№40 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი
მიხეილ ვოფსდორფი – ცხოვრობდა გერმანელთა ქუჩაზე, სადაც მამამისს ეჭირა ღვინის კასრების საამქრო. ზოგადად, კასრების კეთება ტფილისში გერმანელებმა შემოიტანეს. მანამდე ღვინის გასატანად რუმბები იხმარებოდა, კუპრით გაპოხილი კამეჩის ტყავები. ეს კუპრი ღვინოს თავისებურ გემოს აძლევდა. ბევრისთვის ეს ძნელად ასატანი იყო. დიუმაც ახსენებს, რომ მგზავრობა აქაურ ღვინოს არ უხდება. გერმანელებს თავიანთი ღვინის ჯიშებიც ჰქონდათ, თბილისს გარეთ, ელისაბეთთალში, შალერის ჯიში გამოეყვანათ. კასრები კი სულ უფრო მატულობდა. კასრის საამქროები იყო სალდათის ბაზარშიც, ნერსესოვის სემინარიის კუთვნილ შენობაში. ვოფსდორფიც ამ ხელობაში იყო, მაგრამ დუქნებში ხეტიალს დაეჩვია და სახლიდან წავიდა. ის ჩანდა ხშირად ფრიდრიხის ლუდხანაში მუშტაიდთან და ბერხმანის ლუდხანაში – მიხეილის ქუჩაზე. ბოლოს 1891 წელს ისაია ნორშტეინთან ერთად შეუვარდა იარაღით თავად არღუთინსკის, ამაზე ჩავარდა და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
კარპ ზაკატოვი – მძარცველი, ქურდი, ბაღებთან უდარაჯდებოდა ნასვამ ხალხს და თუ რამ ძვირფასს უნახავდა, რევოლვერით ართმევდა. ეს რევოლვერი რიყეზე, ზემელის ლიმონათის ქარხნის გაქურდვისას მოიპარა. შემდეგ ბაღ „ედემთან“ ალექსანდრე ჰეინე გაძარცვა 1907 წელს და ამის გამო ეძებდნენ. ის, ასევე, ჩანს მტკვარში ხურჯინში ჩაგდებული მოჭრილი თავის პოვნისას. საერთოდ, მძარცველთა ბრბო, ძირითადად, რამდენიმეკაციანი იყო, თუმცა იყვნენ ცალკე მოარულებიც, დავუშვათ, გრამიტონ დვალი, „სმიტ ვენსონის“ რევოლვერით რომ შევარდა ხუდადოვის სამიკიტნოში და ფულს სძალავდა, ოღონდ მედახლემ სროლა დაასწრო და ის დაჭრილი დააკავეს. ხშირია ამ დროს ქუჩაში ძარცვისას მკვლელობა. თუ ადრე ხანჯლით დასჭრიან და ეს დაჭრა ხელობადაც კი გაუხდიათ, ახლა მოსაკლავად თავში და გულში იოლად ესვრიან. ასე ოქრომჭედელი ტუპოჯანოვი მოკლეს სიონის შესახვევში, როცა ვერცხლის რიგიდან მოდიოდა და თან ყუთი მოჰქონდა ოქროსა და ვერცხლის ნივთებით. ამავ დროებაში ესე ეულად მოარული მძარცველი იყო ერემენი ნავჩანიანცი, ისიც ხვდებოდა გამვლელთ და აყაჩაღებდა. თუმცა უმეტესად მაინც რამდენიმეკაციანი ბრბოებია, ორი, სამი, ხშირია ოთხი და ექვსი კაცი. ათ კაცამდეც ეკვრებოდნენ, როგორც, დავუშვათ, 1906 წელს ნახალოვკაში, დუქან „მწვანე კუნძულის“ ახლოს, ბინაში რევოლვერებით შეუვარდნენ ამიერკავკასიის რკინიგზით შეშით მომარაგების მოიჯარადე ბლიახს და 4 500 მანეთი წაართვეს.
