№40 რატომ არის შიდსის ამოცნობა რთული და ვის ემუქრება დაავადების საფრთხე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

რაც უფრო ადრე გაიგებთ, რომ თქვენ ხართ აივინფიცირებული, მით უფრო მარტივად შეძლებთ ვირუსთან გამკლავებასა და სრულფასოვან, ჯანსაღ ცხოვრებას. იმის გამო, რომ შიდსის სიმპტომები აივ-ით დაინფიცირებიდან მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ ვითარდება, ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ ის ვირუსის მატარებელია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მან ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსით დააინფიციროს სხვა ადამიანი. ამიტომ საჭიროა, რომ დროულად, ჯანმრთელობის სერიოზულად დაზიანებამდე აღმოაჩინოთ ეს ვირუსი და გაუმკლავდეთ. გაიკეთეთ მარტივი, უფასო ანალიზი და დაიცავით როგორც საკუთარი, ისე თქვენი სექსუალური პარტნიორისა და მომავალი შვილის ჯანმრთელობა. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა წყვილები ორსულობის შემდეგ იგებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი აივ ინფიცირებული ყოფილა, რის გამოც ვირუსი გადაედო როგორც მეორეს, ისე ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვს. თუ წინასწარ გაირკვევა აივ სტატუსი, დედაც რომ იყოს აივ დადებითი, მკურნალობის შედეგად, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ გააჩინოს ბავშვი, რომელიც არ იქნება ინფიცირებული.
აივ-ზე ტესტირება უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ: ერთხელ მაინც გქონიათ დაუცველი სექსი; გაქვთ ტატუირება, ან პირსინგი; ეჭვი შეგიტანიათ სამედიცინო ხელსაწყოების სტერილურობაში (მაგალითად, სტომატოლოგთან ან სილამაზის სალონში ვიზიტისას); დაგჭირვებიათ სისხლის დონაცია; თუ თქვენი პარტნიორი არის აივ დადებითი.
არის შემთხვევები, როცა წყვილები ერთმანეთს ენდობიან და აქვთ სექსი პრეზერვატივის გარეშე. დაუცველ სექსამდე აუცილებლად დაუსვით კითხვა თქვენს პარტნიორს, ბოლო პერიოდში გაკეთებული აქვს თუ არა აივ ტესტირება, რადგან მხოლოდ სიტყვები, რომ ის „სუფთაა“, არაფერს ნიშნავს. შესაძლოა, მან თავადაც არ იცოდეს, რომ აივ-ის მატარებელია. ისევე, როგორც შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ, დაინფიცირებული ხართ თუ არა აივ-ით. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ წყვილი გადაწყვეტს, ჰქონდეთ დაუცველი სექსი, გაიკეთონ ტესტირება აივ ინფექციასა და სხვა სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე, ან აირჩიონ დაცული სექსი.
არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება შიდსისა და ამ ვირუსის მატარებელი პირების მიმართ, რის გამოც მათი უმრავლესობა არჩევს, არ გაამხილოს დიაგნოზი.
გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, აივ/შიდსი მხოლოდ ჰომოსექსუალებსა და ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებს ემართებათ და თუ პირი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მიიჩნევს, რომ მისი დაინფიცირების რისკი არ არსებობს. თუმცა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ არსებობს აივ/შიდსის გადაცემის არაერთი გზა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, დაუცველი ჰომოსექსუალური სექსითა და ნარკოტიკის ინიექციურად მიღების (ეგრეთ წოდებული, შპრიცის გაცვლა) გზით ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი სულ უფრო იკლებს, ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის პრეცედენტები კი იზრდება.