№40 შვრია – სახის კანის იდეალური სისუფთავისთვის
ნინო კანდელაკი ანი რევია
თუ გსურთ შავი წერტილები, გამონაყარი, ჭორფლი და ლაქები სახის კანიდან მოიშოროთ, მაშინ სახე შვრიით უნდა დაიბანოთ. ასე, თქვენი კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს და ფერიც გაგიუმჯობესდებათ. სახის შვრიით დაბანა, განსაკუთრებით მიზანშეწონილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის: აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ბურღული, დაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ ფაფის მასა მიიღოთ. დამბალი შვრია სახის კანში შეიზილეთ და თითების ნაზი მოძრაობით კარგად დაიმასაჟეთ. რამდენიმე წამში შვრიის ბურღული აქაფებას დაიწყებს და სახის გასუფთავებასაც. თუ ამ პროცედურის შემდეგ სახეზე სიწითლეები გაჩნდება, არ შეგეშინდეთ, ცოტა ხანში, სიწითლე დაცხრება და კანი ერთგვაროვან და ჯანსაღ ფერს მიიღებს. თუ ერთი კვირის განმავლობაში შვრიით სისტემატურად დაიბანთ სახეს, კანზე ყველანაირი პრობლემა მოგვარდება. ამ პროცედურის ჩატარება კი კარგია როგორც დილით, ასევე საღამოს.
თუ არ ხართ ალერგიული, შემოგთავაზებთ შვრიისა და თაფლის სახის ნიღაბს: ჩაალბეთ შვრიის ფანტელი ცოტა წყალში, დაამატეთ თაფლი და კანი ამ მასით თითების წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა სახის ფერს საგრძნობლად აჯანსაღებს.
ყავის საფქვავში დაფქვით 3 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი და დაამატეთ იმდენი ნაღები, რომ ბლანტი მასა მიიღოთ. თუ კანი ცხიმიანი გაქვთ, უმჯობესია, ნაღები რძით შეცვალოთ. მიღებული მასა დაიდეთ ნოტიო სახის კანზე და გაიწმინდეთ სახე მსუბუქი მასაჟური მოძრაობით. შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნაზი და მგრძნობიარე სახის კანის დასაბანად 1 სადილის კოვზ დაფქული შვრიის, გვირილის, მრავალძარღვასა და პიტნის თანაბარი რაოდენობის ნაკრებს, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ თავდახურული 10 წუთით. შემდეგ დაამატეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი და სახე მიღებული ჟელეთი დაიბანეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.
სახის მოშვებული კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 3 სადილის კოვზი დაფქული ბარდა, 3 სადილის კოვზი შვრია, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. ნარევი არ უნდა გამოვიდეს წებოვანი, უნდა იყოს ფხვიერი, გრანულებივით. დაიყარეთ ცოტაოდენი ხელის გულზე და დაუმატეთ წყალი ფაფის კონსისტენციის მისაღებად. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 5 წუთით, შემდეგ წრიული მოძრაობებით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ ეს დასაბანი საშუალება ყოველდღიურად და კანთან პრობლემები არ გექნებათ. შეგიძლიათ, შეინახოთ დახურულ მინის ჭურჭელში 1 თვის განმავლობაში.
თუ სახის კანმა სიგლუვე დაკარგა, აურიეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი 1 სადილის კოვზ ანადუღარ წყალში, დაამატეთ 2 სადილისის კოვზი დაფქული შვრია და დილაობით ამ მასით დაიმასაჟეთ სახის კანი. იდეალურია, როგორც მშრალი, ასევე, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის – ავიწროებს ფორებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს.