№39 ბესო ბერულაშვილი: ძალიან ცოდვილი ვარ, თუმცა გამოსწორებას ვცდილობ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ბესო.
გვარი: ბერულაშვილი.
– მშობლების როლი...
– დაუვიწყარი და შეუფასებელი. ჩემს სახლში იყო ძალიან ბევრი წიგნი, სიყვარული, ერთგულება და ცოტა ფული. ცხოვრებაში მთავარი ფული არ არის და რაც გვქონდა, იმით გავდიოდით. დედა რომ გარდაიცვალა, მამას სხვისკენ არასოდეს გაუხედავს და ბოლომდე მისი სიყვარულის ერთგული დარჩა...
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ფეხბურთელი. „მოწამლული“ ვარ ფეხბურთით და იმის იქით დღესაც ვერ ვხედავ ვერაფერს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– სკოლის პერიოდიდან აქტიურად ვმონაწილეობდი ღონისძიებებში, პაროდიებს ვაკეთებდი. პროფესიით მსახიობი არ ვარ, ორი დიპლომი მაქვს: მეტალურგისა და ეკონომისტის, მაგრამ ცხოვრებაში არც ერთი გამომიყენებია და არც მეორე. ერთხელ რუსთავში მივდიოდით გასტროლზე და დავინახე, შენობიდან დიდი ბოლი ამოდიოდა, ვიკითხე – ეს ციხეა-მეთქი და არა, ეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანააო. როგორ ამოვიღებდი ხმას, მეტალურგი რომ ვიყავი (იცინის).
– ადამიანში ვაფასებ...
– 10 მცნებაში წერია, როგორი უნდა იყოს ადამიანი, მაგრამ რამდენად ვიცავთ, ეგ არის საქმე. მე, პირადად, ძალიან ცოდვილი ვარ მაგ ამბავში, თუმცა ვცდილობ გამოსწორებას. ყველაზე მეტად დასაფასებელია ერთგულება, რადგან ის ყველაფერს სჭირდება. ერთგული ადამიანი კარგი ქმარი, შვილი, მეგობარი და თავისი საქმის პროფესიონალია.
– მეშინია...
– ყოველდღე ადამიანი ბევრ პატარა თუ დიდ ცოდვას სჩადის. მეშინია, ამ ცოდვებით არ დავამძიმო ჩემი შთამომავლობა.
– ვრისკავ...
– ხანდახან. ექსტრემალი და აზარტული არ ვარ. ერთხელ ჩემმა ძმაკაცმა დამიყოლია, რომ აკვალანგით ჩავსულიყავით წყალში. ინსტრუქტორმა მითხრა: თუ ცუდად გახდი, თითი მაჩვენე მაღლაო. რომ გავიგე, შეიძლება, ცუდად გავხდე-მეთქი, მოვიძვრე ეს აკვალანგი და ყველაფერი მივატოვე (იცინის).
– ბედისწერა...
– ზოგადად, ადამიანი საკუთარ ბედს თავად წერს. როგორც გამიგია, ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იწერება – ამქვეყნად მოსვლისა და გასვლის. ჩვენ არ ვიცით, როდის, რა მოხდება. როცა ღმერთს რაღაცას სთხოვ და ის გისრულებს ამ თხოვნას, ამ დროს არ უნდა შეგეშალოს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოცდა შენთვის. ზოგი მილიონს იშოვის და ჰგონია, რომ ეკუთვნოდა, იმას კი არ ფიქრობს, რომ ეს მისი გამოცდაა.
– თავისუფლება არის...
– როდესაც შენი საქციელით სხვას წარმატებას და სიხარულს მოუტან და არა ის, რასაც მინდა, გავაკეთებ. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იზღუდება სხვისი.
– მაკვირვებს...
– როცა უტიფრად მატყუებენ, თვალებში მიყურებენ და ამ დროს სიმართლე ვიცი.
– ვერიდები...
– კონფლიქტს. თუ შევატყვე, რომ სიტუაცია იძაბება, შეიძლება, რაღაც „გავატარო“ – ვითომ ვერ გავიგე, ოღონდ მე რაც მეხება. ჩემი ოჯახის, ქვეყნის, პატრიარქის მიმართ თქმულ ცუდს ვერავის ვაპატიებ. ავარიის დროს, როცა ვარტყამ თუ მარტყამენ, სულ მგონია, მე ვარ დამნაშავე. გადმოსული არ ვარ მანქანიდან, მაშინვე ვამბობ: ვაკეთებ, ვაკეთებ. ამ დროს რას აკეთებ, თურმე, მე დამარტყეს (იცინის).
