კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ვის პატრონობდა ინკოგნიტოდ აბასთუმნის სანატორიუმში ევგენი მიქელაძე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

1933 წელი
... ევგენი მიქელაძე კონსერვატორიის სტუდენტებისა და ოპერის მუსიკოსებისგან პირველ ქართულ სიმფონიურ ორკესტრს აყალიბებს, რასაც საზოგადოება, ერთი მიზეზის გამო, გულგრილად ხვდება… და ორკესტრის დამაარსებელმა, მთავარმა დირიჟორმა ევგენი მიქელაძემ დაიწყო საქმიანი შეხვედრებით აღსავსე მოგზაურობა მოსკოვსა და ლენინგრადში, კიევსა და ტაგანროგში, ბაქოსა და ერევანში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, შერჩეული მუსიკოსებისთვის, საქართველოში დამკვიდრების სანაცვლოდ, საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობების შესათავაზებლად და თბილისისკენ დაიძრნენ მუსიკოსები. მაესტრომ ჩამოსულებს დანაპირები შეუსრულა: ახალი ფრაკებით შემოსა, საუკეთესო ბინები დაუქირავა, რამდენიმე ადგილას დაასაქმა, ორმაგი, სამმაგი ხელფასი დაუნიშნა. მოწვეულებმაც გაამართლეს: ორკესტრი გააძლიერეს, კონსერვატორია გამოაცოცხლეს, კადრები აღზარდეს. აი, მაგალითად: მევიოლინე სტუპელის მოსწავლე ვილშაუ იყო, ვილშაუსი – შიუკაშვილი, შიუკაშვილის – ლიანა ისაკაძე... სრულდება ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ტუსკიას, მშველიძისა და კილაძის შემოქმედება. მდიდრდება რეპერტუარი. ბრწყინვალე შესრულების მიღმა იკითხება ქანცის გამწყვეტი მოსამზადებელი სამუშაო – შიდა სამზარეულოს ურთულესი მექანიზმი. რეპეტიციები იმართება დღეში ორჯერ: დილის 9-დან 12-მდე – ორკესტრანტების, 12-დან 3-მდე – ოპერის მუსიკოსების, რასაც მოსდევს საღამოს რეპეტიციები, კონცერტები, სპექტაკლები... მაესტრო დილიდან საღამომდე წითელ ფოიეში ტრიალებს და ჩვეული თავგამოდებით ჩაჰკირკიტებს დასამუშავებელი ნაწარმოების ნიუანსებს. შეცდომას არავის აპატიებს. თავზე ხელს არ გადაუსვამს. ზედმეტი ქებით არ გააფუფუნებს. სიტყვებს არ შეურჩევს. – ქალბატონო, სხვა პროფესია არ გაქვთ? – ეკითხება დიდი კაცის ცოლს, რომელმაც მომღერლობა მოიწადინა. ევგენი მიქელაძე თავმდაბლობით არ გამოირჩევა. საკუთარ შესაძლებლობებში ღრმად არის დარწმუნებული და ფამილარობის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება. რიგით ნაცნობებს, რომლებიც, დაახლოების მიზნით, ჟენიას დაუძახებენ, ცივად მოუჭრის: ვისთვის ჟენია, თქვენთვის კი ევგენი სემიონოვიჩი ვარ. თუმცა, სიმკაცრე და პირდაპირობა სიკეთეს, ქველმოქმედებას არ გამორიცხავს. მიქელაძე პატრონობს, მატერიალურად ეხმარება თანამშრომლებს. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის სხდომებზე გამუდმებით იბრძვის მათი ხელფასების გასაზრდელად. ტუბერკულოზით დაავადებულ ერთ-ერთ ორკესტრანტს აბასთუმნის სანატორიუმში თვეობით ინკოგნიტოდ ინახავს. სამაგიეროდ, შინაგანაწესის დარღვევასა და „ხალტურას“,  პანაშვიდებზე მუსიკის დაკვრას კრძალავს.
სატირალში თავადაც არ დადის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაესტროს დანახვით შემცბარი შემსრულებლები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. მიქელაძე მოსაბრუნებლად დაედევნათ. გაქცეულებმა იფიქრეს, დატუქსვას გვიპირებსო და უფრო აჩქარდნენ. პანაშვიდი ჩაიშალა. წვრთნის შედეგი არ აყოვნებს: კომპოზიტორ პროკოფიევის სტუმრობა თბილისელებს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდება. სოლო კონცერტი უფერულად მთავრდება – მაყურებელი ავანგარდს, ფაქტობრივად, არ იღებს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ განწყობილება იცვლება. პროკოფიევი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდის აუდიტორიის წინაშე. ევგენი მიქელაძე საფორტეპიანო კონცერტის დაწყებისას დემონსტრაციულად ხურავს პარტიტურას. მოულოდნელობისგან შემცბარი პროკოფიევი, რომელსაც ოცდაათიოდე წლის მაესტროს შესაძლებლობებში ისედაც ეჭვი ეპარება, ფითრდება, დასასრულს კი, უზადო შესრულებით აღფრთოვანებული, ბუნებით უემოციო და თავშეკავებული, დირიჟორს საჯაროდ იკრავს გულში. გავა დრო და ამ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი გაიხსენებს, როგორც ნოვატორი კომპოზიტორის ყველაზე თამამ გამოწვევას და პასუხს კითხვაზე: შეძლებს კი ახალგაზრდა დირიჟორი უცნობი და ურთულესი პარტიტურის სამ დღეში შესწავლას?
