№40 ზურაბ ანთელავა: იურიდიულადაც ნაშვილები ვყოლივარ და ეს ფაქტი გვიან გავიგე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ზურაბი.
გვარი: ანთელავა.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ტკბილად მახსენდება სოფელში გატარებული დრო. ერთხელ იმდენად შევაწუხე ნაჭყეპიების მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, საქათმეში ჩამკეტეს და მთელი ღამე იქ გამატარებინეს. იყო შემთხვევა, როცა მილიციის ფორმით გადმოსულა მეზობელი, რომ შევეშინებინე, მაგრამ არაფერმა არ მიშველა. ერთადერთი, რამაც „დამაკავა“, იყო მჩხიბავი.
– მშობლების როლი...
– სამწუხაროდ, მშობლების როლი არ არის ჩემს ცხოვრებაში. წლის და ოთხი თვის ვიყავი, როცა მამიდამ წამომიყვანა თბილისში და მან გამზარდა. მე რომ გავჩნდი, ოთხი თვის შემდეგ დედას მენინგიტი დაემართა, გადარჩა, მაგრამ დაინვალიდდა. წლების შემდეგ ოდნავ აღუდგა მხედველობა და მეტყველების უნარი. ამიტომ ბაბუამ მამიდას უთხრა, წაიყვანე, იქნებ გადარჩესო, თან მამიდა იყო ერთადერთი ქალი, ვინც ხელში ამიყვანა და გავჩუმდი. ცოცხალი რომ ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა. შამგონა – ეს არის ერთადერთი კუნძული ევროპაში, რომელიც მდინარეზეა და ხალხითაა დასახლებული. სწორედ ამ სოფელში დავიბადე და ავიდგი ფეხი. მამამ მდინარის მეორე მხარეს, ენგურს გადაღმა, გალის რაიონში მეორე ოჯახი შექმნა. ორივე მათგანთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ როგორც ასეთი, მშობლების როლი, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ჩემთვის ყველაფერი იყო მამიდაჩემი – ვენერა ანთელავა, რომელსაც თურმე, იურიდიულადაც ნაშვილები ვყოლივარ და ეს ფაქტი გვიან გავიგე.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– იმდენად მინდოდა მეზღვაურობა, რომ გავიპარე, მაგრამ მამიდამ მატარებლის სადგურზე მომისწრო და ჩამომსვეს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– გვერდით მყავდა ძლიერი და ფიგურული პიროვნება, თემურ გიორგაძე, რომელიც ჩემი ნათლიაა და ვის ხელშიც გავიზარდე. მინახავს ნამდვილი, ავტორიტეტული ქურდები. ამას რომ გავრიდებოდი, მამიდამ ყველაფერი ძალით და ჯოხით მაკეთებინა. მერე შემთხვევით გამოჩნდა ადამიანი – ცირა ქიტიაშვილი, რომელიც აგროვებდა ბავშვებს ღონისძიებისთვის, რომელიც მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო სამამულო ომთან დაკავშირებით. მეც შემამოწმეს და მთხოვეს, მივსულიყავი. სახლში დავიწუწუნე და არ წავედი. მამიდამ აქაც ძალით წამიყვანა, პირველი ინტერესი სწორედ აქედან წამოვიდა. მიუხედავად ამისა, მას არ უნდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, ამაზე თანხმობა განაპირობა იმან, რომ როცა მე-10 კლასში გადავდიოდი, ყოველწლიურ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა – რუსთაველის თეატრში ქართული თეატრის დღე აღინიშნებოდა, სადაც წავიკითე ლექსი. აკაკი ხორავამ გასცა განკარგულება, ჩემთვის ოქროს მედალი გადმოეცათ. ჩემს გამოსვლას მოჰყვა დიდი ტაში, ოვაცია და სწორედ მაშინ მომცა მამიდამ უფლება, თეატრალურზე ჩამებარებინა, თორემ მანამდე
მთელი ანთელავები ექიმობისთვის მამზადებდნენ, რათა მათი გზა გამეგრძელებინა.
მთელი ანთელავები ექიმობისთვის მამზადებდნენ, რათა მათი გზა გამეგრძელებინა.
– წარმატებული ადამიანი არის...
– მერყევი ადამიანი ერთგულებას „ნაკლებად ელაპარაკება“ – სარგებლიანობაზე ფიქრობს. ბევრს ვიცნობ ასეთს, აეწყვნენ, ცნობილები არიან, მაგრამ ხომ ვიცით, რის ფასად დაუჯდათ ეს. ამას არ ვთვლი წარმატებად. სიმართლე განაპირობებს ერთგულებას, რაც ადამიანში ყველაზე დასაფასებელია და ყველაფრის საწინადრია.
– მწამს...
– გულის. ენის არ მჯერა, გონება დიდი მუხრუჭია, გული კი – მთავარი რამეა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– როცა გჯერა, ის ყოველთვის არის. უბრალოდ კაცობრიობის არსებობიდან დღემდე, ადამიანი ეძებდა რწმენის სახელს და მას დაარქვა სხვადასხვა სახელი, მაგალითად: ანტიკურ ხანაში კერპთაყვანისმცემლობა იყო. სჯეროდათ, რომ არსებობდა სხვადასხვა ღმერთი და ეძებდნენ მას. ყველაფერი აგებულია რწმენაზე, რის თავშიც არის ღმერთი.
– მეშინია...
– ისე არ ჩავვარდე, რომ ვინმეს მოსავლელი გავხდე, სხვა არაფრის მეშინია. არ მინდა, იმ მდგომარეობაში ვიყო, რომ ვიღაც ძალიან შევაწუხო.
– ვრისკავ...
– ხშირად. რისკის გარეშე ვერ გაიგებ, რა არის ჭეშმარიტება. სიცოცხლე, საერთოდ, რისკია.
– მაკვირვებს...
– სილამაზე და სიყვარული.
– ვერიდები...
– ორგულს.
– იდეალური ქალი...
– როდესაც იდეალიზმს ვეძებთ ან ვარქმვეთ ვინმეს, ეს არის ადამიანის გონებაში წარმოსახვითი ფანტაზიის პროდუქტი. ჩვენ რაღაცებს კი არ ვხედავთ მასში, არამედ გვინდა, რომ ასეთი იყოს. კუნძულზე, სადაც დავიბადე, ადრე არ იყო ხიდი, ხალხი ბორანით გადაადგილდებოდა. ეს ბორანი რომ მოდიოდა, მთელ სოფელში გავარდებოდა ხმა, ვინ ჩადიოდა, ვინ სტუმრობდა და ასე შემდეგ. მამა მიყვებოდა: სოფელს ჰყავდა ბიჭი, რომელზეც ყველა გოგო გიჟდებოდა. ბიჭი გადაიკარგა, ვერ გაუძლო ამდენი გოგოს თვალებს. გავიდა დრო, ერთხელაც მოვიდა ცნობა, რომ ის ულამაზესი ბიჭი დაქორწინებულა და გოგო მოჰყავდა სოფელში. წყვილს მთელი სოფელი დახვდა, გადმოიყვანა ბიჭმა გოგო და, რომ იტყვიან, „ორივე მენჯიდან ამოვარდნილი“ იყო. სუფრის მერე ერთს გაუბედავს: ბიჭო, ვარსკვლავებს ეთამაშებოდი და ეს ვინ მოიყვანეო. ბიჭს უპასუხია: ჩემი თვალით დაგანახათ, რა ლამაზად მიგოგმანობსო. ეს არის ის პასუხი, რასაც ვეძებთ.
– ქალს ალამაზებს...
– ჭკვიანი ქალი არის ლამაზი, რომელმაც იცის, როდის, სად და როგორ. ეს იშვიათი თვისებებია და ამიტომ არის, რომ ხშირად გვეშლება ქალის დამამშვენებელი თვისებები.
