№39 დავით ელგანდაშვილი – ახალგაზრდა, წარმატებული ქირურგის გზა დიდ პროფესიონალიზმამდე
ახალგაზრდა, წარმატებული ქირურგი დავით ელგანდაშვილი, საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, „კარაპს მედლაინის“ ქირურგი და ამჟამად ამავე კლინიკის მ. კილაძის სახელობის ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბატონი დავითი 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და გავლილი აქვს სტაჟირება ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში.
მისთვის გზა წარმატებულ ქირურგობამდე დიდ შრომასა და ძალისხმევაზე გადიოდა. ყოველდღიურმა მუშაობამ უფრო მეტად განვითარებისთვის შედეგი გამოიღო და ახალგაზრდა ქირურგი დღეს პაციენტებში დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. რა გზა გაიარა წარმატებამდე, ამას თავად ბატონი დავით ელგანდაშვილი მოგვიყვა.
დავით ელგანდაშვილი: დედაჩემის ბიძა წარმატებული ბავშვთა პედიატრი იყო და ექიმის კულტი პატარაობიდანვე მქონდა შექმნილი. პროფესიის არჩევის დროს მივხვდი, რომ საკუთარი თავი სხვა სფეროში ვერ წარმომედგინა. 1997 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, 2003-ში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და იმავე წელს დავიწყე უმცროს ექიმად მუშაობა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე ყველა სახის ოპერაცია კეთდებოდა. იმ დროისთვის საქართველოში ლაპარასკოპიული ქირურგია სიახლე იყო და მე, ახალმისული, აქტიურად ჩავერთე ლაპარასკოპიულ ოპერაციებში. გამიმართლა და მოვხვდი მერაბ კილაძის გუნდში. მერაბი ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან და ის და დავით აბულაძე, ფაქტობრივად, ამ დარგის ფუძემდებლები იყვნენ საქართევლოში. მე მიწევდა მათთან ასისტირება, დღეში 10-15 ოპერაცია კეთდებოდა, თვითონაც სწავლობდნენ და ჩვენც გვასწავლიდნენ.
– „კარაპს მედლაინში“ როგორ მოხვდით?
– 2012 წელს დადგა მერაბის, თავისი გუნდით, „კარაპს მედლაინში“ გადასვლის საკითხი. გადმოვედით მერაბი და 4 ქირურგი, გუნდი შეიკრა და დავიწყეთ მუშაობა. დღეში 12-15 ოპერაცია კეთდებოდა და როდესაც მერაბი უკვე საუკეთესო ფორმაში იყო, სწორედ, მაშინ დაიღუპა ტრაგიკულად. ეს იყო 4 წლის წინ, მას შემდეგ ვაგრძელებთ მის გზას და კიდევ უფრო მეტად ვვითარდებით.
– მერაბის გარეშე მოგიწიათ საქმიანობის გაგრძელება, რამდენად რთული იყო ამ პასუხისმგებლობის მარტო საკუთარ თავზე აღება?
– მერაბის გარდაცვალებისას ძალიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა: მარტო აღმოვჩნდით უამრავი პაციენტის წინაშე, რომლებიც ჩვენგან მერაბის პროფესიონალიზმის გაგრძელებას მოითხოვდნენ. საბედნიეროდ, მასთან მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო და ჩვენ არა თუ ძველი ხარისხის შენარჩუნება შევძელით, არამედ უკეთესი შედეგებიც დავდეთ. ვმუშაობთ ხარისხზე, გვიყვარს ჩვენი საქმე და სწორედ, მადლიერ პაციენტებს მოჰყავთ ახალ-ახალი პაციენტები ჩვენამდე.
– რა ტიპის ოპერაციების გაკეთება გიწევთ ძირითადად?