– სიყვარული არის...
– სხვისთვის რომ ცხოვრობ და არა შენი თავისთვის – ეს არის სიყვარული.
– დრო და სიყვარული...
– თუ გრძნობა ყოფითში გადავიდა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ისეთი აღარაა, როგორიც იყო, მაშინ შეიძლება, გაქრეს. ამ გრძნობისთვის უყურადღებობა არის ყველაზე ცუდი. როცა უყურადღებობა ჩნდება, იწყება სხვა პრობლემები. ეს პერიოდი თუ გაიარეს, მერე ღვინდებიან და როგორც ამბობენ, სადგურიდან გასული ავტობუსი, ისევ სადგურში ბრუნდება.
– იდეალური ქალი...
– არის ის, ვინც ჩემს სახლშია, ჩემი მეუღლე. ქართველი დედა არის იდეალური.
– ის, რაც უპატიებელია...
– უპატიებელი რა შეიძლება იყოს, მაშინ, როცა შვილმკვდარი დედები მისულან მკვლელებთან და უპატიებიათ, წარმოგიდგენიათ, რამხელა სიძლიერეა მათში? ოლღა გურამიშვილმა რამხელა ადამიანობა გამოიჩინა, როდესაც ილიას მკვლელებს შეუნდო? ბოლოს მაინც ღალატისკენ მიდის ყველაფერი, ძნელია, როცა გღალატობენ. თუმცა, როგორც ადამიანმა, უნდა აპატიო. შეიძლება, მასთან აღარ გააგრძლო ცხოვრება და შენს გზაზე წახვიდე, მაგრამ უნდა შეუნდო.
– შემშურებია...
– ბოროტულად არასოდეს. სურვილი მქონია: ასე რომ ყოფილიყო, ასე გავაკეთებდი... არ დავმალავ, ძალიან მინდა, დიდი ფული მქონდეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი დიდი საქმე და სიკეთე გავაკეთო.
– სამაგიერო გადამიხდია...
– ბავშვობაში. ერთხელ, მახსოვს, ვიჩხუბეთ და რომ მომერივნენ, მერე მე მოვერიე. ეგ იყო და ეგ. თორემ, სამაგიეროს გადახდა რა კაცის საქმეა. მაღლა გადაწყვეტენ, ვის რა მიუზღონ.
– ბოდიშის მოხდა...
– საერთოდ არ მიჭირს.
– ვეჭვიანობ...
– საერთოდ არა, ეჭვი ბოროტის მოგონილია და ყველამ უნდა მოიშოროს.
– ვიტყუები, როცა...
– დალევა აღარ შემიძლია (იცინის). სახლში ვერ ვიტყუები, მაშინვე ხვდებიან. ერთი ძმაკაცი მყავს და როცა მეუღლე ურეკავს ეუბნება: თათბირზე ვარ და მორჩა. ერთხელ ერთად ვართ და მეც დამირეკა მეუღლემ, მექანიკურად ვუთხარი: თათბირზე ვარ-მეთქი. ორ წამში გადმორეკა, რა თათბირზე ხარო (იცინის).
– ვზარმაცობ...
– ვარ ზარმაცი და ბიჭები მსაყვედურობენ, სახლთან მომაკითხავენ და როგორც პრინცესას, 20 წუთი მელოდებიან. იმათ ჰგონიათ სარკის წინ ვტრიალებ, არადა მაშინ ვიღვიძებ და ვიწყებ მოწესრიგებას.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– უკვე 12 წელია, პატრიარქის სტიქაროსანი ვარ და მას შემდეგ სხვანაირად დავიწყე რაღაცებზე ფიქრი. ერთი წუთი არ დავფიქრდები, ისე დავთმობ მის გამო სიცოცხლეს, რადგან მე ბევრი ვარ და ის ერთი გვყავს.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ბატონი ჯემალის ნათქვამი მახსენდება: ოფლითა შენითაო... შენი შრომით, რომ მიაღწევ, ის არის ყველაზე კარგი. თუმცა, რა ჯობს, როცა ვიღაც ხელს წაგიკრავს, რომ არა ჯემალ ბაღაშვილი, იმას ვერ გავაკეთებდი, რასაც დღეს ვაკეთებ.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვსულიყავი...