№39 როგორ დამორჩილდნენ მონღოლებს საქართველოს სომეხი დიდებულები და ვის ებარა მონღოლების ჯარში ერთ-ერთი ფლანგი ბაღდადის აღების დროს
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ლაშა-გიორგიმ დევნილობიდან დაბრუნებულ ლიპარიტ ორბელს უბოძა სომხური მხარის, სივნიეთის ერისთავობა. ლიპარიტ ელიგუმის (ელიკუმის) ძეს შეეძინა ხუთი ვაჟი, რომლებმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში: „ხოლო ჰშუნა ლიპარიტ ძენი ხუთნი: ელიკუმ, სუმბათი, ივანე, ფახრადულა და ტარსაიჭი“.
თვითონ ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი ახალგაზრდა გარდაიცვალა მონღოლების ბატონობის პერიოდში: „ხოლო თავადმან შემდგომად თუეთა რამდენთამე მიიღო წყლულება უეცართა ისართაგან მთასა მას, რომელ არს პირისპირ ბოროტნის ციხისა. მოვიდა და დაეცა მონასტერსა მას გოლოშტისასა. მაშინ მოუწოდა ეპისკოპოსსა მას უფალსა სარგისს, ეზიარა და მიიცუალა. და მოიღეს იგი ნორავანს, კარსა მას წმიდისა წინამორბედისასა, დედისა თვისისა თანა, ხოლო ცოლი და ძენი მისნი დაჰშთნენ ობლად და უპატრონოდ“.
იმ დროისთვის მისი უფროსი შვილი ახალგაზრდა იყო, სხვები – მცირეწლოვნები. სტეფანოს ორბელიანი გვიამბობს თავისი ოჯახის შესახებ: „ამჟამად შუენიერი იგიელიკუმ იყო სიძე გრიგოლ მარწნელისა, რომელი იყო ნათესავი მამიკონიანთი და განაგებდა სამფლობელოსა მამისა თვისისასა“.
მამიკონიანები სომეხი (ან გასომხებული) დიდებულების უძველესი საგვარეულო იყო, ჩვენი წმიდა შუშანიკ დედოფლის მოგვარეები.
ოდესღაც უძლიერესი და ბაგრატიონების მერე ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს, ორბელების გასომხებულ შთამომავლებს არ ავიწყდებოდათ წყენა, არ უნდოდათ, თავისი წინაპრების ყოფილი ყმების, მხარგრძელების ყმობა და ელოდნენ შესაბამის დროს.
ეს დროც დადგა. ივანე მხარგრძელის ათაბაგობის დროს, რუსუდან მეფის ხანაში, საქართველოს სამეფო მოიშალა და დაეცა. ჯერ ჯალალედინმა დაამარცხა მხარგრძელების სარდლობით მყოფი ქართული ჯარი გარნისში, ლორეში, ტფილისთან, ბოლნისში. შემდეგში მხარგრძელებმა, როგორც სარდლებმა, საერთოდ არ გაუწიეს წინააღმდეგობა მონღოლებს და მონღოლებმა, თითქმის უბრძოლველად დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველო და საქართველოს სომხეთი.
ზაქარია მხარგრძელისა და მისი ძმის, ივანეს შემდეგ საქართველოს სამეფო კარზე დიდი თანამდებობები კვლავ ეკავათ მათ შვილებს, ავაგ ივანეს ძესა და შანშე ზაქარიას ძეს.
მონღოლები გამოჩნდნენ თუ არა საქართველოში, რუსუდან მეფემ ისევ ქუთათისს შეაფარა თავი. აღმოსავლეთ საქართველო უპატრონოდ დარჩა.
სტეფანოს ორბელიანის თქმით, ჩვენს ქვეყანაში პირველად მოვიდნენ მონღოლი სარდლები: „ხოლო უწინარეს მოვიდნენ ქუეყანასა ამას ჩორმანი, ჩაღატა, ასლან, ასავურ და ყადახანი და აიღეს ქუეყანა“ ... „ხოლო ამათ შემდგომად მოვიდა ჰულაგუ ხანი, შვილის შვილი დიდისა ჩანგის ხანისა და დანარჩენი პირველთაგანი“.
ათაბაგი ავაგ მხარგრძელი და საქართველოს სხვა დიდებულები ციხესიმაგრეებს შეეფარნენ. შემდეგში ელიგუმ ლიპარიტის ძე და სხვა მთავრები მონღოლებს ეახლნენ და დამორჩილდნენ აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთში. მონღოლებმა დაუფასეს ორბელიანებს და ხელი შეუწყვეს მათ აღზევებას.
