კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 მანანა თოდაძე: ათი ქალი რომ შევკრიბოთ, ერთად არ ექნებათ იმდენი გამოვლილი, რაც მე – ერთმა ადამიანმა გადავიტანე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მანანა თოდაძე წლებია, არ კარგავს პოპულარობასა და საზოგადოების სიყვარულს. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და გამორჩეულია იმითაც, რომ ასაკი მის გარეგნობას ვერაფერს აკლებს.
  მანანა თოდაძე: გამიმართლა, რომ კარგი გენეტიკა მაქვს და თავს სულ შემართებით ვგრძნობ, შინაგანი ძალა მაქვს. ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გავიარე. ათი ქალი რომ ერთად შევკრიბოთ, იმდენი არ ექნებათ გამოვლილი, რაც მე, ერთმა ადამიანმა, გადავიტანე. მაგრამ ყოველთვის რწმენით ვცხოვრობ და იმედი მაქვს, რომ უფალი არასდროს მიმატოვებს. ამ იმედით ვუძლებდი ყველა გასაჭირს. ადამიანები უფრო მეტად შემიყვარდა, ვცდილობ, გული არავის ვატკინო. საკუთარი პრობლემა სხვას თავს არ უნდა მოახვიო. პრობლემა სახლში უნდა დატოვო, რომ გარეთ გაჭირვება არავინ შეგატყოს. ყველას თავის გასაჭირი აქვს და შენ აღარ უნდა დაამძიმო.
– გარეგნობის შენარჩუნება როგორ მოახერხეთ. გეხუმრებოდნენ კიდეც, ნაფტალინში ინახავ თავსო. წლების წინანდელ და ახლანდელ ფოტოებში ერთნაირად გამოიყურებით.
– (იცინის) ბავშვობიდან მოყოლებული მომწონდა მოვლილი ქალები და ამის მაგალითი იყო დედაჩემი. თვალს რომ გავახელდი, ის უკვე მოწესრიგებული და პომადაწასმული ალაგებდა სახლს. მეც ასე ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღე კოსმეტოლოგებთან დავდივარ და პროცედურებს ვიტარებ, მე, უბრალოდ, ვიცი ძველი რეცეპტები. კვირაში ორჯერ მჭადის ფქვილს მარილს ვურევ, სკრაბს ვამზადებ და სახეს ვიწმენდ. ვიყენებ ნატურალურ კრემებს, რომელსაც ჩემი უახლოესი მეგობარი მიმზადებს ბუნებრივი კომპონენტებისგან. ადამიანი თუ თავს უვლი, ყოველთვის კარგად გამოიყურები. შინაგანი მდგომარეობაც ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება, მეწყინოს რაღაც, მაგრამ პატიებაც უცებ შემიძლია. ამას საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება და მე ეს მოვახერხე, ახლა გული არავისზე მწყდება, არავინ მძულს და მტერიც კი მეცოდება, როცა პრობლემის წინაშე დგას. დახმარება რომ დასჭირდეს, პირველი წავალ მის დასახმარებლად. მტრები არ მყავს, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ პატარა შური იგრძნობა ხოლმე, მით უმეტეს ჩვენს სფეროში. თუმცა, მე იმდენად მიყვარს ყველა ადამიანი და იმდენ სიყვარულს გავცემ, რომ სანაცვლოდაც ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებ, თუნდაც, იმ ადამიანებისგან, ვინც შეიძლება, მტრად ჩაითვალოს.
– ძალიან „სწერვა“ გოგო ვიყავი, როცა ვინმე მომწონდა და გავიგებდი, მასაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა, მაშინვე ვკარგავდი ინტერესსო, იხსენებდით.
– (იცინის) კი, ეს მომენტი მქონდა და დღემდე გამომყვა. გამორიცხულია, ვინმეს გავეპრანჭო და ფლირტაობა დავუწყო. გარშემო კედელი მაქვს აგებული და არ მინდა, ვინმემ ზღვარს გადმოაბიჯოს. ალბათ, იმიტომ, რომ თავისუფლება მომწონს.
– არ გაგიჭირდათ ამ კედლის აგება, როცა მთელი ცხოვრებაა ყურადღების ცენტრში ხართ?
– ძალიან მიჭირდა, ზოგჯერ ძლივს ვიგერიებდი – პოპულარული მომღერალი, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ვიყავი... მაგრამ როგორ შეიძლება, ყველას გაუგო ან ყველას ყავაზე მიპატიჟება მიიღო? ამიტომ ავაშენე კედელი, რომ არავისთვის ვყოფილიყავი ხელმისაწვდომი (იცინის). მე უფრო ადამიანებთან მეგობრობა მიყვარს, გაპრანჭვა არაა ჩემი სტილი. ქალი ვარ, თავისუფალი ადამიანი, ხუმრობაც მიყვარს, კომპლიმენტიც მსიამოვნებს და ყურადღებაც, რაც არც წლების განმავლობაში მომკლებია და არც დღეს განელებულა, მაგრამ ყველაფერს თავისი ნორმა, თავისი ჩარჩო აქვს.
– ორჯერ განქორწინების შემდეგ არ გიფიქრიათ, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე?
– არ მიფიქრია და არც მინდა, ვიფიქრო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. შემოქმედი ადამიანი ვარ, ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, მყავს შესანიშნავი შვილები და შვილიშვილები. ოჯახში, მეგობრებთან ვტრიალებ და ამაზე ფიქრისთვისაც კი არ მრჩება დრო. რაც აქამდე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ჩემს ბედს ეწინააღმდეგებოდა და პირადში ამიტომაც არ გამიმართლა. თუმცა, არასდროს ვიტყვი – არას. შეიძლება, მართლა გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გაიგებს ჩემს ხასიათს, დააფასებს ჩემს სულიერ მდგომარეობას, ვინც ნამდვილად ჩემი ბედი იქნება. სამწუხაროდ, ცოტაა ისეთი, ვინც შენი სულიერი სამყროთი დაინტერესდება, მაგრამ თუ ვინმე დაინახავს ჩემს ღირსებებს და შეაფასებს, რატომაც არა?!
– ბევრს უჭირს წარმატებული ადამიანის გვერდით ყოფნა.
– რომ გადავხედოთ ცნობილ ადამიანებს, პირად ცხოვრებაში ყველას პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, პოპულარული, ძლიერი და ნიჭიერი ქალების, მამაკაცებს ეშინიათ და მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მათ ჩრდილში ყოფნა. დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობენ თავს. მე თუ შემხვდება ადამიანი, რომელიც ყველანაირად ჩემზე ძლიერი იქნება, ყველაფერი ნორმალურად იქნება. ჩემი გაგებით, მამაკაცი უნდა იყოს ოჯახში მთავარი.
– დღეს ბევრი ქალი ცდილობს დომინანტობას, თუმცა, თქვენ სულ ამბობთ, რომ ქალი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მამაკაცს, რომ მან საკუთარი წონა იგრძნოს.