– შემშურებია...
– არასოდეს. მადლობელი ვარ ვენერა ანთელავასი, რომ ასე გამზარდა და ჩამომაყალიბა. მასწავლიდა: ძლიერს არასოდეს უჩნდება შურის გრძნობა. შური ჩნდება მაშინ, როცა თავად ვერ აკეთებენ იმას, რასაც შენ. აკეთოს სხვამ, როგორც უნდა, როგორც ჰგონია და მიიღოს მისაღები, რადგან ეს მისი წილია და არა ჩემი. მე ჩემი წილი სიყვარულით, სიძულვილით, შრომითა და ომით დავდვარ, ამიტომ რაც „ჯიბეში“ მაქვს, იმით ვარ ბედნიერი.
– სამაგიეროს გადახდა...
– მამიდამ მითხრა: სამაგიეროს გადახდა არასდროს სცადო, რადგან არსებობს ღმერთი. „თუ სამაგიეროს გადახდა გინდა, ორი საფლავი გათხარე, ერთი ვისთვისაც აპირებ და მეორე – საკუთარი თავისთვის“. სისხლი სისხლით არ იბანება, თუმცა მარჯვენა ლოყაში, რომ გაგარტყამენ, ყოველთვის არაა აუცილებელი, მარცხენა მიუშვირო. ოქროს შუალედი უნდა იპოვო, რაც არის მოთმინება, რაც არ გვაქვს და ვართ ცოდვილები. ამიტომ განსაზღვრა უფალმა: ჯოჯოხეთი და სამოთხე. ვისაც მეტი მოთმინება აქვს, ის მოხვდება მარადიულ სამოთხეში, ვინც ფეთქებადია, სამოთხეშიც აურევს და იქ მისი ადგილი არაა, მე ასე მგონია.
– ვეჭვიანობ...
– კი, თუმცა არ ვაგრძნობინებ სხვას. ვაითუ, შეცდომა მომივიდეს, რატომ უნდა დავკარგო ადამიანის ნდობა, ერთგულება, სითბო. თუმცა, ქალებისგან გამიგია, თუ ქალზე არ ეჭვიანობ, არ გიყვარსო, რასაც არ ვეთანხმები – ტყუილია. მაინცდამაინც ჩასაფრებული უნდა ვიყო? არა, გენაცვალე.
– ვნანობ...
– ერთს – 1999-ში რომ ევროპაში წავედი. 14 წელი ვიცხოვრე იქ და რა მინდოდა... ამას ვნანობ, სხვას არაფერს.
– თავისუფლება არის...
– როცა მართალი ვარ და მიყვარს, როცა ერთგული ადამიანები მყავს გარშემო, მაშინ ვგრძნობ თავს თავისუფლად და ესაა ჩემთვის თავისუფლება. ამას მასშტაბს თუ მივცემთ, თუ საზოგადოება ასეთი პრინციპით აეწყობა, მაშინ სახელმწიფოც იქნება თავისუფალი.
– მომენტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება...
– როცა გამოვედი სცენაზე და დარბაზი „დაინგრა“, 22 წლის რომ წარმადგინეს სახელმწიფო პრემიაზე, 24 წლისას მომანიჭეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება. თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება და დაუვიწყარი ბედნიერებაა ისაა, როცა შევქმენი ოჯახი და შვილი მეყოლა.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მამიდამ მითრა: სიმართლის თქმის არ შეგეშინდეს, სიმართლეს კი მაშინ იტყვი, თუ თავადაც სიმართლით ივლიო.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– არ წავიდოდი ევროპაში და კიდევ, ბავშვობაში შემომთავაზეს საქართველოს წყალბურთის ნაკრებში გადასვლა, მაშინ სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივზე ვვარჯიშობდი და არ დავთანხმდი, რითიც, ფაქტობრივად, უარი ვთქვი დიდ მომავალზე.