კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გიორგი კელაპტრიშვილი: შეყვარებული სასწაულ რაღაცებს ჩავდიოდი, გზაც კი გადამიკეტია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  29 წლის გიორგი კელაპტრიშვილი საზოგადოებამ კონკურსიდან გაიცნო და შეიყვარა. სულ მალე მისი კლიპიც გამოჩნდება და კიდევ, როგორც თავად ამბობს, საკუთარ ბენდთან ერთად უამრავ სიახლეს გეგმავს. გიორგის მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა და სიმღერის გარდა, გიტარაზე, სალამურზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრაც თავად ისწავლა.
  გიორგი კელაპტრიშვილი: მთელი ბავშვობა, მთვარეზე გაფრენა მინდოდა და იმედია, ამ ოცნებას ავიხდენ (იცინის). ზოგადად, სასწაულად ცელქი ვიყავი და არაერთხელ გამიტეხავს თავი. სიმინდიც მომიპარავს სოფელში და ახლაც მახსოვს, რა გემრიელი იყო მოპარულის გემო (იცინის).
– მშობლები თუ გსჯიდნენ სიცელქის გამო ან შეზღუდვებს თუ გიწესებდნენ?
– დასჯის რადიკალურ ზომებს არ მიმართავდნენ და ჩემი სიცელქის გამო არც შეზღუდვები მქონია. პაპა ცოტა მკაცრი იყო და სულ მაძალებდა, ჩემთან ერთად იმღერეო. მე კი არ მინდოდა სიმღერა, ერთი სული მქონდა, ეზოში მეთამაშა და ვიტყუებოდი: სმენა არ მაქვს-მეთქი (იცინის). ახლა კი ვნანობ, ასე რომ ვიქცეოდი, მისგან ბევრი რამის სწავლა შემეძლო, მაგრამ ისეთ ოჯახში გავიზარდე, მაინც მომიწია სიმღერა, გენეტიკას ვერსად გავექეცი. პაპას ძმა, ომარ კელაპტრიშვილი, უბადლოდ და საოცრად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. მაშინ, ვამბობდი, ვის რად უნდა ხალხური სიმღერები-მეთქი. თუმცა, იძულებით მაინც მიხდებოდა. კიდევ ვამბობ, სანამ პაპა ცოცხალი იყო, მისგან მეტის სწავლა შემეძლო. მისი გარდაცვალებიდან ორ წელში მომინდა სიმღერა. კონსერვატორიაში ჩაბარებაც მინდოდა, მაგრამ რატომღაც ხელი შემეშალა,  ვერ მოვახერხე. სურვილი მაქვს და ახლა ვგეგმავ.
– მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდი და მიკვირს, რომ სცენაზე დგომა არ გინდოდა.
– სცენაზე დგომა ნამდვილად არ მინდოდა. სხვათა შორის, ჩვენს სახლში საკმაოდ ცნობილი მომღერლები იკრიბებოდნენ – ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე, ჯანო კახიძე, ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“ ბიჭები... ჩვენი სახლი პატარა საკონცერტო დარბაზივით იყო, სულ სიმღერის ხმა ისმოდა. ეს ტრადიცია დღესაც გაგრძელდა – ახლაც სულ სიმღერის ხმა ისმის. სოფელში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში უამრავი ფოტომასალაა, ნივთები, სუვენირები, პრიზები. თქვენ წარმოიდგინეთ, ადრიანო ჩელენტანოს სათვალეც კი.
– ჩელენტანოს სათვალე როგორ მოხვდა თქვენს ოჯახში?
– ბაბუას ძმა, ომარ კელაპტრიშვილი იმყოფებოდა იტალიაში, კონცერტი ჰქონდა. ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის შესრულების შემდეგ ადრიანო ჩელენტანო ავიდა სცენაზე, გადაეხვია, მოიხსნა სათვალე და გაუკეთა მას.
