№40 თამო ვაშალომიძე: ჩემს საქმროსთან გადავდივართ ყველა: მე, სოფია და ძიძა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოების წინაშე ახლა უკვე წამყვანის ამპლუაში წარსდგა. გადაცემა „თამოს დღიური“ ქალებისთვის საინტერესო თემატიკას შეეხება და საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ამ და სხვა სიახლეების შესახებ თამომ თავად გვესაუბრა.
თამო ვაშალომიძე: დიდხანს ვფიქრობდი საკუთარ გადაცემაზე, რამდენიმე ტელევიზიასთან მოლაპარაკებაც კი მქონდა და ცოტა სხვა ფორმატის გადაცემის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ კორონავირუსი დამემთხვა და გეგმები შემეცვალა. ორსულობის გამოც ვეცადე, მცირე ფორმატით გამეკეთებინა, რომ არ გადავღლილიყავი. უცებ მომაფიქრდა კონცეფცია და დავიწყეთ მუშაობა. გადაცემას „თამოს დღიური“ იმიტომ ჰქვია, რომ ეხება ყველა ადამიანს, რჩევები იქნება თავის მოვლაზე, სილამაზეზე და ასე შემდეგ, სტუმრად მეყოლებიან არა მხოლოდ ცნობილები, არამედ უცხო ადამიანები, რომლებსაც ხალხი ჩემი გადაცემიდან გაიცნობს. ვცდილობ, ის, რასაც ვაკეთებ, მაყურებლისთვის საინტერესო იყოს.
– ორსულობის ბოლო თვეებში ახალ საქმეს შეეჭიდე, როგორ ართმევ თავს?
– მაშინ, როცა ორსულების უმეტესობა დეკრეტში გადის, მე მუშაობა დავიწყე (იცინის). მშვენივრად ვართმევ თავს, რადგან მომწონს, რასაც ვაკეთებ. ჩემი გადაცემა არ არის ხელოვნური, არ ვამონტაჟებ კადრებს და ასე შემდეგ. ვიცი, რომ ბევრი გრამატიკული შეცდომა მაქვს, თუმცა ეს დროის ამბავია, ნელ-ნელა ყველაფერს დავხვეწ და ვისწავლი. არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ხანდახან სისწრაფისა და ნერვიულობის გამო ვუშვებთ შეცდომებს. არ ვცდილობ ხელოვნურად ტერმინების გამოყენებას, როგორიც ვარ, ისეთი ვჩანვარ. კითხვებს პროდიუსერი კი მიწერს, მაგრამ თვალს გადავავლებ ერთხელ და მერე ჩემით ვსვამ – ზუსტად არ მივყვები, რა როგორ წერია. ერთხელ ვცადე და არ მომეწონა, ბუნებრივად რაც გამოვა, ეგ მირჩევნია.
– მგონი, პირველი შემთხვევაა, როცა შენს ახალ წამოწყებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
– კი, ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როცა მართლა არ მაკრიტიკებენ, რადგან ეს არ არის რაღაც სკანდალური. ბევრ ჟურნალისტს შეუძლია, რესპონდენტს „მიაწვეს“ და მაგარი შოუ დადგას, მე ეს არ შემიძლია, თავადაც მაქვს ამის გამოცდილება რესპონდენტის როლში, რაც სასიამოვნო ნამდვილად არაა. ამიტომ ვცდილობ, საყურებლად საინტერესო იყოს და არა მარტო სკანდალებზე აწყობილი. არც ის მინდა, ვინმეს გული ვატკინო და მერე ჩემზე ნაწყენი დარჩეს. მეუბნებოდნენ, რომ სპონსორების მოპოვება რთულია ინტერნეტტელევიზიებისთვისო, მაგრამ გამოჩნდნენ, თავისით მოვიდა რამდენიმე.
– როდის ელოდები პატარას და როგორი ორსულობა გაქვს?
