№40 ახალგაზრდა, წარმატებული არითმოლოგი ზვიად მათოშვილი – არითმიებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
ახალგაზრდა არითმოლოგი – ზვიად მათოშვილი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტია. საქართველოში ჩატარებული აქვს რამდენიმე ათასი აბლაცია და ოპერაცია. ის დაჯილდოებულია ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სტიპენდიით და მუშაობდა სტოკჰოლმში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2016 წლიდან კი ზვიად მათოშვილი საქართველოში აგრძელებს მუშაობას. ამჟამად ის „ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის ხელმძღვანელია.
პროფესიონალიზმის მიღმა მნიშვნელოვანია ექიმის მიდგომა პაციენტისადმი, რაც ნამდვილად გამოარჩევს ზვიად მათოშვილს, ამას მისი პაციენტების მრავალრიცხოვანი არმია ადასტურებს. განსაკუთრებული გულისხმიერება და გამორჩეული პროფესიონალიზმი ზვიად მათოშვილში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
– ბატონო ზვიად, რა არის არითმია და არითმიების აბლაცია?
– არითმია გულის რიტმის სიხშირის ან რეგულარულობის დარღვევაა. არითმიის აბლაცია კი ამ არითმიის კერის მოშორებას ნიშნავს. აბლაცია შეიძლება, განხორციელდეს „მოწვით“ ან „მოყინვით“.
– ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ, თქვენ მიერ განხორციელდა საქართველოში პირველი კრიოაბლაცია. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას გულისხმობს ეს მეთოდი.
– დიახ. პირველი კრიოაბლაცია 2016 წელს ჩავატარეთ. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის დანერგვასა და პოპულარიზაციაში დიდი როლი მიუძღვით ჩემს კოლეგებს – ქართველ არითმოლოგებს. ზოგადად, არითმოლოგია საქართველოში საკმაოდ კარგადაა განვითარებული, რაც საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა და ქართველი არითმოლოგების დაუღალავი შრომის შედეგია. კრიოაბლაცია არითმიის კერის „მოყინვას“ გულისხმობს, რაც სხვადასხვა არითმიის განკურნების საშუალებას იძლევა.
– რა სახის არითმიის დროს არის კრიოაბლაციის ჩატარება რეკომენდებული?
– კრიოაბლაციის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა არითმიის დროს. ყველაზე ხშირად მას წინაგულთა ფიბრილაციის, ანუ მოციმციმე არითმიის აბლაციისთვის ვიყენებთ. მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო არითმიაა.
– რა უპირატესობები აქვს არითმიის კრიოაბლაციას?
– რიგ ვითარებაში კრიოაბლაცია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. ამასთან, იგივე მოციმციმე არითმიის დროს ბალონური კრიოაბლაციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე რადიოსიხშირული აბლაციისა.
– რა პერიოდს მოიცავს უშუალოდ აბლაციის პროცესი და რამდენ ხანს ყოვნდება პაციენტი კლინიკაში?
– აბლაციის ხანგრძლივობა არითმიის ტიპზე და ანატომიურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მოციმციმე არითმიის კრიოაბლაცია საშუალოდ 1-1,5 საათს გრძელდება. ეს პროცედურა ტარდება ბარძაყიდან ჩხვლეტით და სტანდარტულად, პაციენტი კლინიკაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ყოვნდება.
– რამდენად ხშირად მოგმართავენ და რა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ოპერაცია დაგვიანებულია?
– ამ მხრივ, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. მე და ჩემი გუნდის წევრები ყოველდღე საშუალოდ 25 ამბულატორიულ პაციენტს ვუწევთ კონსულტაციას და 2-3 აბლაციას ან ოპერაციას ვაკეთებთ. ხშირად ამბულატორიული პაციენტების რიგი 2 თვეს გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, რათა პაციენტებმა უფრო სწრაფად შეძლონ ჩვენი კონსულტაციის მიღება. ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი გუნდური მუშაობაა. შეიძლება, უყოყმანოდ ითქვას, რომ ჩემს გუნდში საუკეთესო ადამიანები და მაღალი კლასის პროფესიონალები არიან. მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია.
რაც შეეხება ექიმთან დაგვიანებულ მომართვას. ზოგიერთი არითმიის დროს ეს ნაკლებად პრინციპულია, ზოგჯერ კი – უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაგალითად, მოციმციმე არითმიის დროს დაავადების ხანდაზმულობა და მკვეთრად გადიდებული მარცხენა წინაგულის ზომა მნიშვნელოვნად ამცირებს აბლაციის ეფექტურობას. ცხადია, ასეთ პაციენტებს ვაწვდით სათანადო ინფორმაციას და ვურჩევთ მკურნალობის ალტერნატიულ სტრატეგიას.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია აქვს, არსებობს ამის ნიშნები?
– ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მისი პროგნოზირება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. რიგ შემთხვევებში, როდესაც სახიფათო არითმიის გაზრდილი რისკი არსებობს (დაქვეითებული განდევნის ფრაქცია, სხვადასხვა გენეტიკური სინდრომები, დოკუმენტირებული სახიფათო არითმია), მივმართავთ კარდიოვერტერ დეფიბრილატორის იმპლანტაციას. კარდიოვერტერი დეფიბრილატორი წარმატებით აჩერებს გულის სახიფათო აჩქარებას. ამ გზით მას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ნებისმიერი არითმიის გამოვლენისას რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი.
P.S. ზვიად მათოშვილისნაირი ახალგაზრდა პროფესიონალები ქართული მედიცინისთვის დიდი იმედი და დასაყრდენია. მაქსიმალურად იხარჯება თითოეულ პაცინტთან, არ ტოვებს პასუხგაუცემელ კითხვება და ფიქრობს, რომ ექიმი ვალდებულია, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს როგორც პაციენტს, ისე მის ახლობლებს. თუ გაგიმართლათ და ზვიად მათოშვილის ხელში მოხვდით, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან თქვენზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გულისხმიერი ექიმი ზრუნავს.
ჟურნალი „თბილისელები“ ბატონ ზვიად მათოშვილს ულოცავს დაბადების დღეს და უსურვებს წარმატებას როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.