№39 ეკატერინე არქანია – გამორჩეული პროფესიონალი თქვენი სიცოცხლის სამსახურში
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
ექიმი ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქიმიოთერაპიისა და კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოთხი შვილის დედა – ქალბატონი ეკატერინე არქანია მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულების წარმომადგენელია. მან წლების განმავლობაში უამრავი უიმედო პაციენტი გადაარჩინა. ქალბატონ ეკატერინეს შემართება, იმედიანი განწყობა და დაუღალავი ბრძოლა, როგორც წესი, ვერაგ დაავადებაზე გამარჯვებით მთავრდება.
ეკატერინე არქანია: სტატისტიკურად, თუ აქამდე სიმრავლით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ეკავა პირველი ადგილი, სამწუხაროდ, ბოლო დროს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მნიშვნელოვნად გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობა და თუ აქამდე, ძირითადად, ასაკოვან პაციენტებში გვხვდებოდა, ბოლო დროს ეს დაავადება გაახალგაზრდავდა და ამ პრობლემით ბევრი ახალგაზრდა მოდის.
– რა შეიძლება, დავასახელოთ კიბოს ჩამოყალიბების ხელისშემწყობ ძირითად ფაქტორებად?
– კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო ფაქტორები – საკვები, სტრესული გარემო და ასე შემდეგ. მე მაინც ვფიქრობ, სტრესი და ჩვენი არანორმალური ცხოვრების წესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია.
– რა შემთხვევაში არ არის კიბო განაჩენი?
– კიბო არავითარ შემთხვევაში არ არის განაჩენი თუ ჩვენ ამ დაავადებას ადრეულ სტადიაზე გამოვავლენთ. ხშირად პაციენტები, რომელთა შემთხევაშიც უსიმპტომოდ მიდიოდა პროცესი, ნერვიულობენ, როგორ გამოეპარათ. სინამდვილეში, სწორედ, ამიტომაა ეს დაავადება ვერაგი, რომ როგორც წესი, პროცესი ფარულად მიდის. საბედნიეროდ, განვითარდა ტექნოლოგიები, მოლეკულური მახასიათებლების მიხედვით ქმნიან პრეპარატებს, მიდის ახალ-ახალი მედიკამენტების ძიება და ამიტომ, დღეს კიბო არ არის განაჩენი, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დიაგნოზს, რაც შემდგომში უკვე სწორი მკურნალობის საფუძველია. თუ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვმკურნალობთ, მედიკამენტის არჩევა ძალიან ადვილია. როდესაც ზუსტად ვიცით რასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად, სწორ მკურნალობას ვნიშნავთ, მეოთხე სტადიის პაციენტებთანაც ვაღწევთ შედეგს. საჭიროა, რომ სიტუაცია გავხადოთ მართვადი, რა დროსაც პაციენტის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
– ძირითადად, რა ეტაპზე მოდიან თქვენამდე?
– სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად მხვდებიან პაციენტები პირველი სტადიით, ახალგაზრდები უფრო ხშირად მოდიან მეოთხე სტადიით. უმეტესობა ამაყობს იმით, რომ იმდენად ჯანმრთელი იყო, რომ არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის, რაც არ არის ნორმალური. პერიოდულად პროფილაქტიკის მიზნით მაინც უნდა მიხვიდეთ გამოკვლევებზე. არის შემთხვევები, როცა სწორედ, პროფილაქტიკის დროს აღმოუჩენიათ, რომ სიმსივნესთან გვაქვს საქმე. როდესაც უკვე გამოვლინდება სიმპტომები, როგორც წესი, პროცესი უკვე შორსაა წასული.
– მკურნალობის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ექიმისთვის პაციენტის მხარდაჭერა?
– თითოეულ პაციენტს და სიმსივნეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის მხარდაჭერა, თუ პაციენტი ვერ გიგებს, არ ასრულებს ექიმის მითითებებს და გეწინააღმდეგება, მაშინ შედეგი არ არის სასურველი. როდესაც მე და პაციენტი ერთად ვიბრძვით დაავადების წინააღმდეგ, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვართ.
– ემოციურად, ალბათ, რთულია ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა, როდის კარგავთ იმედს?
– ზოგადად ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და რა სირთულის სიმსივნესთანაც უნდა მქონდეს საქმე, ყოველთვის ყველა რესურსს ვდებ, მაქსიმალურს ვაკეთებ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და არასოდეს ვფიქრობ, რომ რამე არ გამომივა. ყველაზე რთული მდგომარეობის დროსაც კი შეიძლება სიტუაციის შემობრუნება, სიცოცხლის გადარჩენა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ამიტომ არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს და ყოველთვის უკეთესის იმედით ვიბრძვი.
– დღეს საქართველოში სავსებით შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება, თუმცა ზოგიერთები მაინც საზღვარგარეთ ამჯობინებენ მკურნალობას, რას ფიქრობთ ამაზე?
– იყო დრო, როდესაც ქართველი პაციენტები გაედინებოდნენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენთან დასმული დიაგნოზით რამდენჯერაც გადაკონტროლების მიზნით წასულან, თუნდაც თურქეთში, ზუსტად იმავე დიაგნოზით ჩამოსულან. ჩვენი ექიმები ძალიან ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა და ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ფეხს ამ პროცესებს. გვყავს უამრავი პაციენტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ასი პროცენტით გვენდობა.
– თუ გაიხსენებთ პაციენტს ძალიან რთული და უიმედო დიაგნოზით, რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნეთ?
– ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. იყო, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები. მქონდა შემთხვევები, როდესაც მეოთხე სტადიით მოსული პაციენტის შემთხვევაშიც კი არა თუ გაგვიხანგრძლივებია სიცოცხლე, არამედ დაგვიმარცხებია სიმსივნე და პაციენტი სრულიად განკურნებულა.
– რა სიახლეებია ონკოლოგიაში?
– აქტიურად შემოვიდა იმუნოთერაპია და ისეთი ტიპის სიმსივნეების შემთხევვაში, სადაც ქიმიოთერაპიას ნაკლები ეფექტი ჰქონდა, იმუნოთერაპიას ძალიან კარგი შედეგი აქვს სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით. ამასთან, იმუნოთერაპიას არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც ქიმიოთერაპიას და ეს მოსწონთ პაციენტებს. ეს ახალია და ჩვენც ბევრ რამეს გზადაგზა ვსწავლობთ, თუმცა ეს მედიკამენტებიც ძვირად ღირებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ამ მედიკამენტებით მკურნალობას დააფინანსებს. აუცილებელია, ონკოლოგიურმა პაციენტებმა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე.