№40 მაცდური
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #36-39(1030)
გიორგის ხან ძალიან უნოდა მისი ნახვა და იმ მომენტში ძმაკაცობაც ფეხებზე ეკიდა და ღირსებაც, ხან კი გვანცას სიძულვილი აიტანდა ხოლმე და მზად იყო, პირში მიეხალა, რასაც ფიქრობდა მასზე. შემდეგ კი ლაშა გაეფრთხილებინა, რაც ჰქონდა მის საყვარელ ცოლს ჩაფიქრებული...
„მაგრამ, ეს ხომ გამორიცხულია! ასეთ რამეს ვერავინ გააკეთებს, ვერავინ! ვერავინ! აბა, რა ვქნა, თავს რომ ვერ ვერევი. გამოდის, აქამდე კაცი ვიყავი და ახლა ტ...კი უნდა გავხდე? მერე როგორ შევხედო თვალებში ან ლაშას, ან სხვებს, ან საკუთარ თავს?! და, საერთოდ, როგორ ვიცხოვრო? როგორ ვუღალატო ბავშვობის მეგობარს, საკუთარ თავს, ნათელ-მირონს?! ვინღა ჩამაგდებს რამედ? ვინღა იმეგობრებს ჩემთან? ასეთ ახვარს ხომ აღარც ძმა მიმიღებს და აღარც მამა, რომლისთვისაც მამაკაცური ღირსება და ერთგული მეგობრობა ყოველთვის უმთავრესი იყო?!“ – ასეთი მონოლოგებით თენდებოდა და ღამდებოდა გიორგისთვის ყოველი დღე, მაგრამ მაინც ყოველდღე დაბარებულივით მიდიოდა აუზზე იმ იმედით, რომ იქ ნახავდა ნახევრად შიშველ, მაცდურ გვანცას, რომელსაც გულში „ჩემი მშვენიერი სატანა“ დაარქვა და რომლის გარეშეც სიცოცხლე ვეღარ წარმოედგინა.
აუზზე მართლაც ხშირად ხედავდა გვანცას, თავდაპირველად მარტოს, შემდეგ კი ვიღაც ლაწირაკ „ფლეიბოი“ ტიპთან ერთად, თუმცა მათი ურთიერთობა ზღვარს ნამდვილად არ სცილდებოდა, მიუხედავად ბიჭის აქტიური კავალრობისა.
გიორგის უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი, ამიტომ, დიდი ფიქრის შემდეგ, დაურეკა ლაშას და წინასწარ მომზადებული ტექსტი ფრიადოსანი მოსწავლესავით ჩაარაკრაკა:
– ლაშა, რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და ჩემს ძმასთან გერმანიაში უნდა წავიდე ერთი თვით. შესაბამისად, შენებს ვეღარ მივხედავ და იქნებ მოახერხო ცოტა ადრე ჩამოსვლა! გაუჭირდებათ გვანცას და ლალი დეიდას უშენოდ.
– ხომ მშვიდობაა? – შეეშინდა ლაშას.
– მშვიდობა კია, მაგრამ რამენაირად დროზე უნდა ჩამოხვიდე.
– ძალიან ვეცდები, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ორ კვირაზე ადრე შევძლო. შენ მანამდე მიდიხარ?
– ჰო, ორ დღეში.
– კარგი, არა უშავს, შენ წადი, როგორმე გაძლებენ ორი კვირა, ყოჩაღი გოგოები მყავს, – გაიხუმრა ლაშამ.
მაგრამ გიორგი არსადაც არ წავიდა. მართლა ჰქონდა გადაწყვეტილი გერმანიაში ძმასთან გამგზავრება, მაგრამ ვერ წავიდა, რადგან... რადგან, ლაშასთან დალაპარაკების მეორე დღეს ლალიმ დაურეკა და სთხოვა, მე ბავშვები უნდა დავიტოვო, არჩილს, ხომ იცი, არ შეუძლია, თან ჩვენ წყნეთში ავდივართ და იქნებ გვანცას ხილი და ტკბილეული მიუტანო, თავის გოგოებს ელოდება სტუმრადო.
გიორგის კინაღამ გული გაუსკდა შიშისგან. იცოდა, რაც მოხდებოდა, მაგრამ ვერანაირი ტყუილი ვერ მოიფიქრა უარის სათქმელად. უცებ თითქოს გონება დაუბნელდა: სასწრაფოდ ჩაიცვა და ოც წუთში უკვე ზარს რეკავდა ლაშას კარზე.
