№40 ლევან წვერავა: მოძღვარმა გვითხრა, წყვილების იმ ერთ პროცენტში ხართ, რომელთა ოჯახიც ამ მიზეზით არ დანგრეულაო
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
მომღერალ ლევან წვერავასა და მისი მეუღლის, ნინი კენჭიაშვილის ცხოვრებაში უბედნიერესი პერიოდია. წყვილმა ათწლიანი მცდელობის შემდეგ ოცნება აისრულა და მალე მშობლები გახდებიან.
ლევან წვერავა: ფარ-ხმლის დაყრა არ მჩვევია. ყველაფერს შემართებით ვუდგები. ათი წელი არ გვყავდა შვილი და ეს წლები, დიდი გამოცდილების მომცემი იყო ჩვენთვის. იმდენი რამ შევისწავლე, ლექცია შემიძლია, ამ თემაზე წავიკითხო, არ ვამეტებ. ყველას, ვინც ჩემს მდგომარეობაშია სტიმულს მივცემ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არასდროს დანებდნენ.
– როგორ მიხვედით, ამ გადაწყვეტილებამდე?
– ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ ბევრი წლის წინ გავიგე. დღეს, როცა ყველაფერს კარგად გავეცანი, სხვა დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ თავიდან ასე არ იყო. გახსოვთ, ალბათ, ეკლესიის წინააღმდეგობაც. მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება. ადამიანისთვის სულის შთაბერვა უფლის წყალობაა. ამიტომ ოცდამეერთე საუკუნეში ეს პრობლემა არაა. სამეცნიერო სფერო წინ მიდის და წლების შემდეგ, გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა. ყველა წყვილს ვეტყვი, მთავარია, დრო არ დაკარგოთ. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ მე დავკარგე, რადგან ვიცოდი, რა იყო დიაგნოზი. შეიძლება, მკურნალობას შედეგი გამოეღო, მაგრამ წლების შემდეგ, მეათე წლის თავზე გადავდგით ეს ნაბიჯი და ძალიან მაგარ კლინიკაში მივედით. ყველა ფიქრობს, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერწმუნეთ, ამ წლების განმავლობაში ბევრად მეტი თანხა დავხარჯეთ, ვიდრე ინ ვიტრო განაყოფიერებაზე. როცა ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტ, უკვე იმდენი თანხა გაქვს დახარჯული, რომ ამისთვის აღარ გრჩება და იწყებ ძიებას. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, ეს ჩვენთან არ ფინანსდება. მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები – ფონდი „შენთვის“ წარმომადგენლები, რომელთა თანადაფინანსებითაც მოხდა ეს ყველაფერი, მაშინ, როცა ჩვენ ფინანსური კრიზისი გვქონდა და მადლობა ღმერთს, პირველივე ცდაზე გამოვიდა და ყველაფერი კარგად მიდის. პატარას აპრილში ველოდებით, ვამბობ ხოლმე ჩემს დაბადების დღეზე უნდა დაიბადოს-მეთქი (იცინის). პატარას რომ ჩავეხუტები, მაშინ უფრო სხვანაირად ვიგრძნობ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის უკვე შეცვლილია სამყარო, უკვე ყველაფერს სხვანაირად ვხედავ და ვგრძნობ.
– როგორი იყო ეს ათი წელი? როცა ასეთი რამისთვის იბრძვი, ალბათ, საკუთარ თავს მოდუნების უფლებას ვერ აძლევ და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როგორ აისახება ეს პრობლემა წყვილის ურთიერთობაზე?
– ჩემი მოძღვარი მამა სვიმეონია – ქალაქ ქუთაისში, უსაყვარლესი ადამიანია. როდესაც მე და ნინიმ მასთან ამ თემაზე ვისაუბრეთ, გვითხრა, წყვილების იმ ერთ პროცენტში ხართ, რომელთა ოჯახიც არ დანგრეულა ამ მიზეზით. ეს ღვთის წყალობაა და თქვენ აუცილებლად გამოგივათ ჩანაფიქრიო. ეს ძალიან დიდი მუხტი იყო ჩვენთვის. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუებები, როდესაც მკურნალობ და შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ჩვენ შორის გაყოფა არასდროს მომხდარა. ერთმანეთს ემოციურად იმდენად ვავსებდით, რომ ორივეს გვჯეროდა, რა მეთოდითაც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ეს გამოგვივიდოდა. წვრილმანი კინკლაობა ყოველთვისაა, მაგრამ ამ თემაზე ორივეს ერთი აზრი გვქონდა.
– რა მეთოდებს მიმართეთ. ტრადიციული მედიცინის გარდა, არაერთი ისტორია მსმენია წმიდა ადგილებსა თუ ადამიანებზე, რომლებიც უშვილო წყვილებს ეხმარებიან.
– ჩემთვის ყველაფერი დამაჯერებელია, რაც უფალს უკავშირდება. მე და ნინიმ აბსოლუტურად ყველა ტაძარი მოვილოცეთ. ალბათ, საბოლოოდ ყველა მოძღვრის დალოცვის, ჩვენი რწმენის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი, უფალმა მიგვიყვანა ამ გზამდე, იმისთვის, რომ შვილი გვყოლოდა. წლების განმავლობაში დავდიოდით ტაძრებში, ბოლოს ქარელში, დირბის დედათა მონასტერში ვიყავით. მოვილოცეთ, ხატი წამოვიღეთ იქიდან და დიდება უფალს, ძალიან მალე გავიგეთ ეს ამბავი. ინ ვიტრო განაყოფიერება არ ნიშნავს, რომ მიხვალ და მაშინვე გამოგივა. მე და ჩვენს ექიმს ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ყველაფერი უფლის ნებით ხდება. არიან წყვილები, რომლებსაც შვიდჯერ გაუკეთებიათ და მერვე ჯერზე ჰქონიათ შედეგი. ვიღაცას – მეორეზე ან მეათეზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერების კი არა, ყველაფრის შედეგია და ყველაფერი უფლის ძალით მოხდა.
– სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ მსგავსი პრობლემის დროს ოჯახი არასასიამოვნოდ ერევა წყვილის ურთიერთობაში, ასეთ მომენტებს როგორ გაუმკლავდით?
– ესაა ბულინგი და ძალიან დიდი შეცდომა მშობლის თუ სხვისი მხრიდან. როდესაც ოჯახი სიყვარულით იქმნება, როცა ხედავ, რომ მათ ურთიერთობას წლები ვერაფერს აკლებს, იქ არავინ უნდა ჩაერიოს. არც მის და არც ჩემს დედას, ამის უფლება არ აქვს. შეიძლება, ფიქრობდნენ, ამდენი წელი რატომ არ ჰყავთ შვილიო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, შენ როგორი პოზიცია გიკავია. შენ უნდა იდგე მყარად. მე რომ დამეყარა ფარ-ხმალი და ყურები ჩამომეშვა, შეიძლება, ამას ოჯახის ჩამოშლა მოჰყოლოდა. მადლობა ღმერთს, რომ მე ასეთი ხასიათი მაქვს, აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, ამაზე საუბარს ვერც ვერავინ გაბედავდა და ხელების ფათურს ვერავინ დაიწყებდა. როცა ოჯახს ქმნი, არავინ იცის, რა და როგორ იქნება. უფლისგან დალოცვილი, ჯვარდაწერილი ოჯახის საქმეში ჩარევა ძალიან რთულია. მთავარია, წყვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და მათ სჯეროდეთ ამის.
– ყველასთვის დიდი დღესასწაული იქნებოდა, როცა გაიგეთ, რომ ამდენწლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.
– ვერ აღვწერ ამ ემოციებს. სიმართლე გითხრათ, მეგონა, როგორც ემოციური ადამიანი, სხვანაირად გამოვხატავდი, მაგრამ ისეთ შოკში ვიყავი, ვერ გამოვხატე. მეორე და მესამე დღეს უფრო გავითავისე, რა ხდებოდა ჩემს თავს. ახლა სახლში დაფა გვაქვს, სახელებს ვწერთ გოგოსასაც და ბიჭისასას, ხან ვშლით, ხან ვამატებთ. ვნახოთ, ვინ დაიბადება, როგორც ამბობენ ხოლმე, მთავარია, ჯანმრთელი იყოს.
– ფეხმძიმე ქალებისთვის დამახასიათებელი ჭირვეულობები უკვე დაეწყო ნინის?
– გარკვეული დოზით – კი (იცინის). მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი ფეხმძიმობა აქვს. ჯერ ისეთს არაფერს ითხოვს, მაგრამ ზამთარი გვაქვს წინ. ახლა სავსეა სახლი ხილით და მერე რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ (იცინის).
– როგორ წარმოგიდგენიათ მამის ამპლუა?
– ემოციური ვარ და ძმისშვილებთან მიმართებით, ცოტა მშიშარა ვარ. სიგიჟემდე მიყვარან, მაგრამ, სანამ ცოტა არ წამოიზარდნენ, ხელში ვერ ვიჭერდი, მეშინოდა. ცუდი მამა არ ვიქნები. ყურადღებიანი ვიქნები, მაგრამ ზუსტად ვიცი, ძალიან ფეთიანიც. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ. დღითიდღე ეზრდება მუცელი და ნინიც ყოველდღე ითავისებს ამ მდგომარეობას. რამდენი მუცელს დახედავს, სხვანაირად უყურებს ყველაფერს და ერთმანეთს სიყვარულით ვავსებთ. წლების განმავლობაში ყველა ლაპარაკობდა ჩვენს სიყვარულზე და ახლა ეს გრძნობა უფრო ფრთაშესხმულია.
– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?
– დღითიდღე ვაფერადებთ ჩვენს ურთიერთობას და ალბათ, იმ სიყვარულის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი, რომლისაც თავიდანვე მწამდა. ნინიმდე სიყვარული არ განმიცდია და ყოველთვის ვამბობდი, ვინმე რომ შემიყვარდება, ეს გრძნობა ან დამანგრევს ან ამაშენებს-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, თუ შემიყვარდებოდა, თავგანწირულად შემიყვარდებოდა და მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და ნინის შორის ცხრაწლიანი ასაკობრივი სხვაობაა. როცა დავქორწინდით, 26 წლის ვიყავი მე და 17-ის – ნინი. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვხვდებით, რომ ეს საუკეთესო სხვაობაა. ძალიან ბედნიერები ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ჩემი სოლო პროექტი რომ გავაკეთე, ნინიც გვერდით დავიყენე. ყველაფერთან ერთად, კარგი გარეგნობითაა დაჯილდოებული, რომელიც სცენასაც ძალიან უხდება, ცოტა სიმღერაც შეუძლია, მეტს მე ვმღერი და ხალხს ჩვენი შემოქმედებითი მხარეც შევაყვარეთ. წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.