№39 რა დარდი იმალება თაკო მელიქიშვილის პოზიტიური იმიჯის მიღმა და ვის გამო ამარცხებს ის დეპრესიებს
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალი და რადიოწამყვანი თაკო მელიქიშვილი ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა. მიკროფონით ხელში ცდილობს, დადებითი განწყობა სხვებსაც გადასცეს და ამით ბედნიერება მიანიჭოს. თუმცა, ამ პოზიტივისა და დადებითი განწყობის მიღმა საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დგას, რომელიც მისი უმცროსი შვილის ჯანმრთელობას ეხება. ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდება და ბევრმა მისმა ახლობელმაც კი არ იცის, რისი ატანა უწევს იმ ნიღბის მიღმა, რისი ტარებაც მას ყოველდღიურად უწევს.
თაკო მელიქიშვილი: ძალიან ბევრს ჰგონია, რომ უპრობლემო ცხოვრება მაქვს. არა, მეგობრებო, იმაზე მეტი პრობლემა მაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ, მაგრამ ვერ დავჯდები და საჯაროდ ვერ მოვყვები, რა მაწუხებს და მიჭირს. უბრალოდ, ყოველდღე ვცდილობ, ხშირად გავალამაზო ჩემი მოსაწყენი ყოველდღიურობა. ბედნიერება შენს ხელშია და ის თავად უნდა შექმნა.
– რატომ ჰგონიათ, რომ უპრობლემო ცხოვრება გაქვს?
– ალბათ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ადამიანებისგან ხშირად მსმენია: შენ რა გენაღვლება, რა გაქვს სადარდებელი, მთელი დღე რადიოში მუსიკას უსმენ, მუსიკების ფონზე ატარებ დღეს, რადიომსმენელები გეფერებიან, თბილი სიტყვებით განებივრებენ, მერე რესტორანში მღერიო. რატომღაც ჰგონიათ, სულ ვერთობი და მთელ დღეს ასე პოზიტიურად ვატარებ. თუმცა, ჩემი ცხოვრება ამ ღიმილის და პოზიტივის მიღმა, საკმაოდ პრობლემურია. არ მიყვარს წუწუნი, პრობლემებზე საუბარი. ყველა ვერ შემოვა ჩემს მდგომარეობაში. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კი გარდაქმნა და ნიღბის ტარება მიწევს. მანქანაში ვტოვებ იმ ჩემს პრობლემას და დარდს, ღრმად ჩავისუნთქავ, ამოვისუნთქავ და ისე შევდივარ სტუდიაში თუ რესტორანში. მჯერა, ეს ჩემი პოზიტივი და გაღებული სიკეთე, ბუმერანგივით დამიბრუნდება.
– ისე საუბრობ, ეჭვი მიჩნდება, თითქოს შენს ბედს უბრაზდები. ნიღბის მიღმა, როგორია შენი ცხოვრება? რა არის ისეთი პრობლემა, რომელზე საუბრსაც საჯაროდ ერიდები?
– ადვილია გაუბრაზდე ბედს და შეეგუო რეალობას. ყოველდღე გაიღვიძო აზრით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და შენ ვერაფერს შეცვლი. ადვილია, იყო ნაწყენი და დუმდე, ასე საკუთარი თავი წმიდა გეგონება, სხვა კი – ცოდვილი. ადვილია, შეეგუო ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება რომ მიიღო, ცხოვრების სადავეებს რომ ხელი მოჰკიდო, წყენისგან თავის დატანჯვის მაგივრად, უბრალოდ რომ თქვა სათქმელი და წერტილი დაუსვა, ცხოვრების შეცვლა რომ სცადო – აი, ეს უკვე რთულია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ, სხვის იმედზე აღარ ხარ, თავად იწყებ მოქმედებას. შესაბამისად, აზრს კარგავს განტევების ვაცის ძებნა, რადგან მაგის დრო არ გაქვს, იღვიძებ და მთლიანად ერთვები შენი ცხოვრების გარდაქმნაში. თუმცა, მჯერა, რომ ცხოვრება ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც თავად შექმნი. თუ გსურს, ფერადი ფერები და დადებითი ემოციები, ისინი თავად უნდა შექმნა, შენი სამყარო თავად უნდა გააფერადო. საკუთარ ცხოვრებასაც აზრი შენ უნდა მისცე. თუ სხვას დაელოდები, თუ სხვისი იმედი გექნება, შეიძლება, მოვიდეს კიდეც ის სხვა, მაგრამ როცა წავა, ისევ ცარიელი დარჩები. ზოგჯერ, ცხოვრებაში მომხდარი ცუდი მოვლენა, უბრალო სიახლედ უნდა მიიღო და არა