№39 რომელი მარადმწვანე ბუჩქი აგავსებთ შთაგონებით და რომელი მცენარეა ყველაზე საშიში სიცოცხლისთვის
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
მწვანეში ჩაფლული კარ-მიდამო, ეზო-ყურე თუ მრავალბინიანი კორპუსი, გარდა იმისა, რომ საამოა საცქერლად, აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით ახარებს თვალს მარადმწვანე ნარგავები, რომელიც ჩვენთან, როგორც სამხრეთის მხარეში, საკმაოდ კარგად ხარობს და შესანიშნავად ეხამება ეზო-პარკების დეკორსაც. მათ გარეშე ხომ ცივ სეზონზე მხოლოდ ფოთლებგაძარცული ხეების ამარა დავრჩებოდით. თუმცა ამ ყველაფრის გარდა, მცენარეები რომ მაგიურ გავლენას ახდენენ ჩვენზე, ამაზე ბევრი ხალხური გადმოცემა თუ მინიშნება მიგვითითებს. შესაბამისად, ურიგო არ იქნება იცოდეთ, რომელი ხის დარგვაა სახარბიელო საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს და რომელ მცენარეს, მათ შორის მარადმწავნეს, უნდა მოერიდოთ, რომ ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს მთელ თქვენს ოჯახზე. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი ქალბატონი თინა ჩ.
- ეზოსთვის რომ მწვანე საფარი სწორად შეარჩიოთ, ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, სახლის იდეალურ „მეზობლებად“ მიჩნეულია ხეხილის შემდეგი მაღალ და დაბალტანიანი ხეები: ალუბალი, ვაშლი, ლიმონი, მანდარინი, მსხალი, ქლიავი, თუთა, ატამი. ყველა ამ მცენარეს მძლავრი დადებითი ბიოველი აქვს და შესანიშნავად მეგობრობს ადამიანთან.
- დეკორატიული გაფორმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, მარადმწვანე ბუჩქნარია, შესაბამისად, რას გვეტყვით მათ ადამიანთან „მეგობრობაზე“?
- მათგან რამდენიმე მცენარეს შევეხები, რომლებსაც ყველაზე მეტად იყენებენ ეზო-პარკების გასაფორმებლად. მაგალითად, ჰაერის გასაწმენდად ეზოში შეგიძლიათ დარგოთ ღვია, რომელიც უბრალო მცენარე ნამდვილად არ გახლავთ - ძლიერი მაგიური თვისებებით გამოირჩევა. მისი კვამლი და ეთერზეთი მარტივად უსწორდება ნებისმიერ ბნელ ძალას და აქრობს მას თავისი გარემოდან. ღვია ადამიანში აძლიერებს ცოდნისადმი სწრაფვას და ათვისების უნარს, ხელს უშლის ფილტვებისა და გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს. ეს მცენარე შეგმატებთ თავდაჯერებულობას. მისი კენკრა კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის მომზადებისას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მარილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, ღვიის ბუჩქებთან ერთად იოლი ცხოვრება ნამდვილად არ გექნებათ. ასეთ გარემოში ადამიანს დაუოკებელი სურვილი იპყრობს: იმოგზაუროს, აივსოს ახალი შთაბეჭდილებებითა და იდეებით - სუფთა ჰაერი სულში გისახლდება და თავისკენ გიხმობს. თუ თქვენთვის პრიორიტეტი ბედნიერი ქორწინება და მშვიდი ოჯახური იდილიაა, ნუ გააშენებთ ღვიის ბუჩქებს სახლის მახლობლად. მაგრამ, თუ გაწყობთ მუდმივი მარტოობა, მეგობრების მხიარული კომპანია, სწრაფი ზრდა განათლებასა და ბრწყინვალე მომავალთან ერთად - ღვიის ბუჩქნარი ეზოში თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება.
- ვიცი, რომ განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს ასევე მარადმწვანე - ტუიას, რომელსაც ხშირად მიმართავენ სწორედ სახლის, ეზოს დეკორატიული გაფორმებისთვის...