– მუცლის ღრუში ყველა სახის ოპერაციას ვაკეთებთ, მათ შორის ბარიატრიულ ოპერაციებსაც. უფრო ხშირად ვაკეთებთ ნაღვლის ბუშტზე ოპერაციებს ნაღველ-კენჭოვანი დაავადებებისა და პოლიპების გამო, ასევე, სანაღვლე გზების რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, როგორც ლაპაროსკოპიულ, ასევე ღია მეთოდით, ვაკეთებთ სხვადასხვა სახის თიაქრებს. მოდიან დეფორმირებული მუცლებით, ასეთ დროს ხშირად ვიყენებთ ბადეებს, ეს არის პოლიპროპილენის ბადე, რომელიც ქსოვილით იფარება და ორგანიზმისთვის არ არის უცხო სხეული, მთავარია, მოხდეს სწორად გაშლა და კუთხეებით დაფიქსირება. ვაკეთებთ ყველა სახის ოპერაციას ნაწლავებზე. დიდი ხანია, ბრმა ნაწლავის ოპერაცია ღია წესით არ გაგვიკეთებია. მოგეხსენებათ, ლაპარასკოპიულად ნაკლებია ტრავმა და პოსტოპერაციული პერიოდიც ბევრად მარტივია.
– რას ნიშნავს საყლაპავის თიაქარი?
– ეს არის დეფექტი დიაფრაგმაში. სადაც საყლაპავი შემოდის და მერე კუჭს უერთდება, იქ არის სარქველი, რომელიც კეტავს საყლაპავის კუჭში შესასვლელს, არ ადის ნორმალურ მდგომარეობაში საყლაპავში, საკვების გადაყლაპვის დროს იხურება და კუჭი და საყლაპავი ერთმანეთისგან იზოლირებული რჩება. კუჭის მჟავე გარემოს ამოსვლა საყლაპავში იწვევს დისკომფორტს, წვას, გულძმარვას და ცუდ განწყობებს. რაც უკვე იწვევს საყლაპავის ლორწოვანის დაზიანებას ღრმა შრეებში და შეიძლება, გადაგვარებაც გამოიწვიოს. ჩვენთან, ასევე, ლაპაროსკოპიული მეთოდით კეთდება ოპერაციები საყლაპავის აქალაზიის გამო (საყლაპავის შევიწროება, კარდიოსპაზმი), რაც ხშირი დაავადება არ არის, მაგრამ პაციენტისთვის ძალიან მძიმე გადასატანია. ამ დროს ნელ-ნელა ხდება საყლაპავის კუნთების შევიწროება, თავიდან პაციენტს დიდი ლუკმების გადაყლაპვა უჭირს, შემდეგ აყოლებს სითხეს და ბოლოს უკვე წყალსაც ვეღარ ყლაპავს, რის გამოც, უჭმელობით 20-30 კილოგრამამდე იკლებენ. ამ პრობლემის გამოსასწორებლად ეფექტურია ოპერაცია, რა დროსაც კუნთების გაჭრით ხდება ხვრელის გაფართოება და პაციენტი საკვებს ორ დღეში იღებს. დამაბრკოლებელი კუნთოვანი ბოჭკოები მექანიკურად ითიშება ლაპარასკოპიული წესით.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– დიახ. სტუდენტობის პერიოდში, ღამე მორიგეობის დროს, მწვავე აპენდიციტის გამო აპენდექტომია გავაკეთე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მეუღლე – ქეთევან გვარჯალაძე ამჟამად შვილების გაზრდითაა დაკავებული. სამი შვილი გვყავს – ვახტანგი, გიორგი და მარიამი. ჩემი დატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე, მათთან ერთად ყოფნის მუდმივი დეფიციტი მაქვს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც 7 საათი ვყოფილვარ საოპერაციოში, მაგრამ არ ვიღლები. საათისთვის რომ დამიხედავს, მაშინ მივმხვდარვარ, რომ დაღამდა.
P. S. მუცლის ღრუში არსებული ნებისმიერი პათოლოგიით მიმართეთ „კარაპს მედლაინის“ მ. კილაძის სახელობის ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტს, სადაც გამოცდილი სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ, მაღალი ხარისხის მომსახურებას.