№40 ვისი ნაბიჯების ხმაზე უმძაფრდება ემოციები გიორგი სუხიტაშვილს და რა ტკივილები გადაიტანა მან
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მიუხედავად იმისა, რომ დროებით საკონცრტო-საორკესტრო ცხოვრება გაჩერებულია, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი აქტიურობას აგრძელებს – ახალ ალბომზე მუშაობს, წერს სიმღერებს სტუდიაში, ხშირად ახერხებს სოფელში ბაბუასთან ჩარბენას და მიუხედავად დროის სიმცირისა, ყოველთვის ცდილობს, დრო საყვარელი ადამიანებისთვისაც გამონახოს.
გიორგი სუხიტაშვილი: ცხოვრება ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ბავშვობაში მეგონა. თუმცა, ახლა რაც მგონია, შეიძლება, ათი წლის შემდეგ სულ სხვანაირი აღმოჩნდეს.
– როგორი გეგონა და როგორი აღმოჩნდა?
– კონკრეტულად პასუხის გაცემა რთულია. მაგალითად, პროფესიული კუთხით, ბევრი რამ სხვანაირად მეგონა და სხვა რამე აღმოჩნდა. ძალიან ადრე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. პროტესტი მქონდა სკოლასთან დაკავშირებით, წამოვედი იქიდან და ჩავაბარე იქ, სადაც, მეტი მუსიკა იყო და შეიძლებოდა, მეტი უნარები მიმეღო. მოკლედ, 13 წლის ასაკში, უკვე სტუდენტი ვიყავი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე. 16-17 წლის ასაკში კი უკვე მქონდა მცდელობა, ჩემი შემოსავალი მქონოდა. შემდეგ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. ზოგადად, პატარა ასაკში ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, მეკეთებინა. ბავშვობაში დონ-კიხოტის რაინდობის გჯერა, ადამიანის გულწრფელობის, სიკეთის... საბოლოო ჯამში, კი ხვდები, ის ადამიანები, ვინც გველამაზებოდა, არ აღმოჩნდებიან ხოლმე ლამაზები. რაღაც-რაღაცების გადაფასება ცხოვრებაში, წლების მატებას კი არა, გამოცდილებას უკავშირდება. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. შესაძლოა, დღეს ადამიანები მივიღო, როგორებიც არიან, მაგრამ ისეთი კარგი არ აღმოჩნდეს, როგორიც მე მეგონა. ამიტომ, გადაფასება ყოველთვის ხდება და ეს პროცესი არ სრულდება. გადაფასება-შეფასება-აღქმაში ვართ ადამიანები მთელი ცხოვრება და აქედან გამომდინარე, გამოცდილებასაც ვიღებთ. ამიტომაა ცხოვრება საინტერესო წიგნივით. არცერთი წიგნი არ სრულდება ერთი წაკითხვით და ერთი ეტაპის დასრულებით არ სრულდება საკუთარი თავის შემეცნება.
– რა ჟანრის და როგორი წიგნი აღმოჩნდა ცხოვრება შენთვის?
– გააჩნია, შენი ცხოვრება რა ჟანრით წავა და წაიყვან. ზოგადად კი, ცხოვრება ჟანრებით არ არის, მასში ყველა ფერია, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია. როცა იზრდები, ცხოვრებისგან ბევრი დარტყმა და ბიძგი გხვდება. მაგალითად, დარტყმა იყო, როცა ახალგაზრდა ბიძა – მამის ძმა გარდამეცვალა. მისმა ამქვეყნიდან წასვლამ დიდი ტკივილი მომაყენა. ასევე, ბებოს გარდაცვალებამაც, რომელიც ძალიან მიყვარდა. ვიღიმი, ვმღერი, ვიცინი, მაგრამ ცხოვრება რთულია და იმ სიმძიმეს, რასაც ახლობელი და საყვარელი ადამიანის დაკარგვით იღებ, ვერაფერი ავსებს. ეს ადამიანები ჩემი ბავშვობის მოგონების ელჩები იყვნენ და მათი ამქვეყნიდან წასვლით ჩემი ბავშვობაც დასრულდა. მათთან ბევრი ემოციური ბმა მაქვს. როდესაც ვწერ, ჩემი პერსონაჟები ნამდვილები არიან – ბებო და პაპა. ვიხსენებ იმ ემოციას, იმ სუნს და განწყობას, რომელიც მათთან მაკავშირებს და ალბათ, რაც დრო გავა, ეს ყველაფერი უფრო გამიძლიერდება. ბებოს ხმა სულ მესმის ყურში, სულ ვგრძნობ მის სუნს და ვიხსენებ მის ხელებსა და კანს... ჩემთვის მის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ძალიან მაღიზიანებდა, როცა გარდაიცვალა, რომ მეკითხებოდნენ, რამდენი წლის იყოო და რომ ვპასუხობდი, 81 წლის-მეთქი და სხვანაირ განწყობას ვხედავდი მათგან. როცა ვმღერი, მის სუნს ვგრძნობ. ხშირად მახსენდება და ის ადამიანი ჩემში გრძელდება. მასთან გენეტიკური კავშირი არასოდეს შეწყდება და ეს ბმა, სულ დარჩება. არაფერი ქრება და იფერფლება. ჩემი ფიქრებითა და ემოციებით ვგრძნობ, რომ გარდაცვალებით ადამიანები არ მთავრდებიან.
– საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები გყავს და ვინც გიცნობს, იცის მათდამი შენი დამოკიდებულება. დედას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ახლა როგორაა?
– არ დავკონკრეტდები დიაგნოზზე, თუმცა, იყო უიმედო მდგომარეობა, უჭირდა გადაადგილება. ეს იყო ორი წლის წინ. დღეს დამოუკიდებლად დადის და ეს სასწაულია. ეს ადამიანი სამაგალითოა ჩემთვის, თავისი ოპტიმიზმით, გაუტეხლობით, შემართებით, ბრძოლისუნარიანობით და ხვალინდელი დღის იმედიანობით. ყველა ახლობლისთვის სტიმულია. მახსოვს, ეტლით რომ მიმყავდა დედა, ეს იყო ჩემთვის უმძიმესი დღე, არავის ვუსურვებ. თუ ვინმე მკითხავს, ერთი სურვილი რომ გქონდეს, რას ისურვებდიო, დაუფიქრებლად ვეტყოდი – დედაჩემის კარგად ყოფნას, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად მიოცნებია ამაზე. როცა რამე მაწუხებს, ან მტკივა, ან რამე მადარდებს, პირველი, ვინც მახსენდება, ეს დედაჩემია. ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ. არაფერი ისე ძნელი არ არის, როგორც იმაზე ფიქრი, რომ დედას რაღაც აწუხებს. კიდევ ვამბობ, დედა ჩემთვის მაგალითია გამძლეობის, ამტანობის, სიმამაცის, მოთმინებისა და შეუდარებელი ბრძოლისუნარიანობის. ორი წლის წინ ვერც დავიჯერებდი, თუ დამოუკიდებლად გაივლიდა, მაგრამ შეძლო და ისევ ფეხზე დგას. კარზე ზარს რომ ვრეკავ და მისი ჩქარი ნაბიჯების ხმა მესმის, როგორ მოდის კარის გასაღებად, ეს შეგრძნება მახარებს და მაბედნიერებს. ამ დროს, მინდა, გავაჩერო დრო და სულ ასე იყოს. ეს ადამიანი ჩემი მთავარი იმედი და ნუგეშია. ვცდილობ, უკეთესი ვიყო იმიტომ, რომ მჯერა, ყველა ჩემი წინგადადგმული ნაბიჯი, მას ამხნევებს და აბედნიერებს. ამაზე დიდი სტიმული არაფერია. დედა რომ ცუდად იყო, მეც ცუდად ვიყავი და ეს განცდა მანგრევდა. თან, დედა რომ საავადმყოფოში იწვა, ბებოს დაემართა ინსულტი. ერთ დროს მოუწიათ საავადმყოფოში წოლა, ერთს თბილისში და მეორეს – გორში. წარმოიდგინეთ, დღეში ორჯერ მიწევდა გორში ჩასვლა, რომ ბებოსთვის დაბლენდერებული საკვები ჩამეტანა და მერე უკან ვბრუნდებოდი დედასთან. ამ ყველაფერს ჩემი დაბადების დღე დაემთხვა და საავადმყოფოში მისულს დედამ შემახსენა, მე არც კი მახსოვდა, მოწყვეტილი ვიყავი რეალობას.
– როგორ გადალახე ეს სტრესი და როგორც თავად უწოდებ, ცხოვრებისეული „ბიძგები“?
– ზოგადად, ასეთი თვისება მაქვს – როცა პრობლემაა, მშვიდი და ცივი ვხდები. მთელ ჩემს რესურსს კონკრეტული პრობლემისკენ მივმართავ, ამ დროს სხვა რამეებზე ფიქრი ჩემთვის არ არსებობს.
– სოციალურ ქსელში, წერდი: „არ ვიცი, როგორ ვმღერი, კარგად თუ ცუდად, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რასაც ვგრძნობ შესრულებისას, მე ვხედავ, რაღაც ფერებს, ფორმებს“. ეს, რას ნიშნავს?
– დიახ, ასეა. ყველა ფრაზას თავისი ფერი და ფორმა აქვს. შეიძლება, სიგიჟედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სიმღერას ჩემს თავში ვიზუალური მხარე აქვს, ყველაფერი ჩანს, ყველაფერი მოძრაობს. ამის კონტროლი შეუძლებელია. სხვათა შორის, ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ასე – ფერებითა და ფორმებით ვიმახსოვრებდი სიმღერებს. დიდობის ასაკში მივხვდი, რომ ყველა ვერ ხედავს და ვერ ყვება სიმღერას ასე. როცა სიმღერის დროს ნერვიულობ, სიამოვნების განცდა არ მოდის. თუ ნერვიულობ, ადრენალინი მოდის და ეს სხვა სიამოვნებაა. ის სიამოვნება კი, რაზეც მე ვსაუბრობ, სულ სხვაა.