ჯალილ ზამანოვი – მძარცველი, ტატო წულუკიძისა და ქიტესა ნასყიდაშვილთან ერთად 1875 წელს ციციანოვის აღმართზე კაიტმაზოვის სახლის გაქურდვაში მონაწილეობდა. ისინი რიყეზე შეიყარნენ, პოლიციის შენობასთან. ჯალილმა ორი კიდევ სხვა თათარი მოიყვანა. მერე ისინი სურბ კარაპეტას ხევიდან ავიდნენ და ღობეზე გადაძვრნენ. ქიტესა და ერთი თათარი გარეთ დარჩნენ, ტატო აივანზე. ჯალალი და მეორე თათარი კი შიგ შევარდნენ, იქ მყოფნი ლოგინიდან წამოჰყარეს, თათარმა კაიტმაზოვის ცოლს საბანი გადააფარა და ზედ ხანჯლით დაადგა, ჯალილმა კი უჯრების გამოყრა დაიწყო. ოღონდ კაიტმაზოვმა ყვირილი მორთო და ამაზე მეზობლები შემოვარდნენ. ჯალილმა, თავის მხრივ, სროლა ატეხა და ასე გაიქცნენ. მერე ხოჯივანქის სასაფლაოზე გაიყვეს ნაძარცვი – ბეჭდები ფირუზითა და ალმასებით, ოქროს საათი, პორტმონე სამმანეთიანი საკრედიტო ბილეთით და მარჯნის კრიალოსანი. ზამანოვი პოლიციასთან იყო შეკრული და რამდენიმე დამქაშიც გასცა და ბოქაულ გლებოვთან დაასმინა. ასევ დაჰპირდა, რომ ტატოსაც დააჭერინებდა. თუმცა, ამას არ ჩქარობდა. ის იყო შუამავლად საქმეში, როცა ერთმა სოვდაგარმა ვაჭარ გარსოევისთვის დანით დამღის დადება შეუთვალა და ამაში 400 მანეთსაც დაჰპირდა. ჯალილმა კი გაიგო ბნელ რიგებში, რომ გარსოევს ჯიბეზე სამი ათასი მანეთი ექნებოდა და მას ფეთხაინის კიბესთან ჩაუსაფრდნენ. ამ საქმეში გართული იყვნენ კიდეც ციხიდან ახალი გამოსული „შაო“ და „ბუილოც“, ვისაც რევოლვერიც წამოეღო. გარსოევის წაქცევა ძნელი გამოდგა, სანამ ყველა არ მივარდა, ვერ მოერიენ. მერე ჯალილი ეცა უკნიდან და ხანჯალი ურტყა. შემდეგ ამბობდა, რომ არ გაგეჩერებინეთ, იქვე მოვუღებდი ბოლოს და მოვკლავდიო. ამ ჭრილობებით გარსოევი ორ თვეში გარდაიცვალა. გამოჩენილ პატრულს კი ავაზაკები გაექცნენ, ოღონდ ფული ვერ წაიღეს. ამ ორივე საქმეზე ჯალილი ერთგან გამართლდა, მეორეზე კი საქმე სასამართლო პროკურატურის ჩარევით შეწყდა.
სადიხ-ბეკი – 20-იანი წლების თაღლითი. ის ასაღებდა თავს, თითქოსდა ლონდონში ეარა, თითქოსდა ევროპა მოეარა, თითქოსდა ის იყო მქონებელი სპარსეთის შაჰის ნივთებისა. რუსებს ჩამოჰყოლოდნენ ვიღაც სწავლულები, წიგნის მფურცლავები, აზიის მაგროვებლები. ამას ფურცლებში იწერდნენ, ინიშნავდნენ და აგროვებდნენ. ამით ზანდუკებს ავსებდნენ. ტარანტასებს გამოტენიდნენ და პეტერბურგში აგზავნიდნენ. აზია ბევრნაირია. როგორსაც შესთავაზებ, ისეთი დაახსომდებათ. სადიხ-ბეკიც ასეთ საქმეს მისდევდა, რაიმე ზარდახშას მოგულების ნაქონად აქცევდა, რომელიმე ხმალს ნადირ-შაჰის წელზე შამორტყმულს დაარქმევდა. აბა, რა იცის ევროპამ აზიის, რა იცის პარიკიანმა თავგაპარსულის ამბები. ისიც ყიდდა და ყიდულობდნენ. ერთი რამ ჩვეულებრივ ნივთს ოსმალო სულთანის ქონებულს დაარქმევდა. ერთ რაიმე ხალიჩას ყაჯარების საგვარეულო ნივთად გაასაღებდა. თან, თავს ვაჭარს ირქმევდა. გილდიის ყალბი საბუთიც ჰქონდა. იმას სახელი ლონდონში ნამყოფი კაცისა ჰქონდა. პარიზში ნამყოფი კაცისა. ოღონდ იმის პარიზი იყო ერზრუმი, იმის ლონდონი – ყარსი. თვალის ასახვევად ის მატასის სასტუმროში დგებოდა ერევანსკის მოედანზე. ხაჩატურ არუთინოვმა მტრედის კვერცხის ზომის საფირონი სწორედ მას მიაბარა გასაყიდად კონსტანტინოპოლში რომ წაეღო ან იქნებ უფრო შორს.
სადიხ ჰასან ოღლი – ქურდი. 1868 წელს მუშტაიდ აღა შეიხ ალის ქვრივ სადათ ხანუმს მოჰპარა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და მათთან ერთად მტრედის კვერცხის ზომის საფირონი. რამდენიმე დღეში ოქრომჭედლების უსტაბაშმა პოლიციას აცნობა, რომ სადიხ ჰასანი მას მოპარული ოქრო-ვერცხლის ყიდვას სთავაზობდა და ის დააჭერინა. უსტაბაშმა მისთვის მიბარებული სხვა სიმდიდრე გამოაჩინა, საფირონი კი დამალა. მან ის ლეკონტს მისცა, ცნობილ სპეკულანტს, ვისაც ხშირად გაჰქონდა ტფილისიდან სხვადასხვა სიძველე და სიმდიდრე გასაყიდად.
კარაპეტ სარქისოვი – ოსმალეთის ქვეშევრდომი, მცირეწლოვანი ქურდების თავშესაფარი ჰქონდა ნახალოვკაში, ელჩიევის აგურის ქარხანაში. ბანდაში ათიოდე ბიჭი იყო. ამათი მოპარულია 1900 წელს ელისაბედის ქუჩაზე ექიმ მაჭავარიანის ბაღიდან ფარშევანგი, რომელიც 50 მანეთი ღირდა და თათრის მეიდანზე 2 მანეთად მიჰყიდეს ბარხუდაროვს, სურპ ნიშანის ქუჩაზე რომ მალავდა ნაქურდს.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)