№40 როგორ შეჩერდა კორეული ომი ლავრენტი ბერიას ძალისხმევით
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აშკარაა, რომ ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობა რუსი შოვინისტების მიერ იყო განხორციელებული და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებას, რაც რუსებს სისხლში აქვთ და მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტის წართმევა და წაგლეჯა ნებისმიერისთვის და ნებისმიერ ფასად... ისტორიკოს-პუბლიცისტი დენიელ კროილერი წერს: „თამამად შეიძლება, ითქვას, რომ იმპერიალიზმი სუფთა რუსული კომპლექსია და რუსს ამის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია და ამოუწურავი რესურსები აქვს, მაგრამ მათ ეფექტურად ვერ იყენებს. მოსახლეობა მაინც ცუდად ცხოვრობს. თუმცა ბედნიერია, რომ „დიდი ერის“ შვილია და მისთვის სწორედ, ესაა უმაღლესი მწვერვალი... არა და, ჯერ სტალინმა, შემდგომ კი ბერიამ სწორად აუღეს ალღო დროის დინებას და რუსები ისეთ კალაპოტში მოაქციეს, რომ მათ დიდი შანსი ჰქონდათ, გამხდარიყვნენ მართლაც „დიადი ერი“ ყველა კომპონენტით. სტალინმა მათ უდიდესი და უმძლავრესი ქვეყანა აუშენა. ბერიამ კი ამ ქვეყნის სწორ პოლიტიკურ გზაზე დაყენება სცადა და სწორედ, ამ დროს ჩასცეს მას ზურგში მახვილი. კორუმპირებულმა ელიტამ ყველას კარგად ყოფნას მხოლოდ პირადი ძალაუფლება და კეთილდღეობა არჩია და ბერია ტრადიციულ-რუსულად, ჯოგური შეთქმულების მეთოდით მოიშორეს თავიდან... როი მედვედევი (რუსი ისტორიკოს-პუბლიცისტი) წერს: „სტალინის გარდაცვალებისთანავე ლავრენტი ბერიამ, ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო (ამ შემთხვევაში კარგი გაგებით) მთელი საბჭოთა საგარეო პოლიტიკა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რაც ხრუშჩოვსა და მის ჯგუფს სულაც არ ეპრიანებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ ბერიას ძალისხმევით შეჩერდა ომი კორეის ნახევარკუნძულზე. ეს იყო საბჭოთა კავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის „პირველი მერცხალი“ და რომ არა ბერიას მკვლელობა და ბნელ წარსულში დაბრუნება, გაცილებით უფრო დიდ და ნამდვილ წარმატებებს ვიხილავდით...“
სისხლისმღვრელი ომი ორ კორეას შორის ბევრად უფრო აზიანებდა საბჭოთა კავშირს, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს – ანუ დასავლეთს. საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად, მარტო ებრძოდა დასავლეთს და განწირული იყო დამარცხებისთვის. ბერია ამას თვალნათლივ ხედავდა. ის სულაც არ ცნობდა ცრუ რუსულ პოსტულატს „ძმური უანგარო დახმარების“ თაობაზე და პრაგმატულად მოქმედებდა. სწორედ ამიტომაც გაგზავნა ვაშინტონში თავისი ნდობით აღჭურვილი პირები და შეერთებულ შტატებს შესთავაზა, კორეაში მშვიდობა დაემყარებინათ. ამერიკელებმა მყისვე თანხმობა განაცხადეს და ბერიას ჩრდილოკორეული გარანტიები მოსთხოვეს. „იანკებმა“ (ამერიკელებმა) კარგად იცოდნენ ჩრდილოკორეული მმართველის, კიმ ირ სენის პოზიცია ამის თაობაზე. ეს იცოდა ბერიამაც. ანუ ჩრდილოკორეელს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და უწყვეტი საბჭოური დახმარების მისაღებად, ომი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე მშვიდობა. ამიტომ, ბერიამ კორეელი თავაზიანად მიიწვია მოსკოვში. კიმ ირ სენმა მიპატიჟება მიიღო და საბჭოთა დედაქალაქში ჩავიდა. „პერესტროიკის“ დროს, 1985 წლის დეკემბერში, ვიაჩესლავ მოლოტოვი (კიმ ირ სენი ისევ კორეის მმართველი იყო) იხსენებდა: „კორეელი მმართველი სტალინის კაცი იყო, თავს მის მემკვიდრედ მიიჩნევდა, ისევე, როგორც მაო ძე დუნი. ამიტომ ბერიას რეალურად ვერ აფასებდა. თუმცა, მოსკოვში მაინც ჩამოვიდა. ბერიამ კორეელი საკუთარ კაბინეტში მიიღო „ლუბიანკაზე“ (საბჭოთა უშიშროების მთავარი ოფისი), სადაც მეც ვესწრებოდი. როდესაც ბერიამ კორეელ ლიდერს ომის შეწყვეტაზე ჩამოუგდო საუბარი, ის თითქოს დაშანთესო, ადგილიდან წამოხტა და განრისხებით გამოთქვამდა თავის უარს. ამის შემხედვარე ბერიას ირონიულად ჩაეცინა. პენსნე მოიხსნა და ცხვირსახოცით წმენდას შეუდგა. კიმ ირ სენი კი არ ცხრებოდა. საბჭოთა თარჯიმანი კი გაფითრებული იდგა და არ თარგმნიდა. ბერიამ მას უთხრა – ყველაფერი ზუსტად მითარგმნეო და უცებ კორეელს სიტყვა გააწყვეტინა და მშვიდად უთხრა:
– პატივცემულო, ყველანაირ დახმარებას შეგიწყვეტთ და იძულებულები გახდებით, აღარ იომოთ. ამიტომ, ნუ გვაიძულებთ, ასეთ ზომებს მივმართოთო.
კორეელი ამას არ მოელოდა და გაჩუმდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ კვლავ ალაპარაკდა და ბერიას უთხრა:
– მაშინ, თქვენ მოღალატეები იქნებით!
ბერიას გაეცინა და კორეელს უთხრა:
– პატივცემულო, თქვენ „ლუბიანკაზე“ იმყოფებით და თუ არ გსურთ, რომ სამუდამოდ მის სარდაფში დარჩეთ, ხოლო რადიოთი თქვენი ტრაგიკული დაღუპვის ამბავი გამოცხადდეს, მაშინ საღი აზრი მოიკრიბეთ.
კორეელმა საღი აზრი მოიკრიბა და სულ მალე კორეული ომი შეჩერდა...“
მოლოტოვი, ალბათ, არასოდეს გამოამზაურებდა ამ ისტორიას, რომ არა „პერესტროიკა“ და უკვე ღრმა მოხუცებული ყოფილი საგარეო მინისტრი მწარედ ნანობდა ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას, რადგან გვიან მიხვდა, რომ ბერიასეული რეფორმები სამყაროს კარგი მხრისკენ შეცვლიდა და ის ქვეყანაც შენარჩუნდებოდა, რომლის შექმნის სათავეებთანაც თავად იდგა.“