქართველოდან“.
– ბატონო ალექსანდრე, „წლის პერსონის“ ტიტულის მფლობელი გახდით... საკმაოდ წარმატებული ადვოკატიც ხართ და პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– დავიწყოთ „წლის პერსონის“ ტიტულიდან. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტათი მოულოდნელიც იყო ასეთი პრიზის მიღება, მაგრამ ზოგადად, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, პრინციპული და მიზანდასახული. ეს არც ამბიციური განაცხადი გახლავთ და ნურც თავის ქებაში ჩამომართმევთ. განსაკუთრებით, თუ საქმე მართლმსაჯულებას ეხება, ამ მიმართულებით საერთოდ შეუვალი ვარ. ასევე, მაქვს იდეების ერთგვარი გენერაციის უნარიც. ახლახან დავიწყე ასეთი იდეის რეალიზება – „შემახე ამინისტია“, რომელიც საკმაოდ კარგად იქნა აღქმული ფართო საზოგადოების მხრიდან. ეს გახლავთ ერთგვარი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც მოიცავს ფართო ამინისტირების თემის პოპულარიზებას აქციებისა და სხვა აქტივობების კუთხით. მე ამ თემას წამოვწევ, განსაკუთრებით მიმდინარე კოვიდ ეპიდემიის პირობებში, სუფთად ჰუმანური პრინციებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გადახედვის პრინციპით. საზოგადოებაში ჩემმა იდეამ საკმაო მხარდაჭერა ჰპოვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პარტია „პროგრესული საქართველოს“ სახელით არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა. პოლიტიკაში მოსვლა ყოველთვის მიტაცებდა, ბავშვობიდან მინდოდა, რომ რაღაც უფრო ხელშესახები გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. ადვოკატობა ეს პროფესიაა, მაგრამ პოლიტიკოსობა, ჩემი აზრით, ქვეყნის სამსახურია. მე მინდა, ვიყო ჩემი ქვეყნის სამსახურში.
– რატომ რუსთავი?
– რუსთავი ჩემი ბავშვობის ქალაქია, სისხლხორცეულად მასთან დაკავშირებული. მე რუსთაველი ვარ, ძველი რუსთაველი. მეცხრე სკოლა დავამთავრე და კენჭიც კი ვიცი, სად გდია. ვის რა ტკივილი აქვს, ვის უჭირს და ვის ულხინს. ზოგადად, რა სჭირდება ჩემს ქალაქს. რამდენი მაჟორიტარი გამოიცვალა და პარლამენტში მოხვედრისთანავე, რატომღაც, ყველას ავიწყდებოდა რუსთავის პრობლემატიკა: თუნდაც, რუსთავში დაბინძურებული ჰაერისა და გარემო პირობების ნორმალიზებისა და საკანონმდებლო დონეზე ამისთვის საჭირო რეგულაციების შემოღება. რუსთავი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქია და ეს განპირობებულია მისი შესაშური ადგილმდებარეობით, თუნდაც, აზერბაიჯანისა და სხვა მოსაზღვრე ქვეყნებიდან სამეზობლო ტურისტული ინტერესების მოზიდვით. მაგალითისთვის, შესაძლებელია, თურქული ტურისტული კომპლექსის ნიმუშები ავიღოთ, როდესაც ისინი ასეთი ტიპის ქალაქებში გვთავაზობდნენ ტურისტულ ჰაბს – სასტუმრო-კლინიკებს, ასევე, კაზინოების სეგმენტითაც შეგვიძლია, დავტვირთოთ... ეს საკმაოდ რეალური გეგმებია რუსთავის, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხითაც.
– მაჟორიტარობას ადვოკატობას როგორ შეუთანხმებთ?
– თუ რუსთავი ამირჩევს და ნდობას გამომიცხადებს, ბუნებრივია, რომ ადამიანთა უფლებებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვას ყველა დონეზე გავაგრძელებ.
– ძალიან აქტიური პერსონა ვარო და ასეთი გადარბენების რეჟიმში კვებას ასწრებთ?
– აი, ჩემს სუსტ წერტილს მივადექით. პრაქტიკულად, დღეში ერთხელ მიწევს ჭამა. დილას თუ მოვასწრებ ჩაის ან ყავას და პრაქტიკულად, მთელი დღე ვეღარ ვახერხებ სადილს. მეუღლე მუდმივად მსაყვედურობს ამის გამო.
– თქვენ გახმაურებული საქმეების ადვოკატი ხართ, მეუღლე, ალბათ, ნერვიულობს...
– მეუღლე ჩემი ყველაზე ერთგული თანამებრძოლია. ეს საადვოკატო საქმეები კი არა, იყო პერიოდი, უფრო მძიმე დღეებიც გადავიტანეთ ერთად, ხან – გატაცება, ხან – ცემა... თავიდან ნერვიულობდა, ახლა უკვე იცის, რომ ეს საქმეა და ჩემთან ერთად ისიც გამოიბრძმედა... ჩვენ ერთი გუნდი ვართ! სამი შვილი მყავს, 2 ვაჟი და პატარა ქალიშვილი. მინდა, რომ მათ ლამაზ, პროგრესულ საქართველოში იცხოვრონ. მიმაჩნია, რომ ქართველი ახალგაზრდობა ამას იმსახურებს!