№39 რა სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარა „კაგებემ“ თბილისში გასული საუკუნის 70-იან წლებში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ქურდი დოცენტი
1976 წლის 19 აპრილს დასავლეთ ბერლინის ყველაზე დიდ სუპერმარკეტ „კაიზერში“ 32 წლის საბჭოთა მოქალაქე, ანატოლი ვორონცოვი დააკავეს. მას ორი მოპარული პერანგი აღმოუჩინეს, რომლებიც ერთდროულად ეცვა როლინგის ქვეშ. აგრეთვე, სხვადასხვა იაფფასიანი სუვენირიც. ვორონცოვი ელექტროფიზიკოსი იყო და დოცენტის ხარისხს ფლობდა. დასავლეთ ბერლინში კი საერთაშორისო კონფერენციაზე იყო ჩასული. დაკავებული დოცენტი სუპერმარკეტშივე მდებარე ერთ-ერთ უფანჯრებო ოთახში შეიყვანეს და ესაუბრებრნენ. ორი სამოქალაქოსამოსიანი ახალგაზრდა მამაკაცი მას დასავლეთ გერმანიის კონტრმზვერავებად გაეცნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. ვორონცოვს მათ კინოკადრები და ფოტოები უჩვენეს, თუ როგორ ქურდობდა საბჭოთა დოცენტი. ამიტომ, დუმილის სანაცვლოდ და სოლიდური სავალუტო გასამრჯელოს ფასად დაითანხმეს, რომ ვორონცოვი მათ საბჭოთა ელექტრონიკის საიდუმლოებებს მიაწვდიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეპირდნენ, რომ ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ და ისეთ საერთაშორისო სკანდალს აუგორებდნენ, რომ ვორონცოვს სამშობლოში გააციმბირებდნენ.
მეკავშირე
ანატოლი ვორონცოვი საქართველოში, ფიზიკის სამხედრო ელექტრონიკის ერთ-ერთ ახალგახსნილ საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა. დოცენტმა ეს ინფორმაცია დასავლეთ გერმანიის კონტრდაზვერვას აცნობა და თბილისის ის ადგილი აუწერა, სადაც ეს ლაბორატორია მდებარეობდა. აღწერილობის მიხედვით, ეს იყო თბილისის გარეუბანში 20 მეტრის სიღრმეში განლაგებული ღრმა ბუნკერი. ვორონცოვის თქმით, ლაბორატორიაში მუშავდებოდა უახლესი ელექტროტექნოლოგიები სარაკეტო სისტემებისთვის. მისი განმარტებით, თავად ვორონცოვი მხოლოდ საიდუმლოებების ნაწილს ფლობდა და სრულ ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონდა. ამიტომ, დასავლეთ გერმანელებს შეჰპირდა, რომ შეეცდებოდა ყველა საიდუმლო გაეგო, რასაც დაუბრკოლებლად მიაწვდიდა მათ. ჯაშუშური საქმიანობისთვის ვორონცოვს სპეციალური მიკროფოტოაპარატი მისცეს, რომლის დამალვაც მაჯის საათში შეიძლებოდა. მეკავშირედ კი ვინმე ოსკარ შუბინი მიუჩინეს, რომელიც თბილისის უნივერმაღში მესაათედ მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბელორუსიაში (ახლანდელი ბელარუსი), მინსკის „გესტაპოში“ ჯალათად მსახურობდა და სინამდვილეში დანიელ ბობროვი იყო.
საიდუმლო მასალები
1976 წლის 25 ივლისიდან მოყოლებული, ყოველ 10 დღეში ერთხელ ანატოლი ვორონცოვი თბილისის ცენტრალურ უნივერმაღში მიდიოდა და მესაათე ოსკარ შუბინს ლაბორატორიაში გადაღებულ მიკროფირებს უტოვებდა. სამაგიეროდ კი, დოცენტი ფულად გასამრჯელოსა და დასავლეთ გერმანულ დაზვერვის ახალ დავალებებს იღებდა. წლის მიწურულამდე ვორონცოვმა გერმანულ დაზვერვას 20-ზე მეტი საიდუმლო მასალა გადასცა, რაშიც 40 ათასი მანეთი გადაუხადეს, ეს იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო. დოცენტმა თავისი დასავლელი პარტნიორებისგან მორიგი დავალება მიიღო, მას, რაც შეიძლება, ზუსტი სია უნდა მიეწოდებინა საიდუმლო ლაბორატორიის თანამშრომლების შესახებ – მათი რაოდენობა, თანამდებობები და წოდებები, საცხოვრებლის მისამართები. აგრეთვე, თუ შეძლებდა, მათი ფოტოსურათებიც. დოცენტმა ფოტოსურათების გადაღება ვერ მოახერხა, თუმცა, ლაბორატორიის ძირითადი კადრების სია და რამდენიმე თანამშრომლის მისამართი მაინც გაუგზავნა გერმანელებს. მათ შორის პროფესორი ანზორ ნათელაშვილის, რომელიც ვაკეში, ერთ-ერთ ახალ კორპუსში ცხოვრობდა.
ოპერაციის დასასრული
საიდუმლო მასალების გადაგზავნა მესაათის არხით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე „ნატოს“ შესაბამისი ლაბორატორიები საბჭოთა სარაკეტო სისტემების საწინააღმდეგო სისტემების შექმნაზე მუშაობდნენ, რაც ასი მილიონი დოლარი დაუჯდათ. სინამდვილეში კი მთელი ეს ჯაშუშური ისტორია საბჭოთა საგარეო დაზვერვის მიერ მოფიქრებული კომბინაცია იყო. 30 წლის დოცენტი ანატოლი ვორონცოვი, სინამდვილეში, საბჭოთა მზვერავი, კაპიტანი ნოდარ სალაძე იყო და სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდებოდა „ნატოს“ დეზინფორმაცია, რამაც ისინი ცრუ კვალზე დააყენა, შესაბამისად, არა მარტო დრო დააკარგვინა, დიდი თანხებითაც აზარალა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ერთი წლის განმავლობაში „ნატოსთვის“ მიყენებული ზარალის გარდა, გაშიფრული იქნა დასავლეთ გერმანიის ჯაშუშური ქსელი. დააპატიმრეს 11 ადამიანი. საბჭოეთიდან კი გააძევეს 4 გერმანელი დიპლომატი. ნოდარ სალაძემ მაიორობა და წითელი ვარსკვლავის ორდენი მიიღო.