№40 ვინ იყო პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი და როგორ დაიმკვიდრა მან თავი „მამაკაცების პროფესიაში“
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი სამართლიანად მიიჩნევა პირველ ქართველ ქალ არქიტექტორად. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ არქიტექტურაში კაცები დომინირებდნენ და ასეთ პირობებში სოკოლოვა-ქურდიანმა შეძლო, შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზეა მიმოფანტული. 1922 წელს, თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტის დაარსებისთანავე, ქათევანმა გადაწყვიტა, ეს სფერო შეესწავლა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა სტუდენტობისას დაიწყო – პირველი პროექტი სააქციო-სამშენებლო საზოგადოების, „ალტებაუაგის“ დაკვეთით, ირანელი არისტოკრატისათვის შესრულებული ვილა იყო. 1929 წელს ქეთევანი იმ ორ სტუდენტთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც არქიტექტურული ფაკულტეტის დამთავრება მოახერხეს. მეორე სტუდენტი მისი მომავალი მეუღლე, არჩილ ქურდიანი გახლდათ. „საქართველოს არქიტექტორთა კავშირის“ დაარსების დღიდან ქეთევანი მისი საპატიო წევრი გახლდათ, ამავდროულად, იგი აქტიურად აპროექტებდა განსხვავებული ტიპის შენობებს. ქეთევანის გამოკვეთილი ტრადიციული ქართული ხედვა მისი ნაგებობების უამრავ ორნამენტსა და დეკორატიულ შტრიხში შეიმჩნევა. ამასთანავე, მის ნაშრომებში ხშირად იგრძნობა პერიოდისათვის სახასიათო საბჭოთა მოდერნიზმის მცირედი ინსპირაცია და გავლენა (წყარო: „ფორბს ჯორჯია“).
ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი – მხატვარი. ალბათ, სწორედ დედისგან გამოჰყვა არქიტექტორს შემოქმედებითი ნიჭი. ქეთევანის ხელს ეკუთვნის: პირველ ჩაის ფაბრიკა ჩაქვში, სოფლები – ნაჭაობარ, გაცოცხლებულ კოლხეთის მიწაზე. იგი, ი. ჟიტკოვსკისთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში, არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებულ და აშენებულ საქართველოს პავილიონის შექმნაში საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენაზე. ასევე იყო, ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი სახლები, წყალთა მეურნეობის სამინისტროს ორი დიდი საცხოვრებელი სახლი ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი სახლი ვახუშტის ქუჩაზე, ი. ჩხენკელთან ერთად – მეცნიერ მუშაკთა საცხოვრებელი სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, არჩილ ქურდიანთან ერთად – სასტუმრო „ინტურისტი“ ქალაქ გორში და სხვა. ქეთევან ქურდიანი აქტიურად აგრძელებდა მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლო წლებამდე. იგი 1988 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა (წყარო: Idaaf.com).
რაც შეეხება მის მეუღლეს, არჩილ ქურდიანი იყო სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ის დაიბადა 1903 წლის 26 მარტს თბილისში, ინჟინრისა და ხუროთმოძღვრის, გრიგოლ ქურდიანის ოჯახში.
1922 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილებაზე. 1929 წელს უკვე პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებს მხოლოდ ორი დიპლომანტი: არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე.
1936 წლიდან არჩილ ქურდიანი ინიშნება ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორად. ამ პოსტზე მუშაობს წლების განმავლობაში და ხელმძღვანელობს სარეკონსტრუქციო-კეთილმოწყობით სამუშაოებს.
1932-1936 წელს იგი აპროექტებს და აშენებს „დინამოს“ სტადიონს.
სპორტულ-ტექნიკურ და კონსტრუქციულად ახლებურ გადაწყვეტასთან ერთად, სტადიონი თავისი არქიტექტურით წარმოადგენდა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. ეს იყო ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულად ჩამოყალიბებული კომპოზიციების ნიმუში, არქიტექტურული ფორმების შექმნის პრინციპებისა და შემოქმედებითი გარდაქმნის ახლებური მიდგომა–ძიება. ეს იყო პირველი სპორტული ნაგებობის შექმნა საქართველოში. თბილისის „დინამოს“ სტადიონი, თავისი არქიტექტურული ღირსებით, საუკეთესო სპორტულ ნაგებობებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.
„დინამოს“ სტადიონის დამთავრებისთანავე, არჩილ ქურდიანი არქიტექტორებთან – გ. ლეჟავასთან, ი. ჟიტკოვსკისთან და ქეთევანთან – ერთად მოსკოვში აპროექტებს და აშენებს საქართველოს პავილიონს.
საქართველოს პავილიონი გამოფენაზე საუკეთესოდ აღიარეს. მის ავტორს, არჩილ ქურდიანს, სტალინური პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა და გადაეცა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო – „ლენინის ორდენი“.
ქურდიანების ოჯახის წევრების ერთობლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა 100 წელზე მეტს ითვლის. არჩილ ქურდიანის 40-50-იანი წლების შემოქმედება მთელი რიგი ობიექტებია, რომლებიც ხასიათდება თავისი მნიშვნელობით, დანიშნულებითა და მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირსებით: ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი კრწანისში; დიდი საცხოვრებელი სახლი რუსთაველის გამზირის დასაწყისში – მ. მელიასა და ს. ყუბანეიშვილთან ერთად, საცხოვრებელი სახლი ბარათაშვილის ქუჩაზე – ს. დემჩინელთან და გ. ჯანდიერთან ერთად; დიდუბის ხიდი ინჟინერ დიდიძესთან ერთად; მუზეუმი გორში; სასტუმრო „ინტურისტი“ გორში – მეუღლესთან, ქალბატონ ქეთევანთან ერთად; ტელეცენტრის შენობა თბილისში და სხვა. შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, არჩილ ქურდიანი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი და თავმჯდომარე, „თბილქალაქპროექტის“ დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი; თბილისის პირველი მთავარი არქიტექტორი და აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. მის ანგარიშზეა ძეგლთა დაცვის სამსახურისა და სახმშენის შექმნა-ორგანიზება. ახალგაზრდობიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ ახლად დაარსებულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. შემდგომ კი, სიცოცხლის ბოლომდე, იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი.
იყო დავით გარეჯის სახალხო უნივერსიტეტის საპატიო რექტორი.