– შენ შემოგევლოს ჩემი თავი, რა მალე მოხვედი! ნამდვილი გაჭირვების ტალ-კვესი ხარ! – მიეფერა ლალი, – ჩვენ უკვე ავდივართ წყნეთში, გვანცა კი ისეთ სამზადისშია, საყიდლებზე გასვლას ვაღარ ასწრებს. დაქალებს ელოდება და ბავშვები ჩვენ მიგვყავს, რომ გოგოებმა თავისუფლად იგრძნონ თავი, თან ორი-სამი დღე სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავენ ჩემი სიხარულები. აბა, წამოდით, ბებო, თორემ, გადაირევა ბაბუათქვენი მანქანაში ლოდინით! აბა, კარგად იყავით! – ლალიმ პატარები წინ გაირეკა და ბინიდან გავიდა.
გიორგი და გვანცა პირისპირ, მარტონი დარჩნენ. გიორგი ისე დაიბნა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო; გვანცა კი, პირიქით, კმაყოფილი იყო შექმნილი სიტუაციით და კარგადაც ერთობოდა მამაკაცის დაბნეულობით.
– დაჯექი, – სიცილით უთხრა გვანცამ, – მე ახლა ფურცელსა და პასტას მოვიტან და ჩამოგიწერ, რაც მჭირდება. გოგოები რვა საათზე მოვლენ, ჯერ ორიც არ არის, ასე რომ, ძალიანაც ნუ იჩქარებ.
გვანცამ ბლოკნოტიდან ამოხეული ფურცელი და ავტოკალამი გამოიტანა მეორე ოთახიდან, გიორგის წინ დაუჯდა და პროდუქტების ჩამოწერა დაიწყო. გიორგი ცდილობდა, თვალი აერიდებინა დეკოლტედან ამობურცული ორი მომხიბლავი ბორცვისთვის, მაგრამ ვერ ახერხებდა.
ქალმა, როგორც იქნა, დაასრულა წერა, მერე სტუმარს ისე მიუახლოვდა, რომ თავისი სხეულის ოხშივარი სახეში შეაფრქვია და ალმური აადინა.
გიორგი ვეღარ სუნთქავდა. მღელვარებისგან კინაღამ თვალთ დაუბნელდა, მაგრამ გვანცამ ფანჯარასთან გადაინაცვლა და რაფაზე დაგდებული კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მერე სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ანთებული ღერი მთელი ძალით მოქაჩა. გიორგიმ გვერდზე გაიხედა, რომ მოშიშვლებული ბარძაყებისკენ არ გაჰქცეოდა თვალი.
– კარგი, ნუ იტანჯები, დღეს შენ არ მყავხარ გეგმაში. ახლა წადი, რაც მაგ ფურცელზე წერია, ყველაფერი იყიდე და ოთხ საათამდე არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. გასაგებია? – და გვანცამ ფურცლის გვერდით რამდენიმე ცალი ასლარიანი დადო.
გიორგისთვის გასაგები იყო: ქალი ვიღაცას ელოდა. სტუმრების მოსვლამდე ყველაფერს მოასწრებს, მერე კი, ვითომ არაფერი მომხდარა, ისე შეხვდება ქმარსაც, შვილებსაც, დედამთილ-მამამთილსაც – ასეთი ქალებისთვის ეს ცხოვრების წესია. არადა, როგორი წესიერი გოგო ეგონა! შურდა კიდეც ლაშასი თეთრი შურით, რომ ასეთი ქალი იპოვა და ასეთი მყუდრო, თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახი შექმნა. თურმე, ვისი გშურს...
გიორგის ფულისთვის არც შეუხედავს, მხოლოდ პროდუქტების სია აიღო და ბარბაცით გავიდა ბინიდან. გარეთ გასული, ცნობისმოყვარეობამ აიტანა – საშინლად მოუნდა, ენახა, ვის ელოდებოდა გვანცა. სახლის წინ საბავშვო მოედანი იყო მოწყობილი, იქვე გრძელი სკამი იდგა, რომელსაც სადარბაზოს მხრიდან მოზრდილი ბუჩქი ეფარებოდა. გიორგიმ ისიც გამოთვალა, რომ გვანცას ბინის ფანჯრები ეზოში არ გამოდიოდა და ქალი მას ვერ დაინახავდა. ამიტომ თამამად მოკალათდა იმ გრძელ სკამზე. „მაღაზიებში წასვლას მერეც მოვასწრებ“, – გაიფიქრა და სადარბაზოს კარს მიაჩერდა.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. თხუთმეტი-ოცი წუთის შემდეგ ოდნავ მოშორებით „აუდი“ გაჩერდა და მანქანიდან გადმოსულმა მამაკაცმა გვანცას სადარბაზოსკენ შემოუხვია.