– გიორგი, პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ხარ. ამ კონკურსზე გასვლა შენით მოინდომე თუ ვინმემ გირჩია დიდ სცენაზე დადგომა?
– სხვათა შორის, კონკურსზე გასვლა ჩემი სურვილი არ ყოფილა. კრიტიკული ვარ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ და რომ არა დაძალებული თხოვნა, ალბათ, ვერც გავბედავდი ქასთინგზე მისვლას. ბევრმა მირჩია, იქნებ ბედი სცადოო. ხოდა, ვცადე და გამიმართლა კიდეც. გამარჯვებაზე არც ვფიქრობდი, თუმცა, ჟიურიდან რომ კარგი შეფასებები მივიღე, მერე „მუღამში“ მოვედი. სულ ვამბობ: გენეტიკასთან ერთად, იღბლიანიც ავღმოვჩნდი-მეთქი.
ზოგადად, ბევრ რამეში ვგრძნობ, რომ ბედი მიღიმის, უფლის გვერდით დგომას სულ ვგრძნობ.
– არაჩვეულებრივად უკრავ გიტარაზე, სალამურზე, ფანდურზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე. თავად ისწავლე, ეს ნიჭიც გენეტიკურად დაგყვა თუ დადიოდი პედაგოგებთან?
– არა, პედაგოგებთან არ მივლია, თვითნასწავლი ვარ. გიტარაზე, სალამურზე, ფანდურსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ჩემით ვისწავლე დაკვრა და ახლა მინდა, დრამის დაკვრაც ვისწავლო.
– კონკურსზე გამარჯვებულს, პრიზად ბინა გადმოგეცა. თუ გადახვედი იქ საცხოვრებლად?
– ბინა მშენებარე იყო, მალე დასრულდება, ამიტომ, საცხოვრებლად ჯერ არ გადავსულვარ.
– ვისთან ერთად აპირებ ახალ ბინაში ცხოვრებას?
– ჯერჯერობით ახალ სახლში გადაბარგებას არ ვფიქრობ. სადაც ბავშვობიდან ვცხოვრობ, იქ მირჩევნია ყოფნა. თუმცა,  ასაკიც მიწყობს ხელს და ახალ სახლში ცხოვრება საყვარელ  მანდილოსანთან ერთად მინდა (იცინის).
– გარდა ბინისა, გადმოგეცა საგზური მონაკოში „ფორმულა 1-ზე“, გერმანიაში ერიკ კლაპტონის კონცერტზე დასწრება, ვიდეოკლიპის გადაღება. კლიპის გადაღებები ახლახან დასრულდა. მონაკოსა და გერმანიაში ვიზიტი თუ მოასწარი?
– დიახ, წელს ცხელი ზაფხული მქონდა, მომიწია გადაღებები საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ახლახან დასრულდა ჩემი პირველი ვიდეოკლიპის გადაღება სიმღერაზე, სახელწოდებით –  „შენ“. სიმღერა სიყვარულზეა, სადაც უნიჭიერესი გოგონა, მსახიობი ანა ჯავახიშვილი მონაწილეობს, რომელმაც კლიპი გაალამაზა. კლიპის რეჟისორი კი გოგიტა ჩიკვილაძეა. რაც შეეხება სხვა მოგებულ პრიზებს –  გერმანიაში, ერიკ კლაპტონის კონცერტზე წასვლა ფიზიკურად ვერ მოვახერხე, მონაკოში კი ვიყავი და დავესწარი „ფორმაულა 1-ს“. ეს ჩემი ოცნება და „სტიქია“ იყო ბავშვობიდან. სხვათა შორის, საკმაოდ პატარა ასაკიდან ვზივარ მანქანის საჭესთან. რვა წლისა უკვე ვმართავდი მანქანას და სოფელში, მაღაზიაშიც დამოუკიდებლად დავდიოდი. სამწუხაროდ, ერთხელ, საავარიო სიტუაციაში მოვყევი – ჯვრის მონასტრიდან მოვდიოდი, სისწრაფეს მოვუმატე, საბურავი ბორდიურს მოედო, ცუდი ავარია მომივიდა და ფაქტობრივად, სიკვდილს გადავრჩი. თან, მანქანაში ჩემი მეგობრები და და ისხდნენ. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, შიშიც კი ვერ განვიცადე. ფაქტია, სიკვდილს გადავრჩით და იმის მერე, სისწრაფეს სულ ვაკონტროლებ. თუმცა, რისკიანი მაინც ვარ (იცინის). დღემდე, ჯვრის მონასტერთან რომ გავივლი, ის დღე მახსენდება და მადლობას ვწირავ ღმერთს, გადარჩენისთვის.
– თქვი, საჭესთან რისკიანი ვარო. კიდევ რაში ხარ რისკიანი?
– ყველაფერში რისკიანი ვარ. თუმცა, გააზრებული რისკი მიყვარს. კონკურსზე რომ გავედი, ესეც რისკი იყო. ხომ იცი – „ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს“ (იცინის).
– ესე იგი, გამართლებული რისკის შემდეგ დალევა „მოსულა“?
– კვირაში სამჯერ და ყანწებით არ ვსვამ, უბრალოდ, თუ კარგი სიტუაციაა, დალევა „მოსულა“. პირველად, ათი წლის ასაკში გავსინჯე სასმელი. ორი ჭიქა დავლიე და ისე დატრიალდა დედამიწა, მეგონა, დადგა დრო ბავშვობის ოცნების ასრულებისა და მთვარეზე გაფრენის-მეთქი (იცინის). ასე რომ, პირველი ნაბახუსევი ათი წლის ასაკში გამოვცადე.
– გიორგი, სიყვარულზე რომ მღერი, თავად თუ ხარ შეყვარებული? პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– სიყვარული, დაგეგმილად არ მოდის, თუმცა მე სულ შეყვარებული ვარ (იცინის). არ უნდა ეძებო სიყვარული, ესეც ბედისწერაა და თავისით უნდა მოვიდეს. ახლა რომ ვაკვირდები, უფრო ფლირტაობები მომწონს და სწორედ, ამ ფლირტაობაში შეიძლება, აღმოაჩინო ის ერთი. 17 წლის ასაკში ვიყავი შეყვარებული და სასწაულ რაღაცებს ჩავდიოდი. გზაც კი გადამიკეტავს, საყვარელ გოგონას რომ შევხვედროდი და მენახა (იცინის). ახლა ასეთ რამეს ვეღარ გავაკეთებ, თუმცა, რომანტიკული ვარ და არ არის გამორიცხული, შეყვარებული გოგონას ფანჯრებთანაც ვიმღერო და სახურავზეც მოვუწყო რომანტიკული ვახშამი (იცინის). შეყვარებული არა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ორი მთავარი და უსაყვარლესი გოგონა, ჩემი ორი და – ლიკა და გვანცა. სიგიჟემდე მიყვარს ორივე. არ სჭირდებათ, თუმცა, მათთან ურთიერთობაში ცოტა მკაცრიც ვარ. შეყვარებულთან, ალბათ, კიდევ უფრო მკაცრი ვიქნები. ეს ქართლური ხასიათიდან დამყვა – ზომიერად მკაცრი და მომთხოვნი ვარ.
– გავიგე, საინტერესო გეგმები გაქვს.
– ახლა ჩემს ცხოვრებაში საინტერესო პერიოდი დგას. „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ, მინდოდა, ჩემი საკუთარი ბენდი მყოლოდა, რომელიც უკვე შევქმენი. დღეში 4 საათი გვიწევს რეპეტიცია და ამ დროს სამყაროს ვწყდები, მთლიანად მუსიკაში ვარ გადავარდნილი. ვგეგმავთ კონცერტებს, თუმცა, შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რა იქნება.
P.S. სტატიაში გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტოები.

скачать dle 11.3