კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 წარმოუდგენელი ამბავი

ელერი ქუინი


 ჰარი ჯონსონი საკმაოდ სიმპათიური შუახნის მამაკაცი იყო, სახის ოდნავ მკაცრი, მაგრამ, ვაჟკაცური ნაკვთებით – შეიძლება ითქვას, მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა. აგვისტოს თბილი საღამო იყო. ერთბაშად მისი ყურადღება ჭიშკრის ჭრიალმა მიიქცია. სახლისკენ მიმავალ ბილიკს გახედა და წამოიძახა:
 – წარმოუდგენელია! ცნობილი დეტექტივი აქ, ჩემს კარმიდამოში?!
  კიბეზე ჩაირბინა და სტუმრის შესაგებებლად გაეშურა.
– საიდან აღმოჩნდით ჩვენს მხარეში. არ მითხრათ, რომ ქარმა გადმოგაგდოთ, ასეთ სიცხეში ქარიც არ ქრის. ამ უკაცრიელ მხარეში  რა საქმე უნდა გქონდეთ?!
 – ჩემო მეგობარო, არ იცით, რომ დანაშაული, ძირითადად, უკაცრიელ ადგილებში ხდება?!
– რაიმე დანაშაულს იძიებთ?
– დიახ, საკმაოდ მძიმე დანაშაულს – მკვლელობას. დეტექტივმა ისეთი ტონით წარმოთქვა ეს სიტყვა, რომ მასპინძელი შეკრთა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
 – მკვლელობა მოხდა? აქ, ჩვენს მხარეში? ვინ არის მოკლული? მეტყვით მის ვინაობას?
– მშვიდად იყავით. ჯერ არავინ მოუკლავთ, – თავი გააქნია დეტექტივმა.
 – ეს როგორ?! – გაოგნდა ჯონსონი.  
– აი, ასე. მე ვიძიებ მკვლელობას, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ, მოხდება.
– ეს ხომ უაზრობაა, თქვენ ხუმრობთ!
– სულაც არა. ძალიან სერიოზული ვარ. თანაც, თქვენ მიმართ რაღაც სიმპათია გამაჩნია და ამიტომაც ვარ აქ. რა შესანიშნავი ვარდებია... ოჰო, აქ კრაზანების ბუდეც ყოფილა. უნდა გაანადგუროთ. კრაზანის ნაკბენი აგვისტოს სიცხეში სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
– აქ ამის სათქმელად მოხვედით?
– არა, მარტო ამისთვის არა. კიდევ იმის, რომ მესიმპათიურებით. ახლა კი მითხარით. როგორ ებრძვით ხოლმე კრაზანებს? – ისევ შეცვალა საუბრის თემა დეტექტივმა.
– ხან როგორ, ხან როგორ. ბენზინით, დაწვით, ბოლიც კარგი საშუალებაა. ახალგაზრდა ლევინგტონმაც შემომთავაზა დახმარება. კლოდ ლევინგტონი ხომ გახსოვთ? ისიც იმ ოჯახში იყო სტუმრად, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. შემპირდა, საღამოს მოვალ და მოვსპოთო.
– მართლა? იმას რა მეთოდი აქვს? გამიგია, რომ კალიუმციანიდიც კარგი საშუალებაა.
ჰარი მოიღუშა.
– კალიუმციანიდი? ეს ხომ საშიში შხამია, სახლში მისი შენახვა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
დეტექტივმა ვარდი დაყნოსა და მხრები აიჩეჩა.
– საქმე ისაა, რომ მე შემთხვევითობას გამოვრიცხავ და წვრილმანებსაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. დღისით აფთიაქში შევიარე და წამალი ვიყიდე. სარეგისტრაციო წიგნში, სადაც გაყიდული შხამების აღნუსხვა ხდება, ამოვიკითხე, რომ კლოდ ლევინგტონს კალიუმციანიდი შეუძენია. ჰარი სტუმარს გაოცებულ მზერას არ აცილებდა, ბოლოს ნაჩქარევად და ნაძალადევად ჩაილაპარაკა:
– რა უცნაურია! რამდენიმე დღის წინ სწორედ ლევინგტონი მარწმუნებდა, არასდროს მომივა აზრად კრაზანების შხამით განადგურება. კალიუმციანიდიც აფთიაქში აშკარად არ უნდა იყიდებოდესო. დეტექტივი  მისკენ შეტრიალდა და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი:
– გულახდილად მითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ახალგაზრდა კაცთან?