„ის ლაწირაკი ფლეიბოია!“ – გიორგი ისე შეხტა მის დანახვაზე, კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. გადაწყვიტა, ბოლომდე მიეყვანა საქმე. საათს დახედა – აინტერესებდა, რამდენ ხანში გამოვიდოდა გვანცასგან ეს პიჟონი. ზუსტად 42 წუთის შემდეგ სადარბაზოს კარი გაიღო და იქიდან ტანსაცმლის სწორებით, დინჯი ნაბიჯით გამოვიდა „ფლეიბოი“, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
გიორგი ისე აღელდა ამ სურათის დანახვაზე, თითქოს საკუთარი თვალით იხილა, რაც ბინაში მოხდა და გული აერია. „არადა, შეიძლებოდა, მე აღმოვჩენილიყავი მის ადგილას. კიდევ კარგი, ასე არ მოხდა, თორემ თავი მექნებოდა მოსაკლავი“, – გაიფიქრა და ზანტად წამოდგა სკამიდან. მაღაზიებში სიარული არ ეზარებოდა, მაგრამ ისევ გვანცასთან მიბრუნებას სიკვდილი ერჩივნა. იცოდა, ქალი ხელიდან არ გაუშვებდა მომენტს, რომ მარტო იყო სახლში – ახლა, ალბათ, მთლად შიშველი გაუღებდა კარს და დაამარცხებდა შვილების ნათლიას, მეჯვარესა და ქმრის ბავშვობის მეგობარს. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ გიორგიმ გადაწყვიტა, პროდუქტები კართან დაეწყო, ზარი დაერეკა და სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას, ანუ მანამდე გაქცეულიყო, სანამ ქალი კარს გააღებდა. ასეც მოიქცა, მაგრამ გაქცევა ვეღარ მოაწსრო – გვანცამ ზარის დარეკვისთანავე გააღო კარი და გიორგის მკლავში წაავლო ხელი.
– მე ამხელა პარკებს ვერ დავძრავ. ნება იბოძე და, როგორც აქამდე მოზიდე, ისე სამზარეულომდეც მიიტანე! – ღიმილით უბრძანა მშვენიერმა სატანამ და კაციც მოჯადოებულივით დაემორჩილა. შემდეგ კი აღარ ახსოვს, რა და როგორ მოხდა. მხედველობა და ცნობიერება რომ დაუბრუნდა, დაინახა, რომ შიშველი იწვა ძმაკაცის საწოლში და მისი ახალგაზრდა ცოლი გაშმაგებით ჰკოცნიდა. გაქცევა დააპირა, მაგრამ ტანი ვერ აზიდა. საკუთარი თავის მოკვლაც მოუნდა და მაცდური ქალისაც, მაგრამ ამის ნაცვლად ბოღმით ჰკითხა:
– იმ ნაბიჭვარს რა უნდოდა შენთან?
გვანცა, ცხადია, მაშინვე მიხვდა, ვისზეც ეკითხებოდა ახალი სატრფო და სიცილით უპასუხა:
– პრინციპში, იგივე, რაც შენ.
ამ სიცილმა კაცი სულ მთლად გააგიჟა და, იმის მაგივრად, რომ სირბილით გასცლოდა ბავშვობის მეგობრის სარეცელს, მის ცოლს და მის ოჯახს, მხეცივით ეცა გვანცას და ისევ თავდავიწყებას მიეცა.
გონს რომ მოვიდა, მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. ის დამარცხდა, დანებდა და მიხვდა, რომ ვეღარასოდეს გაუწევდა წინააღმდეგობას ამ ქალის უსაზღვრო ვნებას. აბაზანაში არც კი შესულა, ჩაიცვა და დათრგუნული ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
– არ გშია?
– არა.
– ყავასაც არ დალევ?
– არა.
– ხომ კიდევ მოხვალ ჩემთან?
– აქ არა, – უპასუხა გიორგიმ და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ბეჭებით დაეცა. ამიტომ თვითონაც აღარ გაჰკვირვებია ის სიტყვები, რაც მან შემდგომ წარმოთქვა: – მე თვითონ შეგატყობინებ, სად შეგხვდები.
