კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორი სიმდიდრე ჰქონდა გიორგი მესამეს, რამაც მაჰმადიანებიც კი გააკვირვა და როგორი ჭურჭლიდან ასმევდნენ წყალს მის ცხენებს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ძალიან მდიდარი იყო დიდი საქართველოს სამეფო. ჩვენს ხელმწიფეებთან სტუმრად მოდიოდნენ ხოლმე ნათესავები ბიზანტიიდან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, დიდებულები, სხვადასხვა სარწმუნოების სასულიერო პირები, მოგზაურები, მთარგმნელები, მეცნიერები, ისტორიკოსები, მოხეტიალე პოეტები, მუსიკოსები და მსახიობები, რომელთაც სამეფო კარი დიდ პატივს სცემდა. მათთვის არსებობდა სპეციალური სასახლეები, სადაც ყველა პირობა ჰქონდათ, ეცხოვრათ სტუმრებს, რამდენი ხანიც დასჭირდებოდათ. სამეფო კარი ამისთვის თანხებს არ იშურებდა.
  1161 წელს მეფე გიორგიმ აიღო სომეხთა ერთ-ერთი დედაქალაქი ანისი. უამრავი მაჰმადიანი მეომარი ტყვედ ჩაუგდიათ. მეფემ დიდძალი საბოძვარი გასცა. სომხურივე ცნობით, ანისის მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, ქართველმა მეფემ საჩუქრად დაურიგა 40 000 დრაჰკანი (ოქროს ფული, იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა). ანისიდან ადრე ტყვედ წაყვანილი მოქალაქეები გამოისყიდა და დააბრუნა.
  მაჰმადიანების მთავრები კვლავ გაერთიანდნენ და დიდი კოალიცია მოადგა ჩვენს სამშობლოს. ქართული წყარო გვიამბობს, რომ პირდაპირ შებრძოლებას მოერიდნენ მაჰმადიანები, ვითომ უკან დაიხიეს, გაეცალნენ საქართველოს. შემდეგ მოულოდნელად მოტრიალდნენ და სწრაფი მარშით გამოემართნენ. ლორეში, სოფელ გარგართან, მტრები მოულოდნელად თავს დაესხნენ სანადიროდ და სალხინოდ, მცირე სამხედრო შენაერთით მდგომ მეფე გიორგის ბანაკს და დაამარცხეს. მაჰმადიანების ისტორიკოსები არც მალავენ, რომ ღალატით გაიმარჯვეს მეფე გიორგიზე. დიდებულებმა ჩვენი ხელმწიფე ძალით გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან, არ უნდოდა ზურგი ეჩვენებინა მაჰმადიანებისთვის. მაგრამ, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი იყო მეფის გადარჩენა, რომ სამეფო არ დაღუპულიყო და მერე შური ეძიათ მტრებზე.
  გამარჯვებულ მაჰმადიანებს ხელთ ჩაუვარდათ მეფე გიორგის სამხედრო ბანაკის აღჭურვილობა. იმდენად მდიდრული ყოფილა ის, რომ გაოცებას ვერ მალავდნენ. ეს ცნობები გამოქვეყნებული აქვს ისტორიკოს მამუკა წურწუმიას. მაჰმადიანი სადრ ად-დინ ალ-ჰუსაინი წერს: „მუსლიმებმა ხელთ იგდეს ნადავლი, რომლის მსგავსი არც მათ და არც სხვა ლაშქარს აროდეს ეშოვა. მეომრები დამძიმდნენ ალაფით, ცხენებით, მრავალი ნივთით, მშვენიერი კარვებითა და მარგალიტის მსგავსი მონებით. სამეფო ქონებიდან ხელში ჩაიგდეს ვერცხლის ბაგები, რომლითაც მეფის ცხენებს არწყულებდნენ, საჭმლის მოსამზადებელი ჭურჭელი, მაგიდები, თეფშები, ლანგრები და დოქები, ყველანი ოქროსაგან ნაკეთები. მეფის ხაზინაში იპოვეს აურაცხელი ძვირფასი თვალი, ოქრო, მარგალიტი და მარჯანი“...
  მაშასადამე, ჩვენი მეფეების ცხენებს წყალს უბრალო ლითონის კი არა, ვერცხლის  ჭურჭლიდან ასმევდნენ. ხოლო მეფე და მისი სარდლები საჭმელსა და სასმელს ოქროს ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. ამ ცნობაში წერია, თითქოს, მაჰმადიანებმა მეფის ხაზინა ჩაიგდეს ხელთ, რაც გადაჭარბებულია. მთელ ხაზინას რომ დაპატრონებოდნენ, ვერც მოერეოდნენ წასაღებად. მათ მხოლოდ მეფის სამხედრო ბანაკის ქონება ჩაუვარდათ ხელთ. ხაზინა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ციხესა თუ მონასტერში იყო დაცული და არა ერთ ადგილას, ხოლო მეფეს თვალ-მარგალიტები და ოქრო იმიტომ ჰქონდა თან, რომ მუდმივად უწევდა დამსახურებული მეომრების დასაჩუქრება.