– ჩვეულებრივი.
– ჩვეულებრივი? ის ხომ თქვენს ყოფილ შეყვარებულზეა  დანიშნული. არ მჯერა,  რომ  დაივიწყეთ  ეს ამბავი და აპატიეთ?  ზოგჯერ სიძულვილი მხოლოდ მიძინებულია და მოულოდნელად იფეთქებს ხოლმე. ჰარი ერთბაშად შეხტა:
– გეშლებათ, ეს ინგლისია! აქ უარყოფილი თაყვანისმცემლები შურისძიების სურვილით ანთებულები შხამს არ ყიდულობენ და ჯენტლმენობას არ ივიწყებენ, მით უფრო – ლევინგტონი, ის ბუზსაც არ გააღვიძებს.
იმავე დღეს, საღამოს ათის ნახევარზე, დეტექტივი ისევ მივიდა ჰარისთან და ყვავილნარის ბილიკზე ახალგაზრდა ლევინგტონს გადააწყდა. მას დაბნეული და რაღაცით შეწუხებული სახე ჰქონდა.
– საღამო მშვიდობისა, – გაუღიმა დეტექტივმა, – როგორ არის საქმე, გაანადგურეთ ბზიკები?
– არა, ჯერ არა. გადავდეთ. ჰარისონთან ერთად ლუდი დავლიე და ცოტა ვილაპარაკეთ. მომიტევეთ, მეჩქარება, უნდა წავიდე.
დეტექტივმა უცნაურად გაიღიმა, კიბეზე ავიდა და ტერასაზე მჯდარი ჰარისკენ გაემართა.
 – როგორ გრძნობთ თავს?
– მშვენივრად. რატომ უნდა ვიყო ცუდად?
 – პრინციპში, გეთანხმებით, – საჭმელი სოდა სრულიად უსაფრთხოა.
– რაო? სოდა რა შუაშია? არაფერი მესმის.
– აბა, თქვენ რა გეგონათ, საშუალებას მოგცემდით, თავი კალიუმციანიდით მოგეწამლათ და მერე ეს საცოდავი ლევინგტონისთვის დაგებრალებინათ?!   თქვენი ჩანაფიქრი  ხომ ეს იყო? მე დილით თვითმკვლელობაც და მკვლელობაც აღვკვეთე. საიდან მივხვდი ყველაფერს? მოგახსენებთ: დილით თქვენი ჯიბიდან შეხვეული კალიუმციანიდი ამოვიღე და პატარა პარკით საჭმელი სოდა ჩაგიდეთ – ერთ დროს ჯიბის ქურდებთან ვმეგობრობდი და ეს საქმე კარგად გამომდის. როგორც გითხარით, სააფთიაქო წიგნში ლევინგტონის გვარის წაკითხვამ გამაოცა. მერე შემხვდა და, როცა ვკითხე, მითხრა, რომ შხამი თქვენი თხოვნით იყიდა. უცებ გამახსენდა, ორი კვირის წინ, ასევე შემთხვევით, ჩვენი საერთო ექიმის სახლთან რომ დაგინახეთ. მოუსვენარი კაცი ვარ. ამიტომ, დავურეკე მას და თქვენ შესახებ ვკითხე. სამწუხარო ამბავი მითხრა – რომ თქვენ მოურჩენელი სენი გჭირთ და, მაქსიმუმ თვე-ნახევარი იცოცხლებთ. ცოტა რომ ვიფიქრე, მივხვდი, რისი გაკეთება გადაწყვიტეთ: ვერ შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ მშვენიერი ნელი პრისტონე ლევინგტონთან  ბედნიერი იქნებოდა, ამიტომ თვითმკვლელობა გადაწყვიტეთ, თანაც, ისე, რომ თან კიდევ ერთი სიცოცხლე გაგეყოლებინათ. თქვენს ჭიქაში პოლიცია იპოვიდა შხამს და მარტივად დაადგენდა იმასაც, რომ ეს შხამი სწორედ ლევინგტონმა შეიძინა აფთიაქში. სახრჩობელაზე უშვებდით ასეთ უწყინარ ბიჭს, ჰარი? სინდისი ოდნავ არ გაწუხებთ?
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3