... და დაიწყო, არა, გაგრძელდა სინდისის, ერთგულების, პატიოსნების, კაცობის დეგრადაცია, დაღმასვლა და ლაფში ამოსვრა. ეს ისეთი თავდაღმართი იყო, როცა არანაირი მუხრუჭი აღარ მოქმედებს; როცა არ ხდება გამოფხიზლება და როცა მონანიებასაც აღარ აქვს აზრი, რადგან ასეთ ცოდვას, მამაკაცის მიერ ჩადენილს (აბა, ქალების რაღაც ნაწილისთვის ეს, უბრალოდ, მეძავობაა, მრუშობაა ან ორივე ერთად), აღარ უხერხდება შენდობა, არც კაცისგან და არც ღმერთისგან.
ქმრის ჩამოსვლამდე გვანცა გიორგისაც ხვდებოდა (გიორგის მიერვე დაქირავებულ პატარა ბინაში, თბილისის გარეუბანში), ხან კი იმ ლაწირაკ „ფლეიბოის“, 17 წლის იკაკოს, რომლისთვისაც გვანცა პირველი ქალი იყო (შესაბამისად, ამ ქალმა „დაავაჟკაცა“) და რომელიც მართლა ისე შეუყვარდა, რომ ეხვეწებოდა, ქმარს გაეყარე და მე გამომყევი ცოლადო (ასე ხშირად ხდება ხოლმე), მაგრამ გვანცას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა პატარა ბიჭის მხურვალე სიყვარული.
გვანცა ისე პირთამდე იყო სავსე სიძვა-მრუშობით გამოწვეული ადრენალინით, აკრძალული ხილის სიტკბოებით, ახალ მამაკაცთა მრავალფეროვნებით, ღალატის შედეგად გამოწვეული შიშითა თუ ინტრიგების სასიამოვნო მოლოდინით, რომ გადაულახავი და დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, ვინმესთვის გაენდო თავისი მთავარი საიდუმლო. ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ მაკას დაურეკა. ის ხშირად კი ეჩხუბებოდა გვანცას, საყვედურებით ავსებდა, აწყენინებდა და შეურაცხყოფასაც აყენებდა ხანდახან, მაგრამ შვილის ამბებს არავის რომ არ მოუყვებოდა, ამაში გვანცა დარწმუნებული იყო. დაქალებიდან კი ბოლომდე არავის ენდობოდა, არადა, მათთან უფრო სურდა დატრაბახება – ასეთი თავგადასავლებით სულ ისინი ტრაბახობდნენ და ახლა ძალიან უნდოდა, ყველასთვის „აბაროტი აეღო“, მაგრამ ვერ გარისკა. ამიტომ ისევ მაკას დაურეკა:
– მაკა, პრივეტ, მე ვარ. როგორ გიკითხო?
– ახლა, არ მითხრა, მომენატრეო, თორემ, ტირილით თუ არა, სიცილით ნამდვილად მოვკვდები, – იყო ირონიული პასუხი.
– შენთან ლაპარაკი მომენატრა, გცალია?
– გინდა, მოვიდე?
– არა, მე მოვალ. მანდ მირჩევნია, ვიჭორაოთ.
– მოგენატრე, მაგრამ სახლში მაინც არ მიშვებ? ჩემგან იცავ შენს ოჯახს?
– არა, დედა. უბრალოდ, აქ სხვა სიტუაციაა.
– ჰო, კარგი, არ გეძალები. რა გინდა?
– სახლში ხარ, რომ მოვიდე?
– ბავშვებსაც მომიყვან? – გაუხარდა მაკას.
– არა, მარტო მოვალ.
– კარგი, მოდი, შენგან განსხვავებით, ხელს არ გკრავ.
– თხუთმეტ წუთში მანდ გავჩნდები! – იყვირა გვანცამ და მართლაც თხუთმეტ წუთში შეაღო დედის ბინის კარი.
– ძალიან მომენატრე, მოდი, გაკოცო! – თქვა გვანცამ მხიარულად და მაკას გადაეხვია.
მაკამ ცივად აკოცა ლოყაზე, მერე კი ბრძანების კილოთი უთხრა:
– ჩემ წინ დაჯექი და თვალებში შემომხედე!
– რა იყო, ჰიპნოზი უნდა გამიკეთო? – ვითომ გაეხუმრა გვანცა, მაგრამ მაინც დაუჯდა წინ და თვალებში შეხედა, – აბა, გისმენ, მიდი, დაიწყე ჩემი გატისკვა!
– საყვარელი გაიჩინე?
გაგრძელება შემდეგ ნომერში