№40 ლევან კობიაშვილი: მზარეული მეუღლე სახლში სულ გემრიელ კერძებს აკეთებსო... არაფერსაც არ აკეთებს არავინ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქართული სამზარეულო ევროპის გასტრონომიულ კონკურსზე წარსდგება, რაც ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელსაც ჯერ კიდევ მხარდაჭერა სჭირდება.
ლევან კობიაშვილი: ეს ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში, რომელიც 32 წლის წინ პოლ ბოკუსმა დააარსა. პოლ ბოკუსი გახლავთ, ეგრეთ წოდებული, პაპი მზარეულებს შორის, მეოცე საუკუნის საუკეთესო შეფ-მზარეულადაა აღიარებული. მან შექმნა და ააღორძინა მოდერნისტული სამზარეულო. ამ ჩემპიონატში მთელი მსოფლიოა ჩართული და ძალიან სერიოზული კულინარიული კონკურსია, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად ელის. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულები წარდგებიან მსოფლიოზე, რომელიც ყოველთვის ლიონში ტარდება, ევროპის კი – სხვადასხვა ქვეყნებში, ამჟამად ტალინში. მასში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას. პირველად მოგვეცა ეს საშუალება და ჩვენც გავერთიანდით ამ დიდ ოჯახში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე ჩვენი პროფესიის წარმომადგენლების განვითარებისთვის.
– რა წინაპირობაა საჭირო ამ კონკურსში მოსახვედრად?
– კონკრეტული წინაპირობა არ არსებობს, მთავარია, ამ ოჯახმა მიგიღოს. ამისთვის მათი კეთილი ნებაა საჭირო. ამის მისაღწევად ძალიან დიდი ხანი გვქონდა მათთან მიმოწერა. მე და ლევან ქოქიაშვილს მოგვიწია წინა ევროპის ჩემპიონატზე ტურინში ჩასვლა. ლევანი, არაერთი მიმოწერის მიუხედავად, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებდა. წავედით, დავესწარით ევროპის ჩემპიონატს და სწორედ იქ მოვახერხეთ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და საუბარი. ავუხსენით, თუ სად მდებარეობდა საქართველო, რომ ეს იყო ღვინის ქვეყანა, რაც არ იცოდნენ და ძალიან გაუკვირდათ. შემდეგ მიგვიწვიეს ლიონში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველო ქართული კუთხით წარსდგა. ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიგვიღია, უბრალოდ, ჩვენი სტენდი გვქონდა, რომ დამსწრეთათვის ქართული სამზარეულოს ფასეულობები და ღირებულებები გაგვეცნო. რამდენიმე შეფ-მზარეული წავედით და წავიღეთ ქართული ავთენტური სამზარეულო, ჩავატარეთ მასტერკლასები, გვქონდა გაშლილი სუფრა და ჩვენი სლოგანი იყო „სუფრა, როგორც ხელოვნება“. ამ ღონისძიებების შედეგად, მოგვცეს უფლება, ჩაგვეტარებინა შიდა კონკურსი საქართველოში და ევროპის ჩემპიონატზე მიგვეღო მონაწილეობა. გამოდის, რომ თავიანთ დიდ ოჯახში მიგვიღეს და წელს უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით.
– ფაქტია, რომ მოწონება დაიმსახურეთ.
– ასეა. თვითონ ლიონის მერიც იყო მოსული ჩვენს სტენდთან, პოლ ბოკუსის შვილიც და თითქმის ყველა დამსწრე. საქართველომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველაზე მეტი ადამიანი ჩვენს სტენდთან იკრიბებოდა. აკვირდებოდნენ, კერძებს სინჯავდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ქართული სამზარეულოთი. სამწუხაროდ, ბევრმა არც იცოდა, საერთოდ სად მდებარეობდა საქართველო.
– როგორია ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი პერიოდი?
- ძალიან რთულია, რადგან ნაკლები რესურსი გვაქვს. აქ ძალიან დიდ თანხებს ეხება საქმე და ამ ჩემპიონატისთვის მთელი მსოფლიო ერთი წლით ადრე იწყებს მზადებას. ბევრი ვარჯიშია საჭირო, სპეციალური ტრენერი, რომელიც უნდა დაიქირავო, ასე ხდება მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ტრენერის ჩამოსაყვანად გადასახდელი თანხა არ არის და ჩვენი მინიმალური რესურსით ვცდილობთ რამე მოვახერხოთ. გვეხმარებიან, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ამ ჩემპიონატზე მაგრად წარვსდგეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს ღირსეულად გავაკეთებთ. რომ ვთქვა, მოგების მოლოდინი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ, ამისთვის ძალიან ბევრია საჭირო, ამიტომ არ ველი, რომ საპრიზო ადგილებს დავიკავებთ, მაგრამ იმედი მაქვს, ღირსეულად წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას. თუ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდები, ამ შემთხვევაში მიდიხარ მსოფლიო ჩემპიონატზე. მთავარია, რომ ამ ოჯახის წევრები ვართ. სამზადისი სტრესულიცაა, ბევრ რამეზე რომ თანხა არ გყოფნის, საკუთარი ქვეყნის წარსადგენად რომ რაღაცებს ისე ვერ აკეთებ, როგორც გინდა და ხვდები, გაგიჭირდება, თავაწეული წახვიდე, ძალიან ცუდია, მაგრამ მივდივართ და რაც გვაქვს, როგორღაც იმით უნდა წარვსდგეთ, რომ დისკვალიფიკაცია არ მივიღოთ.
– იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო პერიოდში ქართველმა მაყურებელმა ძალიან კარგად გაგიცნოთ, იგრძნობა ეს ყოველდღიურობაში?
– კი და ძალიან მიხარია, ხალხისგან რომ სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით კი ბავშვებისგან. ადრე ბავშვები მილიციელობასა და კოსმონავტობაზე ოცნებობდნენ, დღეს უკვე მზარეულობა უნდათ და ეს ძალიან მახარებს, ვამაყობ ამით. როდესაც მე ეს პროფესია ავირჩიე, მაშინ სულ სხვა რეალობა იყო. 90-იან წლებში ძალიან რთული იყო ამ გზის გაკვალვა. ალბათ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს მიმართულება პრესტიჟული გამხდარიყო. სულ ვხუმრობ ხოლმე, ადრე „პოვრები“ ვიყავით, ახლა მზარეულები ვართ-მეთქი.
– თუმცა, სახლში მეუღლეს უთმობთ სამზარეულოს, არა?
– კი, ბატონო, რადგან სახლში თითქმის არ ვარ. ტყუილი და მითებია, რომ ამბობენ, მზარეული მეუღლე სახლში სულ გემრიელ კერძებს ამზადებსო, ალბათ, არაფერსაც არ ამზადებს (იცინის). ძალიან დაკავებული ცხოვრება გვაქვს, სახლში თითქმის არ ვართ, ასე რომ, ვიღაც თუ ჩემს მეუღლეს შენატრის, რა გიჭირს, შენი ქმარი ისეთ კერძებს ამზადებსო, სულაც არაა ასე. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე მშვენივრად ამზადებს. მასთან პრეტენზიები არ მაქვს, მთავარია, ბავშვები არიან კმაყოფილები. სამზარეულოში ტრიალი ძალიან სასიამოვნო პროცესია, ერთგვარი რელაქსია, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და მუდმივი სტრესია, სტუმარი უკმაყოფილო არ უნდა იყოს, სულ იმის ფიქრში ხარ, მოეწონა თუ არა, ამიტომ ძალიან რთულია. ყოველდღიურად შენს სიმაღლეზე უნდა იყო, მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია და ერთხელ და ორჯერ თუ რამე არ მოეწონა, აღარ მოვა შენთან. ამიტომ ყოველდღიური კონტროლი და ზრდა არის საჭირო, მუდმივ ტონუსში ვარ.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის გიორგი ცაავას.