– უკვე მერვე თვეში ვარ და მალე ველოდებით. სოფიასგან განსხვავებით, სულ სხვანაირი ორსულობა მაქვს. სოფია ძალიან წყნარი იყო, ერთი-ორჯერ თუ შემახსენებდა ხოლმე თავს. ეს კი სულ მოძრაობს და თავიდან შემეშინდა. წონაში მოვიმატე – დაახლოებით, 8 კილო. მე-7 თვემდე საერთოდ არაფერი მინდოდა და ახლა უფრო გამეხსნა მადა (იცინის). სიმართლე გითხრათ, მეც მინდა, რომ ტკბილეულს მივეტანო, რადგან რომ გავაჩენ, დიეტაზე მომიწევს ყოფნა და მერე სულ ვერ შევჭამ, ახლა ორსულად ვარ და ჭამის მიზეზი მაინც მაქვს. კიდევ, უფრო ვიღლები, ვიდრე სოფიაზე, ახლა ბევრად გადატვირთული გრაფიკიც მაქვს. თან, მალე სახლიდან გადავდივარ.
– სად აპირებ გადასვლას?
– ჩემს საქმროსთან გადავდივართ ყველა: მე, სოფია, ძიძა. უკვე დროც არის ამის, მალე პატარა გვეყოლება და ერთად უნდა ვიყოთ. ოჯახთან ერთად არ ვიცხოვრებთ, ცალკე ვიქნებით. ეს უკვე ახალი ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. მართალია, რომ ამბობენ, წლების მატებასთან ერთად ქალები უფრო რთულად დგამენ თანაცხოვრებისკენ ნაბიჯსო. ვფიქრობ, ჩვენ გამოგვივა, ჯერჯერობით მე და აკა ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს. ბატონმა აკამ თქვა, რომ შეიძლება, კიდევ მომინდეს გოგოო და მგონი, ერთ ბავშვზე გამჩერებელი არაა (იცინის). პირველი ბიჭი უნდოდა და აუხდა. სახელი არ გვაქვს შერჩეული. აკას ჰქვია აკაკი და ხუმრობით, ბავშვს სახლში პატარა კაკაოს ვეძახით. გოგოს სახელის შერჩევა უფრო გამიადვილდა. სადღაც ერთ თვეში დაიბადება და იმედია, მანამდე შევარჩევთ (იცინის).
– ბუნებრივად აპირებ მშობიარობას?
– კი, ბუნებრივად, გამოცდილება მწარე მაქვს, თუმცა – უცებ გავაჩინე, 15 წუთში. მიუხედავად ამისა, ვღელავ და მეშინია. პირველი გაუტკივარების გარეშე გავაჩინე და ის ტკივილები ჯერ კიდევ მახსოვს. ვვარჯიშობ და ვიმედოვნებ, გამიადვილდება.
– უკვე დაიწყეთ სამზადისი პატარას დასახვედრად? აკა რამდენადაა ჩართული ამ ყველაფერში?
– აკა არის ძალიან ყურადღებიანი და ვიცი, რომ უმაგრესი მამა იქნება. ბედნიერი ვარ მასთან. აკას უყვარს მშვიდი ცხოვრება, ტელევიზიების გარეშე, მაგრამ ჩემს გადაცემაში გამოჩნდება, ამაზე ბევრი არც მიწვალია. მე შევცვალე ჩემი მიმართულება კარიერის კუთხით, ამას აკა კი არ მთხოვს, უბრალოდ, მას პატივს ვცემ და ვიცი, რა სჭირდება ნამდვილ ურთიერთობას. ის არც მიკრძალავს რამეს, ყველაფერს ვაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ ვიცი, რა მოეწონება და რა – არა. ხანდახან საჭიროა, რომ ადამიანები შევიცვალოთ კარიერის კუთხითაც და ცხოვრებაშიც.
– სიყვარულმა შეგცვალა? იპოვე ის ადამიანი, ვისაც ეძებდი?
– არც არასდროს მიძებნია. რომ მეკითხებდონენ ხოლმე: როგორი ბიჭები მოგწონსო, არც ვიცოდი, რა მეპასუხა, ერთი ქერა ბიჭები არ მომწონდა და სუსტები, ქალებზე რომ არიან დაყრდნობილები. აკა ისე მოერგო ყველაფერს თავისი ხასიათით, გარეგნობით, ოჯახით, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უმაგრესი ოჯახი აქვს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. სიყვარულმა შემცვალა თუ დრომ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, შევიცვალე. უფრო სოფიას მერე შევიცვალე, ბევრ რამეს სულ სხვანაირად დავუწყე ყურება. აკასთან ურთიერთობამ, თითქოს, გამზარდა და ბევრი რამ სხვა კუთხით დამანახვა.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის George Vandekamp-ს.