  მაჰმადიანი იბნ ალ-აზრაკ ალ-ფარიკი წერს: ქართველთა „ქონებიდან იმდენი მოინადავლეს, რომ აღწერა ან დათვლა შეუძლებელი იყო. ხელში ჩაიგდეს მეფის საჯინიბო, რომლის ბაგები ვერცხლისა იყო. მეფის მარანი სრულად მოიხელთეს, ვერცხლის დიდი კასრების ჩათვლით“.
  ამ ცნობაშიც მეფის საჯინიბოს ვერცხლის ჭურჭელზე საუბრობს ალ-ფარიკი. მეფის მარანში, ალბათ, იმ სანადირო და სალხინო პერიოდისთვის განკუთვნილი ღვინო იგულისხმება, რა დროითაც განცხრომისთვის გაემგზავრა ჩვენი ხელმწიფე ლორეში. მაჰმადიანების დიდი ნაწილი ღვინოს არ სვამს და არ სვამდა მაშინაც, მაგრამ, მათი მთავრები ხშირად კარგად ლოთობდნენ. აღნიშნულ ღვინოსაც დალევდნენ, რა თქმა უნდა.
  ალ-ფარიკი განაგრძობს: „ერთი მათგანი სულთანს მიართვეს. წყვილი ასეთი კასრის ტრანსპორტირებისთვის ერთი საზიდარი გახდა საჭირო. სულთანმა ის თავისთან გააგზავნა 2 ათასი დინარის ღირებულების სხვა საქონელთან ერთად. ჰამადანის მთავარ მეჩეთს მან გაუგზავნა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რათა ისინი წყლის სასმელად გამოეყენებინათ.
  მეორე კასრი თურქმენებს შეხვდათ, რომელთაც ის ნაწილებად დაამტვრიეს... შაჰ-არმენს სამი საპალნე ერგო: ერთში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი იყო; მეორეში – მეფის სამლოცველო, თვლებით მოოჭვილი ოქროსა და ვერცხლის ჯვრებით, ოქროსა და ძვირფას ქვებში ჩასმული ფასდაუდებელი სახარებებით, რომლის მსგავსი არსად მოიპოვებოდა; მესამეში – აურაცხელი და შეუფასებელი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები მეფის ხაზინიდან“.
ამ ცნობებიდან ისიც ჩანს, რომ მეფესა და მის სარდლებს მუდამ თან ჰქონდათ სასულიერო ლიტერატურა, ძვირფასად მოოჭვილი სახარებები და ხატები. ლაშქრობებისა და ნადირობების დროსაც ჩვენი წინაპრები ყოველთვის ლოცულობდნენ და სასულიერი რიტუალებიც ტარდებოდა ხოლმე ბანაკებში, მეფის მოძღვრის ან სხვა სასულიერო პირების მიერ.
  ასევე მაჰმადიანის, ზაჰირ ად-დინ ნიშაბურის თანახმად, მუსლიმები „მოულოდნელად დაეცნენ მათ (ქართველებს) თავს და დაიტაცეს მისი (აფხაზთა მეფის) ხაზინა, და ოქროს ჯვრები და ვერცხლის ჭურჭელი; მათ (მუსლიმებმა) წაიღეს ყველაფერი”.
  მაგრამ მაჰმადიანებმა გამარჯვება ვერ განიმტკიცეს. სპარსი მემატიანის, მუჰამედ იბნ ალი რავენდის გადმოცემით: „ათაბაგის სიფრთხილე რომ არა, რომელმაც მუსლიმთა ლაშქარს უკანმოუხედავი დევნა აუკრძალა, ერთი ქართველიც ვერ გაიქცეოდა და აფხაზთა მეფეც ტყვედ ჩავარდებოდა. თუმცა ყველა თეთრი დროშა, ოქროს ჯვრები, ვერცხლის კასრები, ხაზინა და მარანი მოინადავლეს და მეფე, ფეხშიშველი, ბოლო წამს მოახტა ცხენს და თავს უშველა”.
მაშასადამე, სპარსი რავენდის ცნობა ადასტურებს, რომ ჩვენი ხელმწიფის ბანაკს, მაჰმადიანები მოულოდნელად, ღამით დასხმიან თავს, მეფეს ეძინა და არც ბრძოლას მოელოდა, თორემ საომრად აღჭურვილი იქნებოდა.
  ასევე, ეს უკანასკნელი ცნობა, სხვა ცნობების მსგავსად, ამტკიცებს, რომ არა ჩვენს ხელმწიფეზე მოულონდელი თავდასხმა, მაჰმადიანები გამარჯვებას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ, ადარბადაგანის ათაბაგ ელდიგუზის რჩევით, მტრებმა ვერ გაბედეს გამოჰკიდებოდნენ ქართველთა მეფეს და მის მცირერიცხოვან ამალას, ვერ გაბედეს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემოსვლა. ამას ადასტურებს ქართველი მემატიანეც.

скачать dle 11.3