1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე დაამტკიცეს ორივე პრეტენდენტი, დავით რუსუდანის ძე (დავით მეექვსე, ნარინის სახელით რომ ვიცნობთ) და დავით გიორგის (ლაშას) ძე (დავით მეშვიდე, ულუს სახელით რომ ვიცნობთ).
1259 წელს მონღოლებს აუჯანყდა დავით მეექვსე რუსუდანის ძე, ნარინი. იმ დროს ორბელიანების ოჯახს სუმბათ ლიპარიტის ძე მეთაურობდა. ორბელიანები არ მიმხრობიან მეფეს, თუმცა, ამბობენ, მათი ყმები ეხმარებოდნენო. დავით ნარინი დამარცხდა, გადავიდა აფხაზეთში და ქუთათისში გამაგრდა. შემდეგში სომხეთში იფეთქა აჯანყებამ მონღოლთა წინააღმდეგ. არც ამ აჯანყებას მიემხრნენ გასომხებული ორბელიანები.
მონღოლთა დიდი იმპერია, ფაქტობრივად, ოთხ ნაწილად, ოთხ ულუსად, ოთხ საყაენოდ გაიყო. ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში, ირანში, ავღანეთისა და თურქმენეთის ნაწილში, წინა აზიის აღმოსავლეთში არსებულ მონღოლთა ულუსში გაბატონდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო), რომელსაც ილხანს (ილ-ყაენს) უწოდებდნენ, რაც სახელმწიფოს ყაენს ნიშნავს. იგი იყო მონღოლთა დიდი ყაენების – მანგუს (მუნკე) (დიდი ყაენი 1251–1259 წლებში) და ჰუბილაის (დიდი ყაენი – 1260 წლიდან და ჩინეთის იმპერატორი – 1271 წლიდან 1294 წლამდე) ძმა. ჰულაგუს საბრძანებელს საილხანოს უწოდებდნენ. ჰულაგუს ვასალი გახდა საქართველო. ილხანთა ვასალები, ასევე, იყვნენ ტრაპიზონის იმპერია, რუმის თურქული სასულთნო და ასევე, სხვა წვრილი სამთავროები.
სტეფანოს ორბელიანი ადასტურებს, რომ ჰულაგუმ ილაშქრა ბაღდადში. მან 1258 წელს გამოიძახა ჩვენი ხელმწიფე, დავით ლაშას ძე, თავისი მეომრებით და მონღოლების ჯარი დაიძრა ბაღდადისკენ. გადმოცემით, მონღოლთა ჯარში 150 000 მეომარი იყო (შეიძლება, ეს გადაჭარბებული ციფრია). მონღოლთა ჯარში ათასი ჩინელი ინჟინერი ირიცხებოდა, რამდენიმე ათასი სპარსი და თურქი. ქართულ ჯარში სომხებიც იყვნენ, რადგან, მაშინ სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ანტიოქიელი ჯვაროსანი რაინდებიც შეუერთდნენ ჰულაგუს ჯარს.
ბაღდადში იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი – ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსტასიმ ბილაჰი. ხალიფამ მონღოლთა შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა.
1258 წლის თებერვლის დასაწყისში სახალიფოს ჯარი მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით ტიგროსის ნაპირებთან დამარცხდა. ხალიფა, ჯარი და მოქალაქეები ბაღდადში გამაგრდნენ. ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით.
ჰულაგუმ სამ ნაწილად გაყო ჯარი და დაიწყეს შეტევა ქალაქზე. შეტევის ერთ-ერთი მხარე ჩვენს ხელმწიფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ელგონ (ელკე) ნოინი ხელმძღვანელობდა, მესამე ნაწილს – თვითონ, ყაენი ჰულაგუ.
სახალიფოს ჯარი ქალაქიდან გამოსვლას აპირებდა, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს. თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა.
ხალიფამ არაერთგზის სცადა მოლაპარაკება, მაგრამ ახლა მონღოლებმა უთხრეს უარი ზავზე. ალ-მუსტასიმ ბილაჰმა ნავით გაპარვა სცადა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს, თავის სასახლეში.
გაარღვიეს ზღუდე ჩვენმა წინაპრებმა და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ჰულაგუმ „დაიპყრა ქალაქი ბაღდადისა, ანუ ბაბილონისა, სადაცა მოკლა ხალიფა“, – წერს სტეფანოს ორბელიანი.
ამ დროს მისი ორბელიანთა ოჯახის წევრები უკვე დაწინაურებული იყვნენ საქართველოს სამეფოსა და ჰულაგუს კარზე და აღარ ემორჩილებოდნენ მხარგრძელებს.