ტრაგედიად. ასე, მეტი ძალა შეგრჩება გაღიმებისთვის. ცხოვრება რთულია, მაგრამ რასაც შეძლებ, ყველაფერი სხვებზე უნდა გაანაწილო, არ უნდა დაგენანოს და თუ გაანაწილებ, აუცილებლად იქნები ბედნიერი. ვიცი, რომ გრძნობების სიყალბეში ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდე. დააფასე დრო, გრძნობები, იცხოვრე თავისუფლად და მარტივად, ადვილად აპატიე და რთულად შეიყვარე. იყავი თავმდაბალი, ისწავლე წვრილმანი ბედნიერებით ტკბობა და, ყველაზე მთავარი, იყავი მადლიერი ყველაფრის და დღის ბოლოს თქვი უდიდესი მადლობა, იმისთვის რომ არსებობ. რაც შეეხება პრობლემას, ეს ჩემი 4 წლის შვილის ჯანმრთელობას ეხება და ძალიან პრობლემურია ჩემთვის. არ მინდოდა, ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვცდილობ მოგვარებას, თურქეთშიც მყავდა, თერაპიის კურსს გადიოდა, მაგრამ ახლა, უსახსრობის გამო შევწყვიტეთ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ველოდები, ჩემი ხარჯებით ვცადე ბავშვის მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. არადა, უწყვეტი თერაპია სჭირდება. ვცდილობ, არ შევიმჩნიო ნერვიულობა, სტრესი, შიში, განცდა, არ მინდა, ჩემი პრობლემა სხვებს მოვახვიო თავს და ამიტომაც არ ვსაუბრობ ამ თემაზე, ღიმილით ვინიღბები. ასე მგონია, ჩემში რამდენიმე ქალი ცხოვრობს და ადვილი არ არის მათი კონტროლი: ერთს ჩხუბი უნდა, მეორეს – მშვიდობა; ერთი სევდიანია, მეორე – უზომოდ ბედნიერი; ერთს მოგზაურობა და თავგადასავლები სწყურია, მეორეს – სიმყუდროვეში წოლა და წიგნის კითხვა. არადა, რეალურად, ერთი ვარ, არ ვიცი, რას მერჩიან (იცინის). მართლა ორი თაკო ცხოვრობს ჩემში, სულ ერთმანეთს ებრძვის და გაორებული ვარ. გადაწყვეტილებების მიღებაც კი მიჭირს ან ვაგვიანებ. სულ გაურკვევლობაში ვარ. მეგობრებიც კი დავღალე ჩემი ამ გაორებით (იცინის).
– მეორე შვილი, ქმრის გარეშე გააჩინე. ამ გადაწყვეტილების მიღება რამდენად ადვილი იყო, მზად იყავი იმისთვის, რომ ქმრის გარეშე გაგეჩინა, გაგეზარდა და აგეტანა ის ჭორები, რაც შენკენ წამოვიდა?
– უქმროდ შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ვიცოდი, რომ დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. ვიცოდი, ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე და მადლობა უფალს, რომ ის მყავს. მოკლედ, ბავშვის გასაჩენად მზად ვიყავი, თუმცა, ჭორებით გული მატკინეს. მარტომ მოვიტანე აქამდე ყველაფერი, არავისთვის არაფერი მითხოვია და ვიცი, ამ პრობლემასაც დავძლევთ. მისი ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის ყველაფერს შევძლებ. სხვის იმედად არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები. ვიმუშავებ ყველგან, სადაც კი შევძლებ, რომ ჩემი შვილები მატერიალურად უზრუნველყოფილნი და კარგად მყავდნენ. სხვათა შორის, მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები დამეწყო, მკურნალობაც კი დამჭირდა, მაგრამ ეს შემოტევაც დავძლიე, ორი თვე ვიმკურნალე და მერე მივხვდი, რომ წამლის დახმარების გარეშე, პოზიტიურად უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ისევ ჩემი შვილების გამო. მხოლოდ ხუთ-ათწუთიანი დეპრესიები თუ შემომიტევს, უცებ ვხვდები, მე ჩემს შვილებს ვჭირდები და ამასაც თავად ვუმკლავდები.
– მახსოვს, ერთი პერიოდი, რუსეთში აპირებდი ემიგრანტად წასვლას და იქ სასიმღერო კარიერის აწყობას. რატომ გადაიფიქრე?
– კი, ვაპირებდი, დახმარებასაც მპირდებოდნენ იქ მცხოვრები ჩვენი მომღერლები, თუმცა, ვერ შევძელი. რთული აღმოჩნდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩემს შვილებს აქ ვჭირდები.