№40 ვინ გააღიზიანა თეონა ცხომელიძის დაინფიცირებამ და რა საჩუქრები მიიღო მან პრეზიდენტისგან კორონავირუსთან ბრძოლის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე კორონავირუსით პირდაპირ ეთერში დაინფიცირდა, კრიტიკული დღეებიც გამოიარა, თუმცა საერთო ჯამში, მსუბუქ პაციენტად ითვლება და ვირუსის მახასიათებელ სიმპტომებსაც უკვე გამოემშვიდობა.
თეონა ცხომელიძე: პირდაპირ ეთერში დავინფიცირდი. მე რომ ცუდად გავხდი, მაშინ თაკო ჩარკვიანს დადასტურებული არ ჰქონდა ვირუსი და ამიტომ, წარმოდგენა არ მქონდა, თუ ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი შეიძლებოდა, კორონა ყოფილიყო. უბრალოდ, პროტოკოლის გამო გავიარე შემოწმება. პასუხის გასაგებად რომ მივდიოდი, მაშინ უკვე დადასტურებული იყო მისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია და რადგან მასთან კონტაქტი მქონდა, შეიძლებოდა, მეც დავინფიცირებულიყავი. ქალბატონი თაკო არაფერ შუაშია. ცუდია, რომ ყველა ყველას აბრალებს ინფიცირებას. თუ ვინმეს გადაედო, არავინაა დამნაშავე. მან თავადაც არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო და როგორც ჯანმრთელი ადამიანი, ისე მოვიდა ჩვენთან. კარგია, რომ ჩემგან არავის აღარ გადაედო. მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერ შუაში ვიქნებოდი, მაინც ძალიან დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობდი. პირველ რიგში ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების წინაშე, თან, ძალიან ბევრთან მქონდა კონტაქტი. ერთადერთი, რაც მგონია, რომ სწორად გავაკეთე და ჩემი აზრით, რატომაც არავინ დაინფიცირებულა ჩემგან, სწრაფი რეაგირებაა. სიცხემ რომ მომცა, სახლში ვიყავი. მაშინვე პირბადე გავიკეთე და ოჯახის წევრებთან დისტანცირება მოვახდინე. მალევე წავედი ტესტის გასაკეთებლად. არც დამიშვია, რომ შეიძლებოდა, კორონა მქონოდა, უბრალოდ, ვიცი პროტოკოლი, როგორ უნდა მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და მას მივყევი. წინა დღეს სტრესული სიტუაცია მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სიცხემ ნერვიულობის გამო ამიწია.
– სახსრების ტკივილი გაწუხებდათ, არა?
– ბეჭები, წელი და ფეხები მტკიოდა ძალიან. ასეთი ტკივილი არ მახსენდება. სიცხე ძალიან არ მაწუხებდა. ეს ძალიან მეუცნაურა, რადგან მაშინ არ ვიცოდი, თუ ამ ვირუსისთვის ბეჭების ტკივილი იყო დამახასიათებელი: სიცხე, ხველა და სუნთქვის უკმარისობა – კი ბატონო. მე ისედაც სუსტი წელი მაქვს და როგორც ჩანს, კორონას სივერაგეც ამაში მდგომარეობს, რაც გაწუხებს, იქ გირტყამს. მსუბუქ პაციენტად ვითვლები, მიუხედავად იმისა, რომ ორი-სამი დღე კრიზისული მქონდა და ისე ცუდად ვიყავი, ღამეები არ მეძინა. მახველებდა კიდეც, სუნთქვაც მიჭირდა, დავკარგე ყნოსვა და გემო.
– როცა გაიგეთ, რომ დაინფიცირდით, პირველი რეაქცია როგორი იყო?
– ემოციურად არც ახლა ვგრძნობ თავს კარგად, განსაკუთრებით ჩაკეტილობასთან გამკლავება მიჭირს. კარანტინში გატარებულ დღეებსაც ვეღარ ვითვლი, სრულიად მარტო ვარ ოთახში და კონტაქტი არავისთან მაქვს. პირველ ეტაპზე შოკი მქონდა და ვფიქრობდი, ვის შეიძლებოდა, გადადებოდა. მთელი ცხოვრება ამომიყირავდა. ოჯახის წევრებიც გამოიკეტნენ, სამსახურმა საერთოდ შეცვალა მუშაობის სისტემა. ამ დროს კარგი მენეჯმენტიცაა საჭირო. მეუღლე და ბავშვები რომ სახლში იკეტებიან, ვიღაცამ საკვები უნდა მიაწოდოს. განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა რთული. უმცროსი შვილი – კირა პატარაა და ვერ იგებს, რა ხდება, რატომ არ მივდივარ სახლში. უფროსი – დიმიტრი უფრო გაგებით ეკიდება. ახლა ონლაინსწავლება დაეწყო და გაკვეთილების შემდეგ აქედან მე ვამეცადინებ, ისევ ონლაინ. კიდევ კარგი, რომ ჩემს მეუღლეს არ დაუდასტურდა ვირუსი, მთელი ეს პერიოდი მარტო ისაა ბავშვებთან ერთად სახლში.