- ტუიას მარადმწვანე ხე საუკეთესო საშუალებაა გაციებისას და ასევე, გადასარევად უმკლავდება ჰიპერტონიულ შეტევებსაც, აფრთხობს მომაბეზრებელ მწერებს და ავსებს სახლს სუფთა, დამათრობელი არომატით. მისი ეზოში გახარება შეიძლება მხოლოდ თბილი კლიმატის პირობებში. საშუალო სარტყელში ტუია ზაფხულობით დიდი ქოთნებით ეზოში გააქვთ, ზამთარს კი ის სახლში ან ორანჟერეაში ატარებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ტუია ადამიანში მაქსიმალურად მკვეთრი ინდივიდუალიზმის გამოვლენას უწყობს ხელს. თუ ხელოვნებას ემსახურებით, ტუია აუცილებელია, როგორც შთაგონების ძლიერი და შეუცვლელი წყარო, თუმცა, მტკიცე ოჯახზე ოცნებას უნდა გამოემშვიდობოთ. ჩხუბი, კამათი, სკანდალები ცოლ-ქმარს შორის, მოჩხუბარი და გაუგონარი ბავშვები - ეს ყველაფერი ინდივიდუალიზმის აფეთქების გვერდითი მოვლენებია. ტუია ნიჭიერ ეგოისტთა ხეა, სადაც ცოლქმრულ ერთგულებაზე ზედმეტია ლაპარაკი, უფრო სწორად, ამას გარდა ყველაფერია მოსალოდნელი: თანამედროვე იდეები ქორწინებაზე, ექსპერიმენტები სხვადასხვა პარტნიორთან, უნაზესი სულიერი მეგობრობა, ჰიპების კომუნა, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, სტანდარტული ოჯახი - ის ძალიან მოსაწყენია პირისთვის, რომელიც ტუიას მახეში გაებმება.
- ალბათ, ნაძვი მაინც არ იქნება ამ მხრივ სახიფათო?
- გაგიკვირდებათ და არც ნაძვის დარგვას გვირჩევს ხალხური გადმოცემები. ის სულიერების თვალსაზრისით ძალას მხოლოდ შამანებს მატებს, ყველა დანარჩენს კი რაღაც გარდაუვალის მოლოდინით აძრწუნებს. ნაძვის ტოტებს შამანები ქვედა სამყაროს შესასვლელის - გარდაცვლილთა სულების დასაფარად იყენებენ. საახალწლო და საშობაო ნაძვი კი, თავისი არსით ხსოვნის ხეა. ტრადიცია, რომელიც რამდენიმე კულტურის შეჯერებით გაჩნდა. აქვე ვახსენებ ტირიფსაც, რადგან, მიუხედავად იმისა, ფოთოლმცვენი მცენარეა, საკმაოდ ხშირად მიმართავენ დეკორატიული თვალსაზრისით და ისიც ცნობილია, რომ მისი დარგვა ცრემლებთანაა დაკავშირებული. თუმცა ალბათ, არ იცით, რომ ტირიფი დაგიცავთ სტაფილოკოკური ინფექციებისგან და შესაბამისად, გექნებათ ულამაზესი, კრიალა, სუფთა კანი. მისი გავლენით შეიძლება ისე დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, რომ ყველა გეკითხებოდეთ, რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლოო და კრემების რეცეპტიც გთხოვონ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ მელანქოლია, სევდა, იპოქონდრიის მსუბუქი ფორმა, ჩამქრალი, მწუხარე სახე - პირდაპირი შედეგია ახლომდებარე ტირიფის გავლენისა.
- მაინც ყველაზე საშიში რომელია?
- ტექტონი - ერთი შეხედვით, საყვარელი კენკროვანი ბუჩქია პარკების დეკორისთვის, თუმცა სახლის მახლობლად მისი გახარება ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა. მისი პირქუში, დამთრგუნველი აურა თავის ირგვლივ მძიმე ატმოსფეროს ქმნის, თან ოთხი ათას წლამდე ცოცხლობს. ტურისტებს ხშირად ის ღვიაში ეშლებათ და მის კენკრას სანელებლად კრეფენ. ამ დროს მომწამვლელია მისი ნაყოფიც და ფოთოლიც, ნახარშის სახითაც კი. ტოქსინები გროვდება ორგანიზმში და ამ არომატული სანელებლების საკვებში რამდენჯერმე გამოყენებით, შეიძლება სასიკვდილო დოზასაც მიაღწიოს. თუმცა, თქვენი ნაკვეთის საზღვრიდან 50 მეტრის დაშორებით შეგიძლიათ ტექტონის ხეივანიც კი გააშენოთ, რადგან მისი ბუჩქნარი გამოირჩევა ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით, უზადოდ ასუფთავებს ჰაერს და მძიმე ლითონების მარილებსაც კი იჭერს. თუმცა თუ ბუჩქის რტოები საქონელმა შეჭამა, შესაძლებელია მოიწამლოს, რისთვისაც საკმარისია 200-400 გრამი ფოთოლი.