– მე ძალიან მომწონს ქართული ტრადიციები, ოჯახში მამაკაცი ერთი საფეხურით მაღლა უნდა იდგეს. ეს არ ნიშნავს, რომ შენ დაბლა დგახარ, მაგრამ მის ღირსებებს და ძალას პატივს უნდა სცემდე. ჩემთვის ძალიან მიუღებელია ქალის მიერ მამაკაცის დამცირება. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საზოგადოებაში, ცოლმა ქმარს დაუყვიროს ან ვინმეს თანდასწრებით რამე აკადროს?! პირიქით, მამაკაცის ღირსებები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო. არა მხოლოდ მამაკაცში, მეგობრებსა თუ ახლობლებშიც მე მუდმივად ვცდილობ, დადებითი თვისებები დავინახო და წინ წამოვწიო. უარყოფითი მხარე ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ჭკვიანი ხარ, მისი დათრგუნვა და სიკეთის დანახვა უნდა შეძლო და „მაზოლზე“ ფეხი არავის უნდა დააჭირო. როცა ცოლ-ქმრის ურთიერთობა ფუჭდება, შვილებისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ქალზე ბევრია დამოკიდებული. ქალებზე ხშირად ხდება ძალადობა და მინდა, ყველას ერთი რჩევა მივცე: როდესაც მამაკაცი წყობიდანაა გამოსული, გინდაც ქალი, იმწუთას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გავჩუმდეთ, ცეცხლზე ნავთი არ დავასხათ და საპირისპირო არ ვუპასუხოთ. სწორედ, ასეთი თავშეუკავებლობის დროს ხდება ძალადობა ქალის თუ კაცის მხრიდან. ჩემს შვილებს არასდროს გაუგიათ კამათი ჩვენს ოჯახში, რადგან მათ ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდებოდი. ამიტომ ყველას ძალიან გაუკვირდა ჩემი ოჯახის დანგრევა, იმდენად არ იცოდნენ, რომ ჩვენ პრობლემები გვქონდა. მინდა, ქალებს ვთხოვო, ვეცადოთ, გვერდში მყოფი ადამიანი დავაფასოთ. სანამ ადამიანთან ცხოვრობ, კარგია ის თუ ცუდი, თქვენი პრობლემები გარეთ არ გამოიტანოთ და დაქალებთანაც კი არ უნდა ილაპარაკოთ. არსებობს რაღაც ისეთი, რაც ორი ადამიანის გარდა, არავინ უნდა იცოდეს. მე ასე ვცხოვრობ.
– თქვენ ორივე შემთხვევაში მოახერხეთ, განქორწინება ბავშვებისათვის ტრავმა არ გამხდარიყო?
– როდესაც გავშორდი, უკვე დიდები იყვნენ, მაგრამ მიზეზი არ მითქვამს. ამდენი წლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაიგეს სიმართლე, მაგრამ ჩემგან არა, ისევ საკუთარი მამიდებისგან. გაოცებულები იყვნენ ბავშვები, როგორ არ გვითხარიო. მე ავუხსენი მიზეზი, თვითონაც ოჯახები აქვთ და ვურჩიე, რომ უთანხმოება ისე მოაგვარონ, რომ ბავშვამდე არასდროს მიიტანონ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ორივე გოგო ისეთი შეგნებულია, არც საყვედური უთქვამთ და არც უკითხავთ – რატომო. ისე უნდა წაიყვანო ცხოვრება, რომ შვილს შენი უნდა სჯეროდეს და რომ ეტყვი, ასეა საჭირო, მაგრამ ამ თემაზე არ ვისაუბროთო, დედა-შვილს შორის ეს სიტყვები, ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს და ზედმეტი შეკითხვები აღარ უნდა დაისვას. ჩემი გოგოები რომ თხოვდებოდნენ, თავიდანვე ვუთხარი: დიდ პატივს ვცემ თქვენს არჩევანს, წყვილს შორის ხდება უთანხმოება, მაგრამ ჩემთან არასდროს მოყვეთ, თუ ქმარმა გაწყენინათ. ეს ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და მე არ მინდა, მათთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს, რადგან ჩემი ორივე სიძე ძალიან მიყვარს. ერთადერთი, მომიყვებით მაშინ, თუ ჩათვლით, რომ თქვენ იმ ადამიანთან აღარ გინდათ ცხოვრება. როდესაც დედას ქმართან უთანხმოებაზე ყველაფერს უყვები, ძალიან ანერვიულებ და სიძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩნდება. ამის გამო კი ხშირად ინგრევა ოჯახები. რას ნიშნავს, დღეს ვლანძღავ ქმარს და ხვალ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე? თავმოყვარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ცოლმა შეიძლება, ქმარს აპატიოს რაღაცები, მაგრამ სიდედრს ეს ძალიან გაუჭირდება, რადგან დედისთვის ძალიან რთულია იმ ადამიანის პატიება, ვინც მის შვილს გულს ატკენს. მე ჩემს სიძეებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ყველა გიჟდება ჩვენს ურთიერთობაზე. ჩემმა შვილებმაც იციან, რომ ქმარს უკადრებელი არ უნდა აკადრონ და თვითონაც ღირსეულად ექცევიან.

скачать dle 11.3