– კიდევ ერთი სირთულე – საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამაზე. ჩათვალეს, რომ ამ ყველაფერში ფული აიღეთ.
– გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არ მაღელვებს, რას დაწერენ ჩემზე, მაგრამ ჩემი და და დედაჩემი ძალიან ნერვიულობდნენ. პირველად მლანძღავდა საზოგადოება და თან, ვერ იგებდნენ, რატომ. ჩემი და მეუბნებოდა, რამე საშინელება მაინც გაგეკეთებინა, რომ მეფიქრა, ღირსიაო. ავად ხარ და კიდევ გლანძღავენ, მოკვდეს და ვერ გამოვიდეს ცოცხალიო. ამ კატეგორიის ადამიანების აზრი გულთან არ მიმაქვს. მათზე უფრო ვნერვიულობ, იმდენად არ უნდათ დაჯერება, მე მლანძღავენ და მათ რომ ჰქონდეთ კორონა, ექიმსაც კი არ მიმართავენ. არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გამოვიარე. თუმცა, ათასჯერ მეტი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დადებით ემოციებს მიზიარებდა. ერთმა გოგომ მომწერა, ჩემი მოხუცი ბებია ძალიან ნერვიულობს თქვენზე და სულ მეუბნება, შედი აბა მის გვერდზე და ნახე, რა დაწერა, როგორააო. აბსოლუტურად უცხო ადამიანები მიგზავნიდნენ წერილებს, საჩუქრებს და მამხნევებდნენ, რომ არაფერი ვთქვა მეგობრებზე.
– პრეზიდენტმაც გამოგიგზავნათ საჩუქარი.
– კი, პრეზიდენტისგან მივიღე საჩუქარი, ტკბილეული და მოკითხვის წერილი. როდესაც გიჭირს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანების თანადგომა და დიდი მადლობა მათ ამისთვის.
– რაც შეეხება პროფესიას, როგორ გახდით ჟურნალისტი?
– პროფესიით ტელე-კინორეჟისორი ვარ და ჟურნალისტობა არასდროს მდომებია. მიკვირდა მათი, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა. შემდეგ „იმედში“ მივედი და საინფორმაციოში აღმოვჩნდი. ორი წელი ვმუშაობდი და სულ ვფიქრობდი, რომ ეს იყო დროებითი და სახლში ჯდომას სჯობდა, რამე მეკეთებინა. 2006 წელს მივიღე „რუსთავი 2-იდან“ შემოთავაზება და ამ არხზე გადმოვედი. აქ მივხვდი, რომ საინფორმაციოში მინდოდა მუშაობის გაგრძელება. როდესაც „რუსთავი 2-ზე“ ცნობილი მოვლენები დაიწყო, დაახლოებით ერთი თვის წასული ვიყავი სამსახურიდან სრულიად სხვა მიზეზით და აღარც ვაპირებდი დაბრუნებას. სიტუაცია რომ შეიცვალა, არც მერე მიფიქრია ამაზე, ვიდრე ნინო შუბლაძე არ მოვიდა, ვისთანაც ძალიან დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება მქონდა. მისგან მოვისმინე, რისი იმედი უნდა მქონოდა, კონკრეტული გარანტიები მივიღე იმის შესახებ, რომ ჩემს საქმიანობაში არავინ ჩაერეოდა და მაყურებელი ჩვენგან სიმართლეს გაიგებდა. ამიტომაც მივიღე დაბრუნების გადაწყვეტილება.
– ოჯახი...
– 11 წლის წინ შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე მორაგბეა და პოლიტიკით საერთოდ არაა დაინტერესებული. რომ ჰკითხოთ, ვინაა პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ გიპასუხებთ. როგორც კი სახლის კარს მივიხურავ, იქ პოლიტიკაზე საუბარი მთავრდება. ამ თემაზე ვერ დაველაპარაკები, მართლა წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება პოლიტიკაში. ორი შვილი გვყავს – ოთხი წლის კირა და ათი წლის დიმიტრი. მგონი, ერთად ყველაფერს ვუმკლავდებით. როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, უკვე ჟურნალისტი ვიყავი და იცის, რომ მუდმივად გადარბენაზე ვარ, შესაბამისად, სახლში ფუნქციები ყოველთვის თანაბრად გვქონდა გადანაწილებული. ახლა ძიძა გვყავს, მაგრამ ბავშვები რომ პატარები იყვნენ, არავინ გვეხმარებოდა და მორიგეობით ვუვლიდით. ხშირად, მეკითხებიან, მეუღლე გეხმარებაო? ვერ ვხვდები, მე რატომ უნდა დამეხმაროს? ერთმანეთს ვეხმარებით, თანაბრად ვაკეთებთ საერთო საქმეს.