№40 „ოდინ ვ პოლე ვოინ“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ მაინც „ამოთხარა“
იმ მარტივი მიზეზით, რომ არაფერია ცის ქვეშ მუდმივი, ცხადზე უცხადესია, რომ ვერც ალექსანდრ ლუკაშენკო შეინარჩუნებს სიცოცხლის ბოლომდე ბელარუსის პირველკაცის პოსტს, თუმცა ამ პოლიტიკური პროცესის კვანძი ეს არცაა: მთავარი ისაა, შეინარჩუნებს თუ არა ბელარუსზე გავლენას რუსეთი, უფრო ზუსტად, პრ.-ი პუტინი (აი – ასეთი მძიმე ბედი გვერგო ჩვენ, რუსეთის მეზობლებს და მით უმეტეს; „თეთრ“ რუსებს და, ზოგადად, სლავებს).
მეორე მხრივ, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა და ჩვენებურთა და დასავლელთა აღტაცებისა ბელარუსთა საპროტესტო გამოსვლებით (ჭეშმარიტად ევროპული ხალხიაო და, პრინციპში, სლავები მართლაც ევროპელები არიან), ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია შედგა (მართალია, გასაიდუმლოებულად, ანუ უცხო თვალთაგან მოშორებით) და აქციაც დაიშალა (ან კი როგორ არ დაიშლებოდა, როდესაც ბელარუსში ოპოზიციას არ აქვს პარტიული სტრუქტურა და, რაც მთავარია, არ აქვთ ფული – იმიტომ, რომ ბელარუსში ფულადი ნაკადების შესვლა კონტროლდება).
მოკლედ, ასეა თუ ისე, ჯერჯერობით რუსეთმა შეინარჩუნა გავლენა (ანუ, უკრაინისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, არ აპირებს დასავლეთთან ბელარუსის განაწილებას) და ამასობაში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ ბელარუსის პრეზიდენტად გამოაცხადა, გაგვიმხილა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბრძენი მმართველია, რადგან იცის, რომ ბელარუსი ხალხი მზადაა დიალოგისთვის და არასდროს უჩვენებია ზურგი რუსეთისთვისო.
მე არ ვიცი, რატომ თქვა ეს ქ-ნმა ტიხანოვსკაიამ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ბელარუსის არგახლეჩვის ერთადერთი გზაა (შექმნილ ვითარებაში), იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, ვერც „პრ.“-ი ვლ. პუტინი დარჩება სამუდამო პრეზიდენტად და, ცხადია, ჯობია იმ დრომდე მინიმალური დანაკარგებით მიღწევა.