გავა დრო და მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ევგენის კბილა და თანაკლასელი ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი ერთ-ერთ მეგობრულ სუფრაზე იტყვის:
– ჩვენ ყველანი კაპელმაისტერები ვიყავით. დირიჟორი მხოლოდ ჟენია იყო.
1936 წელი
უკვე ორი კვირაა, დავით გამრეკელი კიაზოს ცნობილ არიას – „დამისხი, დამალევინე“ – ნელ ტემპში ტკეპნის... ქართული ხელოვნების პირველმა დეკადამ, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართება, სრული სიცხადით უნდა წარმოაჩინოს მიქელაძის სახელთან დაკავშირებული ნახტომი ქაოსიდან სრული მუსიკალური წესრიგისკენ, ერთეული გამონათებებიდან – პროფესიონალთა ვარსკვლავთცვენისკენ, სიმფონიზმის ვაკუუმიდან – სისხლსავსე საორკესტრო ცხოვრებისკენ... პროგრამაში, ოთხ ოპერასთან ერთად („დაისი“, „აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“, „დარეჯან ცბიერი“), ვახტანგ ჭაბუკიანისა და ევგენი მიქელაძის ერთობლივი ნაღვაწი, პირველი ქართული ბალეტი „მზეჭაბუკიც“ არის, მაგრამ ის, გარკვეული გარემოებების გამო, ბოლო წუთს ქრება სადეკადო წარმოდგენების სიიდან. მაესტროს მთელი ყურადღება „დაისსა“ და „აბესალომზე“ გადააქვს. მიქელაძე ასკვნის: დიდი ოპერის სტილში გადაწყვეტილი „აბესალომ და ეთერი“ სინამდვილეში ლირიკული ნაწარმოებია, რის გამოც კორექტირება – კუპიურებას, სპილენძისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ჟღერისგან განტვირთვას, ერთი და იმავე მუსიკალური ეპიზოდების დუბლირებაზე უარის თქმას საჭიროებს. შედეგად, დაიხვეწება და შემსუბუქდება მელოდია, მოიხსნება საორკესტრო საკრავების არასასურველი ფონი, აღარ გადაიფარება მომღერლების ხმა, კონტექსტიდან ამოვარდნილი ეპიზოდებისგან გათავისუფლდება და სიუჟეტი კომპოზიციურად გამთლიანდება. შეიცვლება „დაისიც“, რაც შესაძლებელია, ოპონენტებმა მუსიკის გაღარიბებად მონათლონ. მიქელაძეს ისევ კომპოზიტორის თვითკრიტიკული განწყობა ეხმარება. „აბესალომ და ეთერის“ გაჭიანურებული მოქმედება, თურმე, ზაქარია ფალიაშვილსაც არ მოსწონდა. მან ოპერიდან მთელი სურათი ამოიღო, პარტიტურის საბოლოო სრულყოფა კი ვეღარ მოასწრო. გაცილებით თამამი რედაქტორი გამოდგა მიქელაძე, რომელმაც სპექტაკლის პირველი ორი ნაწილი გააერთიანა, ზოგიერთი მუსიკალური ადგილი გადააადგილა და შეამცირა, ერთ-ერთ სცენაზე კი უარი თქვა. განახლებულმა სპექტაკლებმა ჯერ თბილისის ოპერის, შემდეგ მოსკოვის დიდი თეატრის სცენები დაიპყრო (შ. ლებანიძე).  მუსიკალური შედევრებით განებივრებულ მოსკოვს სტუმრებმა პროვინციული, იაფფასიანი ხელოვნების ნაცვლად, პირველხარისხოვანი ნაწარმოებები შესთავაზეს. ეს იყო შემოქმედება, რომლის ხორცშესხმასაც ნებისმიერი თეატრი ისურვებდა (მოგვიანებით „დაისი“ და „აბესალომი“ რუსეთის ოპერების რეპერტუარში შეიტანეს), ქართული არიების ენა ყველას ესმოდა...


скачать dle 11.3